შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-233 - 1949 წელი


ეწყობა საღამო ნაძალადევში
I. საღამოს აწყობს რკინისგზის II ქალთა სკოლა.
II. ეს საღამო მოეწყობა ნაძალადევის მუშათა კლუბში (დირეკტორი - ქურიძე - ბიძაშვილი სანდროსი).
III. აკტიურად მუშაობს მასწავლებელი ქალი თამარ ცაგარელი (ტელ. 3-02-38. საღამოთი).
IV. მას ეხმარება ცუცუნა კალანდაძე (კრიტიკოსის ლავროს კალანდაძის ცოლი).
V. თამარ ცაგარელის მისამართია: მოსკოვის შესახვ. №10 (18?).
VI. ნაძალადევის კლუბის გამგედაა ილო გომიაშვილი (ძმა ცნობილი არტისტის).
VII. მოწაფეებს მოხსენებებისთვის დარიგებული  აქვთ თემები.
VIII. გამოვა  კედლის გაზეთი.
IX. გამოვა სპეციალური ხელნაწერი ჟურნალი.
X. რონდელი უხელმძღვანელებს კინოგადაღებას (რონდელი ჩემი ნათესავიაო - ამბობს თამარ ცაგარელი).
XI. ც. კალანდაძის (მარიამ გარიყულის ქალიშვილია) ტელეფონია - 83-86 (საღამოთი).
XII. სპეციალურ თემებს მიემატა: "გალაკტიონ ტაბიძე, როგორც ახალი ეპოქის შემქმნელი ქართულ მწერლობაში" (ს. ჭილაიას ახალი წიგნის მიხედვით).
10/IV-49

დრამატიზმი
გუშინ კინოში ვნახეთ ფილმი ვერდის შესახებ. წინასიტყვაობაში ნათქვამი იყო ფრაზა: Яркий драматизм Верди. დასამახსოვრებელი ფრაზაა. ჩვენში ხშირად ურევენ პესსიმიზმს დრამატიზმთან.
Яркий - 1. ჩაღი, კაშკაშა, მცხინვარე (არა მცხუნვარე), თვალის მომჭრელი, ლაპლაპა; Яркий свет - თვალისმჭრელი სინათლე; Яркие краски - მკვეთრი, ჭყეტელი ფერები, ფერადები; Ярко-красный  - მოჭირტული წითელი; Яркий огонь - ლაპლაპა ცეცხლი; Яркие звезды - კაშკაშა ვარსკვლავები; 2. გადატ. თვალსაჩინო, ბრწყინვალე; Яркий пример - თვალსაჩინო მაგალითი; Яркий талант - ბრწყინვალე ნიჭი; Яркое описание - ცოცხალი აღწერა; Яркая красота - თვალწარმტაცი სილამაზე; Яркий голос - ძლიერი, წკრიალა ხმა.
Ярко - 1. კაშკაშით, ლაპლაპით, ჩაღად. Звезды ярко горят - ვარსკვლავები კაშკაშებს. Купола на солнце ярко блестят - გუმბათებს მზეზე ლაპლაპი გაუდის. 2. გადატ. მკვეთრად, ცხოველად, ცოცხლად; ბრწყინვალედ, თვალსაჩინოდ; Это ярко сказалось - ამან მკვეთრად იჩინა თავი.
Яркость - სიკაშკაშე, მცხინვარება, თვალის მომჭრელობა, სიჩაღე... (ჩაღი - გაჩაღება - გაჩაღებული. ჭაღი სხვაა - უახლოვდება კი...). რომელი ამ სიტყვათაგანი არ შეეფარდება ვერდის დრამატიზმს? ყველა. [აქედან].
1. რა არის დრამატიზმი?
2. რა არის პესსიმიზმი?
3. ძევს თუ არა მათ შორის დიდი ზღვარი?
4. დრამატიზმი, მაგალითად, შექსპირის - პესსიმისტურია განა?
5. დრამატიზმი ჩემი? გამოსვლისთანავე ჩემი წიგნისა - იყო ორი ფრთა: 1. პირველნი - იცავდენ დრამატიზმს - ს. აბაშელი, ხომლელი. მეორენი კი ლაპარაკობდენ ჩემს პესსიმიზმზე: მ. წულუკიძე და სხვ. ა. პაპავა?

ნოვატორობა
გუშინ, სანამდე ვერდის ცხოვრების შესახებ კინოფილმის ჩვენება დაიწყებოდა, ჩვენს ლოჟაში შემოვიდა ორი სტუდენტი ქალი. მათ ბოდიში მოიხადეს და გამეცვნენ. ორივენი თურმე წელს ამთავრებენ უნივერსიტეტს. ერთ მათგანს თემად აღებული ჰქონია ჩემი შემოქმედება. "შევისწავლეო, - სთქვა მან, -  ყველა ტომები, საღამოების აფიშებიც კი არ დამრჩენიაო შეუსწავლელი. მაგრამ ერთი რამ მაფიქრებსო და, იმედია, თქვენ დამეხმარებითო. თქვენს შესახებ ერთი თავია - ნოვატორობის შესახებ. აქ მე საერთოდ მაქვს საუბარიო, და რომ ჩამეძიონ, არ ვიცი, როგორ უნდა განვავითაროო" (ქალიშვილის გვარი იყო ცოფურაშვილი). რა თქმა უნდა, უცებ, ლოჟაში, კინოფილმის დაწყების წინ ბევრს ვერაფერს ვეტყოდი.
მართლაც და, ამდენი ლაპარაკია ჩემი ნოვატორობის შესახებ და ერთი ხეირიანი წერილიც კი არ არსებობს.
1. რა არის, საზოგადოდ, ნოვატორობა?
2. რაში გამოიხატება მისი დადებითი მხარე.
3. ნოვატორობა ფორმის.
4. ნოვატორობა შინაარსის!
5. ეპოქის მნიშვნელობა.
6. პარალელები წარსულ მწერლობასთან.
7. ნოვატორი დამწყებია, ახლის შემომტანი. რანაირად აგრძელებენ მას სხვები, არა ნოვატორები, მაგრამ ნიჭიერი ხალხი.
საერთოდ, უნდა გაიხსნას აკაკი წერეთლის ფრაზა ჩემს შესახებ: "მას ბევრი სიახლე შემოაქვს ჩვენს მწერლობაშიო!"
16/IV-49

