შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-190 - 1947 წელი


I
 იმ გარდატეხათა უდიადეს აზრს, რომელიც იმ ხანებში თვალწინ გადაიშალა, უძღვნა პოეტმა თავისი ახალი ნაწარმოები „რევოლიუციური საქართველო“ ან, როგორც შემდეგ გვერდზე სწერია: „საით მიდის რევოლიუციური საქართველო?“ ამ წიგნში ხმაურობს თანამედროვეობა რევოლიუციური, ჯერ არნახული, ჯერ არსმენილი, უდიდესი თავისი ნებისყოფით და უაღრესად გმირული; რითია მტკიცე ამ გარდატეხათა უდიადესი აზრი?
რითია უაღრესად გმირული ნებისყოფა ამნაირად „უდიდესი?“
რა თქმა უნდა, იდეიით, მრავალი ათას მტკიცე ძაფით დაკავშირებული იდეიით, რომელიც იწვევს მასსების აღფრთოვანებას, „ძლიერ ტალღებად რომ მიღელავს ახალი ძალით“.
ეს მღელვარე ახალი ძალა უსასტიკესი დაჟინებით ანგრევს კარებს, რათა მილიონებისათვის დასანახი გახადოს ახალი უფართოესი ჰორიზონტები. ეს ახალი ძალა მოითხოვს დაუნდობელ ნგრევას ძველისას რათა კარჩაკეტილი ცხოვრებიდან - მზეზე გავიდეს.
დიალეკტიკა ისტორიის, მისი მედგარი ბორბლის ულმობელი ტრიალი ხმაურობს ამ წიგნში..
ნახტომი არის უდიდესი, უზარმაზარი, განსაცვიფრებელი და ედრება თავისი მნიშვნელობით ოკტომბრის გადატეხას.
სწორედ ასე არის შეფასებული ეს ხანა ისტორიის მიერ, რომ იგი „ედრება თავისი მნიშვნელობით ოკტომბრის [ხანა] გარდატეხას“ (აქ ადგილი ისტორიიდან).
აქედან იბადება ახალი საქართველო, რომელზედაც პოეტი ამბობს: ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას.

II-ა
აგური აგურს ემატება - და ამგვარად, მკვიდრდება მძლავრი სახლი, ახალი სახლი.. პოეტი ამ სიახლეს, იდეათა ასსოციაციით (გაიხსენეთ ლექსი „იდეა“ - სადაც პოეტი - აშუქებს მომენტს საგნის დანახვისას). პოეტის თვალი ამ სიახლეს - ხვდება სიახლით. დანახვის მომენტს ეხმაურება გული, რომელიც უჩქარებს ამხანაგურ რიტმს. აქედან იქმნება ერთი მთლიანობა: საგანი, მისი ხილვა, ამ ხილვით გამოწვეული გრძნობა, გრძნობათა რიტმის აჩქარება და აჩქარება არა უბრალო, არამედ „ამხანაგური“ - თანამედროვე - უაღრესად იდეიური: ამდენი რთული სხვადასხვაობა, სულ ორ სტრიქონში ერთიანდება:
რამდენიც მძლავრი მკვიდრდება სახლი და ემატება აგური აგურს,
თვალი სიახლეს ხვდება სიახლით, გულიც უჩქარებს რიტმს ამხანაგურს.
ამ რიტმს გულის სიჩქარისას - უერთდება ლექსთა ცვლის სისწრაფეც. ბევრისთვის ეს სისწრაფე მოულოდნელია და ახალი. არაფერია, თუ ლექსთა ცვლის ეს სისწრაფე - დაუნახავია ბევრისათვის. მაგრამ ეს სისწრაფე გამოწვეულია სწორედ დროით, ჩვენი ხანით, მთელი ჩვენი საუკუნის გაქანებით, რევოლიუციით. კინემატოგრაფზე ხშირად ამბობენ, რომ დეტალურად მისი დამახსოვნება შეუძლებელია, ვინაიდან კინემატოგრაფი სწრაფია, თვალი ვერ ასწრებს დანახვასო. და ასე, უბრალო აგურიდან დაწყებულ ამბავს, ამდენ რთულ სხვადასხვაობას, ვხედავთ კიდევ სულ ორ სტრიქონში გაერთიანებულს:
არაფერია - თუ ამ ლექსთა ცვლის სისწრაფეს ბევრი თვალსაც ვერ მოჰკრავს.
ცოტათი მაინც სისწრაფე მისი ჰგავს ჩვენთა დღეთა კინემატოგრაფს!
ესაა ტემპი! ვინ იფიქრებდა, რომ ამდენი გრანდიოზული საქმე გველოდა. ვინ წარმოიდგენდა! განა ამ საქმეში საქართველო ერთია? არა, ბევრია, უამრავია. მხარეები, რომლებიც საქართველოსთან ერთად მიექანებიან ახალი გზით, ბევრია. ისინი მოდიან ყოველი მხრიდან. ისინი აშენებენ ახალ ქვეყანას: ქვეყანა, შორდება რა წარსულს, მიდის ანძასთან „ტრიერით, ბენზინით, ფორდებით“. აი, თანდათან მკვიდრდება ის სახლი, იგი ხარაჩოებშია. აგური აგურს კვლავ ემატება, სახლი დამკვიდრდა. სახლში ინთება ცეცხლი (...„და კერა, რომელიც ენთება“).
ხარაჩოც, ქცეული ლანდათა და კერა, რომელიც ენთება,
თანდათან, თანდათან, თანდათან ახალი ქვეყნისთვის შენდება.

II
„მატარებელი მიგვაქროლებს, - საუბრობს პოეტი სრულიად უბრალოდ, - ტიტანიურ ჰიმნს გრიალებენ მისი ბორბლები. და იმ ბორბლების რიტმი ერთი სიტყვაა - სახელდობრ სიტყვა „წინ“!! წინ, რიონჰესისკენ“.
და აი, თვალწინ იშლება რიონჰესი. აქ რკინისგზა და რიონჰესი ხვდება ერთმანეთს, ამხანაგური, დანდობილი გულწრფელი გრძნობით.
რიონჰესს რკინისგზა ეუბნება:
- არასდროს მე შენ არ გნატრობდი ისე, როგორც დღეს. გარშემო მინდვრები და ლურჯი ყანები..
რიონჰესზე გადაფრენილი ჰაეროპლანები ამბობენ:
- დღეს ჩვენი დღეა!
ისინი მიმართავენ რკინისგზასა და რიონჰესს:
- ამხანაგებო, თქვენ ხართ მშვენიერი პროზა - ჩვენ კი ლაჟვარდებში ვართ ასროლილი.. უფრო პროზაში, უფრო ნათელ სინამდვილეში..
ამბობს რიონჰესი.
- ვამაყობ დღევანდელი დღის სრული გამარჯვებით! ვინაიდან ეს დღე უბრალო, უმნიშვნელო დღე როდია. მასში ჩაქსოვილია მთელი ჩვენი აწმყო და მომავალი. მისით ისაზღვრება დამოკიდებულება წარსულისადმი, საქართველოს ისტორიისადმიც-კი. „მილიონწლოვან ადგილიდან მოწყვეტილი უზარმაზარი კლდე გრიალებს, რომ საქართველოზე სამუმი გადაიარს“. რამდენიმე ათასი მუშა კი მღერის ინტერნაციონალს. ეს გიგანტიური ხმა უკარნახებს თავის ნებას ახალ საქართველოს. მის მომავალ საუკუნეებს.
მუშებში არის პოეტი. იგი ამ გარემოს ადარებს იმ უზარ-მაზარ ყვავილს, რომელიც უეცრად იფეთქებს მიწის გულიდან და გაშლისთანავე მარადისობაში ფანტავს თავის სურნელებას. საჭირო არაა გამახვილებული ყნოსვა, რომ მან დაგათროს იმდენად, რომ გადაჭრითა სთქვა: სრულის შეგნებით ვამჯობინებ ერთი დღის განმავლობაში ვიყო თანამედროვე, ვინემ მარადისობაში არა თანამედროვე. [აგე] აი რიონგესი, აი ეკლესია.
რიონჰესი საქართველოსთვის არის უმაღლესი თავისუფლება, რიონჰესს შემდეგ საქართველოსთვის ვერ იარსებებს ვერრავითარი დამმონებელი ძალაუფლება, ვერავითარი ავტორიტეტი გარდა საერთაშორისო სოლიდარობისა, ერთა ძმობისა და თანასწორუფლებიანობისა.
საქართველოს მხოლოდ ამგვარად ძალუძს უფრო მძლავრად გაშალოს ფრთები.
მხოლოდ ამგვარად ძალგვიძს, გავიგოთ უცხოელი ახალგაზრდა მუშა; ის თავისუფალი მოგზაური, მტვერით შემოსილი მოვიდა ერთხელ უცხო და უცნობ რიონჰესში.
და მორიდებით სთხოვა მოქალაქეთ - ნება დაერთოთ მისთვის მიემატებინა ერთი აგური შენობისათვის.
ეს არისო, - ამატებს პოეტი, - კეთილშობილება უმაღლესი თავისუფლების გრძნობაში.
რიონჰესი თავბრუდამხვევი გადაცემაა რევოლიუციურ ეკზალტაციით [გატაცებული] გაჭრილ საქართველოსი.
რიონჰესის ენა შეერთებულია ჩვენს გულისთქმასთან.
ჩვენ გვინდა, ვიყოთ ისეთივე მოძრავი, როგორც რიონჰესია.
იგი თვით ცხოვრებაა: რიონჰესს კი ვინ გამოჰყოფს ცხოვრებისაგან?
საქართველო ჰქმნის ახალ ფორმებს ცხოვრებისას რიონჰესის ესკავატორებით.
საქართველო ჰქმნის ახალ მტკიცე სიტყვებს რიონჰესის მთავარი ჯებირებით.
საქართველომ მონახა ახალი ხმები და სახეები რიონჰესის მოცელქე ლამფებით.
საქართველო გაგიჟებით დააწაფებს სიახლეს მოწყურებულ ახალგაზრდობას ახალსა და უშრეტ ენერგიას.
ასეთ ჯანმრთელ ბუნებაშია ჯანმრთელი და რევოლიუციური, ვულკანიური ორკესტრივით მშფოთარე რიონჰესი. მისი მიზანია - შრომის ყიჟინით მეომარი ადამიანი, მშვენიერი და ძლიერი ადამიანი..
თან მიჰყავს რიონჰესს ეპოქა, ჰესების ახალი ნორდებით,
თანდათან, თანდათან, თანდათან, ყოველდღე სიბნელეს ვშორდებით!

III
აი, დასავლეთის ქარმა ცაზე მიაბნ-მოაბნია მუქი და სისხლისფერი ღრუბლების აბრეშუმი.
ქვევით კი, გაჰხედავ მინდორ-ველებს, რომელსაც დაჰპატრონებია თანამედროვეობის კოლეკტიური ხელები - ფავნის თითებით, რომლის კორძები და ნაოჭები მეტყველებენ არა-ადამიანურ, გაუგონარ საქმეებზე.
ეს გლადიატორული ხელი, მუხის ფესვებივით რომ ჩააფრინდა მიწას (რა საწყენია, რომ ვერც ერთმა მხატვარმა ჯერ კიდევ ვერ მოჰხაზა ამ გიგანტიური ხელების ეტიუდი). ამ ხელების ოფლითა და სისხლითაა მორწყული ეს მინდორ-ველი... ეს ხელები ადუღებს და ალაპარაკებს ყველაფერს.
ხელებით, ასეთი ხელებით, რომ შრომა ალებრივ ენთება,
თანდათან, თანდათან, თანდათან ახალი სამშობლო შენდება.

IV
ეს ხელები გადმოინახა ჩვენთვის დრომ, ამ ხელებითაა რომ -
მიჰქრის, მიჰქრის ყველა გეზით, ჩქარზე-ჩქარი იმერეთი.
ამ მშფოთარე რიონჰესით, იმ ხვალით და იმ „მერე“-თი.
გასწი! რაა წინასწარი მხარე წარსულ სამყაროში,
დაეწიე, გაასწარი კოლეკტიურ შრომის დროშით.
ამ ხელებითაა რომ -
შენ ამოძრავდი, რიონო, ახალი გზებით წახველი,
სადაც რბის საქართველოის საქმე და სიტყვა მახვილი,
იქ, სადაც რიონ-ჰესია ქვეყნის ახალის მნახველი,
ჩვენის ზრდისა და შენების ურყევი გამომსახველი.

V
რიონი - ძველი ფაზისი - ცოცხალი არსების სახეა პოეტის წარმოდგენაში. ის იხსენიება უძველეს მატიანეში, მას განვლილი აქვს უვრცესი გზები საქართველოს ისტორიის. შესაძლებელია თუ არა დაიღალოს იგი? პოეტი ასე ესაუბრება ძველი ფაზისის ზვირთებს:
რიონო! არ წამოგცდეს სიტყვა, რომ შენ დაიღალე.
ითქმის თუ არა ეგ სიტყვა ადამიანისაგან, უნდა გადგეს განზე და ტყვია დაიხალოს.
გახელდეს გული, სისხლის ხელებით დაიფაროს იგი, ოღონდ არ წამოგცდეს, რომ დაიღალე.
განა ცოტა გატაცება იყო ჩვენში (მერე, როგორი გატაცება, როგორი აღგზნება).
იფიქრებდი: არა, ის არ დაეცემა, ის დაეწევა, დასძლევს დუშმანს;
მაგრამ აი, ხედავ: იგი გამობრუნდა, იგი სულით დაეცა. მან დაჰგმო თავისი მიზანი. მას:
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მოუმწუთხებია...
ეს რა ვირთხებია? ეს რა შურთხებია? -
ირონიით ჰკითხულობს პოეტი - ასეთი „მებრძოლების“ შესახებ.
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე. მედგრად მოიმარჯვე ისევ ის ხელები; ეს ხელებია, რომ ჰესებს სწვდებიან -
ყოველი მხრიდან,
ყოველი მხრიდან!
(შედარება. პარალელი ტეოფილ გოტიეს ლექსთან: Этюд рук:
Однажды отлитой из гипса залюбовался я рукой
Аспазии – или Калипсо – как украшением мастерской).
                    
VI
როგორის ძლიერი ენერგიით ეშურება წინ, შეუსვენებლივ, შეუსვენებელი ცხოვრების ახალი სიცოცხლეები. თანადროული მღელვარებით მიეშურება წინ გამოწვევები, და შეჯიბრი. ეს ყოველივე ახალია, ახალგაზრდაა. შეუბრალებელ მის კლანჭებში იხრჩობა ძველი. იგი ახალგაზრდა კბილებით ღრღნის მაგარს საფეხურს იმ სიმწარისას, იმ ციხისას, რომელიც მწველი გამოცდილებით აჩერებდა რღვევას, ნიაგარს (ვინ იფიქრებდა ამგვარ ძალას?). გადაასწრო ამ საბედისწერო მკვლელობას მხოლოდ მან, რაც ძლიერია არა მარტო დღეს, არამედ რამაც საუკუნეთა მიწისძვრებს უძლო. გავხედოთ ამ თვალუწვდენელ სივრცეს. რა არ მომხდარა აქ? აბა შეხედე, საქართველოვ, რაგვარი სისწრაფით გადაყირავდა - ტახტები, ფოლადივით მტკიცე რომ ეგონათ, რამდენი მეფე გადაეშვა უფსკრულს კისრებით.
რა საოცარი დასრულდა წლები, მეფეთა წყება გაჰქრა ვით ლანდი.
მოშორდნენ ტახტებს ვილჰელმი, კარლოს, ნიკოლოოზი და ფერდინანდი.
დაინგრა, გაპარტახდა! ნანგრევებთან და ნანგრევებში კი რას გახდები?
აი - შფოთვით და გრგვინვით მიანგრევენ კლდესა და ღრეებს რევოლიუციის ნიაღვრები. ისინი სპობენ და მარხავენ ძველი ფორმების უძლურებას, სახეებსა და რწმენას, ყველაფერს, რაც კი გაუჩარხავია და სუსტი, ყველაფერს, რასაც ბატონობის ხარხარი ჰქმნიდა.
ეს ნიაღვრები მღერენ ჰიმნებს მარადი სიახლისას.
მღერენ ისინი სხვა ადამიანს. სხვა ადამიანს მღერის მანქანების ორგია.
ყველგან ერთი ძლიერი ხმა გაისმის: კმარა ბორკილი!
და ეს ენერგია -
უკანასკნელთა საზღვართა ხაზს რომ ეძებს ხარბად,
რომ სურს გაზომოს უფსკრულები უშორეს მზეთა,
იმ სიშორეში - თუ ყველაფერს გადააჭარბა,
[ამ] აქ, ქვეყანაზე, ჩვენს მიწაზე, ვერ შესძლებს ნეტა
შეჰქმნას სუფევა მხოლოდ შრომის სიძლიერეთა?

