შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-341 - 1955 წელი


1955 წ., ივლისი.
1916 წ. ზაფხულის ნომრები გაზეთ „ჩვენი მეგობარის“ ან „მეგობარი“-ს უფრო ივლის-აგვისტოს თვეების.
ამოვიწეროთ იქიდან ინციდენტები სცენაზე ნინას მოღვაწეობის დროიდან (საფუძველი ჩაეყარა თეატრს და საავადმყოფოს). ის უვლიდა ღარიბ მოწაფეებს (ბურულაშვილი ნინა, და სხვ.). ღარიბთა სახლი.

ვალოდია ჩხიკვაძე. კერესელიძის ქ. №1.
ცხენი. ჰარალი.
ეგორ პეტრეს ძე არაქელოვი.

ვარძია
პირველ აგვისტოდან საგრძნობლად ამტკივდა ფეხები, მუხლებში ტკივილი მაქვს, განსაკუთრებით სიარულის დროს და განსაკუთრებით როცა დავჯდები - დაჯდომის დროს. კიბეზე კარგად ავდივარ, მაგრამ ჩამოსვლა მიჭირს, მუხლებში ტკივილებსა ვგრძნობ. უფრო მუხლებს ზევით. არა ბარძაყებში, არამედ ზედა მხარეზე. ეს დამმართა და უფრო გააძლიერა ვარძიაზე ასვლამ. 2 აგვისტოს მერე.

*
„ვინ იყო ის მომღერალი ქალი?“
1911 წელს, ქუთაისის გაზეთებში ასეთი ქრონიკა იყო: ამერიკაში, ამ ჟამად დიდის წარმატებით სარგებლობს ტაბიძის ქალი (სახელი არ მახსოვს).
ვინ იყო? საიდან? საიდან მოხვდა ამერიკაში? უნდა გავიგო.

*
9 ივლისი.
ვახტანგ გურგენიძე, მომხსენებელი ქალი და მე მოვედით სადგურზე "ზიმ"-ით, ზუსტად ღამის 12 საათზე. ზრდილობიანმა შოფერმა მაჭარაშვილმა გვისურვა კეთილი მგზავრობა...
ეხლა პირველის 15 წუთია. საუბარია.. სამცხე-საათაბაგოს რაიონზე, ვარძიაზე და სხვ. გვაგონდება კლუხორი და უფრო ახლობელი რაიონი, სვანები კლუხორში, სტავროპოლის ამბები. კარგი იქნება მოგზაურობა ამ ძველ ქართულ რაიონებშიო. მახლობლადაც.. მაგრამ...
ვსხდებით, ჩვენ სამნი, ფოთის მატარებელში, საერთაშორისო კუპეში...
სად არიან დანარჩენები? პირველს თხუთმეტი წუთი უკლია. რატომღაც არა სჩანან.
- მაგრამ სამნი: საღამოს გამხსნელი, მომხსენებელი და მთავარი მონაწილე ხომ აქა ვართ.. ძირითადი ბირთვი აქ არის.
პირველს 10 წუთი უკლია. არ არიან. საინტერესოა, რისთვის არ არიან.
გვიჭირავს ორი კუპე: მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე ადგილები.
პირველს ხუთი წუთი აკლია.
კუპეში ეხლა მხოლოდ მე ვარ. ვახტანგი და მომხსენებელი ქალი კუპედან ბაქანზე გავიდნენ. ალბად, ისინი მოელიან იქ მათ, რომლებიც იგვიანებენ ან სრულებით არ მოვლენ (ეს იქნება შეგნებული არ მოსვლა).
სადღაც საათმა თორმეტჯერ დარეკა და გაისმა ჰიმნი: „Союз нерушимый“ და ლავროსიც გამოცხადდა. მაშასადამე, ეხლა ვართ - ოთხნი. ოთხნი ვართ... მგონი, საკმარისია. ა?
ორის 20 წუთია.
გავიხსენეთ მოხუცნი: შალვა დადიანი, თედო სახოკია, ლეო ქიაჩელი, ნინო ნაკაშიძე, იპოლიტე ვართაგავა, მარიამ გარიყული და სხვ.
ყველაზე მეტად შალვაზე იყო საუბარი. გერონტი ქიქოძე გაგვახსენდა. იგი 75 წლისაა. აჰ, დრონი, დრონი...
ლავროსი უკმაყოფილოა სალექციო ბიუროთი: ბილეთები რატომ ვერ გაანაწილესო კარგადო. შეუკურთხა კიდეც სალექციო ბიუროს!
რატომ? რაშია საქმე?
რას აშავებს სალექციო ბიურო?
არაფერს! სრულებით არაფერს...
მაგრამ...
პირველის ნახევარზე, ჩვენი დროით, მატარებელი ჩავა ფოთში. ჩვენ კი სამტრედოში 11 საათზე ვიქნებითო, - ასე მეუბნება ვაგონის კონდუქტორი თუ გამცილებელი.
 ორის 25 წუთია (ჩვენი დროით). ორის 40 წუთზე გამოცხადდა ანდრო თევზაძე - და მატარებელიც დაიძრა. მთელი შემადგენლობა შეკრებილია. მივექანებით ფოთისაკენ.
გზაში ლაპარაკია „კომუნისტსა“ და „ახალგაზრდა კომუნისტს“ შორის დავაზე. გაზ. „კომუნისტის“ 8 აპრილის სარედაქციო წერილზე. „ახალგაზრდა კომუნისტი“-ს რედაქტორის მოსკოვიდან დაბრუნებაზე, კვაჩახიაზე. მოსკოვი არ დათანხმებია „კომუნისტი“-ს გამოსვლებს „ახ. კომუნისტი“-ს წინააღმდეგ. კვაჩახიას აგინებს ანდრო თევზაძე. გადაჰკრეს ლავროს კალანდაძეს "ლიტ. გაზეთში" მოთავსებული წერილის გამო. და ასე ჩაგვეძინა კიდეც. გამომეღვიძა, დავხედე საათს, დილის 8 საათი იყო. უკვე იმერეთში ვართ. ვხედავ მატარებლის ფანჯრიდან ჩვენებურ ტყეებს, ველებს, ოდებსა და ფაცხებს!
ვუახლოვდებით სამტრედოს. აჰ, ის წერილი! შეიძლება თუ არა გამოიყენოს კაცმა!
თერთმეტის ნახევარზე სამტრედოში ვართ. დაგვხვდა რაიკომის მდივანი, ტატიანა.
და აი, მივემგზავრებით იმ გზით, რომლითაც არასდროს არ მივლია. „ზიმი“ მიგვატარებს მთის ძირას ახლად გაყვანილი გზით.
„ზიმი“ ამ გზებზე.
ჩემს ყმაწვილკაცობაში აქ დელეჟანსაც არ გაუვლია.
წინად დიდი გზა ჩვენს ეზოსთან ჩადიოდა.
ეხლა სხვა გზაა...
„ჩალანდრები“ გაჰქრნენ.
დიდებული სადილი რაიკომში. ვინ არ იყო აქ. გავიცანით ბევრი ამხანაგები!