მზადება საღამოსათვის  ნაძალადევში
1. აკტიურად მუშაობას განაგრძობს მასწავლებელი ქალი თამარ ცაგარელი. იგი დღეს ჩემთან მოვიდა.
2. მზადაა ტექსტი მოსაწვევი ბარათების, რომელიც 1 მაისამდე დაიბეჭდება და დაურიგდება  როგორც რკინისგზის II ქალთა სკოლის მოწაფეთა მშობლებს, ისე საპატიო სტუმრებს.
3. მოსაწვევ ბარათს წამძღვარებული ექნება ადგილი ჩემი ლექსიდან: „ჩვენ გავიმარჯვებთ“:
„რაკი მძლავრობს ხალხის ხმა და სტალინის გენია,
ვიცით, რომ საბოლოო გამარჯვება ჩვენია“.
(ეს წიგნი „ჩვენ გავიმარჯვებთ“ გამოვიდა 1941 წ. ლავროსი კალანდაძის რედაქტორობით, გამ. სახელგამი).
4. საბოლოოდ დადგინდა: საღამო მოეწყობა 8 მაისს.
5. საბოლოოდ დაზუსტდა თემები: ა) გ. ტაბიძის ცხოვრება; ბ) გ. ტ. და ოკტომბრის რევოლიუცია; გ) პატრიოტიზმი გ. ტ. შემოქმედებაში; დ) გ. ტაბიძე და თანამედროვეობა; ე) გ. ტ. როგორც საბავშო მწერალი; ვ) გ. ტაბიძე როგორც ახალი ეპოქის დამმკვიდრებელი ქართულ მწერლობაში (წინად ჰქონდათ: გ. ტ-ს გავლენა თანამედროვე ქართველ მწერლებზე. მთავარი,  მე მგონია, უკანასკნელი თემაა).
6. სასურველიაო, რომ დაესწრონ მწერლებიცო... (აქ... არ ვიცი... როგორ იქნება საქმე? ვის შეუძლია ითავოს ეს საქმე? ვინ მოაგვარებს უფრო უკეთესად ამ საქმეს?).

„ქართული წვლილი ბიზანტიურ ლიტერატურაში“
1. არსებობს უამრავი ქართული თარგმანები ბერძნულიდან, რის უმრავლესობა დღეს სრულებით არა სჩანს თვით საბერძნეთში (ორიგინალები არ არსებობენ). ბიზანტიური ლიტერატურა მდიდრდება და შუქდება ქართული თარგმანების მეშვეობით.
2. ქართულიდან ითარგმნებოდა ბერძნულ ენაზე ბევრი ჩვენი ორიგინალური ნაწარმოებნი, როგორც, მაგალითად, „სიბრძნე ბალავარისა“ და სხვ.
3. ქართული „ბიბლია“ ითარგმნა ბერძნულიდან პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იქ ის ბიბლია აღარ არსებობს და ჩვენი ქართული ბიბლიიდან შუქდება ბევრი რამ ეხლა.
4. გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე ნიკოდამელი იყო ეროვნებით ქართველი.
5. ექვთიმე და სხვ. დიდს მოღვაწეობას ეწეოდნენ საბერძნეთში და გავლენას ახდენდნენ მთელ მათ კულტურაზე. საერთოდ, დიდათ საგულისხმოა „ქართული წვლილი ბიზანტიურ ლიტერატურაში“. შეიძლება ითქვას, რომ ეს „ქართული წვლილი“ - წამყვანი იყო იქ.
6. ანალოგიურად: „ქართული წვლილი რუსეთის ლიტერატურაში“ - უაღრესად საგულისხმო რამაა. ვანო შადურის წიგნი, შეიძლება, ნაწილობრივად ხსნიდეს ამ საკითხს. მაგრამ არაფერს ამბობენ მაიაკოვსკიზე.