VII
შენ მხატვარი ხარ, იგი არტისტია, მე კი პოეტი. ჩვენ ყველანი ვემსახურებით ხელოვნებას, მაგრამ ვართ თუ არა ჩვენ საკმარისად თანამედროვე? ვგრძნობთ თუ არა ჩვენ, რომ ეპოქის კარებთან გვიცდის ხელუხლებელ ხელოვნებათა ახალი, ძლიერი გროვა? ის მოგვიწოდებს, რომ დროა განვიცადოთ, შევიგრძნოთ, ნუ დავერიდებით უფსკრულებს (ჩვენ ხომ ვყოფილვართ სიმაღლეებზე), ე. ი. იმას, რაც იმ სიმაღლეთა ანტიპოდია. ქვედა-ფენა ნაცვლად ზედა-ფენებისა. ეს არის მისსია ახალი ხელოვნების, მაგრამ თუ გგონიათ, რომ იგი თქვენ არ გეხებათ, თქვენ სცდებით. თქვენ არ გინდათ შეეხოთ მას, მაგრამ იგი ეხლა თვითონ გეხებათ, გაიძულებსთ - თქვენ რომ დაინახოთ იგი. სხვა ხელოვნება კი, მის გარეშე, რაც ძირსაა, მიწაზეა, იმდენივე თანაგრძნობის ღირსია, რაც ყოველივე, რაც ღირსია, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს:
მე ვარ პოეტი, შენ მხატვარი, იგი არტისტი.
ვართ თუ არა ჩვენ საკმარისად თანამედროვე?
ვგრძნობთ თუ არა ჩვენ, რომ ეპოქის კარებთან გვიცდის
ჯერ ხელუხლებელ ხელოვნებათ ძლიერი გროვა?
ის მოგვიწოდებს: განვიცადოთ, შევიგრძნოთ, დროა!
თუ ერიდებით ამ უფსკრულებს, თუ ეს მისსია
თქვენ არ გეხებათ, მაგრამ იგი თვითონ გეხება.
სხვა ხელოვნებაც იმდენივე გრძნობის ღირსია,
ვით ყოველივე, რაც უფსკრულში გადიჩეხება!
აქ მთავარი კითხვებია:
ვართ თუ არა ჩვენ საკმარისად თანამედროვე?
ვგრძნობთ თუ არა, რომ ეპოქის კარებთან გვიცდის -
ჯერ ხელუხლებელ ხელოვნებათ ძლიერი გროვა?
რომ არ არსებობს სხვა ხელოვნება გარდა იმისა, რაც აქ, ძირსაა, რაც აქ, მიწაზეა!

VIII
როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთს დაეჯახება, როდესაც გააფთრებული ომია რაზმის - რაზმთან...
ო, მეგობრებო!
როგორი ქართული ხმა უნდა ისმოდეს აქ, ამნაირ დროს?
ყველაფერი ცეცხლში უნდა იყოს გამობრძმედილი.
ასეთია ტემპი!
ასეთია დენა რევოლიუციური სულისკვეთებისა.

IX
ამნაირ დროს რისთვის უნდა იხედებოდეს ვინმე დაუკმაყოფილებელი, მაგრამ დამორჩილებული თვალებით?
რად უნდა გაიძახოდნენ, რომ პოეტისათვის, საბრალო პოეტისათვის დღეს საქართველოში ადგილი არ არის?
რად უნდა ოცნებობდნენ დაკარგული მიზნებით და ერთიმეორის მოწინააღმდეგე აზრებით?
თქვენ გაიარეთ ღამე! (მერე როგორი ღამე!)!
თქვენ გწყუროდათ ბრძოლა, მერე როგორ გწყუროდათ! (Зн. №2. М. Гр).
ნუ თუ ეს იყო მხოლოდ ცარიელი სიტყვები?
აი, პროჟეკტორის შუქი აპობს ღრუბელს. აქა-იქ ინაკვთებიან ღამის მოღუშული ჩრდილები.
არ უნდა გეშინოდეს ამ ჩრდილების?
არ უნდა გეშინოდეს ზარბაზნების გრიალისაც-კი.
ქალაქებში, სოფლებში, ქუჩებში და სახლებში აღარ უნდა ეძებო ის, რაც სამუდამოდ დაკარგულია:
„მას ნუღარ ვტირით, რაც დაკარგულა,
რაც უწყალოის დროით შთანთქმულა...
დავტოვოთ წარსულ დროებზე დარდი“.
(ი. ჭავჭავაძე)
როგორ არ გვინდა, მაგრამ ეხლა, ამ ჟამად, რად გვინდა წარსულის ნანგრევები? რისთვის მაინცა და მაინც ამ გარდატეხის დროს მოგვინდა სიმშვიდე და მოსვენება?
შფოთვით და გრგვინვით მიანგრევენ კლდესა და ღრეებს რევოლიუციის ნიაღვრები. სპობენ, მარხავენ ძელი ფორმების უძლურებას, რწმენას, სახეებს. ყველაფერი კი გაუჩარხავია და სუსტი.
სხვა მხარე, ქცეული ლანდათა, სხვა კერა, რომელიც ენთება -
თანდათან, თანდათან, თანდათან ახალი ყოფნისთვის შენდება.

X
აგური აგურს ემატება, და ამგვარად მკვიდრდება სახლი, მკვიდრდება ქარხანა. ყოველივე, რაც საჭიროა სახლის ასაგებად, წინად შენების ადგილას მიჰქონდათ ზურგით, ან მამაპაპური ურმით. ეხლა კი ყოველივე ეს მიაქვთ ავტომობილით. ურემი შესცვალა ავტომობილმა. ასე ძველი გზაც შეცვალა ახალმა გზამ, ასფალტით გაკრიალებულმა. ამ ახალთახალ შარაზე მიჰქრის ავტო (პოეტი მას უწოდებს მის გულკეთილს, მაგრამ შეშლილ ძმობილს). აქ იგულისხმება დინამიკა, რიტმი, სისწრაფე, „რომელსაც უერთდება ლექსთა ცვლის სისწრაფეც“.
გზა მიეცით მანქანას, მომავალი მისია,
იგი ჩვენში ახალი ყოფნის დასაწყისია!!
იგი მანქანაა, მაგრამ ამჟამად იგი სწყვეტს ყველაფერს, მაგრამ მას გზა სჭირდება.. არა ძველი გზა.. ახალი გზა...
არსად არ გადუხვიო, ეს გზა სწორზე სწორია,
მარცხნივ - მხოლოდ ხრამია, მარჯვნივ - პრეისტორია.
პრეისტორია, ე. ი. ურემი..
ხრამი, ე. ი. თავბრუდახვევა...
მეურმე საუცხოვოდაა ამღერებული ილ. ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღ“-ში. ვის არ გაუგონია ტკბილი ურმული. ჯერ ისევ ვანო სარაჯიშვილი რომ გაჰკივლებდა, აბა, ის იყო ურმული. „აღზევანს წავალ მარილზე“ (ჯაჯუ ჯორჯიკიას ახსოვს, ალბად, როგორ მივდიოდით ეტლით მე, ისა და ვანო სარაჯიშვილი ქუთაისიდან ორპირის გზით, სანდრო კავსაძე რომ ურმულს იმღერებდა: „გასწიე, ხარო, გასწიე, საცაა გათენდებაო“. ან ყვარელაშვილი, ან ნიკო კუმსიაშვილი. ურემი.. აქ არ შეიძლება, არ გაგახსენდეს ნიკო ლომოური, სოფრომ მგალობლიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ლალიონი, იოსებ დავითაშვილი და ყველაზე უფრო სანდრო ყაზბეგი, რომელიც სამხედრო გზით პროვიანტს ეზიდებოდა ურმებით).
რა თქმა უნდა, სხვა იყო ჩვენი ძველი ურემი,
მისი ხარ-კამეჩები, მისი აპეურები.
ვერსად ნახავ იმნაირს, დაიარო ხმელეთი,
მისით იფინებოდნენ ცხრა მუხა და თელეთი.
და, აი, ახლთ-ახალ შარაზე მიჰქრის ავტომობილი, სიახლე, მე-XX საუკუნის სიამაყე ავტო (მხატვარს ო. ი. შარლემანს დახატული აქვს სურათი ამგვარსავე თემაზე).
მაგრამ ავტომობილმა როცა შემოუტია -
გადინაცვლა ურემმა. ცოტათი გზა უტია.
გზა კი უტია, მაგრამ ამითი საქმე არ დამთავრებულა. შესაძლებელია, გზა უტიო მოქიშპეს რაიმე მოსაზრებით: იგრძნო მისი ძალა და შესაძლებლობანი, მაგრამ საბოლოოდ გულში მაინც არ დაუთმო მას.
ყოველთვის ასეა - ძველის ახალთან შედარების დროს. აგრე ადვილად როდი თმობს ძველი. მის განკარგულებაშია ისეთი არგუმენტაცია, როგორიცაა „ძველი ხარის რქანიცა ხნავენ“, ან „ძველი ღვინო, ვით ახალი ვინა სვა?“ ან „ძველი კაცი, კაი კაცი“, „შეჩვეული ჭირი გირჩევნოდეს შეუჩვეველ ჭირსაო“.
ძველი და ახალის შეჯახებაში ყოველთვის ახალი ამარცხებს. აკი გადინაცვლა ურემმა, როდესაც გზაზე ავტო გამოჩნდა.
უცხო შინის სისწრაფე იგრძნო თვით აპეურმა,
მაგრამ ძველი, ცბიერი, არ დაიბნა მეურმე.
მეურმე ცბიერია, ძველია, აგრე ადვილად არ იბნევა: მას წინადაც შეხვედრია ეგ ავტო.
- გამარჯობა, შოფერო! მიცან? აი დედასა!
იმ დროს კამეჩები რომ გადამიფრთხე ქვედაზე?
შოფერი შეაჩერებს ავტოს, იგი ღიმილით მიდის მეურმესთან.
და შოფერი ღიმილით მეურმესთან მივიდა:
- რას ჭრიალებ მაგ შენი ძველი ურემივითა?
ავტომობილი დაყენებულია. რაა იმაზე სასაცილო, რომ იგი ეხლა მსრბოლი ჰგონია მეურმესა. ასეა, როცა გეჯავრება, გეზიზღება ახალი რამ და ვერა ჰფარავ მას:
- დააყენე, სჯობია, შავ ვარსკვლავზე შობილი,
დააყენე, მე გირჩევ, შენი ავტომობილი.
რისთვის? აი არგუმენტიც:
მაგ მანქანას ეს ჩემი ძველი ღერძი სჯობია,
ოცდაათი წელია - ნეკიც არ უღრძობია.
არხეინად მივდივარ, დღეობას ვარ წვეული,
ურემია კაკლისა მამა-პაპისეული.
შენაც ჭკუას მოეგე, სიტყვაცა სთქვი წყობილი,
ურემს როგორ აჯობებს შენი ავტომობილი?
მსახიობი აკაკი ვასაძე ამტკიცებს, რომ პასუხი შეიძლება უსიტყვოდაც გაეცეს შემკითხველს. ასე იქცევა შოფერიც.
შოფერი ყურს არ უგდებს, მიჰქრის ავტომობილი,
ჩემი გადარეული და კეთილი ძმობილი.
აქ იმარჯვებს შოფერი: იგი წინ მიჰქრის. მეურმე საგრძნობლად უკან რჩება. პოეტი ავტომობილის მხარეზეა:
არსად არ გადუხარო, ეს გზა სწორზე სწორია,
მარცხნივ მხოლოდ ხრამია, მარჯვნივ პრეისტორია.
უფრო სწრაფად, ისე, რომ ის მეურმე სამხრეთით
სჩანდეს, როგორც წერტილი, თავის იფნის სახრეთი!
შემთხვევითი როდია, რომ ეს ლექსი ყველა ხუთწლედების განმავლობაში 1930 წლიდან დაწყებული ვიდრე 1947 წლ., ე. ი. 17 წლის მანძილზე შედის ქართული შკოლის სახელმძღვანელოებში: ეს ლექსი ისტორიული მნიშვნელობისაა!! იგი პირველი ლექსია ავტომობილიზაციისათვის - საქართველოში. ეხლა ავტომანქანა დადის მთებში... მეოთხე ხუთწლედში იგი... ვინ იცის.. (ქართველი ჟურნალისტი ილია აღლაძე ხშირად ჰყვება მწერალთა კავშირში, თუ როგორ ავიდა პირველად ავტოთი კოჯორში [ცენზორთან] გუბერნატორთან, რათა აეხსნა აკრძალვა გაზეთისა. ავტო ქუთაისში ერთადერთს ჰქონდა, გუბერნატორს).
ამგვარად შემოიჭრა ავტო, პირველად, საქართველოს პოეზიაში.

XI
რევოლБიუციამ ძირფესვიანად [შესცვალა სახე] შეარყია ხე, რომლის დედა-ტანი იყო კაპიტალიზმი. ქვეყნის ბატონ-პატრონი გახდა მშრომელი - წინად ძონძებში გამოხვეული ხალხი. "ხორხოცები", ე. ი. მუქთახორები - ვეღარ ეუფლებიან შრომას.
ჩვენ ვხედავთ ფეიქრებს დაზგასთან, ტრიალებს ძაფები, ხრახნები.
თანდათან, თანდათან, თანდათან მრავლდება ფაბრიკა-ქარხნები!

