შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-177 - 1946 წელი


1946 წ., 1-15 გიორგობისთვე.
1 ამ თვეს მე ვფიქრობდი: ოცი დღეა, რაც ჩავაბარე წიგნი, მე-IV ტომი, სახელგამს; ოცი დღის განმავლობაში რედაკტორმა გ. ნატროშვილმა, ნუ თუ ვერ მოახერხა მისი გადათვალიერება-მეთქი. გამომცემლობის სალიტერატურო განყოფილების გამგემ მითხრა (ა. ჭეიშვილმა), რომ რედაკტორი, გ. ნატროშვილი, გულდასმით შინჯავს წიგნს, რომ იგი დიდი მცოდნეა მხატვრული ლიტერატურის, რომ თვითონაცა სწერს მოთხრობებს და სულ ზეპირად იცის მხატვრული ლიტერატურა, ხალხური პოეზია ხომ იცის და იცისო. შენს პირს შაქარი-მეთქი, ვიფიქრე, თუ მართლა ასეთი რედაკტორი ხვდა ჩემს წიგნს, ჩემს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს-მეთქი. ეგ არაფერია, რომ ოცი დღე წიგნის გადათვალიერებას უნდება, ალბად, სერიოზულ რჩევებს მივიღებ და მეც მეტი რაღა მინდა-მეთქი.
გავიდა კიდევ ერთი კვირა. წიგნზე არავითარი პასუხი არაა. ცოტა კი შევფიქრიანდი: ის ჩემი რედაკტორი, ალბად, სხვა საქმეებშია გართული და ჩემი წიგნის ბედი, შეიძლება, ნაკლებ აინტერესებდეს-მეთქი.
ეს ჩემი შიში საფუძველს მოკლებული არ აღმოჩნდა: თურმე ნატროშვილი გ. ლეონიძის კარგა მოზრდილი წიგნის რედაკტორიც ყოფილა. ძველადანვე კუდით-კუდს გადაბმულნი არიან და ერთმანეთის ხათრს როგორ უღალატებენ. ნატროშვილი ლეონიძის წიგნით იყო უმთავრესად დაინტერესებული და ამიტომაც სახელგამს სულ მალე ჩააბარა მის მიერ რედაკტირებული წიგნი.
ჩემი წიგნი კი აგერ ახლა გადმოეცა სახელგამს.
როდესაც წიგნი მიჩვენეს, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: 11 ათას სტრიქონის მაგიერ სულ ორი ათასი სტრიქონი დაეტოვებია. დანარჩენები ტყვილა ისე, აგდებულად გადაეხაზა კარანდაშით...
პირველად ვიფიქრე, ამ საკითხს ცეკაში დავსვამ-მეთქი. მერე ვთქვი, ვირია და ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს-მეთქი. იქ კიდევ შეიძლება გააჭიანურონ, ისევე სხვა რამე ხერხი უნდა ვიღონო. „კარგი-მეთქი - შევუთვალე - ეგრე იყოს“. თან გულში ვფიქრობ: ცინიკოსობა მაგრე არ უნდა-მეთქი...
ავიღე და კარგა შემჭიდროებული ლექსები - გავშალე: იმ ორი ათასი სტრიქონიდან გავაკეთე 5.200 სტრიქონი! წიგნი ხელახლა გადავაბეჭდვინე მანქანაზე: 700 მანეთი „ფლური“ დამიჯდა, მაგრამ ეგ არაფერია...
ის კოჭიტარა ნატროშვილი, ის ბატი ჭეიშვილი, ის მუტრუკი კიკნაძე შეგნებულად მავნებლობენ ჩემი წიგნის საქმეში: პირველი ამახინჯებს წიგნს, მეორე ხელს უწყობს წიგნის დამახინჯებული სახით გამოსვლას, მესამეს უხარია, რომ წიგნი იაფად უჯდება - სტრიქონების სიმცირის გამო, თან შურსაც სძიობს, ძველი შეურაცხყოფის გამო.
წიგნი ამჟამად ჩემს ხელშია, სუფთად გადაბეჭდილი, გამზადებული სტამბაში გადასაცემად. ხვალ ჩავაბარებ.
ვნახოთ, კიდევ რა ხრიკს მოიგონებენ.