*
მეფეთ-მეფე თამარი ასული მეფეთ-მეფე გიორგისა, რომელიცა მრავალჟამეულობს (ჟამურობს).

*
მეტყვის [რისი] არა ხელოვანი გმირი,
მისგან დიდი გამოვაო ვირი.
[და გაპესსიმისტდა რა შვილი,
ჰქვია ძიმისტარაშვილი].

* * *
[და] მეც გამიპესსიმისტდა რა შვილი,
გულს გამიპობს ძიმისტარაშვილი,
მეტყვის: [მისგან გამოვაო ვირი] არა ვინმე გმირი,
მისგან...

შემოღამება. დაღამდა.
„მარინიკე, მარინიკე“.

* * *
მომგონებელი
გარდასულ ჟამთა,
ორ მთათა შორის
შვენის შუამთა.
ბევრი გრიგალი
დასტრიალებდა,
მაგრამ წყლულები
აწ დაუამდა.

*
25 იანვარი.
ფატი ნიშნიანიძე.
ძალათი...
რა საჭიროა ყოველივე ეს. რა საჭიროა პირველ პერიოდზე ამდენი ლაპარაკი?
შემოქმედებითი. „მე და ღამე“.
„ფეხ-ბურდღა პოეტები“.
პრიმიტიული.

ჭილაია გვერდს უვლის თავის წიგნში გ. ტაბიძის შემოქმედებას. იგი ცდილობს მიჩქმალოს.
პანღურის ცემით გაიგდოს კრიტიკიდან.

„ქებათა ქება“. „დიდ არს, სამშობლოვ, სახელი შენი“.
ტრიო. გერსამია.

მოგზაურობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

*
ბოლნისი. მოგიტანეთ - დოქები და კეცები. 19 ივლისი, 1955. ჩხიროძე ავთანდილ ნიკოლოზის ძე.

* * *
[ამა] ერთ დოქს,
ცხრას [ფუტს] რომ
[და]იტევს ღვინოს.
[ხვალვე თბილისში]
მე დღეს საჩუქრად
[ჩავუტან] მივუტან ნინოს.
მეორეს, რაშიც
ცხრა ვედრო ჩადის -
მე დავუტოვებ
სახსოვრად ფატის.
1955, 10 ივლისი

*
1955. 10 ივლისი.
სახლ-მუზეუმი.
შუამთის სასოფლო საბჭოს კულტურის სახლი.
სასოფლო-სამეურნეო ტეხნიკუმი.

*
600 листов. 3.000 бол. 3.000 лис. 6.000.
Кино-хроника. 3-28-86  - Гахокидзе.
გიგლა ლელუაშვილი.

მეგობარ პოეტს
თუ [გიწოდებენ ქვეყნის] პოეზიის ხარ ფალავან[ს]ი -
ცხოვრება ასე უნდა მოგვარდეს -
[აგიგებ ისეთ] აიგე ციხე და გალავანი,
რომ შიგ ვერავინ ვერ შემოგვარდეს.

[შენი სახლი] თორემ ეზო გავს - საქვეყნო ქუჩას,
სისწრაფეა თუ - დაგვიანება.
შემოდის ყველა, ვისაც გზად უჩანს,
და ვისაც როგორ ეპრიანება!
1915 წ.
გ. ტაბიძე
ასეა მაინც! არა?

*
სავლე აბულაძე, იპ. ვართაგავა, ბესო ჟღენტი, გერონტი ქიქოძე, სერგი ჭილაია, სოლომონ ცაიშვილი.
სავლემ გვასახელა „მაუდის ფაბრიკაში“.

70-22 - სახელგამის დირექტორი.

„საბჭოთა უკრაინა!“. ქართველი მწერლები. ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე, სიმონ ჩიქოვანი, სერგი ჭილაია. 1954.
მესხეთ-ჯავახეთის.

1. ახ. კომუნისტი, 2. ალბომი, 3. ალბომი, 4. „კინო“. ვანში. 25 მერე.

*
„მტრედები არასდროს სხვის ბუდეში არ ჩაჯდებიან, არც სხვის ცოლს (მტრედს) არ შეიყვარებენო“, - ამბობს აქაური ექიმი (ბორჯომი. 27 ივლისი, 1955).

*
გომიაშვილს შეუნიშნავს შეცდომა მემანქანისა. სამწუხაროა. ყოველთვის ყურადღებით უნდა სწორდებოდეს მემანქანეების მიერ დაბეჭდილი ფურცლები. შალვა მართალია, როცა სტამბაში პირდაპირ ხელნაწერს აძლევს და არა მანქანაზე გადაბეჭდილ ნაწერებს.
27/VII, 1955

*
15 ივლისს ვიყავი ამხ. გურგენიძესთან, ვახტანგთან. მომცა აფიშა.