XII
ღამე უცდის თენებას. ამოვა მზე, ნანატრი შვენიერება. და რას ჰხედავ გარეშემო? სადაა დრო, ან ვისა აქვს იგი, რომ ასწერო ყოველივე, რასაც თვალითა ჰხედავ.. ან რასაც განიცდი („რამდენი გითხრათ, როგორ ავწერო?“).
აი, მოშორდა რა სიმშვიდესა და სითბოს, აცურდა საქართველოდან ჰაეროპლანი. „აფრინდა, იგი, აფრინდა“. იგი მიჰქრის გრიგალისაკენ... (მაგათა სურთა მყუდროება და სიჩუმე? არასდროს, პირიქით!) პოლჲუსზე ნისლი და ღრუბელია, აქ არაა სიმშვიდისა და მყუდროების ლირიკა... აქ „ნისლიანი და ღრუბლიანი ქარის ლირიკა“.
სითბოს მოშორდა იმისი შუბლი, და გრიგალისკენ მიჰქრის, პირიქით.
ვით პოლიუსზე ნისლი და ღრუბლი იღვრება მღვრიე ქარის ლირიკით!
შენ მიჰფრინავხარ, შენ არ გავიწყდება ცივი ლოდების ყინულოვნება. თან თოვლი მოდის. უკან ქარი წივის. მაგრამ სწორედ ამ სუსხით ფხიზლობს გონება:
მაგრამ ამ სუსხით ფხიზლობს გონება; იგი ახლოა, მიწა! მთოვარი...
და ახალ ქვეყნებს ეპატრონება ავიატორი შეუპოვარი.
აეროპლანი ახალი ხანაა კაცობრიობის ცხოვრებაში.
როგორც აუზზე ყრუ ჰაუ-უ-უ. ის გადაუარს ამ აურ-ზაურს,
ის გადაუარს - არ აქაურს - არარაობას. უ-უ-უ...
მიზუზუნებს ჰაეროპლანი.
რომელი მხარე არ დაიპყრო მან? სად არ შეიჭრა იგი? რომელი მთები არ გააპო? რომელი ქარი არ გაკვეთა?
ჰაეროპლანი!
დაიპყრო მხარე, ყოველი მხარე, შეიჭრა, სადაც ვეფხვია, სპილო.
გაიპო მთები, გაჰკვეთა ქარი, ოკეანეთა გახია ტილო!
რა არის მისთვის საზღვარი?
დაჰქრის საზღვრებზე გაბედითებით
ამაყ სიზმრებით, დიდის დიდებით!
მის გულს სწადია ახალი ღვარი,
გამარჯვებათა ოქროს საზღვარი!
რას მოელის საქართველო ამ ახალი მიღწევისაგან?
„ო, საქართველო! დაგჩაგრა ომმა,
ბედს მიგცა მწარეს, ჭირს მიგცა მრავალს,
აწ ნდობა მოგცეს ჰაეროს მწდომმა
ცხოვრების გზაზე ფეხით მიმავალს!“
ამგვარად შემოიჭრა ქართულ პოეზიაში პირველად ჰაეროპლანი.

XIII
ვდგევართ რატაციონის მანქანასთან. იგი ელვის სისწრაფით ბეჭდავს, სჭრის ქაღალდს, ჰკეცავს და ითვლის. სთვლის ასობით და ათასობით, მილიონობით.
ამგვარად იქმნება წიგნი. ჟურნალი. გაზეთი. ამგვარად რატაციონის მანქანიდან გაისმის ახალთ-ახალი მისალმება გულწრფელი, ფიანდაზური, მასსებისადმი.
ვდგევართ რატაციონის მანქანასთან. ეს ფანტასტიური გამოგონება, ეს „ფოლადის ალქაჯი“ მოძრაობის სულით, თანამედროვეობის დინამიკით, ეხება არა მარტო სმენას, არამედ თვალსაც, გულსაც..
თვალში იგი იტეხება იმ ელვად, რომელიც პოეტისთვის დინამიურობის სიმბოლოს გამოხატავს (გაიხსენეთ წინანდელი „სისწრაფე“ კინემატოგრაფის, მატარებლების, ჰაეროპლანის და სხვ.).
დიდია სტამბის როლი ჩვენს ცხოვრებაში.
ჩვენ შუშასავით ვეპყრობით სტამბას, ჩვენ გვჯერა მისი დიადი როლი,
თუ ეს პოემა გვიყვება ამბავს, თუ სტიქიური ლექსების ბროლი
სხვანაირია, არ ჰგავს წინანდელს -
ეგ იმიტომ რომ -
რატაციონის მანქანით აღსდგა -
მანქანას მოჰყვა თავისი სიტყვა „მრავალოდენი სიტყვის ტეხნიკა“, დრომ (როგორც ეს შესანიშნავად აღნიშნა თავის ადგილას დრამატურგმა შალვა დადიანმა) რკინისებური, მკვრივი გახადა ლექსიც. და ეხლა ჩვენ ვდგევართ რატაციონის პირისპირ.
ცოტა გვაქვს, მაგრამ არც ისე ცოტა, რომ მან პასუხი სამაგიერო
არ გასცეს იმათ, ვინაც იცოდა ფიქრი უგულო და მანკიერი.
ვინც დღე და ღამ ფიქრობს ჩვენი კულტურის დამონებას ჯერ, გადაცურებას იქ, სადაც გესლი ინთება შურის, ჯერ დამონებას, შემდეგ კი სრულიად განადგურებას.
გაიგებს, ვისაც უნდა გაგება, რომ მიმართული იქით იქნება
ჩვენი სიცოცხლე, თავგადაგება, მრავალმილიარდ ქართულ წიგნებად.
პოეტს აქვს ყოველგვარი უფლება, იოცნებოს „მრავალ-მილიარდ ქართულ წიგნებზე“, ვინაიდან წიგნშია „ჩვენი სიცოცხლე, თავგადაგება“. შორს არაა დრო, როდესაც მანქანა რატაციონისა რისხვით გადაიხედავს იქით, საიდანაც მოისმის გაკიცხვის ხმები: „რა მოხდა? ვინ გამოაქანა აქეთკენ, რად სჭირდება საქართველოს რატაციონის მანქანა?“.
მანქანით, რაც უნდა არა სთქვან, ცხოვრების ახალი ყლორტებით,
თანდათან, თანდათან, თანდათან, ყოველდღე სიბნელეს ვშორდებით!

XIV
ვის არ ახსოვს პატარა, გაყინული, უუძველესი სტამბები - მეფის დროსთან ერთად ისინი გაჰქრენ. კერძო საკუთრების მოსპობასთან ერთად მოისპენ ისინიც, მაგრამ ერთდროს [ისინი] ხომ ცოცხლობდნენ? იყო ორნაირი სტამბა, სტამბა კერძო მესაკუთრეთა ან მეფის მთავრობისა, და სტამბა არალეგალური, რევოლიუციონური. ლეგალურ, მეფის მთავრობის სტამბებში მათი პატრონების ძარღვებში სჩქეფდა წმინდა კონსერვატიული სისხლი, დაუმსახურებლად ამაყი. მისი პატრონები, მართალია, ჩვეულნი არ იყვენ დამცირებისა და დამონების ატანას. ასოთამწყობები კი ცივსა და ნესტიან სარდაფებში ლევდნენ სულს (გაიხსენეთ ყაზბეგისა და ევდოშვილის დროინდელი ასოთამწყობები). ჭლექი აღრჩობდათ მათ. ვისთვის უნდა ეთხოვათ მათდამი მოახლოებულ სიკვდილისაგან დახსნა? შიმშილი, წყურვილი, სიცივე, უბინობა; მაგრამ ისინი ყველაფერს იტანდნენ უძვირფასესი სახელისათვის: კულტურა. გამოჩნდა რატაციონის მანქანის ლანდი, სარდაფებიდან მზეზე ამოვიდნენ მუშები. რატაციონის მანქანა დადგა ჩვენი ახალი კულტურის სადარაჯოზე. ყველგან და ყოველთვის ახალი წიგნებით, გაზეთებითა და ჟურნალებით იბრძოლებს იგი ყოველი ტირანის წინააღმდეგ, რომელიც კი მოისურვებს მასზე მბრძანებლობას, სიტყვის სულის შეხუთვას. მისი თავისუფალი და ამაყი სიმღერის, საომარი სიმღერის შეზღუდვას. არავითარი სხვისი ბატონური მზრუნველობა მას არ სჭირდება. პირიქით! პირიქით! - ის არ დაინდობს არავითარ ტრადიციას, ძველსა და ახალს, რომელიც აბრკოლებს რევოლიუციური საქართველოს მსვლელობას.
რატაციონის მანქანა არის თავისებური, უუდიდესი პოეზია.
ეს პოეზია აქ უფრო დამარწმუნებელია, მშვენიერი და დიდებული - ვინემ ბუნებაში!
რკინის გზის სახელოსნოების მანქანების მუსიკა და რატაციონის მანქანის მუსიკა. შენ ამას მიხვდები!
შენთვის ეს გარდაუვალი ჭეშმარიტებაა: ეს რკინის სიმღერა - არის პოეზია ორი გიგანტის: ადამიანის გონებისა და დაუდგრომელი შრომის. იგი კი არ მღერის, არამედ სჭექს. რატაციონის მანქანა სჭექს, ვჭექოთ, ჩვენც ვჭექოთ:
ვჭექოთ - სიმღერა თუჯის, ვჭექოთ - ფოლადის ჰანგი.
ვჭექოთ - დროშები ქუჩის, ვჭექოთ - ბრძოლების ბანგი.
ვჭექოთ - მრისხანე ბრძოლა, ვჭექოთ - მქუხარე ექო.
ვჭექოთ - ცეცხლების ქროლა, ვჭექოთ - სიმღერა ვჭექოთ.
ვჭექოთ - ახალი ალყა, ვჭექოთ - რიცხვების რიცხვი.
ვჭექოთ - ცხოვრება ტალღის, ვჭექოთ - [მღელვარე] ცეცხლისა რისხვის.
ვჭექოთ - რაც წინად კვნესდა, ვჭექოთ - ვაღვიძოთ, ვრეკოთ,
ვჭექოთ - შევხედოთ მზეს და, ვჭექოთ, ჰეი, ვჭექოთ, ვჭექოთ!
ასეთი სიმღერით შემოიჭრა რატაციონის მანქანა, პირველად, საქართველოში.

XV
..............................................................................................................................................

XVI
გავიდა ხანი. გაიარა პირველმა მსოფლიო ომმა. [მაგრამ] დიდი იყო ომი. დაიღვარა უზომო სისხლი, მიწაში ჩაიყარა - ან მიწაზე მიიყარ-მოიყარა ადამიანების ძვლები.
- რაც აქ სისხლი დაღვრილა, რაც ძვლები მიწაში ჩაყრილა მეფის, ჯვარისა და კაპიტალის წყალობით - ახლა რას უშვრებით? - ჰკითხულობს პოეტი, - როგორა დაემალებით?
მათ დასიცხულსა და ნაგვალევ გზას არავინ ეხლა არ იგონებს... კარპატებიც არ ინახავენ ნაკვალევსაც-კი, ქუჩის მტვერისთვის რა არის დაღვრილი სისხლი? იგი მისთვის სავსებით უვარგისია. რა არის, თითქო, უსახელოდ მიცვალებული კაცის სისხლი?
არავის არ ახსოვს არც სახელი, არც გვარი. მათ ხსოვნას შლის დრო, ივიწყებს დრო და არა რაიმე-გვარი უდარდელობა, უყურადღებობა, არაფრად ჩაგდება. ეს არის უსახელო მიცვალება და... ვინ წარმოიდგენდა, რომ მას, ამ უსახელო მიცვალებას, ამ დავიწყებას, ექნებოდა საკუთარი, დამოუკიდებელი, ყოვლის შემძლე ხელობა.
ამ ხელობას ვერავითარი სხვა ხელობა ვერ შეედრება.
სიბრძნე უსახელოდ მიცვალებული კაცის ჩონჩხისა, უცნობის, დავიწყებული კაცის ჩონჩხის სიბრძნე - აფიქრებს პოეტს.
ბევრჯერ მიუწდომელია სიმკვეთრე მისი აზროვნების და, სავსებით უსაზღვროა გენია მისი ცოდნისა.
რაშია საიდუმლოება მისი ასეთი სიძლიერისა? იმაში, რომ მას -
ათასის აქვს მხედველობა, იერი,
ათასის მზე, სმენა ასი-ათასის,
ბნელ ღამეში იგი ამჩნევს, ცბიერი,
რას სხვა ვერ სჭვრეტს დღისით უდიადესით.
ეს უსახლო და უსახო ჩონჩხი, [მაინც] სახელოვანი და სახიერია: ვინაიდან იგი ათასის, ასიათასის [გამო] პროტოტიპია. ის ყველაფერს ხედავს და ისმენს... იგი ამჩნევს ღამ-ღამობით მას, რასაც სხვა დღის სინათლითაც ვერ დაინახავს.
მთას მიარღვევს, ცა და მიწას ედება,
საიდუმლოს კლასებისას ის ეძებს, -
იყოს ფერფლი, იყოს თავგამეტება -
საგნებს ეძებს და მიზეზთა მიზეზებს!
რას იგონებს იგი? რა უფრო ახლო[ბელ]ა მის წარმოდგენაში. შეიძლება ბედნიერი დღეები? არა. ის მოიგონებს სულშეხუთულ ზაფხულის დღეებს, მეომართათვის მძიმე ღამეებს, როდესაც მძინარე მეომრებს ღამითაც კი არ შორდება მომწიფებული მკათათვის გახურებული კოშმარები.
ის, უცნობი, არავისათვის არსაჭირო, მისცურავს...
ის ყურს უგდებს ხმათა აღორძინებას. და ხანებში, გაყვითლებული, „ქარვაზე უქარვესი“ - მისდევს ფოსფორიულ დინებას გაზებისას.
ეს ბრძოლის ველია. ამ უცნობთან არიან მისი ამხანაგები, მისსივე მსგავსნი:
ის იგონებს, საიმედო ვინაც ჰყავს -
მებრძოლთ რიგნი ისევ ისე ჩნდებიან,
ბრძოლის ველზე აგროვებს და ინახავს,
იმ ჭრილობებს, რომ არ მოშუშდებიან! -
და კვლავ ისევ მოგონებად ეშვება
მოტეხილი წლები აბინდ-ბუნდების,
კივილის გზა, გრიგალების შერჩევა,
მექანიკა დაფლეთილი კუნთების!
ბრძოლის ველზე ასეთი ენერგიის მარაგს, რომელსაც სიკვდილის ბურუსი ეუფლება, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა: ვინ არის ის, საიდან არის მოსული? იგი ერთი მრავალთაგანია, იგი მოითხოვს გაღვიძებას, მოუწოდებს - მკვლელობის წინააღმდეგ. აქ არ შეიძლება ფიქრი ღმერთზე, რელიგიაზე: აქ მთავარია უფლება.
თუმცა ხმალი ერთხელ მას მოერია
და სიკვდილი ჩამოეშვა ღრუბლებად,
თუმც ფერფლია, ნაცარია, მტვერია,
ის იტოვებს გარდაუვალ უფლებას!
ის გაყვება სისხლიან მდინარეს, მის წითელ კორდებს, მის მოგუგუნე ხეობას; იგი იძახის „გამოიღვიძეთ“: იგი გმობს უიმედობას, შიშს, ერთსახეობას, ბნელ სოროებსა და ღრუებს, სიზმრებით გართობას, ის გაიძახის, რომ მოვა დრო, იქნება უკანასკნელი ომი, გადააყრუებს საერთო აჯანყება.
ძლიერია
უცნობ ჩონჩხის ხელობა!
იგი მწარე ომის ძლიერი იარაა.
ძლიერია [მწარე]
უცნობ ჩონჩხის ხელობა!
მწარე ომის ძლიერია იარა.
ის მეტს ამბობს,
ვინემ მჭერმეტყველობა,
ვინემ სისხლი, აქ რომ გადაიარა!
ძლიერია უცნობი ჩონჩხის ხელობა.
ინვალიდი ომში ბევრჯერ ერია,
ბევრი ჯარი გაჰქრა ღამის ღრუბლებად.
თუმც ფერფლია, ნაცარია, მტვერია...
რევოლიუციურს -
ის იტოვებს უფლებას...
რევოლიუციური უფლება ფერფლის, ნაცარის, მტვერის.
ასეთია შინაარსი ლექსისა „ჩონჩხის ხელობა“.