*
გავუგზავნე თამარ აბაშიძეს სიტყვა-სიტყვით სათარგმნელად „გმირული ნანგრევები“. შემხვდა შალვა მანაგაძე, გ. ქელბაქიანი, ს. ციციშვილი, თვალთვაძე.
შევუთანხმდი ბ. ჟღენტს - მალე უნდა შევარჩიოთ მასალები რუსული წიგნისთვის.
 „საბლიტგამი“ მპირდება საბავშო ლექსების კრებულის გამოცემას, კრებული კი მზად არა მაქვს: რა იქნება ერთ დღეს ჩავუჯდე და გავათავო ეგ საქმე? 3000 სტრ.
მოსკოვი? Москва, как много в этом звуке.... მაგრამ..... Дело разве только в звуке?
საჭიროა ბევრი სიტყვა-სიტყვითი თარგმანები. მთავარია რუსული წიგნი!
აფხაზეთის წიგნი? ქაღალდია საქმე (აქ გოგი ჯიბლაძე თუ დაგვეხმარება). ეჰ, არავისი იმედი არა მაქვს, გარდა ჩემის თავისა.
ასოცდა ხუთი ლექსი რომ ითარგმნოს, 5.000 სტრიქონი ახალი გვექნება რუსული წიგნისათვის. განა ეს ძნელი საქმეა? საჭიროა მთარგმნელთა კადრები. მათი გამოძებნა და დაჩქარება - საქმის.
„რჩეულიდან“ რა შეიძლება ითარგმნოს? როდის გამოვა პ. შარიას ბროშურა?
სახელგამისა და აფხაზეთის წიგნებიდან რაც რედაკტორებმა ამომიშალეს, უნდა გადათვალიერდეს და აირჩეს მასალები სათარგმნელად.
პოემები: 1. აკაკი წერეთელი. 2. „ჟუგა და ასინდა“. 3. „ციხის საიდუმლო“. 4. „სამი პალმა“. 5. ამირანი. 6. როცა იელვა. 7. ფიქრები ძაუგთან. 8. ძლეული სენი. 9. საუბარი ლირიკის შესახებ. 10. გამარჯვების დღე. 11. ბარიკადებზე იბრძოდა ქალი. 12. კრ. პალო (მხარი მხარს).
თვალთვაძემ მართალი სთქვა: პასტერნაკი და... ჩაებმებიან თარგმნით მუშაობაში და ისინი გამოყენებულნი უნდა იქნანო... ბესარიონი აქ შემოვიდესო.
საჭიროა [ყველა] ამოღებული ლექსების ცალკე რვეულებად დალაგება. ეს ლექსები ხომ ჩემი ვალიუტაა. ხვალ რამდენიმე ასეთი რვეულის შეძენაა საჭირო.
ამ წლის გაზეთების დალაგება და გადათვალიერებაა საჭირო: მოსკოვის ამბები, კიევის ამბები, ბელორუსია და სხვ.
ნონეშვილი ეხლახან დაბრუნდა ლატვიიდან. ყოფილა რიგაში. იქ სალიტერატურო გაზეთი გამოდისო. ლატვია, ერთი წელია, რაც გასაბჭოვდა. ლატვიაზე დღეს წერილია „ოგონიოკ“-ში.
სომხეთს ბედი უღიმის. გაზეთებში ყოველდღე მათზეა წერილი. ყველგან თავისი ხალხი ჰყავთ. ჩვენ რა გვეშველება, რომ არსაიდან იმედი არაა. საკუთარი ხელით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი - своею собственной рукой.
ყოფილა ვიღაც აფერისტი სალამანიძე - სწერია გაზეთებში: ევროპიულ ენებზე ითარგმნება სალამანიძეო (მეც თვითონ წავიკითხე „სახალხო განათლება“-ში). თითქო ლენინგრადიდან მოდის ცნობები მის შესახებ. ნამდვილად კი თურმე სიმონეთში ზის და იქიდანა გზავნის წერილებს თავის თავის შესახებ. გაუგეს, მაგრამ... რა ჩემი საქმეა ეგა?
                „ირაკლი სდგას - ჯეირანი -
                მოიარა მან ირანი“.