ზემო სვანეთი, ფშავ-ხევსურეთი, მესხეთ-ჯავახეთი, წალკა, ფარავანი, ბოგდანოვკა, ახალქალაქი (მერე ასპინძა), ვარძია, ხერთვისი, ასპინძა, რუსთავი, ბორჯომი, საფარა (ახალციხე), ადიგენი.

მესხეთ-ჯავახეთი. თუ... რომელია სწორი.
სამცხე-საათაბაგო... რომელია სწორი?

*
მწერთა კავშირში ჩოთქმა
[უცებ გააბა] ასე დაიწყო მოთქმა:
შენ გასწყვიტეო, ღმერთო,
პროზაიკოსთა მოდგმა.
თანამედროვე პროზას
თუ გამოაკლებთ „ოზა“-ს,
დარჩება მხოლოდ „პრ“ და,
წუნსაც შერჩევა უნდა:
თუ მივუმატებთ „პრ“-ს წუნს,
მივიღებთ პრუწუნ-პრუწუნს!

ასე შეამკო ჩოთქმა,
პროზაიკოსთა მოდგმა.

P. S. კრიტიკოსების მოდგმა, დრამატურგიაც შიგ შედის! მთარგმნელების მოდგმაც!

*
28 ივლისი, 1955.
სტუმრად ქართველ მწერლებთან:
1. მხატვართა კავშირიდან. 2. მუსიკოსთა კავშირიდან. 3. არქიტექტორთა კავშირიდან. 4. აკადემიიდან. 5. კულტურის სამინისტროდან. 6. სალიტერატურო წრეები: უნივერსიტეტი და სხვ. 7. ქუთაისის საღამო. 8. ბათუმის საღამო. 9. სოხუმის საღამო. 10. სტალინირის საღამო.11. სომხების პოეზიის საღამო. 12. აზერბეიჯანული პოეზიის საღამო. 13. რუსული პოეზიის საღამო. 14. თარგმანების საღამო. 15. სახელგამის საღამო. 16. კრიტიკის საღამო. [17. პროზისა და პოეზიის საღამო].
17 საღამო.
საღამოები დაიწყება ენკენისთვიდან. 4 საღამო ყოველ თვეში. ე. ი. სულ წლის დამლევამდე 16 საღამო.
საჭიროა აუცილებლად მდივანი.

*
უნდა შეიცვალოს, ასეთი სტილით ლაპარაკი არ შეიძლება. დოც. გივი კიღურაძე ამბობს:
„შალვა რადიანს კრიტიკული წერილი ჰქონდაო 1937-38 წწ. და იგი აღტაცებაში მოჰყავდა ერთი პოეტის შემდეგ სტრიქონებს:
მე დედას მოვკლავ,
მამას დავაღრჩობ,
რევოლБუციამ
თუ კი მიბრძანოს!“
შ. რადიანი: აი, პოეტი! დიდებული იყო.
28 ივლისი, 1955, მატარებელი

*
1915 გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა, დიდი ქართველი პოეტი (40 წლის თავი). დაიბადა 1861 წ.
I. გეგმის შედგენა. II. ლიტერატურის შერჩევა. III. გამოფენის მოწყობა. IV. გამოფენის ქვეთემები.
ლიტერატურა:
1. ვაჟა-ფშაველა და 1905 წლის რევოლიუცია. 2. გმირის სახე ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. 3. თემი და პიროვნება. 4. ვაჟა-ფშაველას თანამედროვე სოფელი და მისი მოსახლეობა. 5. საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძვლები აწმყოსა და მომავალში. 6. საილიუსტრაციო მასალის შერჩევა. 7. წარწერის გაფორმება.

*
9 აგვისტო. სამშაბათი.
23 ივლისი. შაბათი. ვაჟა ფშაველას გარდაცვალებიდან 40 წლისთავის აღსანიშნავი საღამო და გამოფენა.
შესავალი სიტყვა საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძისა.
გამოფენის ხელმძღვანელი ჩუდეცკაია.

სტუმრად პოეტებთან. კარგი იქნება.

*
1955 . 21 ივლისი. ბოლნისისაკენ.
საღამო დიდებულად ჩატარდა.
შავ-ნაბადა. ბოლნისის გზაზე იშვიათი სანახავია.

*
ხუთ-ტომეული. ოქტომბერ-ნოემბერი.
„აჩქარებითა სოფელი
არავის მოუჭამია“.
მწერალთა კავშირში ჩინოვნიკური სულია გამეფებული.
უნდა გალხვეს ყინული. საჭიროა „პოეზიის დღე“ - ყოველკვირეული ჟურნალი.
„პოეზიის დღე“.

*
ჯიბუტის წერილი მოთავსებულია ლიტ. გაზეთის 22 ივლისის ნომერში, ჭილაიაზე.
ჭილაიავი.... მოშენიკია, ისე როგორც ბ. ჟღენტი.
უნდათ ჩემი ფუძემდებლობის წართმევა.
ფუძემდებელი.

*
27 ივლისი.
ვახტანგ გურგენიძე ჩემთან მოვიდა 7 საათზე. წავედით სადგურზე მანქანით. 10 საათზე უნდა გავემგზავროთ ექსპრესით მესხეთ-ჯავახეთში (სამცხე-საათაბაგო).
„აქეთ რაჭა-ლეჩხუმია,
იქით მესხეთ-ჯავახეთი“.
ვახტანგთან ერთად მოდის დოცენტი კიღურაძე, ისტორიკოსი.
ვახტანგს თან აქვს ფოტო აპარატი.
სადგურზე შეგვხვდა მარშანია: სადგურის წინ მოედანზე ვუცდი, ვზივარ. ვახტანგი ეძებს კიღურაძეს.
ძლიერ გამოცვლილია ჩვენი სადგური, სრულიად სხვაა, ვინემ იყო 10 წლის წინად... მგზავრებია ბევრია.