XVII
მძიმე მონობაში იყო საქართველო. აიღეთ თუნდაც ბატონყმობის ხანა. უამური ყოფნა, უამური შრომა. ჩაწყვეტილი ხმა.
საქართველოს ჰფლობდა მკაცრი, დიდმპყრობელური რუსის მეფობა, ციხე-საპყრობილე, კატორღის სუსხი, საღრჩობელები.
მაგრამ თავისუფლებისათვის მებრძოლები ხმას იმაღლებდნენ. რამდენ აჯანყებას, რამდენ შეთქმულებას აქ თავს სწირავდნენ!
რევოლიუციური გრიგალების წინ, შორეულ წარსულში, ხდებოდა აურაცხელი ხალხური აჯანყებანი.
აი, ცხრაას ხუთი, გურიის ცეცხლი, ვის არ ახსოვს ის წლები?
გურიის სახელი ჰქუხდა მთელ მსოფლიოში.
ცხრაას ჩვიდმეტიდან ჰქუხს ოკტომბერი.
სამოქალაქო ომს, მეწამული დროშით, მიჰყვებოდა გმირი.
სოფლად და ქალაქად გაჩნდა შემდეგ მშენებლობა.
ტომმა ტომი გაიცნო.
მშვიდობიანი მშენებლობა სრულებით არა ჰგავდა ომს.
ახალგაზრდა ძალა სოფლად და ქალაქად აღტაცებით მოედო.
კულტურის წინსვლა - სპობს წარსულის სენს.
საქართველო თავისუფალია,
საქართველო ისწორებს ფრთებს.
კაპიტალი ვეღარ დაიმონებს მას.
ჩანგიც სხვაგვარადა ჟღერს.
მიეშურებიან პროლეტარული დღესასწაულები:
პირველ მაისისთვის
როსმე გათენდება
ეს მსოფლიო ცა.
პირველი აგვისტო ომის საწინააღმდეგო დღეა.
პირველ აგვისტოსთვის
როსმე ეს მსოფლიო
გადააგდებს ხმალს!
რვა მარტი ქალთა დღესასწაულია.
როსმე რვა მარტისთვის
ქალი მსოფლიოში
ჰპოებს თავის მზეს!
თვალწინ სრულიად ახალი საქართველო გაიშალა.
დღეებს პროლეტარულ სოლიდარობისას, როგორც ძმები ძმას,
წითელ ახალგაზრდათ ინტერნაციონალი, ყველას აწვდენს ხმას.
ცოცხლობს ის კომუნა, ბევრგან რომ დახვრიტეს. ცოცხლობს იგი აქ -
ინდუსტრიალური, კოლეკტივისტური ხელში დროშა აქვს!

XVIII
მტარვალთა წესწყობილების მტერი, „ინტერნაციონალის“ ავტორი „ეჟენ-პოტიე“ სწერდა: „აი, აქ გდია დამპალი ლეში. ყოველგვარი საშინელი შმორის ბუდე“.
...........................................................
„პატივი ეცით საკუთრებას, წესს“.
............................................................ (გვ. 46).

XIX
ეჟენ პოტიეს ლექსი ასეთია: კოლოსი ხალხის წინ წარსდგა რისხვით. დიდკაცებს და მოგვებს ფერი ეცვალათ. რა მოხდა? ყველას აწვალებს საკითხი: მტერი. ყველა კანკალებს და ამბობს: ო, მან აიწყვიტა. აიწყვიტა შრომამ! თავი დააღწია მძიმე უღელს. ყველაფერს ეხლა იგი ფოლადის თვალებით უცქერის, ასწონ-დასწონის. იგი იყო მონა, ეხლა ძალაუფლების მქონეა. ეხლა ის ძლიერია, იგი ამბობს: კმარა! მთელი მსოფლიო თუ ედემია - ჩემია იგი. რისთვის მოულხენია სხვას ჩემის სასმისით?
- მრისხანე ლანდო! - მიმართავენ მას, - მაშ, შენა გსურს გაანაწილო კაპიტალი?
- რა? - უპასუხებს ის, - გავყო? არა! ეს სულ ჩვენია!
და მასთან ერთად იმეორებს გენია კლასის:
- გავანაწილოთო? არა, ჩვენია!
ეჟენ პოტიეს ეს ლექსი ეხმაურებოდა თავის იდეიით იმ განწყობილებას, რომელიც 1917 წ. ოკტომბერმა შეჰქმნა.

XX
მეტი, ვინემ სიტყვები: „სახელოვანი და სანაქებო“, უფრო მეტი - გამოისმოდა ახლად, რევოლიუციის გრიგალში, დაბადებული სიტყვით „ამხანაგებო“. ეს იყო ცხრაას ჩვიდმეტი, და ეს იყო მართლა ქარბუქი მუსიკის ხმათა. „ამხანაგებო“ (გაიხსენეთ II-ა - „ამხანაგური“ რიტმი) რა არის, - ამბობს პოეტი, - ამ ნაირ დროს - თუნდ უუდიდესი მუსიკალური ნაწარმოებნი?
სახელოვანი და სანაქებო,
და უფრო მეტი,
როს გრგვინავდა ხმა „ამხანაგებო“ -
ცხრაას ჩვიდმეტი -
აი, ეს იყო მართლა ქარბუქი,
მუსიკის ხმათა -
რაა „ფაუსტი“, ან „რიგოლეტო“,
ან „ტრავიატა?“
შეიძლება ვინმემ იკითხოს, რაში დასჭირდა პოეტს ასეთი დაპირისპირება? კითხვა კანონიერია, [მაგრამ] და პოეტი თვით იძლევა განმარტებას. ჩვენ ვიცით, რომ ოკტომბრის დღეებში თეატრები განაგრძობდნენ წარმოდგენების ჩატარებას.. აგრეთვე ოპერაც -
როგორ არ მახსოვს, ქუჩაში ბრძოლა,
თეატრში - ტაში.
იქ - ბარიკადის ტყვიების ქროლა,
აქ - ერმიტაჟი!
დღემდე ვერ ვიცხრობ იმ გულისწყრომას,
სისხლში ნაბანი -
ჰკიოდა ქუჩა, აქ კი მღეროდა
შალიაპინი!
ბევრს ახსოვს, შეიძლება, აფიშები, გაკრული მოსკოვის ქუჩებზე იმ დღეებში, „ერმიტაჟი“ აცხადებდა შალიაპინის მონაწილეობას, შალიაპინი მღეროდა. „რა გული უნდა გქონდეს ადამიანს, ან გიმღერდეს მომღერალს, რომ იმნაირ დროს - უჯდე „რომეოსა და ჯულიეტას“, „კარმენს“, „ფიგაროს?“ და ეს იმნაირ დროს, როდესაც რომ კრემლს ზარბაზანი სცემს ლეფორტოვიდან.. ეს იმ დროს, როცა კირა ბაევი, 16 წლის ბავშვი, დაჭრილი, მაინც განაგრძობს ბრძოლას. არა, აქ სხვა მუსიკაა საჭირო. ორკესტრმა აქ სხვა ხმა უნდა აღმართოს, შესაძლებელია, ოდნავ მაინც რიჰარდ ვაგნერის მიგნება იყოს საჭირო?
გარეშემო ქარბუქია! აქ უნდა დასცხრეს ორკესტრი, რომელიც გვართობს მსუბუქის გართობით.
ორკესტრმა აქ სხვა ხმა უნდა აღმართოს - მილიარდები დაჭერილი უნდა იყოს ერთ ხმაში - დეე, იყოს იმ რიტმის ზღვაური ბგერა, გამოჩენილი ჰანგებში, სწორედ ისეთი, ბერლიოზმა რომ ქუჩის ხმაურში აღმოაჩინაო...
არა ლაჟვარდი თოვლი - ან მშვიდი ბგერა, აქ რევოლიუციური კლასის მუსიკაა საჭირო, დიდი მუსიკა!
სახელოვანი და სანაქებო
და უფრო მეტი,
როს გრგვინავდა ხმა „ამხანაგებო“ -
ცხრაას ჩვიდმეტი“ -
აი ეს იყო მართლა [მუსიკა] ქარბუქი
მუსიკის ხმათა.....

XXI
„მე ბავშობიდანვე მჯეროდა რიტმი - საწყისი შრომის“ - სწერს პოეტი.
და, საათობით, მთელი დღე, თითქმის,
        ვიყავი მდომი,
მესმინა ერთი მღელვარე რიტმი!
აი, თუნდაც საფრანგეთის დიდი რევოლიუციის მუსიკის ბგერა. „მარსელიეზა“, რომელიც ჰხევდა წყვდიად რუტინას, მედგარ ბრძოლისათვის რომ ამხნევებდა ხალხს. „ინტერნაციონალი“, რომელიც ქარხნებს ცეცხლს უკიდებდა. აი, როგორი მუსიკა უნდა ეხლაც ეპოქას.

XXII
[შეიძლება] ეს [იყოს] არის ძვირფასი, პირველი და უკანასკნელი, რევოლიუცია. რევოლიუცია (არა კატასტროფა), რომელზედაც უფრო მძლავრი და ჩამკირველი არა არსებობს რა.
ყველა ქვეყნიური ხმები თანდათან ძლიერდებიან, მოდის გავარვარებული დღეებისა და ღამეების ვედრება.
დიდია ლოდინი მსოფლიო გაღვიძების, ახალი შეხვედრის.
„უკანასკნელ დღემდე
აზრ-მიცემული ისტერია“, რომ
„თავისმოკვეთის შემდეგ
თმებს აღარ მისტირიან“.

„რევოლიუცია!
კაცობრიობის ისტორია შეგნებულად გიგონებს შენ, წლების მილიარდობითო“ - ამბობს პოეტი.
საქართველოს [ცხოვრებაში] სინამდვილეში ბევრი რამაა სწორი, ბევრი კი ქიმერაა;
სწორია, რომ სისხლითაა მორწყული ყოველი ფართობი.
რევოლიუცია, შენ [რომელიც] გიგანტიური ნამსხვრევების ყორედ აქცევ ყოველივე ძველს, შენ, რომელიც ახალი ბრძოლის გზით მიაქცევ მარადისობას.
არის რამ განა ქვეყანაზე უგულწრფელესი,
რომ გაისმოდეს უცებ რისხვა და რევა უცება,
უდიადესი თუ რაიმე მოვა ხმელეთზე,
ვინემ ძახილი: მსოფლიო რევოლიუცია!

XXIII
ლექსი „მხარი მხარს“ - ჰიმნისებური ლექსია. მხოლოდ მხარდაჭერა ერთმანეთისა, კოლეკტიური შრომა - აი, რაც სჭირდება ეხლანდელ თავისუფალ მთადაბარს.
„მხარი მხარს, მხარი მხარს, კოლეკტივო, მხარი - მხარს,
აბა, ჰე, აბა, ჰე, აბა, მივსცეთ მხარი - მხარს!“
აქ თავისუფალ სამშობლოს მღერის კოლეკტივის „გაერთიანებული ჯარი, მოდებული მთადაბარს“. აქ ჯერ კიდევ არაა მანქანა, ჯერ კიდევ მხოლოდ გუთნის ტარია, მაგრამ ბობოლა მაინც უვლის გარს ძველ ღობეებს, სოფელი ქალაქისგან მოელის მანქანების ღვარს. გაისმის ახალი სიტყვები: კოლეკტივი, გექტარი, გა.
ვინ ნახავს რამე დარს, ახალ საქართველოს დარს,
მეხი მეხს, ქარი ქარს! ჩვენ კი მივსცეთ მხარი მხარს!
ამ ლექსით იწყება პოემა, პირველი პოემა. კერძო მეურნეობიდან კოლეკტიურ მეურნეობაზე გადასვლის პერიოდისა. მისი სახელია „მხარი მხარს!“

XXIV
პირველჯერ, მრავალ საუკუნის შემდეგ პირველჯერ! [ასე იწყება ეს პოემა] სულ სხვაგვარად თენდება საქართველოში.
აი, გზა. მას იქით კაკლის ხეებით შემოვლებული სავენახე. თვით გზაზე მიდის სრულიად ახალი მანქანა, ჩიკაგოიდან დაქადებით წამოსული ტრაქტორი... ამდენ გზანახულ მანქანას სიხარულით ხვდება კახეთი. მიდის „გაჯადოქრებულ მაჯისცემით მგრგვინვარე ინტერი“ პირველჯერ. ეს არის დევი - ფოლადის ბორბლით, ახალ ყამირებზე მეომარი ინდუსტრიის ურყევი ფალავანი. დინჯსა და მძიმეს ყიჟინით ხვდება დინჯი მხარე. პირველჯერ „აი, აგორგორდა“ კიდეც მანქანა.
„პირველჯერ მისი ლურჯ-მოთეთრო ავარდა ბოლი,
გლედიჩიები შორეული წყდება მილიდან,
ბამბის კვამლებად იფანტება რგოლებზე რგოლი!“

XXV
თუჯის ფილტვებში, ფერგადახსნილი მანქანის შიგნით ამოწმებს მოტორს, თუ არწყულებს ფოლადს ძაბრებით მარჯვე შოფერი (მემანქანე) დაფუსფუსებს კარბიურატორთან. ეს შოფერი - კახელი ახალგაზრდა კაცია, დაკარწახებული მკლავებით, რომელზედაც სჩანან გამძაფრებული, მღელვარე ძარღვები... გაზის ველური ენერგია, მან ისევე მალე გაიცნო, როგორც თავისი ძველი ნიკორა.
ახლად გადაკეთდა კახეთი. ეს [უცხოელი] უცხო „ბუმბერაზიც“ წინ გაიგორა თავის ველებზე.
ჯერჯერობით ცოტაა ამნაირი მანქანა, მაგრამ ხალხმა იცის, რომ შემდეგში იგი მოვა ასობით და ათასობით.
ისინი სამხედრო ძალების მსგავსად გამწკრივდებიან, შეიცვლებიან ბრიგადებად, ბრიგადები დივიზიებად, დივიზიები არმიებად.
სასოფლო-სამეურნეო მანქანები, მოტორით - ძრავით, ახალი მანქანით, სიამტკბილად და შეთვისებით -
თანდათან, თანდათან, თანდათან
ახალი [სამშობლო] საქართველო შენდება.

XXVI
აქ ჯერ, რა თქმა უნდა, არაა პროლეტარი. აქ მხოლოდ გლეხია. მაგრამ საზღვრები წაიშლება: არის წერტილი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან მძლე ქარხანა და მშვიდი მინდორი და რომელიღაც ჯვარედინზე - გახდება ერთი.
აი მიაბიჯებს ფოლადის ხარი. იქვე ღობეზე ძველის ძველიდან ღობის სარზე ჩამოცმული ცხენის თავის ქალაა.
აი, წარსული, აი, დღეის ახალი მეკვლე. რისთვის გეგონა, რომ უძრავია ჩვენი მიწა?
კვარის მაგივრად მოელვარე სანთლით, რომლის სახელია „ღამურა“ - ქარისგან შემკრთალ სინათლეში, გათავდა რა დღე, საქართველო ღამითაც შრომობს, გათენებამდეც. მედგარი კოლეკტივის სცემს გულის ძგერა.
ჩასხმული, შავი, მზით დამწვარი, თითქოს რჩეული ერთი მეორეზე უკეთესი, თვალებბრდღვიალა ჩვენი ბიჭები, გადახალისდენ, გამოცოცხლდენ. მიაბიჯებენ. სიმღერამაც დაიგრიალა:
მხარი მხარს, მხარი მხარს! კოლეკტივო, მხარი მხარს!
აბა, ჰე, აბა, ჰე, აბა, მივსცეთ მხარი მხარს!
წავიდეთ, მოვედოთ, ბორკილაყრილ მთა და ბარს.
მივიდეთ, მივუდგეთ გაერთიანებულ ჯარს!