საიდან გაჩნდა ეს ქუჩა?
ქალაქის ცენტრში არსებობს არალეგალური ქუჩა; [მეტად უცნაური] მაგრამ ეს ქუჩა კი არა, რაღაც უღრანი, უსიერი, მიყრუებული ადგილია,  სათარეშო ქურდ-ბაცაცების, ყოველგვარი ხულიგნების, ყოველნაირი ბანდიტის. საშიშია ამ ქუჩაზე გავლა ღამღამობით,  ვინაიდან იგი სრულიად გაუნათებელია, სავსე უსწორ-მასწორო თხრილებით, აგურებით, რკინეულობით - და ბნელი, საეჭვო პირებით.
ამ ქუჩის არსებობა იციან მხოლოდ მასზე მოსიარულეებმა, მაგრამ  არ იცის ქალაქის ადმინისტრაციამ: ეს ქუჩა უსახელოა, ვინაიდან მთავრობას აზრადაც არ ჰქონია აქ ქუჩის გაყვანა. არც აღნიშნულია ეს ქუჩა ქალაქის რუქებზე, ვინაიდან ოფიციალურად არარსებულ ქუჩას რუქაში ვინ შეიტანს? არავითარი თვალყურის დევნება მასზე არ არსებობს, ვინაიდან ოფიციალურად არაღიარებულ ქუჩას, ვინ არის მოვალე, რომ თვალყური ადევნოს? მართლაც რომ, უღრანი ადგილებია.
ბნელი ღამით ამ ქუჩაზე უეცრად გაისმის ბებუთით დაჭრილი მოქალაქის ([ამ შემთხვევაში] პროფესიით ინჟინერის [კიკნაძის]) ხმამაღალი ყვირილი: - მიშველეთ, მიშველეთ, მომკლეს! - მას თავს დაესხენ, მაგრამ მშველელი არსაიდანა სჩანს [ბნელი ღამეა].
ბნელი ღამით ამ ქუჩაზე კიდევ გაისმის ყვირილი: "არ გაუშვათ, დაიჭირეთ"! - მაგრამ ავტომობილიდან გადმომხტარი ვიღაც ბანდიტი გარბის [ამ] მიხვეულ-მოხვეული გზებით. ამ უღრანში ვინ მიაგნებს მას? მიიმალა კიდეც.
ბნელი ღამით ამ ქუჩაზე ვიღაც უახლოვდება იქვე მდგარ გარაჟს. გასტეხს მას, ხელით გამოაგორებს ავტომობილს, რომელსაც მეორე დღეს ლისის ტბის მიდამოებში ჰპოულობენ ნაწილებ-აყრილს, ცარიელ ძარას (кузов).
და ყოველივე ეს ხდება ქალაქის ცენტრში. მეტად შეწუხებულნი და შეშფოთებულნი არიან ასეთი მდგომარეობით - ჟორესის ქ. სახლის №4 მცხოვრებნი, აგრეთვე კამოს ქუჩის №... მცხოვრებნი.
ეს „არალეგალური“ ქუჩა იწყება - სწორედ ჟორესის ქ. №4 შესავალიდან, გადის ეზოში, იქიდან მეორე ეზოში, იქიდან მესამეში და [გადის] თავდება კამოს ქუჩაზე.
რა ეშველება ეხლა ამ საქმეს?
1. აღდგენილ იქნას ჟორესის ქუჩაზე - სახლის №4-ს - ეზოში აგურის ღობე (სამჯერ გაკეთდა და სამჯერვე დაიტაცეს აგურები უცნობმა პირებმა). ამით გადაიკეტება „ქუჩა“ - და მოისვენებენ მცხოვრებლები.
2. სახელმწიფო სააფთიაქო სამმართველომ კარები უნდა გაუკეთოს თავის საწყობს (ჟორესის ქ. №4), ვინაიდან სახლის შესასვლელი ქუჩად არ უნდა იქცეს.
3. ჟორესის ქუჩის №4 სახლის შესასვლელი და ეზო - განათებული უნდა იქნას... საშიში არ უნდა იყოს იქ გავლა.
4. წაიშალოს ჟორესის ქ. სახლზე №4 უზარმაზარი, უხეიროდ, უგემოვნოდ დაწერილი ანბანები - П.К.О.Н. (გამვლელთა ღიმილს იწვევს).
5. ჟორესის ქ. სახლი №4 წინამო (фасад) მოითხოვს არქიტექტორების მეტ ყურადღებას. იგი უნდა გალამაზდეს, იგი მოითხოვს რეკონსტრუქციას, ვინაიდან არ შეესაბამება მის წინ მდგომარე „წიგნის პალატისა“ და მის გვერდით მყოფ სხვა მშვენიერი არქიტეკტურით აგებულ შენობებს...
არაა საჭირო უსახელო ქუჩის არსებობა (თუ საჭიროა, სახელიც უნდა დაერქვას მას). საჭირო რომ ყოფილიყო, სახელიც ერქმეოდა.
არაა ლამაზი - ქალაქის ცენტრში მყოფი სახლის (ჟორესის 4) ფასადი - ასე უშნოდ გამოიყურებოდეს.
ჟორესის ქუჩა ყველა ქუჩებზე უფრო მეტი მოძრაობის ქუჩაა. იგი აერთებს ქალაქის ორ ნაწილს, გაყოფილს მდინარის მიერ - და მოითხოვს მეტ ყურადღებას.

აკადემიის პრეზიდიუმში
აკადემიის სასხდომო აუდიტორია თანდათან ივსება მხცოვანი აკადემიკოსებით, აკადემიის წევრ-კორესპონდენტებით, აკადემიაში მომუშავეებით, ინსტიტუტების დირეკტორებით. პირველი მაისისადმი მიძღვნილი საღამო საცაა უნდა დაიწყოს. საღამოს დიდძალი ხალხი ესწრება. პრეზიდიუმის მაგიდა ჯერ კიდევ ცარიელია, ჩემთან მოდის აკად. ა. შანიძე.
- მობრძანდით პრეზიდიუმში, - მეუბნება.
- არა, არ შემიძლია რაღაც, - ვეუბნები.
არ მომეშვა. აკაკის აკადემიის პარტ-ბიუროს ხელმძღვანელი მიეშველა.
- მობრძანდით, მობრძანდით.
არ მინდოდა, მაგრამ რა კი არ მომეშვენ, უარი ვეღარა ვთქვი. დავიკავე ადგილი პრეზიდიუმში. იქ იყვნენ - წინამძღვრიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი. პირველად ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი: ასეთი აუდიტორია, მე კიდევ გადაჩვეული ვარ  თვალსაჩინო ადგილზე ყოფნას: თან ეს წვერები, რომელიც საგრძნობლად მომეზარდა, თან მორიდება.
საქმე ისაა, რომ აკადემიაში პირველადა ვარ საპრეზიდიუმო მაგიდასთან. არა ვარ მიჩვეული. მგონია, რომ ყველა მე მომჩერებია.
თუ არ ვცდები, პირველად არიან აკადემიის საღამოს პრეზიდიუმში  წინამძღვრიშვილი და კეკელიძე.
ეს რაღაც  ერთგვარი სიახლეა!