ოთხშაბათია დღეს. გუშინ ბევრი საქმეები გავაკეთე.
„Правительственный зал“. უზარმაზარი 3 ოთახია, 4. გივი. „მთავრობის მოსაცდელ დარბაზში“ ვართ. ვუცდით. ვახტანგი გენიალურია, გივი არანაკლები.
ჟენევის განწყობილება. ჟენევის სული. სამცხე-საათაბაგო. გივი გიორგი ჩიქობავასა ჰგავს, ვახტანგი - გუნიას. Правительственный зал... ორი ულამაზესი ვაზა. კარგია რგვალი მაგიდა დივნებით. ლენინის, ბულგარინის, მოლოტოვის პორტრეტები... მაგრამ ყველაზე დიდია სტალინის პორტრეტი. ზრდილობიანი დიასახლისი ქალი. სიწყნარე, მყუდროება. ძვირფასი ნოხები იატაკზე. ორი დიდი სვეტი. ორი მშვენიერი ბრინჯაოს ქანდაკება. დიდი, მაღალი, ლამაზი სარკე და ასე. ჟენევის სული, ჟენევის სული, ჟენევის სიმფონია, ჟენევის სიმფონია.

ჩავსხედით ვაგონში...
მატარებლის ვაგონში 1907-ში - სულ ერთი კაცი ჰკითხულობდა გაზეთს - ეხლა კი 1955 წ. ვაგონში გაზეთსა და წიგნს ჰკითხულობს 15 კაცი. ყველა სერიოზულად: მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი. ცხრაას შვიდში „იოსტინეს“ რიონის სადგურზე ამოუტანეს გაზეთი, რომელშიაც ეწერა ილ. ჭავჭავაძის მკვლელობის ამბავი. მთელი ვაგონი ღელავდა: მაგრამ გაზეთს მხოლოდ ერთი კაცი ჰკითხულობდა... Divida et imperie.
ჩვენი ვაგონი საერთო ვაგონია. სულ ვაგონში არის 80 მგზავრი. უმრავლესობა ქართველობაა.

ექსპრესსი 25 წუთი მცხეთამდე. ვარ მცხეთაში.
საუბარი. ქვიშხეთი, ტაშისკარი...

სრულ ორ საათზე ვართ ბორჯომში.
კულტ-სახლში... აქ, ეტყობა, „გამარჯობა“ არ იციან...
მაგრამ არა, გამარჯობა არ იცის მხოლოდ „შერი“-მ. ის იმითაც უკმაყოფილოა, რომ სახელად „შერი“ ჰქვია. „მეც არ მომწონს, თვითონ, ეგ სახელიო“, - ამბობს იგი.
კულტსახლში 29 კაცი მსახურებს (ალბად, შემდეგში ასევე იქნება შუამთის, ჩემი სახელობის კულტსახლში).
აქ მუშაობს ფხალაძის ქალიც, ჭიათურიდან გადმოსახლებული 1944 წლიდან.
საერთოდ, ვატყობ, დიდი სიფრთხილეა აქ საჭირო.
განსაკუთრებით საჭმელებში. ა? ა?
ვარ კულტსახლში. ვახტანგი და გივი წავიდნენ რაღაცაის მოსაწესრიგებლად.. აჰ, აჰა!
დიდი სიფრთხილეა საჭირო. ა? განსაკუთრებით საჭმელ-სასმელის მიღების დროს.
აქ გამარჯობა არ იციან.. შემოვიდა კიდევ ვიღაც და ილაპარაკა. წავიდა უსალამოდ.
ერთი მანერის შესახებ: დამიყრიან პორტფელებს და სხვ. და თვითონ წავლიან. ეს გარემოება მჯაჭვავს ერთ ადგილას, ვერსად მივდივარ ოთახიდან (ასე იყო თბილისის სადგურზე და ბორჯომის კულტსახლში)...
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით საუზმის, სადილის და ვახშმის მიღების დროს...
მაიაკოვსკის სურათია სახლში და არც ერთ ქართველი მწერლის. მხოლოდ დიდი ქანდაკება რუსთაველისა.
აქ გადაწყდა ჩემთან შეხვედრის მოწყობა - ტფილისში გამგზავრებამდე. კარგია, თუ რაიმე ღონისძიებათა მიღება მოჰყვა.
დიდხანს ვუცადეთ ახალქალაქიდან ავტოს. დავათვალიერეთ ბორჯომის ბაღი (აქ ყოფილა აკაკი ოდესმე და დაუწერია ლექსი).
მოვიდა გვიან, უკვე ღამე იყო. ჩვენ დავემშვიდობეთ ბორჯომელებს და ჩავსხედით და გავუყევით გზას ღამით... მერე რა საინტერესო ადგილები დაგვრჩა დაუთვალიერებელი.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, გავიარეთ ახალციხე. იქ ნაცნობი აფიშები.. გვიან, თითქმის შუაღამისას, გავსცდით ახალციხეს.. იწყება უტყეო ადგილები, [აღარ უნდა] აღარა სჩანან მშვენიერი პეიზაჟები ბორჯომის ხეობის - თუმცა, რა უნდა დაინახო უმთვარო ღამით (მთვარე ახალია და ძლიერ სუსტად აშუქებს). ასფალტი მორჩა. Буксуем.
ასე მივედით ახალქალაქში.
გავჩერდით სასტუმროში.
აქაური სასტუმრო განირჩევა იმით, რომ ცალკე ოთახები არ არის. ყველას ერთად სძინავს. ჩემს ოთახში ოთხი კაცი ვთავსდებით. რაღაც სუნი სდგას...
ახალი - არაფერია, გარდა იმისა, რომ ელექტრონი არ არის და [ლამფ.] ნავთიანი სანათურებიც ძლივს ბჟუტავენ. დღემ ასე გაიარა.
გვძინავს; გაისმის ძლიერი ხვრინვა. სამცხე-საათაბაგო! მესხეთ-ჯავახეთი!