XXVII
ქალაქიდან სოფელში ჩამოსულა მუშა. იგი სამეურნეო იარაღებს სინჯავს და აკეთებს, რაც საჭიროა. სოფელი იბრძვის. ის ადიდებს სათეს ფართობებს, გამალებით ხნავს უქმად მიტოვებულ მიწის ნაკვეთებს. უვლის საქონელს, იზრდება ჯოგი. იყენებს ხარისხიან სასუქს, ამრავლებს ნათესს. მცენარეები და ბალახები სილოსს ელიან. ქვეყანაზე ზეიმი აქვს უდიადეს დღეს. ამ ახალი მინდვრებიდან დაინახა პოეტმა ახალი დღე...
გადამავიწყდა გადუდები საქმე და ვალი.
გაახსენდა ცხრაას ჩვიდმეტი წელი. გადაავიწყდა გადუდები საქმე და ვალი.
შენსკენ მომართულ ძველად ნაცნობ გზებით დავბრუნდი!
ამ გზებზე ხმაურობს ახალი სიცოცხლე. ამ გზებს არა აქვთ არავითარი დამონების შიში. როცა ასეთი გულდაგული შრომა ხმაურობს, გეგონება, ხმაურობს პოეზია, ხმაურობს ვეფხვი.

XXVIII
როდესაც ხნულები ველებს სვეტებივით ეფინება, იბადება რა თვალუწვდენელი ნიავების ზღვა...
როცა ხნულები ეფინება ველებს სვეტებად,
და თვალუწვდენი ნიავების ზღვა იბადება -
ცეცხლი რამ მზისგან კაცს თვალებში ჩაგეწვეთება
და თვალს სინათლე უეცარი მოემატება!
აი, ამ ცეცხლშია მთელი თანამედროვეობა! მზისგან მოცემული წვეთი ცეცხლისა, რომელიც ადამიანს სრულად ასხვაფერებს, წვეთი ცეცხლისა, რომელიც ადამიანს ეწვეთება თვალებში, თვალებს კი სინათლე ემატება - ამისაგან - და თვალები უფრო ბრწყინვალენი ხდებიან, თვალები უფრო აშკარად და ნათლად ხედავენ - ბაღდადს, საქართველოს [ისტორიულ] ძველს, ისტორიულ მიდამოს ბაღდადისას.
სისულელეა, ხომ, მინდვრებო, დღეს თვითმკვლელობა,
ეს ნიშნავს, რომ შენ ბედისწერას ვერ გაუმკლავდი.
რომ არ მჯეროდეს სხვა ბაღდადის ვეფხვებრ მსვლელობა,
მეც, რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, თავს მოვიკლავდი!
ვისთან ერთად ხმაურობს ახალი, რევოლიუციური საქართველო? ამაზე შემდეგი სტრიქონები იძლევა პასუხს:
...გარშემო ისევ აღტაცება აურ-ზაურობს!
ქართლი, კახეთი, იმერეთი [რაჭა, ოდიში] და ამერეთი
მსოფლიოს ერთი მეექვსედის გულთან ხმაურობს,
ასე ხმაურობს პოეზია, ვეფხი, [და] თვით ღმერთი.

XXIX
„ხმა-მაღლა, ხმა-მაღლა! ხმა-მაღლა ისმოდეს გმირული მოტივი“ - სწერს პოეტი 1930 წელს.
10 წელს (1920-დან) ის უწოდებს რევოლიუციას. ეს ათი წელია. ეს გახლავთ რევოლიუცია, ისტორიის ლოკომოტივი.
თუ საქართველო კავის, სახნისის ბაზისიდან წინ გაეშურა - რეკონსტრუქციის ფართო გზით, თუ იგი მიჰყვა სოციალისტური ინდუსტრიის წინგაწევას, თუ ნიადაგიდან ამოაქვს თუჯი, ნახშირი და ფოლადი, და სახელმწიფოს მესაჭე კლასს აბარებს იგი კოლეკტივების ენერგიას და ნებისყოფას, ეგ იმიტომ, რომ - მომავალში - ოდესმე - მთელი მსოფლიო ერთ უძლიერეს კოლეკტივად უნდა შეიქნას. რამდენიც დღეა, გვყავდა და გვყავს იმდენი მტერი, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით თავდადებით, ვიბრძვით გარეთა და შიგნით.

XXX
არყის სმისა და ქარისგან ჩახლეჩილი ხმა დასცხრა. უკეთ რომა ვთქვათ, მან არჩია დაცხრომა: ვინაიდან სხვა გზაც არა ჰქონდა, იგი ისტორიულად დამარცხდა: გაიმარჯვა კოლეკტივისტურმა გზამ. რაღა მეტი გზა ჰქონდა „არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილ ხმას“, ბობოლა გლეხს?
მაგრამ არა? კი არ დასცხრა. იგი მხოლოდ გარეგნულად დასცხრა, თორემ გულში ერთი ისეთი ცეცხლი უტრიალებს, ლამის დაახრჩოს კაცი.
არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილმა ხმამ, სახეზე გველურად მიიფარა ნიღაბი (აქ ხმა სახეს იღებს).
მის სახეზე (ნიღაბზე) გაჩნდა ღიმილი. ღიმილით მან ღარიბ გლეხს შესთავაზა გაზაფხულზე საუკეთესო სათესური, კარგი მარცვალი: რა არის - მისი გული მოიგოს. იგი ღარიბია, იგი გულდაწყვეტილი გამოიყურება.
ბობოლა კიდევ კმაყოფილი მოავლებს თვალს თავის უსივრცოდ გაშლილ მინდვრებს, თავის ხოდაბუნებს.
აჰა, ხვალ დილით საბჭოების არჩევნებია!
ეხლა ნიღაბი მიდის სტუმრად სხვა ღარიბ გლეხთან, უზარმაზარი ჯიბიდან იღებს მშვენიერ ვაშლებს, უკეთეს ვაშლებს, და ღარიბი გლეხის დაუმოსველ ბავშებს სთავაზობს.
იგი ეალერსება ბავშებს გულში ღრმად დაფარული ზიზღით, მათ მამას კი ჰპირდება შემწეობას, იცოდებს მას, ოხრავს.
არჩევნების დროს ნიღაბი უღარიბეს გლეხთა შორის სეირნობს, ხუმრობს.
და არჩევნებმაც მას სიხარული მოუტანეს: ის აირჩიეს საბჭოს წევრად, მან გაიმარჯვა!
მდგომარეობა ასეთია: ღარიბ გლეხების ორ ათეულს დიდი ხანია, რაც ენატრება კოლეკტივად ჩამოყალიბდეს. დახმარებისათვის ისინი ერთად მივიდნენ საბჭოს წევრთან.
ნიღაბმა - ბობოლამ - ეს არ ურჩია: სულ მთლიანად დავინგრევითო.
მაშინ გლეხები თავდახრილი, უკმაყოფილო, უიმედობისა და სიბრაზის დაღით სახეზე თავიანთ სახლებში ბრუნდებიან: უკოლეკტივოდ.
მაინც იგრძნო წითელმა ნიღაბმა მოახლოვება რაღაც ახალის.
მან სისწრაფით მიხი-მოხია, ნაწილებად დაჰყო თავისი მდიდარი ადგილ-მამული. დაანაწილა იგი მკვდარ სულთა შორის და უმწეო მშრომელის სახით გაძვრა ცოცხლად დაარსებულ კოლეკტივში.
დაიწყო მისი შიგნიდან ღრღნა, სანამ არ გახრწნა...
გამარჯვებული წითელი ნიღაბი, უღარიბეს გლეხის მოწმობით შეიჭრა შემდეგ მეურნეთა სალაროს წევრად...
შეიძრა მაშინ, ამოძრავდა თესლეულობა;
და ტრაქტორები, ტრიერები, გუთნები, ფული დაიძრა წითელ ნიღაბისაკენ, ბობოლა გლეხთან.
მისი მინდვრები და ბაღები ისევ აყვავდა.
ღარიბიცა და კოლმეურნეც უცებ გაშეშდნენ.
უკმაყოფილოდ აგუგუნდა და ახმაურდა კოლმეურნეთა და საშუალოთა ახალი რიგი:
- საქმე წინ არ მიდის, ხელს არ გვიწვდის თვით ჩვენივე ძმაო. ზურგი ვაქციოთ კოლეკტივებს, წავიდეთ ჩვენთვის!
ერთი წამი და ის ნიღაბიც [ისევ] ახლა იქვეა: აღიზიანებს, და ამავე დროს თითქო ამშვიდებს.
და ძლიერდება გაფლანგვები, სოფლის მუშათა კორესპონდენტების დევნა.
პატიოსან რევოლიუციონერს სდევს უნდობლობა, ორმოცდაათი ნიღაბიდან გადასახადებს იხდის ორმოცი.
დიდი ნაწილი სიმდიდრისა დაფარულია.
მოჯარდა წითელი ნიღაბების მთელი არმია,
მან გადასწყვიტა და დაიძრა ქარხნებისაკენ. გამოაცხადა პურის გაფიცვა.
მაშინ კი ისიც აგუგუნდა, თვითონ გიგანტი - მუშათა კლასი...
კოლეკტივი მაინც, ხელისშეშლის მიუხედავად - სოფლებში იზრდება და მძლავრობს.
სიხარულით სავსე, გაცხარებული შრომა მოედო შავი ზღვის ნისლის შესადარად გაფენილ ყანას.
რევოლიუციონური შინაარსით, შემოქმედებით, დიდის მასშტაბებით, უნათლესი და თვალსაჩინო, ხარისხობრივი მაჩვენებლით უდიადესი!
როცა უნებურად შეადარებ ამნაირ დღეს, გუშინდელსა ან გუშინწინდელ დღეს, მაშინ მიხვდები, რა უდიდესი გარდატეხის წელი გავიდა.
ეს თესვა, ეს მკა - კავშირია უდიდეს მშენებლობასთან, მის ძალღონესთან, ტვინთან, კუნთთან, და მის სისხლთან;
ამ დაუნდობელ კლასობრივ შეტაკებაში, ახალსა და ახალ სიმაგრეებს იპყრობს მშრომელი.
მშრომელი მასის უდიდესი მხარის დაჭერით ისპობა ბნელი ნიღაბები [და რაღაც].
ასეთი დღეებით სულ წინდაწინ მიდის სიფელი, სოციალისტური გაერთიანებით, რათა დამკვიდრდეს საერთო მიწაზე საერთო შრომა.
აჰა, მოახლოვდა მოსავლის აკრეფის ხანი.
ეს ფიცხელი დრო, შემოდგომა მოგვიახლოვდა,
- ჰეი, დავიწყოთ მოსავალის დროზე აღება, უკლებლივა და თავის დროზე მოვლა-შენახვა.
აბა, ვნახოთ, ვით იყო [შრომა] თესვა ნაყოფიერი?
როგორ ვუძლებდით მუშაობის საჭირო ტემპებს?
გავაცხოველოთ მუშაობა!
უნდა მივიდეთ ყოველ სოფლამდე და კომლამდე, კოლექტივამდე.
დაბლობებსა თუ მთაგორებში იქუხე, შრომავ!
მოდის საჭირო ინვენტარი?
სწვდება ბეღლები?
იჭედებიან საწყობები?
ეხმარება თუ არა ქალაქებიდან აქ მუშა ხელი სახელოსნოებს? აგრონომები? მანქანების შემკეთებლები?
ჰეი, ფიცხელი დრო, მეტად ფიცხელი დრო მოგვიახლოვდა! ასეთი იყო ფონი გარდატეხისა... 1929-30 წწ... (15 წ. II).

XXXI
რომ ფიცხელი დრო მოგვიახლოვდა, კოლეკტივში, ქალაქის მახლობლად, ამას გრძნობს კარგად ჩვენებაანთ ნიკა. ის აზრიან კაცად ითვლება მთელს სოფელში.. მას გაზეთი გამოწერილი აქვს, ყოველდღიური გაზეთი „კოლექტივიზაცია“.. სხვებთან ერთად, ბაღში ცისმარე დღე ტრიალებს ჩვენებაანთ ნიკა:
- ჰარიქა, ჰარიქა! ფიცხელი დრო მოსულა...
კოლექტივი, რომლის წევრია ნიკა, [მებაღეობას ეკუთვნის] მებაღეობისაა.
კოლექტივში არის ნიკა; მიიარე, მოიარე,
კოლექტივში ვაშლებია და ატმები მსხმოიარე.
უამრავი კომში უდგა, უამრავი ბროწეული,
ყველაფერი ბლომადაა, მოსაწევი, მოწეული.
თითქო ყველაფერი რიგზეა, მაგრამ...
მაგრამ, გატყდა მოსვენება. გულში გაჩნდა რაღაც კვნესა,
ყველაფერი აერია, სამად უმზერს მაღლა მზესა.
[მუხა - ცაცხვად ეჩვენება, ბზა ჰგონია წიფელა,
არ ასვენებს...]
რა არის ამის მიზეზი? - რისთვის დაეკარგა მოსვენება. რა დარდი აქვს გულში, რად აერია ყველაფერი, სამად რად ეჩვენება მზე? იმის გამო, რომ იქვე, სადაც კოლეკტივია, არსებობს ბობოლაც, სწორედ ის, „არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმა“, გველურად ნიღაბ-აფარებული; ამიტომაა რომ:
მუხა - ცაცხვად ეჩვენება, ბზა ჰგონია წიფელი,
არ ასვენებს ეს ბობოლა, ეს ნიღაბი წითელი.


XXXII
ძლიერ საგონებელში არის ჩავარდნილი ჩვენი ნიკა: ვერასგზით ვერ იტანს ამ სისხლის მსმელ ბობოლას.
აგერ, ასაღამოვდა კიდეცა.
ამასობაში მზეც გადიხარა, საღამო წყნარი, საღამო ნელი,
გორის მიდამოს გადაეფარა და ტირიფონის დაჰფარა ველი.
აი, როგორ აქვს აწერილი პოეტს ეს ასაღამოება:
- გადუძახე ცხვარსაც, ჰო-და,
ხევში გალალე,
სადღაც მთვრალის მოისმოდა
ჰარიჰარალე!
ღრუბელს ყელად მოელვარე
გადაუქანდა,
თხუთმეტი წლის ბადრი მთვარე
გორის დუქანთან..
ნელმა შუქმა ტყე-ეზოზე
ნამი მოლილა,
იქვე ნიკა მხარ-თეძოზე
წამოწოლილა!
ჰხედავს ცაზე შუშთ გემია,
და ელვარებს როგორც მძივი...
მყუდროებას მისცემია
ვარსკვლავების კოლეკტივი.
აქა-იქ კი, მივა-მოვა
შესვენებით კმაყოფილი
შეთეთრებულ ღრუბელთ გროვა
არტელებად დაყოფილი.

XXXIII
მხარ-თეძოზე წამოწოლილი ნიკა ვეღარ ისვენებს ერთ ადგილს.
წამოდგა, მიდის შარა გზით. გაიარა კარგი მანძილი, გზაზე დაფიქრებით მიმავალ ნიკას ამხანაგები შემოეხვივნენ:
რამ მოგაწყინა, პატარა ნიკა,
რა ქვეყნის ფიქრი გაწუხებს, ნიკა,
ეხლა თეატრში წავიდეთ, ნიკა,
ძიელ საჭირო კრებაა იქა.
გარეშემო - სიწყნარეა. [მიდამოც წყნარად გამოიყ.] ქუჩები მშვიდი, კოხტა სახლებია.
მიდიან თეატრში.
და აი, რა ხდება შემდეგ:
გარშემო წყნარი არის მიდამო,
ქუჩები მშვიდი, სახლებიც კოხტა;
მიდიან, განვლეს მიდამო ქოხთა,
ეხლა გიამბობთ, რაც იმ დღეს მოხდა.