მგონი, გული გაუსკდა.
ცოტა მოგვიანებით დარბაზში შემოვიდა გრიშაშვილი. საღამო უკვე დაწყებული იყო. მომხსენებელი თავის მოხსენებას აკეთებდა, აუდიტორია უსმენდა. გრიშაშვილი შემოვიდა, უკეთ რომ ვსთქვათ, თითქო შემოიპარა და როდესაც პრეზიდიუმში დამინახა - მგონი, გული გაუსკდა. თითქო ზაფრა მოუვიდაო, ისე ჩაჯდა სადღაცა, მეხუთე რიგში, უგდებდა თითქო ყურს მომხსენებელს,  მაგრამ სახეზე ფერი აღარ ედო: მე ვიყავი პრეზიდიუმში, და ის კი არა. მოდი და მოითმინე.  რაღას გააწყობს: კიდევ უფრო ჩაიკუნტა თავის სკამში. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო მისი ტრაგედიის.

„ექსპრომტი“.
ძალიან, ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს; რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი, უბიდან ქაღალდები ამოვიღე, წინ  დავიწყვე და ერთი მათგანი "სიმღერა 1 მაისის" რამდენჯერმე გადავიკითხე. გვერდით რომ აკაკი შანიძე მიჯდა, ჩუმად შემეკითხა:
- რა არის ეს?
- „ექსპრომტია“.
- რა ექსპრომტი?
- აი, „კომუნისტში“ ვიყავ, იქ დავწერე. მგონი, დაიბეჭდოს კიდეც.
- შეიძლება წავიკითხო?
- ინებეთ.
ჰკითხულობდა ძალიან  გულდასმით. მომხსენებელი თავის მოხსენებას აკეთებდა, აუდიტორია უსმენდა. აკაკი ჩუმად ჩემს ლექსს ჰკითხულობდა, ძალიან გულდასმით, ხელში კარანდაშით. შემდეგ იგი მე მომიბრუნდა.
- წაიკითხეთ ეს „ექსპრომტი“ აქ, ამ აუდიტორიაში.
მე შეშინებით ვუთხარი:
- რას ამბობთ... არასგზით არ შემიძლია. დიდი ხანია, საზოგადოების წინ არაფერი წამიკითხავს. თავს კარგად ვერა ვგრძნობ. არ შემიძლია.
- მაშ, კარგი. მე წავიკითხავ... ნებას მაძლევთ? - მე ამაზედაც დავფიქრდი... გავიფიქრე: ეს აკადემიაა. სხვა აუდიტორია.. მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. გადაწყდა ასე: ვიცე-პრეზიდენტი აკადემიის წაიკითხავს ჩემს ლექსს.
მომხსენებელი თავის მოხსენებას აკეთებდა. აუდიტორია უსმენდა, გრიშაშვილი ისევ ზაფრა-დაცემულივით ზის. ვიცე-პრეზიდენტი ემზადება  ჩემი ლექსის წასაკითხავად.

საქმიანი შენიშვნები.
აკადემიის ისტორიას არ ახსოვს, რომ იქ ვისმეს ლექსი წაეკითხოს. ამიტომაცაა, რომ აკაკი გულდასმით სწავლობს ლექსს, რამდენჯერმე კითხულობს თავისთვის. ასწორებს კიდეც, მაგრამ კარგად ასწორებს. მე ეს გარემოება ძალიან მახარებს.
- სიმღერა  პირველი მაისისა... არა სჯობია, რომ იყოს „სიმღერა 1 მაისს“?
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა სჯობია. ეს „ექსპრომტია“ და...
- შემდეგ „მაისი დამფარველი ფრთით ეფერება“. თქვენ გაქვთ „ეფერება“... არ აჯობებს, რომ იყოს „ეფარება“? „ჩვენში მაისი დამფარველი ფრთით ეფარება“. რას იტყვით?
- ოო, როგორ არ აჯობებს? „დამფარველი ფრთით ეფარება“. ეს მშვენიერი სახეა, უკეთესი.
და კიდევ რამდენიმე ასეთი შენიშვნა, მეტად ძვირფასი, მაგალითად:
- თქვენა გაქვთ ასე: „მრავალთა ჯინზე“ - განა არ აჯობებს „მრავალთა ჯიბრზე“. ჯინი - პროვინციალიზმია.
- სჯობია „ჯიბრზე“.. - დავეთანხმე მე.
აკადემიის ისტორიას არ ახსოვს, რომ მისი ტრიბუნიდან ვისმეს ლექსი წაეკითხოს. ამიტომ ემზადება აკაკი. ეს გამოსვლა პირველი იქნება.
მომხსენებელმა დაამთავრა თავისი მოხსენება. მე აღელვებული ვარ.. რაღაც უნდა მოხდეს!