28 ივლისი.
ყველაზე ადრე მე გამომეღვიძა.. პირის დასაბანად გავედი ეზოში. ო, რა ცივი, ყინულივით ცივი წყალია. მოგვცა ასეთი წყალი ტფილისშიც. რა წყალია, რა ცივი წყალია. ყველაზე უწინ მე დავიბანე პირი. ძალიან გამოვცოცხლდი. ალბად, კარგად ვიგრძნობ თავს. დღევანდელი დღე დიდებულად უნდა ჩავატაროთ. მთავარია ოპტიმიზმი. ვახტანგსა და გივის სძინავთ.. დილის კარგი ძილით.  დღეს ხუთშაბათია, ხვალ პარასკევი, ზეგ შაბათი, მაზეგ კვირა, მაშასადამე, პირველი აგვისტო. პირველი დღე ზაფხულის უკანასკნელი თვისა - იწყება კვირას. ზაფხულის უკანასკნელი თვის პირველი დღე!
ძალიან კი ჰყვარებიათ ძილი ჩვენებს. დილის ცხრა საათია! მაგრამ გასაგებია, ძალზე დავიღალეთ გუშინ ყველანი. სინტერესოა, რა მოხდება დღეს.
სამცხე-საათაბაგო! მესხეთ-ჯავახეთი!
ვართ ახალქალაქში! დილაა... ივლისის და, წარმოიდგინეთ, სიცივეა. ცივა. კიდე.
გამოიღვიძეს. საუბარია ამ არე-მარეზე.
- ძალზე უკულტურო ხალხია, - ამბობს გივი, - ძალზე ღარიბი. თბილისში რომ ჩამოფლეთილი ხალხი ჩამოდის სამათხოვროდ - აქედან არიან. სომხები არიან. სამუშაოდ მიდიანო დასავლეთში.
- არი ექვსი სოფელი ქართული, - ამბობს ვახტანგი, - არიან მიქელაძეები, გვარამაძეები.
- ქართველობა აქედან ძველადვე დაიძრა დასავლეთ საქართველოსკენ, თათრები რომ მოაწვენ.
- მიქელაძეები აქაურები არიან? მაგრამ მათ არც იმერეთში გაუღიმა ბედმა:
მიქელაძემ ქორწილი ქნა
ფეხდამწვარი წიწილითა,
თაგვი მაყრულს ეუბნება,
კატა კვდება სიცილითა!
წავიდნენ პირის დასაბანად - წყალია მარა რა წყალი, ცივიია, ცივი - როგორც ყინული.
ტალახაძე. <ემგებე>.
აჰოლის მთა. ამირანის მთა.
სახურავები ორი წელია, რაც შემოიღეს, სულ ბანიანი სახლები იყოო.
მოველით რაიკომში, ვართ რაიკომში.
შემდეგ საუზმე. საუბარი სომეხ-თათართა შეტაკებებისა და სხვ. შესახებ. ქართველთა სიმცირე აქ..
აბულის ძველი ეკლესია ვნახეთ. V-VI საუკუნის ამბავია. აბულის მთა, აბულის სოფელი, აბულის ტბები მთებში.
მწყესები. მწყესი ქალები. კიდევ უფრო ზევით, მთებში, რა დიდებული ბუნებაა. მართალია, ხე არ არის, მაგრამ ხშირად ასეთი ბუნებაც მომხიბლავია. მთები და განსაკუთრებით ქვები, ქვები, ქვები. ქვების სიმფონია. ისინი მოხერგებულან ყველგან, მაგრამ მინდვრებს ასუფთავებენ. გადავიღეთ სურათი. მანქანამ გვიღალატა. მწყესებმა გვათხოვეს სხვა მანქანა, [და ასე] საბარგო, და იმით გავემგზავრეთ კიდევ უფრო მაღლა მწყესებისაკენ, თაფარავნისაკენ.
თაფარავანი! უზარმაზარი, ლამაზი ტბა, ოთხივე კუთხით სოფლებია (მერე რანაირი სოფლები. არ მინახავს ასეთი, ბანიანები, უმცენარო).
თაფარავანი! აი, რა არის ბუნება! ჩვენ დიდხანს გარს ვუვლიდით ტბას.
თაფარავანი, ტბაფარავანი, ფარავანი, ფარვანი მშვენიერი ხალხური ლექსით, უკვდავი ლექსით.
აქ არასდროს არ ამოსულან არც ილია, არც ვაჟა, არც აკაკი.
აქ არ ყოფილან არც ჩვენი დროის მწერლები.
დავურიგეთ მწყესებს ჟურნალ-გაზეთები და წიგნები. ძალიან გაეხარდათ.
მწყესები საინტერესონი არიან: ზოგი მათგანი ომში ნამყოფია.
არიან ისეთნი, რომელთაც 50 წელი ცხვარში გაუტარებიათ.
არიან მარჯვენი, გამჯელნი, ყოჩაღნი.
მწყესები თაფარავნის გარშემო. ცხვარი, ცხვარი, ცხვარი.
ცხვარით გადათეთრებულია არე-მიდამოები.
ავტო რომ დაინახეს, დაფრთხენ და საინტერესო იყო მათი სირბილი. კომბალი, ნაბდები, ფაფახები, კარვები.
შესანიშნავი იყო კლდეები ქვით კარავთან.
საინტერესო არიან აქაური ძაღლები. ო, მათი ეშინიათ მგლებს.
მგლები აქ ხშირად დადიან, მაგრამ საინტერესოა, სად იფარავენ თავს. აქ ხომ ტყე არ არის, საძოვარი ადგილებია.
კომბალი, ნაბდები. გადავიღეთ სურათი.
აჰ, მთები. თუ არის სადმე ამაზე უკეთესი მთები. მე მგონია, არა.
წყაროები, მინდვრები. ასაღამოვდა. დიდებულია თაფარავანი. თაფარავანი.
საუბარი. არ დამავიწყდება ეს ქვები მესხეთ-ჯავახეთისა. ოდესმე საქართველო აქ, ამ არემარეზე ბრწყინავდა. ეხლა ქართველობა აქ უმცირესობაა. სულ ექვსი სოფელიაო, მითხრეს.
მთებიდან გვიან დავბრუნდით ახალქალაქში. ვახშამი რაიკომის თანამშრომელ ქალთან და გაზეთის რედაქტორის  (ცოლ-ქმარია) ოჯახში გვქონდა.
რა ციცაბო მთებზე ავდიოდით. მინდვრები, მოფენილი ცხვარით, აჰ, ცხვარით.
კარვებში გვქონდა საუბარი მწყესებთან.
კარგი იყო ცეცხლის გარშემო ქვის ქოხში საუბარი, მოგონებები საბა-სულხან ორბელიანის ციტატისა: „მესხეთ-ჯავახეთში ცხოვრობს ხალხი მსგავსი ქართლის ხალხთა, გახონა“.. (რაღაც დამამცირებელი სიტყვაა). გავიხსენეთ ვაჟა-ფშაველა, „უნდა გავნათლდეთ, უნდა გავმრავლდეთო“. იყო დიდხანს საუბარი ამ სიტყვებზე. სახლი ბოლით გაიბურა. სინათლე სახლში ნაკლები იყო, იგი მხოლოდ კარებიდან შემოდიოდა.
თაფარავანი. მწყესები. ნაპირის სოფლები.
მშვენიერი საღამო იყო, მწყესები და ცხვარი, ნაბდები, ნაბდები. აბულის მთა. ნაბდიანი მთები. შოდა-კედელას არა ჰგავს? არა! ეს სულ სხვანაირი მთებია, სულ სხვანაირი მთები! დაუვიწყარი მთები, საყვარელი მთები, მთის კალთები.
ადამიანები!
ვცხოვრობთ სასტუმრო „ჯავახეთში“ (ჯავახიშვილი, ჯავახარლ ნერუ??).