XXXIV
მოხდა ასეთი ამბავი.
უკეთ რომ ვსთქვათ, ამბავი [ასე] ამგვარად იწყება.
ნიკა თეატრში ზის. მუჯლუგუნსა სცემს თომაანთ გიგა:
- ნიკა! აჰანდე! შენი ფერია!
ნიკამ ჯერ ეს არ შეიმჩნია. ვითომდა ისე: [ეგ არაფერია] არაფერი მომხდარაო. მაგრამ ჩაიხედეთ მის გულში! რა კორიანტელი დადგა იქა - განა ის ეხლა პატარა თეატრშია? ვინა სჩივის თეატრს? ათასფერი ჭიქების ბრჭყვიალით ბრჭყვიალებს ყველაფერი.
ნიკას თითქმის თვალთ უბნელდება, იგი გაცეცებულია და ეს მისი სულიერი მდგომარეობა გასაგებიცაა: ეზიზღება მას ეს ბობოლა, წითელი ნიღაბი, რომელიც ყველგან ეჩრება. ასეთია მისი ჩვეულება. ნიკას -
თავბრუ ესხმის, ვეღარ არჩევს, რა რარიგად სწერია,
თეთრი შავად ეჩვენება, შავი თეთრის ფერია!
თეატრი არაა ყანა, არც მინდორი. თეატრი - თეატრია და შიგ
... ერთი ბობოლა ზის
ასში გამოსარჩევი.

XXXV
აი, ეს „ასში გამოსარჩევი ერთი ბობოლა“ - უღიმის შორიდან ნიკას.. ეს-ღა აკლდა ჩვენებიანთ ნიკას. ნიკა ამბობს თავის გულში: „ჩემო თავო, მოკვდი რაღა!“
მოიკრიბა ძალ-ღონე - შეებრძოლა ნიკა გულში დაგუბულ ზიზღს: ჯერ კიდევ ადრეა ფარდის ახდამდე, ვნახოთ, რას ეტყვის ეს ბობოლა მას.
ნიკამ მიიწია ბობოლასაკენ - გადინაცვლა სკამი.
მისი მიახლოება, ბობოლას, რა თქმა უნდა, არ იამა: მაგრამ მაინც არ უღალატა თავის თავს, ჩვეულებრივ ნიღაბი აიფარა სახეზე, სიამტკბილობის ნიღაბი:
- რაზე ჰფიქრობ, ჩვენო ნიკა, - ეკითხება ნიღაბი ნიკას, - რა ფიქრები გაწუხებს, რა დარდმა დაგიმონა?
მაგრამ პასუხის თქმა არ აცალა, და თავისსავე შეკითხვას: „რაზე უნდა ფიქრობდეს ნიკა“ - თვითვე უპასუხებს:
„მწუხარე და დარდიანი
ეხლა ჩვენში ვინ არ არი?“
არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმით, თმა-აბურძგვნილი, ჯიბეში [უამრავ ფულით] უშველებელი ქისით, საშინელია ეს ბობოლა გლეხი. მის სულშიაც წვიმა სცრის, გიორგობისთვის ნისლიანი, ბნელი წვიმა. გარეგნულად წყნარზე-წყნარი, იგი ისევ იმეორებს:
„მწუხარე და დარდიანი
ეხლა ჩვენში ვინ არ არი?“
არყის სმისა და ქარისაგან ხმა-ჩახლეჩილი, რომელიც ყოველთვის უქუდო, პერანგ-გადაგლეჯილი - მიდი-მოდის, [ყველგანაა] დააქვს ჭორები, დააქვს გულში დაგროვილი თივა, ლენჭყო და ნალეკი, სულში ლექი [უდგას] აქვს ჩაგლესილი, მოღრუბლული, უამიდო დღის. „არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმით იგი თითქო ყველაზე სწუხს, რომ ვინ არ არის ეხლა ჩვენში მწუხარე და დარდიანი, მაგრამ რა არისო პირადი დარდი - (ნიღაბი რისი ნიღაბია) -
„დარდი რაა,
თქვენ ქვეყნისა სთქვით!“

XXXVI
- მაინც რაა საგლოვარი? - ეკითხება თავის მხრით ნიკა, უფრო მეტი დიპლომატი, ვინემ ის ბობოლა გლეხი. რაში გამოიხატება ეს დარდი ქვეყნის; „მაინც რაა საგლოვარი?“
აქ კი ვეღარ ფარავს თავის სახეს ბობოლა-გლეხი...
„როგორ თუ რა არის საგლოვარი?“ განა მთელი თანამედროვება საგლოვარი არ არის? რას წარმოადგენს კოლეკტივი? დაუდგეს - ჩვენს დროს თვალიო, - ამბობს ის, - რას მაიგონეს ეს კოლექტივი? ეს ხომ ბავშობაა და სხვა არაფერი. არა მჯერა რა მე ასეთი კოლექტივის: სამი ძმა რომ არის, გინდა ორიცა, გაუყოფლად ვერ შეუქმნიათ ერთი კერა. თუ ორი და სამი ვერ ახერხებს ერთად ყოფნას, რანაირად შესძლებსო ასი და ორასი? ვერა, ვერ შესძლებსო, - დარწმუნებით ამბობს ბობოლა, - დაიღუპოს, დაიკარგოს იქით ამნაირი ბედისწერა! თავი დავანებოთ თუნდა კოლეკტივს, სოფელს რომ ღმერთი დაავიწყდა, ეგ როგორაა? ეკლესიასაც რომ სხივი დაეკარგა? "ხალხში" რომ უთანხმოება ჩამოვარდა - ღმერთმაც ამის გამო დაივიწყა ხალხი! რისი კოლეკტივი, რა კოლეკტივი?
„მაიგონეს კოლეკტივი.
ბავშობაა, არა მჯერა,
სამს ძმასაც ვერ შეუქნია
გაუყოფლად ერთი კერა,
რანაირად შესძლებს ასი
და ორასი? ვერა, ვერა!
დაიღუპოს, დაიკარგოს,
ამნაირი ბედისწერა!
სოფელს ღმერთი დაავიწყდა,
    ეკლესიას არ აქვს სხივი,
უთანხმობას ხალხი მიაქვს,
ვით მდინარეს მიაქვს ტივი,
ღმერთსაც ხალხი დაავიწყდა,
ამას ვწუხვარ, ამას ვჩივი,
რანაირად გაიმარჯვებს -
ამნაირი კოლექტივი?“

XXXVII
ჩვენებიანთ ნიკას პირზე ღიმილი მოსდის - იგი მოკლედ და მშვიდად უპასუხებს „ფერია“-ს:
- თუ გინდა ნახო მაგალითი - ნახე ჩვენი კოლეკტივიო... ეს იყო და ეს..
„ფერია“-ს გულში დაგროვილი ბოღმა, აჰა, საცაა გადმოინთხეს. როგორ? მან უნდა ნახოს კოლეკტივი... გუშინდელი მოჯამაგირე ნიკა მას ურჩევს - კიდეც, რომ იქ საქმე დაყენებული აქვთ ერთობ კარგად. და დღითი-დღე უკეთესდება. „წყნარი ფერია“ - [(ნიღაბი) ამბობს მრის] თავს უკვე ვეღარ იკავებს.
- მერე რა, ნიკა. მერე რა მანდედამა? აი, შენ რომ ნიკა ხარ, ლოცვა არა გრწამს, მარხვა არა გრწამს, გაიძახი, რომ მღვდელს გროშიც არ მივსცეთო... ეს ხომ ყბედობაა... ეს ხომ ცარიელი სიტყვებია. რაო? სამი ძროხაო? სამი ძროხა თუ არის, სამივე მე მინდა. სამისათვის იგინი არ იკმარებენ. როგორაო? გაჩუმდიო? უკუღმართი დღე რომ დაგვიდგა, მე გავჩუმდე? არა - არა!
ამნაირად [ირკვევა] ეხდება „ფერია“-ს ნიღაბი!
ჯერ ისევ შეკითხვაზე „მაინც რაა საგლოვარი“ - ფერიას ტირადის შემდეგ რომ -
ნიკას პირზე ღიმი მოსდის, მოკლე პასუხს აძლევს მშვიდი:
„ნახე ჩვენი კოლეკტივი, თუ გსურს ნახო მაგალითი“.
- რა ნიკა-ჯან, რა მაგითი?..................................................
- საქმე დაყენებული გვაქვს ერთობ კარგად, სჩანს დღე-დღითი.
- რა ნიკა-ჯან, რა მაგითი?
ლოცვა არ გრწამს, მარხვა არ გრწამს, მღვდელს არ მისცეთ გროში ფარა,
ცარიელი ყბედობაა და სიტყვები წარა-მარა.
სამი ძროხა მევე მინდა, სამისათვის ის არ კმარა,
უკუღმართი დრო დაგვიდგა და დავჩუმდე? - არა, არა!
ჩვენებიანთ ნიკა, რა თქმა უნდა, მოელოდა ასეთ შემოტევას. ისიც აენთო!
ნიკა სწრაფად აენთება: - რა ხმალს იქნევ, ვისთვის გინდა?
ღმერთიც გადაგდებულია და იმისი სული წმინდა.
სხვანაირი ველმინდორი და ყანები აბიბინდა,
გამარჯვება ღარიბისა [ერთობ] ძიელ კარგა დაგვირგვინდა.
ჩვენებიანთ ნიკა, როგორც ხედავთ, მაგრადა სდგას. იგი დარწმუნებით უპასუხებს მოთმინება-დაკარგულ ფერიას. მით უმეტეს, რომ იგი მარტო არ არის: მას მხარს უჭერენ მისი ამხანაგები:
- სხვების თვალიც მოხვდა რიგად;
ყოჩაღ ნიკა! ყოჩაღ ნიკა!
ამნაირად ამხანაგებისაგან გამხნევებულმა -
ნიკამ გული გაიმაგრა
და მაგარი სიტყვაც დაჰკრა;

XXXVIII
ჩვენებიანთ ნიკა [გამხნევებული] მეტის პათოსით განაგრძობს: ჩვენ ვებრძვით ამ რიყეს, ჩვენ ვებრძვით ამ ეწერს - გვსურს, იგი ნაყოფიერად გავხადოთ. ჩვენ გარდაუვალ მესერსაც ვანგრევთ: მას ისეთი ძალა ჰქონდა - როგორც ციხეს.. ეხლა ყველაფერი დანაწილდება: სოფელს მიეცემა სოფლის, ქალაქს ქალაქის, ერს - ერის. ასე სჯის კოლექტივი. ასე სწერს ლენინი. ახლა კოლექტივისაა ტყე და ჭალა, ძნები, ჩალები. წინეთ თქვენი ძალა იყო, ეხლა კი ჩვენი ძალაა. წინედ ღობესაც დიდი ძალა ჰქონდა, ისეთი წნელებით იყო გამაგრებული, რომ მხოლოდ მზის შუქი და ნამცეცა ღობემძვრალა თუ გაატანდა. თქვენ არაფრად სთვლიდით ღარიბ გლეხობას. თქვენ ამბობდით: რას დააკლებსო ღობეს ძაღლის ყეფაო... მაგრამ ის ძაღლიც კი თქვენს ღობეს იცავდა, როდესაც ბნელი ღამე იყოო. ასე ეუბნება ნიკა ბობოლა „ფერია“-ს.
„ვებრძვით რიყეს, ვებრძვით ეწერს,
გარდაუვალს ვანგრევთ მესერს,
ისე ჰქონდა მესერს ძალა,
როგორც ციხის მესამე სერს.
ესეც სოფელს, ესეც ქალაქს,
ესეც თქვენა და ესეც ერს,
თუ ესე სჯის კოლექტივი
და ლენინიც სუ ესე სწერს.
აბა, ნახე ტყე და ჭალა,
მისი ძნები, მისი ჩალა,
წინად ძალა თქვენი იყო,
ეხლა ჩვენი არის ძალა,
ღობის ძალაც დიდი იყო,
წნელი წნელზე გაიყალა,
გაატანდა მხოლოდ შუქი
და ნამცეცა ღობემძვრალა.
თქვენ ამბობდით: რას დააკლებს
ღობეს ძაღლის ყეფა ავი -
ძაღლიც კი იცავდა ღობეს,
როცა ღამე იყო შავი.
შენ რომ ჩამოგიკიდნია
შენს მესერზე ცხენის თავი,
ღობეს თვალი არ ეცესო?
თვით - სოფელს კი გასძვრა ტყავი!“

XXXIX
ჩვენებიანთ ნიკას აქ სხვებიც მოეშველნენ. გაისმის მათი გადაკრული სიტყვები: „რამდენს ბოროტსა და სულმდაბალ ადამიანს მოსვენებას უკარგავდა - დაბალი ღობეო..“
ნიკას უფრო გული მიეცა - და გამოუდგა ღობის ამბავს, თუ როგორი ბრძოლა იყო ღობის გამო, თუ როგორ ტრიალებდა ღობის სარი, როგორც სასტიკი იარაღი [საზღვრების] სამნების დაცვის დროს. როგორ თქრიალებდა სარისგან მიყენებულ ჭრილობებით სისხლი. როგორი მიწევ-მოწევა იყო ორღობეში კერძო საკუთრების გამო...
„ნიკას სხვებიც მიეშველნენ: - რამდენ ბოროტს და სულმდაბალს,
მოსვენება არა ჰქონდა, რა ნახავდა ღობეს დაბალს,
ნიკა უფრო გულს მიეცა; გამოუდგა ღობის ამბავს:
- იყო ბრძოლა ღობის გამო, არაერთხელ ღობის სარი
ტრიალებდა იარაღად სასტიკი და აბეზარი.
თქრიალებდა სისხლის ღვარი, იდგა გლოვა, იდგა ზარი,
სასტიკ მიწევ-მოწევაში ხმაურობდა ჯარზე-ჯარი.
ორღობიდან - ორღობემდე იგერებდა ძალას - ძალა;
„ჩემი კერძო საკუთრება, ნუ გგონიათ ალა-ალა!
ისევ ნუგზარ ერისთვიდან ჩემი იყო ტყე და ჭალა!“
    
XXXX
არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმა [ამბობს ირონიუ] სარკასტულად ამბობს: ჩემი ძველი ყმა ღობეს ნუ დასცინისო: მას ის ღობე ჩხირის ღობე ჰგონიაო, მაგრამ იმ ღობეში ხშირად გაბმულა ღორი, უნდოდა ღობის განგრევა, მარამა ღობე მუხისააო და ღორის უღელიც [ღობის] მუხის ძირთაგან კეთდება...
არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმა
ამბობს: ღობეს ნუ დასცინის ჩემი ძველი ყმა.
ძველი ყმა! იგი მართალიცაა. ღარიბი გლეხი წინად ყმა იყო ბატონებისა, [ეხლა] შემდეგ კიდევ შეძლებული გლეხობისა...
„შენ იმ ღობეს ნუ დასცინი,
ნუ გგონია ღობე ჩხირის,
ღობესა და ღობეს შუა
ხშირად ბევრი ღორი ჰყვირის.
უნდოდა კი რომ ეგემა
გემო სიმინდების ხშირის,
მაგრამ ღობე მუხისაა
და უღელიც მუხის ძირის!“
ასე „ხითხითებს“ ბობოლა.