„წაიკითხოს თვითონ“.
და აი,
მომხსენებელმა დაასრულა თავისი მოხსენება. აუდიტორიამ მოისმინა. ეხლა - კი...
წამოდგა ვიცე-პრეზიდენტი: თვალი მოავლო აუდიტორიას. სიწყნარე ჩამოვარდა (სიწყნარე ქარიშხლის წინ).
- ნება მომეცით, - ამბობს ვიცე-პრეზიდენტი, - წაგიკითხოთ ლექსი. აკადემიკოსმა გალაკტიონ ტაბიძემ დაგვიწერა „ექსპრომტი“ და ის უნდა წაგიკითხოთ...
თან აუდიტორიას ორაზროვნად გადახედა...
დარბაზს გამოცოცხლება დაეტყო. დარბაზს სურს აქტიურად ჩაებას ამ „საქმეში“... როგორ? ახალი ლექსი! გალაკტიონის! აკადემიკოსები, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ინსტიტუტის დირექტორები, ქალები და კაცები - ყველა ძალიან დაინტერესებულია. გამოცოცხლდა დარბაზი. ყოველი კუთხიდან შეძახილები ისმის. გრიშაშვილი კი უფრო ჩაძვრა სკამში.
ვიცე-პრეზიდენტმა მე გადმომხედა, შემდეგ - აუდიტორიას, შემდეგ კიდევ - მე, მერე აუდიტორიას.
- წაიკითხოს თვითონ! - გაისმა ხმა დარბაზში, შემდეგ ყველა ერთხმად იძახდა:
- წაიკითხოს თვითონ! თვითონ წაგვიკითხოს!
ვიცე-პრეზიდენტი ჩუმად მეკითხება:
- წაიკითხავთ?
- არასგზით! არ შემიძლია! - ვეუბნები მე.
დარბაზი უფრო და უფრო ღელავს, ხმაურობს.
- გთხოვთ, გთხოვთ! - გაისმის დარბაზის ყოველი კუთხიდან უკვე ხმამაღალი და დაჟინებული მოთხოვნა.
ვიცე-პრეზიდენტი იღიმება და ჩემსკენ იხრება. „მეტი გზა არ არისო“ - თითქოს ამბობს იგი. აუდიტორია დაჟინებით მოითხოვს.
მართლაც, მეტი რაღა გზა იყო. წამოვდექი და გავემართე ტრიბუნისაკენ. ეს იყო - პირველი ნაბიჯები აკადემიის ტრიბუნისაკენ.
დარბაზში უცებ გასაოცარი სიჩუმე ჩამოვარდა. სიჩუმე ქარიშხლის შემდეგ.

აკადემიის ტრიბუნიდან.
დავიწყე ლექსის კითხვა. დაჯერებით. დინჯად. ხმა მემორჩილებოდა. არა ვღელავდი, განა! რეკავდა ჩემი ხმა.
ვგრძნობდი, რომ კითხვა სწორედ ჩემებური გამოდიოდა.. ვგრძნობდი აუდიტორიის განსაცვიფრებელ სიჩუმეს, რომელიც უსაზღვრო სიმპატიით იყო განმსჭვალული.
ვგრძნობდი, რომ ეს იყო აკადემიის აუდიტორია, უმაღლესზე უმაღლესი აუდიტორია, რომელმაც იცის სხვისა და თავისი  თავის ფასიც.
არასდროს ასე კარგად მე ლექსი არ წამიკითხავს.
რომ დავამთავრე ერთსულოვანმა, უანგარო სიყვარულის ტაშისცემამ იგრიალა. ოვაციები გამიმართეს.
მოვიდნენ აკადემიკოსები, ხელს მართმევდნენ.
გიორგი ახვლედიანი ამბობდა:
- ამიერიდან ყოველ პირველ მაისს აქ ლექსით უნდა გამოხვიდეთ. ყოველ პირველ მაისს..
ნიშნად შეთანხმებისა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით!
- რა ღრმა აზროვანი ლექსი იყო... - ამბობდა მეორე.
გრიშაშვილი სად გაძვრა, ვერავინ გაიგო.
აკადემიის ტრიბუნიდან პირველად გაისმა პოეტის ხმა... მე გავიმარჯვე.
მეორე დღეს იგივე ლექსი გადასცეს რადიოთი, დაიბეჭდა "Заря Востока"-ში, წავიკითხე აგრეთვე მწერალთა კავშირის საპირველმაისო საზეიმო სხდომაზე, დაიბეჭდა სომხურ გაზეთში. სხვა ლექსი პირველ მაისს იყო „Комсомольская Правда“-ში და სხვ.
ერთის სიტყვით, ჩემი საპირველმაისო გამოსვლები ტრიუმფით ჩატარდა. იცის ბიჭმა!

9 მაისი
ცხრა მაისს, პრესის დღეს, შემთხვევით გავიარეთ ნაძალადევში.  შევედით კლუბში და დავიკავეთ ადგილი პარტერში: იქ პრესის დღე ტარდებოდა თურმე. თან „საყვირი“-ს იუბილეც იყო. მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს პრეზიდიუმში. რა გაეწყობოდა. მომიტანეს ჩემი ლექსების I ტომი. იქ ვიპოვე გვერდი, რომელზედაც დაბეჭდილია ჩემი ლექსი „პრესა“.
- სიტყვა ეკუთვნის სსსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ქართველი ხალხის საყვარელ პოეტს...
ატყდა ტაშისცემა. გაისმოდა შეძახილები. ასე წავიკითხე ლექსი „პრესა“, დაწერილი ოცი წლის წინად.
მცოდნოდა მაინც ცოტა ადრე. მოვამზადებდი რაიმე ახალს!
„Заря Востока“-ში დაიბეჭდა „სიმღერა ცხრა მაისს“.
„Молодой Сталинец“-ში - „გამარჯვების დღე (გორი)“.
ეხლა ტემპი არ უნდა შენელდეს!
რა კი დავიწყეთ...