29 ივლისი.
ყველაზე ადრე მე გამომეღვიძა. პირის დასაბანად გავედი ეზოში. წყალია, მარა რა წყალი. ცივი, როგორც ყინული. ცივი, ცივი, ცივი.. მოგვცა ასეთი წყალი თბილისშიც. მესამე დღეა აქ ყოფნის.
გავცივდი. არაფერია. უნდა ავიდეთ ტაბაწყურის ტბაზე. გადავლახავთ ბაკურიანს.
„Княжна Джаваха“. ჯავახოვები. „მე ჯავახეთს რა მინდოდა, ნისლი იდგა შავი ზღვისა“. ჯავახიშვილები, ჯავახარლუ ნერუ, მესხეთ-ჯავახეთი. „ვწერ ვინმე მესხი მელექსე“. „მესხის გამოხედვა“. მესხები, მესხიშვილები, მესხეთი ქუთაისის ახლოს, რაო? წყალტუბო მეგრული სახელიაო. სიღნაღი სომხურიო. ბოდბე უნდაო. ფოტოების გამომჟღავნება ძალიან კარგია. საინტერესოა, რა გამოვა.
ტაბაწყურისკენ. ტაბაწყურისკენ. „Dernier L’omnibus“? არა, ეს უკანასკნელი არ იქნება. რამ მათქმევინა მაინც ეს სიტყვები? ო, გაცივებული ვარ.
ზრდილობიანი ბავში: მე გამოგყვებით, მიგასწავლით აფთიაქსაო. კალცექსი.
საიუბილეო დღეა. შესრულდა ოცი დღე - რაც მე და ვახტანგი თითქმის ერთად ვმოგზაურობთ. რა არის ოცი დღე და რამდენი რამ ახალი მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ მოგზაურობებით.
ვანი - ბოლნისი - ჯავახეთი!! მარტო დასახელება კმარა. სადაა? მაგრამ სადაა ფოტოგრაფიები?
9 ბინა.
წითელ წყარო, სიღნაღი, გარეუბანი. უდაბნოს მეურნეობა.
1. ვანი - შუა-მთა - ჭყვიში. 2. შავნაბადა - ბოლნისი. 3. მესხეთ-ჯავახეთი.

მოგზაურობაში ხშირად იხსენებენ სამამულო ომს. სასატუმროში დამლაგებელი ქალი ამბობს (ჯავახეთი) ქმარი ომში დამეკარგაო.
მართლაც, რა ხდება იქ, ჟენევის შემდეგ? მეოთხე დღეა, გაზეთი არ წაგვიკითხავს. მწყესებმა აქ ამის შესახებ არაფერი იციან.
თერთმეტს ხუთი უკლია. ვახტანგი და გივი არა სჩანან (რაღაც საქმეზე გავიდნენ სასტუმროდან, მალე მოვალთო. პორტფელები აქ დასტოვეს, ალბად, მთაში მოგზაურობის ამბავს აწესრიგებენ).
სულიერი განწყობილება ჩემი იშვიათად კარგია (ცოტა გული, გაცივება, დიდ სიმაღლეზე ვართ).
ცხვარში რაღაც სნეულება გამიჩნდაო, - ამბობდა მწყესი.
ახალქალაქში დურგალი აკეთებს მშვენიერ კიდობნებს. ფერი ამ კიდობნებისა და საზოგადოდ გარეგნობა წმინდა აღმოსავლურია.
უკვე თორმეტი იწყება.
მწყესს მწერვალიდან გადავახედე:
აბა, დახედე: ჰა, ჯავახეთი.
მწყესს მწერვალიდან
გადავახედე,
ჰა, ჯავახეთი.

*
Погорелов. Погорелов.
გადაღება - გადიდება.

*
[დაიწყო შუამთამ]
მომგონებელი
გარდასულ ჟამთა,
ორ მთათა შორის,
შვენის შუამთა.
[სხვათ] [იგი] [შუა-ჟამთა].

* * *
(იმ ყრმობის) მომგონებელი
კვლავ შუა-ჟამთა
[ორბთა და] სხვა მთათა შორის
შვენის შუამთა.
ბევრი [იარა] ტკივილი
აწუხებს მის გულს.
და უფრო ბევრი
კი დაუამდა.

რაც აწუხებდა,
აწ დაუამდა.

*
აფხაზური წყევა:
- შენი არ იცოდე და სხვისი არ გიჯეროდეს.