XXXXI
ასე წარმოიდგინეთ - გლეხის ქალიც კი ჩვენებიანთ ნიკას მხარეზეა.
- ისევ ღობე? ვითომ რათაო? - ამბობს გლეხის ქალი, იგი სწორუფლებიანი ქალია. ღობის საკითხი მასაც ეხება. ის, ვინც იმ ღობეთა აღდგენის მომხრეა, მისი მტერია. ვინ იცავს ძველ ღობეებს? - ბობოლა გლეხობა. „გაწყდა იმათი სინსილა“.. ბევრს მათგანს სურს კოლეკტივში შესვლა. მაგრამ ღარიბი გლეხობა ფხიზლად უნდა იყოს.. აჯობებს მათი აბარგება. მაშინ იმ ღობეში გაბმული ღორის ამბავი თვით ბობოლაზე იქნება ზედგამოჭრილი, - ამბობს ქალი.
ქალი ხმას იღებს, სიტყვას უმატებს:
იქვე მყოფმა ერთმა გლეხის
ქალმა სიტყვა ჩაუმატა:
- ისევ ღობე? ვითომ რათა?
ბობოლების სისხლი მაინც
რომ არასდროს იკარგება?
ბევრს სურს კოლეკტივში შესვლა,
მაგრამ ეს არ ევარგება,
სწორედ კი აჯობებს მათი
გაძევება, აბარგება!
ამოსუნთქვა ვერ მოასწრონ
და ვერც დალაპარაკება.
მაშინ იმ ღორის ამბავიც
სხვაგვარ შემოიქარგება,
სულაც არ გვაქვს შენი შიში,
სთქვი, რაც გინდა! კი გაქვს ნება!
ასე ამბობს თავისუფალი გლეხის ქალი. მის გამოსვლაში შესანიშვი არის ის, რომ: 1. მის სიტყვაში გამოისმის უფლებამოსილება; 2. ის იცავს კოლეკტივს, მას ეჯავრება ბობოლა გლეხი. სწყურია, მოიშოროს სოფელმა ეს ხორცმეტები.
სიტყვას მოითხოვს ქალი!

XXXXII
არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმა გულმოსული მიმართავს ქალს:
- ვითომ-და რა გსურს სთქვა? ვითომ რა გსურს გამოხატო სიტყვასა და სიტყვის შუა? ააჰ, ვიცით, ვიცით, რაც გინდა შენა, კარგად ვიცით. ვინა სთქვა ქალის ჭკუა? ნათქვამია, ქალს ჭკუა თმებში აქვს - ქალი გამოსადეგია მხოლოდ როგორც საყვარელი; თუ რაიმეზე არ გეთანხმება, პირზე ხელი უნდა დააფარო და ბროლ-ღიკილების ყიდვა დაჰპირდე. ქალის რა საქმეა საქვეყნო საქმეებში გარევა? - ქალი ქმარის მონა უნდა იყოს, პური უნდა აცხოს, ქვაბები რეცხოს; რა გინდა შენ თეატრში, ამ საზოგადო ადგილასო?
„ვითომ რა გსურს გამოხატო სიტყვასა და სიტყვას შუა,
კარგად ვიცი, შენ რაც გინდა, მაგრამ ვინ სთქვა ქალის ჭკუა?
მისი ჭკუა, ნათქვამია, ქათმის ტვინის ტოლა თუა,
რა გამოვა იმისაგან, როცა თმებმა გააბრუა?
ქალი გამოსადეგია მხოლოდ როგორც საყვარელი,
ერთი მაინც უნდა გყავდეს, თუ მეორეს აღარ ელი.
თუ ტირილი წამოგიწყოს, პირზე დააფარე ხელი,
უთხარი, თუ რა გატირებს, არა გიშავს არაფერი.
ქალაქს წავალ, წამოგიღო საჩუქრების წყება მთელი,
დამიჯერე, ნუ ხარ ეგრე ჭკუამოკლე და თმა-გრძელი.
სტირი - როცა ბედი გიწევს, ხარობ, როცა გიკბენს გველი,
ქალი ქმრისა მონა იყოს, ოჯახს არ გაუშვას ხელი,
პური აცხოს, ქვაბი რეცხოს, რიგზე ეწყოს ყველაფერი,
შენ კი აგერ, ამ თეატრში წამოსულხარ და რას მღერი?“
ასე ეუბნება ქალს „ფერია“. მაგრამ ქალმა მშვენიერად იცის, თუ რა გზას ადგას.
- უკაცრავად ძლიერ თქვენთან, - მიახალა წამსვე ქალმა, -
ქალი ეხლა სხვა გზას ადგას, ის მომავალს მიესალმა.
იგი საზოგადოების ერთგულია მშრომელი,
ბოსტანი არ დასტოვა, გახდა მიწისმზომელი.
ეხლა საბჭოს წევრია, კოლექტივშიც ვარგია,
ყველგან თავმჯდომარეა, ყველგან ამხანაგია!
თქვენ ამაოდ გაიძახით: ქალის ჭკუა სუსტიაო.
მისი თმების სიავკარგე - ვის არ გამოუცდიაო!
აქ გაისმის თანამედროვე ქალის ხმა. ქალი საუბრობს - თამამად, ვინაიდან იცის, რომ ის მართალია.
ეხლა ჩვენებაანთ ნიკამ ჩაახველა:
       „ქალს რას ერჩი, მე მითხარი!
მღვდელსაცა და ბობოლასაც, ჭილოფშიც კი იცნობს ყველა.
ვიცი, ჩვენთან გინდა მოსვლა, ხუმრობაში, ნელა-ნელა,
კოლექტივში ამნაირი კაცი მოხვდეს, როგორ, ბნელა?“

XXXXIII
არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმა - იღიმება. მას [აგონდება] ახსენდება წინანდელი ნიკა. ის ხომ მისი მოჯამაგირე იყო ოდესმე... [მისი] ფერიას გაგებით მოჯამაგირის სული მონური სულია, [მალე] მოჯამაგირე მალე რომ სულით დაეცემა, მალე რომ გაყოყოჩდება. რა ეთქმის დროებას, ის მოჯამაგირე რომ „გაამამაძაღლა“, მოაშორა ბოგანობას, ჩაასახლა „ფერიას“ მამულში. მას სირცხვილის გრძნობა დაკარგული აქვს, თორე როგორ უნდა გაებედნა მის მამულში ჩასახლება? თითქო თვითონ გააშენა! ჰაი, ჰაი...
- გახსოვს მოჯამაგირობა? ნიკა, გახსოვს საკირე?
შენ ხომ ჩემი კარგა ხანი, იყავ მოჯამაგირე?
სული მოჯამაგირისა, ვიცი, სულ სხვა დროა ახლა,
მალე სულით დაეცემი, მალე ცხვირს აიწევ მაღლა.
რა ვუთხრა მე დროებასა, შენ რომ გაგამამაძაღლა,
ბოგანობა მოგაშორა, ჩემს მამულში ჩაგასახლა.
როგორც ამ ხეს, ისე შენცა, არ გრცხვენიან არაფერის,
თითქო თვითონ გააშენე, აქ ბაღები მშვენიერი.
გზაზე არვინ არ გიხვდება, არხეინად მიიმღერი;
ჰაი, ჰაი, რა დრო დადგა, დროო ძველი კახაბერის!

XXXXIV
„ფერია“ (არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმა) ცხარედ უტევს თავის ძველ მოჯამაგირეს:
- შენისთანა რომ ცხენს შეისვა, უსათუოდ ცხენიდან გადმოგაგდებს, თორე რას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩემი მოჯამაგირე თავის ბატონს სრულებით არაფრად მაგდებს. ქვეყანა უნდა გავაშენოო! შენ ქვეყანა უნდა გააშენო? ისემც ღმერთი ამოგაგდებს! მონა - გაჩენილია მონად. ვინა სთქვა იგი ამხანაგად? იგი თუ ომში გამოდგება, ჯორების ბანაკში - ან სხვაგან სადმე უნდა მიუჩინო ადგილი. თუ თავს გაუვიდა - იგი სითეთრესაც კი ლაქად აქცევს.. წყეული იყოს ბნელი მოსვლა სოფლად და ქალაქად! ამხანაგობას იგი შენთან კი არა, თავისიანთანაც, მისსავე მსგავსთანაც კი ვერ ახერხებს: ერთს შეჭამანდს ვერ გაიყოფს, ერთი ყურიგდება არა აქვს. რომ გახედო თქვენს კოლექტივს, ადამიანს გული მოგიკვდება: აბა, რასა ჰგავს თქვენი ყანა და მიდამო? იგი მოუვლელად ხმება და ლპება.
[ასეთია] ამბობს „ფერია“, ბობოლა გლეხი..
ნიკა კი უპასუხებს:
- ხუმრობ, შენა?
ნიკა ამბობს, ხუმრობ შენა. ატარტალე კიდევ ენა.
ვინ გადასწვა ჩვენი თივა, შავი დღე ვინ დაგვითენა?
მიპასუხე, აქ რო დგეხარ, ნამყენი ვინ აგვიჩეხა?
სიცოცხლეში არ მინახავს შენისთანა მავნე გლეხი.
მხარზე ნაჯახს რომ გაიდებ, სხვა გზით გადაგცდება ფეხი,
გონებიდან არ გშორდება ძველი ყანა და ფარეხი.
- ჯანდაბამდისაც გზა გქონიათო, - ეუბნება კვლავ ჩვენებიანთ ნიკა, - აი, მტკვარი და არაგვი! დაინახე ფაკტი და ის აალაპარაკე („ფაკტი“ - ამბობს ნიკა). ულეველი დენა ამ „ფაკტებისა“ შედის კოლეკტივის უხვ განძსა და მარაგში. თქვენა? თქვენ კი - რა გესმოდათ თქვენ ღარიბის კვნესისა და ბრძოლის? თქვენის აზრით, ხალხს თუ იხსნის, მხოლოდ წირვა-ლოცვა.
„თუ მორწმუნე ეზიარა, და ემთხვია კარიბჭესა,
ის აღსდგება, როგორც ქრისტე აღსდგა მესამესა დღესა.
ამნაირი ქადაგებით ხომ გამოდის პაპი რომის?
ყველამ იცის განზრახვები იმ სულმყრალის და ქვემძრომის.
ვითომ ქრისტეს მოციქული, ნაშთი ჯვაროსანთა ტომის,
ეს ზეზეურ წაწყმენდილი, მნატვრელია ახალ ომის!“
(დამახასიათებელია აქ ქართველი გლეხის დაინტერესება უცხოეთის საკითხებითაც კი).

XXXXV
[ამის მსმენი] იქვე ახლო იდგა მღვდელი. მან კრძალულად და ნაწყენადა სთქვა: - ჰაი გიდი! ჩემის თვალით დავინახე, თუ როგორ გადმოაგდეს სამრეკლოდან სიონის ზარი. მიწა ჩაიზნიქა ამ დაცემის სიმძიმისაგან - და ადგილი, სადაც ზარი დაეცა, დიდხანსა სჩანდა, როგორც დევის ნამუხლარი. ზარი, დაცემის დროს გატყდა. მისი უკანასკნელი ხმა იყო რაღაც გაბზარული, საბოლოო, ცივი, მკვდარი. ეჰ, - ასრულებს იგი, - ბევრი რამ მასთან ერთად იყო მხოლოდ, და აწ აღარ არისო. ნიკა უპასუხებს:
„მღვდელო, ბევრი შენისთანა, მე არ ვიცი, როგორ ბედავს,
ახალ დროის გამარჯვებას ხედავს, მაგრამ ვეღარ ხედავს,
ღამით აღებს ეკლესიას, რასაც, დღისით გადაკეტავს..
ნეიტრალურ ზონაზეა, კიდეც ხედავს და ვერც ხედავს..“

XXXXVI
რა პოზიციაზე იდგა იქვე მყოფი ვაჭარი? იგი თვალყურს ადევნებდა - დიდ ამბებს. წინად, ლამობდა რა მშრომელთა განადგურებას, იგი ბრძნულად ამბობდა:
„მე არ - ვიტყვი
რამე სხვას,
სასწაულზე იმან სთქვას,
ვინაც გადაურჩება
ათას-ცხრაას-
ოცდა-რვას!“
ეს წელი, 1928, იყო ისტორიული წელი. მან არ გაუმართლა იმედები ძველ ვაჭარს. ათას ცხრაას ოცდარვამ საგრძნობი გამარჯვება მოუტანა - ახალ საქართველოს. „სასწაულის“ დრო არ დადგა დღემდე. და ვაჭარი ერთი წლის შემდეგ კიდევ ვარაუდობს:
„მე ვიტყვი და
აი რას:
ეს ქვეყანა
იმან ხრას,
ვინაც გადაურჩება
ათას-ცხრაას
ოცდა-ცხრას!“
1929 წელიც იმგვარადვე, როგორც 1928, ისტორიული წელი იყო. იმანაც ძლიერ შეუწყო ხელი რევოლიუციური საქართველოს წინმსვლელობას: „სასწაულის“ დრო კიდევ არ დაუდგა ვაჭარს. და ეხლა იგი [დღემდე (წიგნი)] ისევე ასე ოცნებობს:
„არაფრის თქმა
არა მწადს,
დაუმადლოს
იმან ხატს,
ვინაც გადაურჩება
ათას-ცხრაას
ოცდა-ათს!“
1930 წელი! გრანდიოზული წელი! [სტალინური] დიადი ხუთწლედების პირველი წელი. ამ წელიწადის მიღწევებით თავზარდაცემული ვაჭარი ამბობს:
„გადამრია
ნანახმა,
თუმცა არ ვარ
თანახმა!“
ნიკა ამის შესახებ ამბობს:
- როგორ? შენ არ ეთანხმები ახალ საქართველოს მსვლელობას? ჩვენი მიღწევების დანახვა - ბრმასაც კი შეუძლიაო. ვაჭარი, ძველი ვაჭარი... კიდევ განაგრძობს...
„მე არ ვიტყვი
რამე სხვას,
სასწაულზე
იმან სთქვას,
ვინაც გადაურჩება...“
და ასახელებს რაღაც არარსებულს წელთაღრიცხვაში, ფანტასტიურ რიცხვს...
მაგრამ... განაგრძოს ოცნება ძველმა ვაჭარმა. ნიკა სამართლიანად ეუბნება მას:
„შენ ნუ იტყვი რამე სხვას,
ვერ დააშრობ სიტყვით ზღვას.
ვისაც რა სურს, ისა სთქვას!
წისქვილმა კი ფქვას და ფქვას!“