*
„თბილისის რკინიგზის ქალთა საშუალო სკოლა №2 - 1949 წლის 15 მაისს, 5 საათზე, პლეხანოვის სახ. კლუბში აწყობს საქართველოს სახალხო პოეტის, სსსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის გალაკტიონ ტაბიძის შეხვედრას მოსწავლეებთან. გთხოვთ დაესწროთ“.
ასეთია მოსაწვევი ბარათის შინაარსი, რომელიც დღეს მომიტანა ამ საღამოსთვის აკტიურად მომუშავე ქალმა, მასწავლებელმა თამარ ცაგარელმა. მოსაწვევ ბარათს თან დართული აქვს შეხვედრის პროგრამა:
„შესავალი სიტყვა - ზ. მარიდაშვილი, IX კლასის მოსწავლე. მისასალმებელი სიტყვა - მ. პატარკაციშვილი, IX კლასის მოსწავლე.
1. გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია - მომხსენებელი ლ. ქუმელაშვილი, X კლასის მოსწავლე.
2. გალაკტიონ ტაბიძე ოქტომბრის სოციალისტურ რევოლიუციამდე - მომხსენებელი XI კლასის მოსწავლე თ. მაისურაძე.
3. გალაკტიონ ტაბიძე და ბავშები - მომხსენებელი მ. მიქაბერიძე, XI კლ. მოსწავლე.
4. პატრიოტიზმი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში - მომხსენებელი ი. ანდრიაძე, X კლასის მოსწავლე.
5. გალაკტიონ ტაბიძე, როგორც თანამედროვეობის მომღერალი - მომხსენებელი ბ. ნინუა, XI კლასის მოსწავლე.
6. გალაკტიონ ტაბიძე - როგორც ახალი ეპოქის დამამკვიდრებელი ქართულ ლიტერატურაში. მომხსენებელი ელ. ლობჟანიძე, XI კლასის მოსწავლე.
მოსწავლეები წაიკითხავენ გალაკტიონ ტაბიძის ლექსებს და აგრეთვე მისდამი მიძღვნილ საკუთარ ნაწარმოებებს.
II განყოფილება: 1. სპეკტაკლი ბავშვთა თვითმოქმედი წრეების მონაწილეობით; 2. სკოლის გუნდი შეასრულებს სიმღერებს.
ეს არის შეხვედრის პროგრამა.
მოსაწვევი ბარათის ჩარჩოში - პირველ გვერდზე წამძღვარებული აქვს ტაეპი ჩემი ლექსიდან: "ჩვენ გავიმარჯვებთ“.
„რაკი მძლავრობს ხალხის ხმა
და სტალინის გენია, -
ვიცით, რომ საბოლოო
გამარჯვება ჩვენია!
გალაკტიონი“
- როდესაც გაიგეს, რომ პოეტისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსების კითხვა იქნება, თითქმის მთელმა სკოლამ მოინდომა ლექსების წაკითხვა, - სთქვა მასწავლებელმა ქალმა, - ლექსების გასწორებას ვერ ავუვედი. მთელი კორიანტელი დააყენეს, აურ-ზაური ატეხეს. დირექტორთან გაიქცნენ. დამშვიდდითო, უთხრა მათ დირექტორმა, თქვენ დასწერეთ და მე გაგისწორებთო. ამ სიტყვებით დაამშვიდა მოსწავლე გოგონები (სკოლის დირექტორი - ქურიძეა, სანდროს ბიძაშვილი).
თამარ ცაგარელს ჩემთან მოჰყვა მისი მოწაფე - მერი მიქაბერიძე, რომელიც პროგრამაშია თემით: „გალაკტიონ ტაბიძე და ბავშები“. მან წაიღო კლიშე (III ტ.) ხელმეორე პროგრამისათვის.

1949 წ. 15 მაისი - არასდროს არ დამავიწყდება
დიდებულად ჩატარდა შეხვედრა რკინიგზის ქალთა მე-2 სკოლის მოწაფეებთან ნაძალადევის თეატრში. ვუყვარვარ ხალხს! შეხვედრის შემდეგ არანაკლებ გულწრფელი ბანკეტი გამიმართეს. ორმოცდაათი მასწავლებელი დაესწრო. აქ მხოლოდ ერთი "წყალის ისტორია" არ იყო სასიამოვნო (მომწყურდა საშინლად, მოვითხოვე წყალი და მთელი სამი საათის განმავლობაში წყალი არ მომიტანეს. ამის შესახებ სიტყვაც კი წარმოსთქვა ერთმა მასწავლებელმა: მოიგონა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც მოსამსახურეს დაავალა მისთვის წყალის მოტანა. მის ცოლს კი (ოლღას) ამის გამო კინაღამ ისტერიკა არ დაემართა: წყალი შენ ვინ უნდა მოგიტანოს თუ არა მეო).
გვიან, ღამის 3 საათზე დავიშალენით. თან წამოვიღე მოსწავლეთა 6 მოხსენება, 10 ჩემდამი მოძღვნილი ლექსი, საჩუქარი - პალეხელების მიერ დახატული სამელნე და ვერცხლის კალმისტარი. იყო მრავალი თაიგული.
საერთოდ, საღამო არ მოეწყო ისე, როგორც მინდოდა: ა) არ იყო ფოტო-გადაღება; ბ) არ იყო კინო.
საჩუქარი კი დიდებულია.