გრიშაშვილი დიდ გაწამაწიაშია. ყველგან ეჩრება აკად-ში არჩევნების წინ. ვაი, თუ კოვზი ნაცარში ჩაუვარდეს. გორდეზიანი მამაძაღლობს.
ჩემის აზრით, წიგნის განსაზღვრული ეგზემპლიარები უნდა დაიბეჭდოს კარგ ქაღალდზე, დანარჩენს, რა გაეწყობა, დეე, დაიბეჭდოს „ნიკოს იშხიმზე“. მხოლოდ რომ არ მინახავს, რას წარმოადგენს ნიკოს იშხიმი, ეგ ვერაა კარგი საქმე.
მაინც რაღაც შეჯახებასავით გამოდის: უნივერსიტეტისა და მწერალთა კავშირის საღამოები, ალექსანდრე ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი.
დიდებული იდეაა - სტენოგრაფია: თანამედროვე კალამი, მართლაც, ვერ ასწრებს აზრის გამოთქმას. აზრი შეუდარებლად სწრაფია - ვინემ კალამი. ამაში მე ადრევე ვიყავი დარწმუნებული. ეპოსი - ვერ შეიქმნება. „დიდი ტილოების“ ამბები მიქარვაა და შანტაჟი. ორმა ლაკონიურმა სტრიქონმა შეიძლება შეითავსოს უზარმაზარი პოემა. Steno - სისწრაფე - არავისთვის, შეიძლება, ისე საჭირო არ ყოფილიყვეს, ვიდრე დოსტოევსკისთვის, აქ სხვაგვარ „დიდ ტილოსთან“ გვაქვს საქმე.
15-20 - გიორგობისთვე.
წიგნმა განვლო პერიოდი პირველი წეწვა-დამახინჯებისა (ე. ი. დამახინჯებისა - იმგვარად, რომ ლამის სახეც დაეკარგა), და ასეთი სახით, როგორც იქნა, გადავიდა მეორე პერიოდში. ხელნაწერი გადაეცა ტექნიკურ რედაკტორს სტამბაში გასაგზავნად... ახლა გორდეზიანთან გვაქვს საქმე. „ფლური“ გადარიცხულია - ბანკში ჩემს სახელზე.. გორდეზიანი - დიდი უცხვირპირო კაცია - მაგრამ ვერაფერს გახდება. მან მითხრა, რომ წიგნი გადავგზავნე სტამბაში ასაწყობადაო. მაგრამ ირკვევა, რომ ჯერ არ გადუგზავნია: ამ ფუტურისტს ჰგონია, რომ შეაფერხებს საქმეს... როგორ სცდება საბრალო!
თამარ აბაშიძისაგან არრა ისმის რა...
ნუნუმ ვერ შეასრულა დავალება „ფედერაციიდან“ ვანო იოსელიანის წიგნის გამოტანის შესახებ. დავალებას ყველა უნდა ასრულებდეს!
აბესალომმა ვერ შეასრულა დავალება სოფლიდან ჩამოეტანა ჩემთვის: 1. პირველი წიგნი 1914 წ., 2. დედის სურათი, 3. საქართველოს რუქა ივ. ჯავახიშვილის რედაქციით. იგი ხელცარიელი დაბრუნდა. უბრალო დავალებაც კი ნატიურ-მორტის ატრიბუტისა - ისიც კი ვერ შეასრულა.. ჩემს დავალებას იგი უნდა ასრულებდეს. ასეთი შეუსრულებლობა - შლის საქმეს.

მოსკოვის წიგნის საქმე მიამიტად იწყება.. მიამიტად... ჯერ სულ მიამიტად! ბ. ჟღენტს გადავეცი თარგმანები ლექსებისა და თითქმის სრული სია - ხელთ აქვთ „რჩეული“. მანქანაზე იბეჭდება მე-IV ტომი - სიტყვა-სიტყვითი თარგმანებისათვის. გადახედა მან თუ არა „რჩეულს“ - იქ ხაზგასმულია ლექსები, რომელიც უნდა ითარგმნონ. საჭიროა მეტი სიტყვა-სიტყვითი თარგმანები. მთავარია რუსული წიგნი!!! „Слух обо мне пройдет по всей Руси великой“. მართლაც, როდის იყო უკანასკნელად მ. გორკი საქართველოში? როდის სთქვა მან თავისი ცნობილი ფრაზა: „Я говорил - человек звучит гордо... Да, да! Не переиначивая сказанного - я могу добавить: Галактион - звучит гордо!“ ნიშნავს თუ არა რაიმეს ეს სიტყვები? „Хорошее имя Галактион! Галактион звучит гордо“. არის თუ არა ამ სიტყვებში ძალა?.. „- Да, да... Галактион - звучит легендарно... именно легендарно и гордо“.