*
არსენ კარაპეტიანი - მომხსენებელი.
რადიანის და მთელი რიგის... (ქართული ენის მასწავლებელი).
არსენ კარაპეტიანი - მომხსენებელი. [შალვა] რადიანის და მთელი რიგის... (ქართული ენის მასწავლებელი).
გ. ტაბ. Derniere L’omnibus. 1955.
ციტატები. „Derniere L’omnibus“.

*
ნორჩობით. ორჭოფი.
ნალამი. წალამი.
ბორჯომის [მუხნარი] მუხაა, [და] [თუ] იქ ვერხვი ჟენევის.
ჩატარდა.

ბორჯომის ხეობა
სალამი [ბორჯომის] მშვიდობის თვალწარმტაც ხეობას,
მშვიდობის [ძვირფასის] რომ იხდის დღეობას.

სალამი მთებიდან მოსხლეტილ ჩანჩქერებს,
ხეობებს, [ახალის] მშვიდობის ჟღერით რომ აჟღერებს.

სალამი სიმღერებს, ის მრავალ-ძალია,
[სად, მხსნელად განთქმული] იქ, სადაც, აქ ჩვენი ბორჯომის წყალია,

რის [სასოს] ძალთა აქ სუსტი ვერ ასწერს კალამი,
მხურვალე სალამი, სალამი, სალამი!

სალამი მშვიდობას და [ერთიანობას] უშიშროებას,
[ჩვენს] ასე რომ სწყურია, [ჩვენს მებრძოლ] თაობას, დროებას,

სალამი იმ ძვრას და იმ ურთიერთობას,
ხალხ შორის მტკიცეს რომ აღადგენს ერთობას.

სალამი ნაკადებს, [მთებზე] მთებით რომ [გად]მოღვარეს,
[და ხალხთა] [ახალ] სალამი, ოჯახებს მშვიდობის მოყვარეს,

სალამი, [ვინც ძმობის გაშალა] ვის უყვარს მშვიდობის ალამი,
მხურვალე სალამი, სალამი, სალამი!

სალამი [ბორჯომის] ხეობის თვალწარმტაც მთა-სერებს,
[ვინც] გულით რომ ისვენებს და სხვასაც ასვენებს.

სალამი [ამ] ძველ მუხას, წარსულს რომ იხსენებს,
ჩრდილქვეშ რომ გვასვენებს და თვითაც ისვენებს.

სალამი მშვიდობის თვალწარმტაც ხეობას,
მის ტურფა ბუნებას და მოსახლეობას.

მესხეთ-ჯავახეთი
გადმოვლახეთ მთა და სერი, მოვიარეთ ჰანგ-ძლიერი,
მშვენიერზე-მშვენიერი იმერეთი, ქართლ-კახეთი,
ჟამთა ცელმა ვერ აჩალა, თვალწარმტაცი მთა და ჭალა,
და, ჰა, თვალწინ გაიშალა - [ჩვენი] ძველი მესხეთ-ჯავახეთი!

აქ ვარძიის მკვიდრ სავანეს ტბა [აშუქებს] ანათებს თაფარავნის,
მთა [ახალი] მრავალი ამირანის, [ახალ] მრავალ საუკუნის სვეტი.
იყოს მრავალ-ჟამიერი, უძველესი ჩვენი ერი,
მისი სახე, მისი ფერი, მისი მესხეთ-ჯავახეთი!

ვნახულობდით მთებში მწყესებს, და ვმღეროდით ახალ ლექსებს,
რომ დროს გააუკეთესებს შრომა მხვნელი, შრომა მჭედი.
რომ მშვიდობა არ თავდება, რომ მზე ამოთავთავდება,
და კვლავ უფრო აყვავდება ჩვენი მესხეთ-ჯავახეთი!

ამოძრავდეს მთა და ქედი, გამობრწყინდეს ქართლის ბედი,
[ამოძრავდეს] ახმაურდეს ვეფხი მეტი, მეტის ძალის და იმედის!
დღეგრძელობდეს მესხი! თან ის მესხი უახლოეს ხანის,
მესხი "ვეფხის ტყაოსანი"-ს, მესხი - მესხეთ-ჯავახეთის!
გალაკტიონ ტაბიძე
ახალქალაქი, 1955, 30 ივლისი

*
გალაკტიონ ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, ბესო ჟღენტი, იოსებ ნონეშვილი, ხუტა ბერულავა.
საქ. კ. პ. ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ერთთვიანი პროპაგანდისტთა კურსების ხელმძღვანელობა სთხოვს მწერალთა კავშ. პირველ მდივან ირ. აბაშიძეს, 26 ივლისს 11 საათისათვის მოაწყოთ შეხვედრა, რომელიც შესდგება სტალინის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ქიმიის კორპუსის ფიზიკის აუდიტორიაში.
სასწავლო ნაწილის გამგე ივ. მაილიანი.
აკ. ბელიაშვილი. ალ. ქუთათელი.
მოვედი სწორედ 11 საათზე. არავინ არ დამხვდა აქ, გარდა ხუტა ბერულავასი. არაა არც გრიშაშვილი, არც ბესო ჟღენტი, არც იოსებ ნონეშვილი.
- იცი, სად არიან?
- იოსები არ მოვა, ავადაა. გრიშაშვილი!!
- ბესო ჟღენტი ცეკაშია, ბიუროს კრებაზეაო.
ლექსებიდან „პოეტი-ტრიბუნი“, „მე და ღამე“.

*
I. გადავლახე მთა და სერი,
[მოვიარე მთა და სერი]
მოვიარეთ ესესერი,
[მშვენიერზე] ვინახულეთ მშვენიერი -
იმერეთი, ქარლთ-კახეთი.

და ჰა, თვალწინ გადიშალა
[ძველი] ჩვენი მესხეთ-ჯავახეთი,
თვალწარმტაცი მთა და ჭალა,
გული გრძნობით გაიმსჭვალა.