მეტაფორა და მსოფლმხედველობა
კ. ჭიჭინაძე („მნათობი“, №3, 1949) მეტად საგულისხმიერო პასუხს აძლევს შ. ალხაზიშვილს საერთოდ და  კერძოდ, ერთი მომენტის შესახებ. როდესაც „მეტაფორულ მეტყველებას“ ჩვენში პირდაპირ იგებენ; მე ვლაპარაკობდი ვერდის დრამატიზმზე და არა პესსიმიზმზე. პუშკინის ლექსი „ჯილდო ამაო და შემთხვევითი“ - ამჟამად საკამათო საგანი გახდა.
ჭიჭინაძე სწერს:
„მეორე ლექსის გამო („ჯილდო ამაო და შემთხვევითი“) კიდევ მეკამათება რეცენზენტი; ის ამბობს, რომ არ შეიძლება ითქვას „გული გამოშრა“ და თავისი აზრის დასამტკიცებლად ამ გამოთქმას რუსულად თარგმნის „Сердце высохло“. ვინ მოახსენა მას, რომ ყოველი  ქართული გამოთქმა პირდაპირ უნდა ითარგმნოს რუსულად? შ. ალხაზიშვილი სწერს: „თუ გული გამოშრა, მაშინ მისი გული უთუოდ მკვდარი უნდა იყოსო“. ეტყობა, რომ ამის დამწერს ნაკლები წარმოდგენა აქვს მეტაფორულ მეტყველებაზე. თუ  შ. ალხაზიშვილის ლოღიკას გავყევით, ქართული სიტყვები „გული დამემდუღრა“ ისე უნდა გავიგოთ, რომ ამის მთქმელს მდუღარე წყალი გადაასხა ვიღაცამ გულზე, ან გამოთქმა „გული დამეწვა“ იმის მაჩვენებელია, რომ გულს ცეცხლი მოუკიდეს და დასწვეს.  მაგრამ ყველაზე უცნაური ამბავი ის არის, რომ რეცენზენტის აზრით, პუშკინის სიტყვები „из ничтожества воззвал“ ვითომც „არარაობის სამყაროდან გამოწვევას“ კი არ ნიშნავს, რაც უეჭველად ასეა, არამედ იმ არარაობიდან გამოხმობას, რასაც ერთ ხანს ვითომც პუშკინი წარმოადგენდა თავის სიცოცხლეში. „როდესაც იგი ჯერ კიდევ არ განსხვავდებოდა სხვა ადამიანებისაგან“, მაგრამ, გვითხრას რეცენზენტმა, როდის არ განსხვავდებოდა სხვა ადამიანებისაგან პუშკინი, რომელმაც სიყმაწვილეშივე მიიქცია ყურადღება თავისი ლექსებით და სულ მალე მთელი ლიტერატურული რუსეთის ყურადღების ცენტრად გადაიქცა? განა ამ ლექსის დასაწყისი „Дар напрасный, дар случайный, жизнь, зачем ты мне дана?“ აშკარად არ გვიჩვენებს, რომ პუშკინს აქ მხედველობაში აქვს ფილოსოფიური საკითხი - სიცოცხლის რაობა და არა ყოფა-ცხოვრების ამბავი?
სწორედ ამიტომ დაესხა თავს ამ ლექსს პუშკინის ზოგიერთი მოწინააღმდეგე და ამიტომაც დასჭირდა ამ ლექსის დაცვა ბელინსკის.
N. B. მოინახოს ბელინსკის წერილი. აგრეთვე პატიარს ავაკუმის ლექსი „Не напрасно, не случайно“.

*
გადაიქცა - გული წაუვიდა.
გადაიქცა - გარდიქმნა, შეიცავალა, ფერი იცვალა.  
გადაიქცა - განადგურდა, წახდა, уничтожилось, стерлось с лица земли.
გადაიქცა -შეიქმნა: ცენტრად შეიქმნა, კერპად იქცა.
გადაიქცა - წყალი.
გადაიქცა - მეორე მხარეს გაიქცა, მთა და ველი გ-ცა, перебежал.
გადაიქცა - გადიხარა ყვავილი. Перегнулся, გადაიზნიქა.
გადაიქცა - პირი იბრუნა, მაგ., ჯარმა და... გადაეშვა ერთბაშად.
გადაიქცა - დაინგრა. უფრო სხვა, ვინემ განადგურდა. კედელი გადაიქცა. კოშკი გადაიქცა.

ეწყობა საღამო ჭიათურაში
ქალაქ ჭიათურაში პირველი საშუალო სკოლა მართავს ჩემს საღამოს.
ჩემთან მოვიდნენ ჭიათურის სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი შუკაკიძე (ვლადიმერ სერგის ძე) და თვალჭრელიძე (პარტ. ხაზით მომუშავე). მოიტანეს საშუალო სკოლის დირექტორის (კ. სამყურაშვილი) თხოვნა, დავაკმაყოფილო მოსწავლეთა სურვილი.
საღამო ჩატარდება 25 მაისს - თუ რაიმე მოულოდნელმა ამბავმა... ან ჩემმა მოთხოვნამ, მატერიალური ამბების შესახებ - არ შეაფერხა.

მოეწყო საღამო ჭიათურაში 27 მაისს. სადგურზე შემხვდენ ყვავილებით. როდესაც მივდიოდი,  ფეხქვეშ ყვავილებს მიგებდენ. აგრეთვე საღამოზედაც.
იქ დავწერე, წავიკითხე და დავბეჭდე ლექსი „შავი ოქროს ქალაქი“.

*
„ეპოქა“.
1. 140 ლექსია გადათარგმნილი.