XXXXVII
მთლად დაიბნა, აირია არყის სმისა და ქარისაგან ჩახლეჩილი ხმა (ნიკას „ფერია“). არც ძველი მღვდელი, არც ძველი ვაჭარი მისთვის საიმედო დასაყრდენი არაა. იგი გრძნობს იმას, რომ ყველაფერი გათავდა, ყოველივე დასრულდა ახალის გამარჯვებით. მას მწარე შიშით სასიკვდილო ჟრუანტელი უვლის ტანში. თეატრში ის სრულიად არ წამოსულა ამნაირი ანგარიშით: ის აქ გართობას ელოდა: მაინც ხომ ბობოლაა ჯიშით (ხელოვნებაც - გართობის მიზნად მიაჩნია).
იქვე იჯდა ძველი აზნაური.
მაგრამ რას წარმოადგენს ეხლა ძველი აზნაური? იგი ჩამომხმარი, ფერშემკრთალია. იგი ეხლა ძველი „შემოდგომის აზნაურიც“ კი აღარ არის! მაგრამ მაინც არსებობს იგი -
ეხლა სახლში უკიდია
მოკაუჭებული ხმალი.
ვახტანგ მეფის კანონებზე
ფიქრობს გული მიმავალი.
ენაცა აქვს იმნაირი
(როდის ჰქონდა ენას ძვალი?),
საქართველოს ხერხემალი,
საქართველო ქედმაღალი!
აი, რა სურდა მას გაეგონა თეატრში: „საქართველოს ხერხემალი, საქართველო ქედმაღალი“. ვის არ სწყურია ამგვარი საქართველო? მაგრამ როდესაც ამ სიტყვებს გაიძახის არაფრის მქნელი? სიტყვები ცარიელ სიტყვებად რჩებიან, განზრახვაც.
რა ესმის აქ საწყალ აზნაურს?
„აქ კი აურ-ზაურია,
მოსცხე თავად-აზნაურებს.
მღვდლებსაც აურ-დაურიე.
ბობოლაც და აზნაურიც
ამ ჭირში ვინ შეათრია?
- დაღუპულა საქართველო,
თუ რომ ესეც თეატრია“.
ჩვენებიანთ ნიკა ეხლა, [გადაწყვეტით ამბობს:] აჯამებს რა ყოველივეს, რაც მოხდა, გადაწყვეტით, კატეგორიულად ამბობს:
„შორს არაა ის დრო, როსაც,
არამარტო სოფლის საზღვრებს, -
საზღვრებს წავშლით მსოფლიოსას!“
და უმატებს:
„საზღვრები დიდი ღობეა,
მუდამ გვეჭიროს თვალყური,
ლოზუნგი მისი დანგრევის
მასსიურია, ხალხური!“
აქ ბობოლას (ჩვენებიანთ ნიკას „ფერიას“, „წითელ ნიღაბს“) მოეჩვენა, რომ იძრა მიწა, ქურა გასკდა, წამოვარდა და სისწრაფით მიაშურა კარებს.
მას მიჰყვა ვაჭარი,
ვაჭარს მიჰყვა უცნობი ვინმე, სახელად „კრუხის პალო“.
„კრუხის პალო“-ს მიჰყვა „აზნაური“.
აზნაურს - ანაფორიანი კაცი. მოცხრილეს.. უკან მისდევს ხალხის ხარხარი და მეხი.. და თავდება პოემა გრანდიოზული ლექსით:
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლეკტივო, მხარი მხარს,
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივსცეთ მხარი მხარს..
წავიდეთ, მოვედოთ,
თავისუფალ მთა და ბარს,
მივიდეთ, მივუდგეთ
გაერთიანებულ ჯარს.
ჰარიქა, ჰარიქა,
ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს,
ჰარიქა, ბობოლა,
ძველ ღობეებს უვლის გარს.
ჰარიქა, ქალაქო,
ველით მანქანების ღვარს;
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლეკტივო, მხარი მხარს.
აბა, ჰე, აბა, ჰე,
[აბა, მივსცეთ მხარი მხარს,]
მივდგეთ ჰექტარსა და გას.
წავიდეთ, მივხედოთ
ცეცხლმოდებულ მთა და ბარს,
დროშებით მივუდგეთ
გაერთიანებულ ჯარს.
ვინ ნახავს რამე დარს,
ახალ საქართველოს დარს,
მეხი - მეხს, ქარი - ქარს,
ჩვენ კი მივსცეთ მხარი მხარს!

ასეთია შინაარსი პოემისა: „ჩვენებიანთ ნიკა“ ანუ „მხარი მხარს“. „აწ ნიკას თავს დავანებებ, - სწერს პოეტი, - ის მომავალის სხივია, რევოლიუციურ გაგებით“. რა თქმა უნდა, რასაკვირველია: „ჩვენებიანთ ნიკა“ - მომავლის სხივია. ის სახელია მთელი მომავალი საქართველოსი: კოლექტიურ მიწის მფლობელობაზე აგებულ საქართველოსი.

შენიშვნა: პოემა „ჩვენებიანთ ნიკა“ - რევ. საქართველოშია მოთავსებული. გვ. გვ. 52-88.
კოლეკტივებზე ლექსებია აგრეთვე...

XXXXVIII
აი, ქალიშვილი ზმანება. „შენ დამრჩი ერთი ზმანება“ - მიმართავს მას პოეტი. „თქვენშიდაც, რა თქმა უნდა, კოლექტივია, ნოყიერი ნიადაგებით. მაგრამ არა გაქანებული მერანი თანამედროვეობის, გულუშიშარი ეპოქისა და მისი მძლეობის სიმბოლო. შენს სახლში ჰყვავის ჰერანი, როგორც უდავო ნიშანი მეშჩანურ, ობივატელურ კეთილდღეობის. ჩვენ ვიბრძვითო, - სწერს პოეტი, - იმისათვის, რათა ჩვენი ტყე-ველი იქცესო ინდუსტრიალურ ბაღებად, რათა გავერანებული და უდაბური მიწა - გადაიქცნენ გზებად - სიმბოლოდ აღორძინებისა და წინსვლასთან კავშირის, შენთან კი გულის წამღები ერთფეროვანებით, თქვენ მიერ შეულეველი, ჰყვავის და ჰყვავის ჰერანი. გერანი - როგორც გერანი. როგორც დიდი ხნის წინად შესწავლილი ანბანი, უკვე განვლილი ეტაპი, როგორც ზონარი წიგნში, რაღაც სუმბურული ამბავი, რომელიც არც კი ღირს მოგონებად!!!“

მარხავდნენ პოეტს წერეთელს. თავად-აზნაურობის სახეზე თითქო ეწერა: იგი ჩვენია, ჩვენი იმერეთის შვენება, ჩვენი მზის, ჩვენი გულის ნადების და განზრახვების გენიალური გამომსახველი. აჰა, თქვენია! რა თქმა უნდა, თქვენია. იმ ავტორს, ვინც ბევრჯერ მისცა თაკარა, ის ხალხი აცხადებს თავის მამად. ის ხალხი, ვის ოცნებასაც შეადგენდა ღვინო, ქალები, ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა და... ბაქარა! ისინი ჭირისუფლობდენ: დავკარგეთო, ვაი, რა მზე, როგორი განძი! ბევრი მათგანი შავებით იყო მორთული (გონებაში ვინ იცის, გადადის თასი და ყანწი, ძაღლები, მოურავები). მუდამ რომ ეს მუქთახორა ეხვია პოეტს, რომელიც ყველას მიერ ტიტანად იყო აღიარებული, საკითხავია, რისთვის [კარები] კარი არ დახურა? როგორ იტანდა იმ ჰაერს? მაგრამ, ადვილი წარმოსადგენია, რომ ვერ იტანდა! აჰა, ეს ეზოც, შევედით! სვეტებს იერი გადაჰკრავს სიძველისა... მეორე სახლიდან გამოდის მაღლარის ცბიერი სუნი. სდგას მზარეული თეთრი ქუდით და საფარით... ყველაფერში იგრძნობოდა, რომ აქ უძველესად ფეოდალი ცხოვრობდა. როცა ეს საძირკველი ჩაჰყარა ძველმა ფეოდალმა, სძარცვა რა გლეხობა და ვიდრე იცოცხლა, ბედნიერად იცოცხლა! გარდაიცვალა ჭაღარა და მას დარჩა მისივე მსგავსი მემკვიდრე.
და ბოლოს მოვიდა დიდი მწერალი.
როგორღაც ეს შთამომავალი ასცდა წინაპართა ლიანდაგს.
მან მოიტანა ახალი ლექსები, ახალი იდეებით, ახალი მიმართულებით, და მრავალზე-უმრავლესი კარგი შუქი მისცა ამ ბოროტ ნიადაგს.
შევედით შიგნით.
პოეტის ცხედარს გულს ადევს ჯვარი.
და ამ ჯვარს კრძალვით ეამბორება ფერად-ფერადი ხალხი.
მოხდაო უბედურება,
რა ჯამაათი, რა ჯარი,
რა მზა ვაი და უია -
როგორი მედიდურება,
სიდან მოსული ვაჭარი,
რა ყალბი ალილუია.
ამის შემხედვარე პოეტს ეს მიაჩნია მწარე დაცინვად, შეურაცხყოფად.
დაცინვა, შეურაცხყოფა,
მართლაც რომ ნამეტანია,
არ შემიძლია. გავრბივარ!
და ჭიათურის მთათ წყობას,
იმ შავ-ქვას, რაცა ხანია,
გავყურებ, თითქო ხარბი ვარ.
„უცებ მოვკარი ძირს თვალი, რომ იმ ადგილას, სადაც ტყე არის თუ ვენახი, ყველასგან შეუმჩნეველი იდგა მოხუცი, ძალზე მოხუცი ქალი. მის გვერდით დაგინახე შენ, ხელში სახსოვარი გერანით.. შემდეგ შენ ცერებზე იდექ და უსმენდი, თუ როგორის პათოსით ლაპარაკობდა პოეტის ლომურ, შეუდარებელ გარეგნობაზე - ინტელიგენტი. იგი იყოო ზე-კაცის გვარის, დინასტიური მფლობელის გარეგნობით, მღერალი ცისა, სახება ღმერთთა სწორის, მანათობელი მზის სხივი.
ეს იყო დიდი ხნის წინად“.

*
შენ დაიბადე ალბად ისეთ დროს,
როცა ატამი ჰყვაოდა ბაღში...
რამეთუ მათი სურნელებანი
[უხვად] შენს მზიურ ლექსებს ჰფრქვევია უხვად.

ან დაიბადე - როს მწიფე ყურძნის
[დაზვინული ვაზები იზნიქებოდენ]
ზვინით ვაზების მძიმე [მტევნები] ტოტები
იზნიქებოდენ, ძირს იხრებოდენ,
იკრიფებოდა რა ვენახები...
და მარანშიაც დუღდა მაჭარი,
რადგან გვახელებს და გვათრობს -
ლექსი შენი.

ან პაპანაქება ზაფხულში იშვი,
როცა ცეცხლოვანი მზე სწვავდა ქვეყანას -
რადგან ლექსი შენი -
ცეცხლს უკიდებს [ქვეყანას] კაცის გულს.

ან და ზამთარში - როდესაც თოვდა,
„იისფრად თოვდა“.
და ამ თოვამ
„შეგაყვარა თმენა უსაზღვრო“.

ერთი კია, რომ
შენ დაიბადე ათას-რვაას
ოთხმოცდა თორმეტს.

არ მოსწრებიხარ შენ მშობელ მამას,
მაგრამ მისგანვე ნაანდერძევმა
ხელნაწერებმა და წიგნთსაცავმა
დედის ძუძუსთან ერთად გაწოვა
სიცოცხლისა და პოეზიის
ტკბილი ნეკტარი.

პაწაწინა ბიჭიკომ
დედის კალთაში შეისწავლე
„აი - ია“.
ექვსი წლის იყავ,
„დედა-ენას“ როს დაეუფლე,
და ათი წლისამ
ლექსთა ღმერთთან ილაპარაკე.

*
1 ივლისი. 1947 წ.
ორ-სამ დღეში მზად იქნება ჩემი IV ტომი. 200 ეგზემპლიარი. ასი ცალი.
მაგრამ დავაფუძნოთ დღედ წიგნის გამოსვლისა 9 ივლისი (ოთხშაბათი).
მანამდის უნდა დამზადდეს:
1. ფოტოები წიგნის ყდისა. 2. ბიბლიოგრაფიული ცნობა - პრესისთვის. 3. სპეციალური წერილი რადიოსათვის. 4. წარწერები - მიძღვნები - ჩვეულთათვის.

[ჭიდოსნური სალა.]
[ბრაზიანი.]

* * *
[პოეტი სახით] ჩემებრ პოეტი უცებ იცნობა.
არ უნდა ამას დიდი მისნობა.

[გოგიმ] [გიორგიმ რითმა ჩამომიწერა -
თორემ რა ვიცი]
სულ ეს რითმებიც გიორგიმ მომცა,
მე [ვერას] არას დავსწერ, კეტი მცენ რომცა.

არ ვიცი მუზა და ამურები,
[არც ჭიდოსნური სალამურები]
არც ბულბულები [არც] და ღამურები.

მე ვიცი [ზოლ და] რითმა „საამურები“
და ჭიდოსნური სალამურები.

ავტობიოგრაფია.
ვასილი ბარნოვი.
იეთიმ გურჯი.

ირეთელი
I
კახეთიდან წამოვედი -
მოვიარე ვაზიანი -
გალაკტიონ, თვალს გიშვრება -
გვერდთ რომ გიზის, აზიანი -
II
გზაზე ცხენმა გამაწვალა,
კვიცი სდევდა ბრაზიანი,
გალაკტიონ, გვერდით გიზის
კოხტა გოგო აზიანი.
III
ციმბირს რომ გადამასახლეს...

Я коль не мученное.

გიორგი ახვლედიანს
[ომი გათავდა. ამ...]
გიგზავნით ამ წიგნს.

ამ წიგნში ოდნავ აისახა ის მძაფრი ხანა,
[როცა სისხლს ღვრიდა საყვარელი ჩვენი ქვეყანა.]
ის მძაფრი ხანა, როს სისხლს ღვრიდა ჩვენი ქვეყანა...
გათავდა ომი - ..............................უნდა გავმრავლდეთ.
აღმოსავლურ ბაიათებსა და შიქასტებს
შუაღამიდან გათენებამდის.

* * *
[გიგზავნით ამ წიგნს, მასში ოდნავ [მაინც] სჩანს იგი ხანა,]
როცა სისხლს ღვრიდა საყვარელი ჩვენი ქვეყანა!

[ბევრი ......................... არასოდეს არ დაბრუნდება.]
ბევრი დაბრუნდა: მაგრამ ბევრი არ დაბრუნდება...
სახელი მათი - გუგუნებს და აგუგუნდება.

გიორგი ახვლედიანს. უნდა გავმრავლდეთ.        
Галактион Табидзе.

* * *
ბევრი დაბრუნდა, მაგრამ ბევრი არ დაბრუნდება -
სახელი მათი...

ა, ასე, დროზე რომ მისცა, აგეთი შეხედურობა აქვთ (ძილში გაგონილი სიტყვები).
                
* * *
ორი და ჰყავს
ტერ-პსიქორეს:
ერთს წი ჰქვია,
ტრა მეორეს.
        
აყროლებენ
რადგან ჰავას -
ტრა - სიმონას,
წი - ჩაჩავას.

*
გიგზავნი ამ წიგნს.
ომი გათავდა.
ამ წიგნში ოდნავ აისახა
ის მძაფრი ხანა -
ის მწველი ხანა,
როს სისხლს ღვრიდა
ჩვენი ქვეყანა.
გათავდა ომი.
გიგზავნი ამ წიგნს.

Письма.

*
მშობელი ქვეყნის ერთგულო - მგოსანთ მგოსანის ჰანგებით,
[მშრომელი ხალხის ერთგულო] ხარობს დღეს რაჭა-ლეჩხუმი თქვენი აქ ჩამობრძანებით.

[ეს ჩვენი რაჭა-ლეჩხუმი - განძია]
სალამს მოგიძღვნის
საერთო სათიბ-ყანები, მიწა-წყალი და ტყე-ველი.

*
იმ ომის დროს ჩვენ ყველანი
გატაცებით ვთრთოდით დიდით -
რა კალამი და მელანი
ასწერს, რასაც განვიცდიდით.

დაცხრა ომი, [და] სჩანს ალამი
გამარჯვების - კიდე-კიდით.
რა მელანი და კალამი
იტყვის, [რასაც] რაც ჩვენ განვიცადეთ.

მოგონებით გასწვდენია
ზოგნი მიწად, ზოგნი ცადა,
რა გენია, რა გენია,
იტყვის - რაც დრომ განიცადა!
1945

* * *
საჩრდილობელი ცაცხვისა მგზავრს ისრებს მზისას არიდებს,
უდაბნოდ მოხეტიალე გზას გულში დარდათ არ იდებს,
გრილი ნიავი ჩრდილისას არხევს კალთებსა და რიდებს
ინატრის: ასეთი ჰქონდესთ - დარი ძმებსა და დარი - დებს!
4 მარტი, 1945

* * *
ჩერჩილი „ე“-ნით ხმაურობს,
თუ ე-ნს მოაკლებ, ფრთამალი
ჩრჩილი დარჩება და მისი
ნაფტალინია წამალი.

1947