II. იყოს მრავალჟამიერი,
უძველესი ჩვენი ერი,
მისი სუნთქვა, მისი ფერი,
[ამ სივრცეებს გადახედი]
მისი მესხეთ-ჯავახეთი.

III. ამოძრავდეს [ამირანის] მთა და ქედი.
გამობრწყინდეს [რომ აღდგება] ქართლის ბედი.
ამოქუხდეს [აღტაცება] მეტის [ორჯერ] მეტი [როგორც] გედი,
ჰქუხდეს მესხეთ-ჯავახეთი.

[მესხე] დღეგრძელობდეს მესხი, თან ის, რუსთაველის,
მესხი უახლესი ხანის
[უკვდავ] მესხი ვეფხის ტყაოსანის,
მესხი მესხეთ-ჯავახეთის.

მთებში შეფარებულ მწყერებს...

იყოს მრავალჟამიერი
შენი სუნთქვა, შენი ფერი
უძველესი ჩვენი ერი,
ჩვენი მესხეთ-ჯავახეთი!

აქ ვარძიის [უხსნი თავანს] მკვიდრ სავანეს,
[აქ] და მშვენიერ ტბაფარავანს
[იცავს] მესხეთ-ჯავახეთი.

და ვარძია ბრწყინავს მარად,
თაფარავანს უდგას ფარად.

*
რაკი შევიძინე
ახალი საათი,
დავხურე [შექსპირი] სპარსული
ნიზამი, საადი.
[მწერლები რიცხვით სულ
ასსამოცდაათი].
არ მინდა სრულიად
[არ მინდა მე მათი] არც მათი ამაყი,
უცხო გამოხედვა,
[უაზრო] [და უცხო] არც მათი კამათი.
რაკი შევიძინე
ახალი საათი,
დავხურე მე წიგნი
ასსამოცდაათი.

*
სანაპირო.
სოლოგუბი და სევერიანინი ქუთაისში, რომელ წელს იყო ეს ამბავი?

ქალაქის სექტემბერში.
დიანა თოდუა.
Чтобы допустить к экзаменам.

ლანჩავა მურმანი.
„ГНЗ“ დირექტორი - რუხაძე.
ჩაჭრილია მათემატიკაში. სხვაში სულ ხუთებია. უნდა გას... Aძმიშვილი ავერინასი.
უნდა დაუშვათ. ჩაჭრილია მათემატიკაში.
Георгий Михайлович Заркуа - 89-29.

ვარძია
თუ [გსურს ვიცოდეთ - შენება] ხელოვნება, [და] [რომ] თუ შრომა
რა დიდებული განძია -
[უნდა დასტოვო] მოძმე ქართველო, ხშირ-ხშირად
მოინახულე ვარძია!

[ქართველო] თუ გსურთ, გაიგოთ, რომ შრომა
[შრომა რა].

[თუ] გსურს იცოდე (შეტყობა),
თუ ხელოვნება.

ქართველო, ქალო და ვაჟო,
ხარ პატარა თუ ხარ ძია,
გიყვარდეს ჩვენი წარსული
მცხეთა, ასპინძა, ვარძია.

* * *
[ქარის აგვის ტოტი,
რაც კი აგვისტოთი
შრიალებს ან ჰყვავის,
დრო დადგება ღვინის,
[ან დადგება] შემოდგომის ზვინის,
[შემოდგომის] მოზღვავებულ ხვავის.]
დრო [მოვიდა] მღელვარებს ღვინის,
[თავანის და] სასიმინდის ზვინის
მოზღვავებულ ხვავის.
[ქარის] გვირგვინს აგვის ტოტი,
რაც კი აგვისტოთი
შრიალებს და ჰყვავის..
გალაკტიონი

*
1. კარდონი. 2. კარდონი. 215 ცალი კარდონი - 1.000 р.

ბერულავა ხუტა, ნონეშვილი იოსებ, შენგელია ალეკო, მარგიანი, გომიაშვილი.

19-24 - გელაშვილი.
აბაშიძე გრ., ბერულავა ხუტა, ნონეშვილი იოსებ, კალაძე კარლო, შენგელია ალეკო, მარგიანი რევაზ, გომიაშვილი ალექსანდრე, ჩიქოვანი სიმმონ, ტაბიძე გალაკტიონ.

*
1. მწერალთა კავშირში (მუშაობის დრო) (სამშაბათს, ვადა).
2. სტამბა კამოს ქუჩაზე (ხვალ).
3. სახელგამი (გადარიცხვა არაა) ხვალ.
4. სანაპიროს პრობლემა (დავლა სანაპიროსი) ხვალ.
5. წიგნის დაწყების ამბები (ერთ კვირაში) ხვალ.
6. ვახტანგ გურგენიძესთან (აფხაზეთის პრობლ.) ხვალ.
7. წყნეთის პრობლემა.
8. ფოტოები.
წყნეთის საღამო, ფოტოები, კინოები, სანაპიროს პრობლემა.

*
აბა - ვინ - ვის! „მნათობი“.
მაღრაძე მიხეილ კონსტანტინეს ძე. იღებს ორშაბათობით 14 საათიდან 18 საათამდე. 89-90.

მაღრაძე - ჩვენი მნათობთ-მანთობი,
ხალხს იღებს მხოლოდ ორშაბათობით,
სხვა დღეებში კი ღრმა ფიქრში მყოფი
აბანოებთან ზის საათობით.

*
„Советикан Врастан“ №176 (7867). 27 июля, 1955.
Орган Центрального и Тбилисского комитетов компартии Грузии „СД. ТГР“. Стр. 2. Отд. искусство. Творчесский веч. <...>.
Величием „Универсаль“ Ленинградский.

*
წავიკითხე დუშეთში „ვიგონებ ყრმობას“ - 271.
მობურბუშე. მისუსურეთ. მოკუნტრუშეთი.
ვაჟაზე ლექსი წავიკითხე ჩარგალში!
რკინისგზელთა შვილების პიონერთა ბანაკი.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რკინიგზელთა შვილების პიონერთა ბანკი.