*
ვაშენებ გარაჟს!
ეს პირველი წამოწყებაა ჩემი - პრაკტიკული ხაზით. დავიწყეთ და ვნახოთ!
1 ივლისი, 1949

*
მოვიდა სიმონი.
ხვალ 12 საათამდე.
Купрадзе Виктор Димитриевич. ბინა (მარქსის მოედანი) - 3-38-28. განსახკომი - 3-60-42. უნივერსიტეტი - 3-28-66 (მარის №1).
ზეინაბ სიმონის ასული ტაბიძე - ვანის რაიონიდან არის. მედალზე. მათემატიკურ საგნებში წავიდა, ვგონებ, ნიშნების დაკლებით... შეუნარჩუნოთ უფლება მედალოსნის - 4 აქვს მათემატიკაში. თხოვნა: გამიკეთე ეს ამბავი (საქმე მოწყობაზეა, მედალზეა).
დავუძახე ამხ.  ვიქტორს ტელეფონით. სთქვა, გამოიაროსო.

*
ოქრო აჭარის ლაჟვარდში.
II, III, IV ტომები.
რჩეული. ეპოქა.

*
ლიტ. წრე....
1. თეზისები მოხსენების.
2. აფიშის საკით.
3. პროგრამები.
ნიკოლოზ ჯიბლაძე. 10-3 საათ. ტელ. 34-21.
კვირა. 17 ივლისი.
ქ. თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა დასვენებისა და კულტურის პარკი.
დაესწრებიან რუსი ბავშები, მედალოსნები. წარმ...

*
Календарь. 1949.
1. Ленинград. Смольный. Главный вход. 18 января. 2. Сталинград. 2 февр. 3. Черноморцы (მოგონება). 14 февр. 4. Г. К. Орджоник. 18/II. 5. Ленинградский универ. 20/II. 6. Герб. Гр. ССР. 25/ III (статья). 7. Большой Кремлевский дворец. 10/III. 8. Смело, товарищи, в ногу. 12/III. 9. День Парижской Коммуны. 10. Михалков. 22/III. 11. Баку. Академия Наук. 30/III. 12. Гоголь. 2/IV. 13. Мусхелишвили. 10/IV. 14. На озере Байкал. 12/IV. 15. Умер Маяковский. 14/IV. 16. Россия, Ленинград. 18/IV. 17. Дружба народов. 17/IV. 18. Знамя победы над Райхст. 30/IV. 19. 1 мая. 1/V. 20. 5/V. День больш. печати. 21. 7/V. День Радио. 22. Салют. 9/V. 23. Щербаков. 10/V. 24. Есть ли жизнь на Марсе. 14/V. 25. Калинин. 3/VI. 26. Тимирязев. 4/VI. 27. А. Пушкин. 6/VI. 28. "От финских хладных скал до пламени Колхиды". 6/VI. 29. Н. Думбадзе. 8/VI. 30. Белинский. 13/VI. 31. Грудью на защиту  Петрограда. 16/VI. 32. А. М. Горький. 18/VI. 33. О русской музыке. 21/VI. 34. Зенитка. 22/VI. 35. Гастелло. 26/VI. 36. Ленин на субботнике. 28/VI. 37. Мухина. 1/VI. 38. Учитесь плавать. 2/VII. 39. Артек. 6/VII. 40. Проводы раб. отр. кефр. 9/VII. 41. Пеницилин. 19/VII. 42. Дзержинский. 20/VII. 43. Народные танцы в Эстонии. 21/VII. 44. День военно-морского флота. 24/VII. 45. Груз. Артисты. 25/VII. 46. Так ночуют. 28/VII. 47. Петефи. 31/VII. Венгрия. 48. Мостик Левитана. 4/VIII (ჩვენი ბოგირები). 49. День железнодорож. 7/VIII. 50. Сеченов. 13/VIII. 51. Ленин, Бродский. 14/VII. 52. Цена одной минуты. 53. 15 лет со дня открытия Всесоюзного съезда сов. писат. 17/VIII. 54. 18/VIII. День возд. флота. 55. День Шахтера. 28/VIII. 56. Праздн. победы над Японией. 3/IX. 57. День танкистов. 11/IX. 58. Интернационал. 28/IX (ლექსი). 59. Н. А. Островский. 29/IX. 60. Уэльс о Ленине. 10/IX (წერილი). 61. Севастополь. Здание музея. 17/IX (წერილი). 62. 1944 г. Год решающих побед Советской Армии. 23/X. 63. Чернышевский. 28/X (წერილი, სურათი). 64. Ленин и Сталин в Смольном. 29/X. 65. Якуб Колас. 3/XI. 66. Киев. 6/XI. 67. 32 года Октябрь. 7/XI. 68. С имен. Ленина. 8/XI. 69. Гимн Демокр. молодежи мира. 10/XI. 70. Полезащитные лесные полосы. Вильямс. 11/XI. 71. Бородин (род. 1834). 12/XI. 72. Я горжусь индустрией. 13/XI. 73. Разгром Юденича. 14/XI. 74. 1937 умер Баланчивадзе. 21/XI. 75. Электрофикация железных дорог. 22/XI. 76. Расцвет советской Армении. 29/XI. 77. Киров. 1/XII. 78. Сталинская конституция. 5/XII. 79. Охотный ряд. 7/XII. 80. Сочи. Санаторий. 10/XII. 81. Вид Праги (столица Чехословакии). 12/XII. 82. 12 декабря 1937 г. (И. В. Сталин). Выбр. 12/XII. 83. Баку. 15/XII. 84. Сталин (статья). 21-22/XII. 85. Украина. 25/XII. 86. Образование СССР. 30/XII. ЮООН - Взятие Кремля - კარგი სურათია.