სად იყო ეს? - აჰა, გამახსენდა! ბანკეტზე, რომელიც გაიმართა გორკის პატივსაცემად მწერალთა სასახლის იმ ოთახში, სადაც ოდესმე - დავით სარაჯიშვილთან თავს იყრიდენ ილია ჭავჭავაძე, არტურ ლაისტი.
მახსოვს იმ დღეს სასახლეში არ შემოუშვეს ვანო ქურხული - pardon - ილიკო ქურხული: რაღაც ახალი თავისი გაკეთებული სტვირი უნდა ესახსოვრებია გორკისათვის.. შალვა ელიავამ ჟურნალისტებიც არ დაუშვა ბანკეტზე: Не надо этих гордописцев... მახსოვს, იყო მარიამ ორახელაშვილიც. მახსოვს, მან თავისი წიგნიც მომცა წარწერით: „Галактиону Табидзе, поэту с легендарной славой“. სად, აჰ, სად დაიკარგა ეს წიგნი? ლეგენდარული გალაკტიონი!
ეს სიტყვები მან სთქვა მაშინ, როდესაც მე დარბაზში შევედი, სადღაც დამაგვიანდა და ბანკეტზე თავიდანვე ვერ დავესწარი. დიდი, ვრცელი სუფრა, ყვავილებითა და ღვინით დაფარული სუფრა, თეთრი ელექტრონის სინათლე, ბრჭყვიალებს ბაკკარა. მაგიდის თავში ზის ალექსეი მაქსიმიჩი. ჩემის შესვლისთანავე მარიამ ორახელაშვილმა სთქვა: „А-а! Вот и наш Галактион“.
და ამას მოჰყვა ალექსეი მაქსიმიჩის ის დაუვიწყარი ფრაზაც. მეორე დღესაც შევხვდი მ. გორკის „ინტურისტი“-ში. მესამე დღეს მუშტაიდში დიდი საღამო იყო.
მაგრამ არ მახსოვს რომელი წელი იყო.
როგორ ეხერხებოდა მას უცებ, ორი-სამი სიტყვით გამოეხატა ის, რასაც ფიქრობდა ხალხი ჩემს შესახებ...
არის თუ არა გორკის ამ სიტყვების გამოძახილი თუნდაც 17 გიორგობისთვე? როგორ არ არის. 17-ს (მე სრულიადაც არ მახსოვდა) ჩემი დაბადების დღე იყო. რადიო მთელი საათის განმავლობაში ატარებდა ჩემი დაბადების დღეს: იყო მოხსენება, და ჰკითხულობდენ ჩემს ლექსებს მიკროფონთან. მე კი ეს ამბავი მესამე დღეს მითხრეს. ასეა. Галактион звучит гордо!
კარგია, როდესაც სახელი ისე განითქმება, რომ თვითონ შენთვისაც მოულოდნელია.
მახსოვს გორკის ხმა: ეს იყო ბოხი, რაღაც ძლიერ დახშული ხმა, თითქო სიღრმიდან, შორი სიღრმიდან მოისმოდა სიტყვები, ნაწყვეტ-ნაწყვეტი: ასე ხანდახან მიწის ქვეშ დაფარული მდინარის ხმაურობა ისმის, ან როდესაც ფეხს დაჰკრავ იმ ადგილს, რომლის ქვეშ უჩინარი ჭაა და ამოგუგუნება სხვანაირად მოისმის. გუჰ! გუჰ! - დახშული ხმა. Галактион... звучит... гордо - ო, ო, ო. ქართულად ძნელი სათარგმნია სიტყვა - эхо.. მაგრამ როდესაც როიალის მხოლოდ ერთ მაღალ კლავიშს დაადებ ხელს და.. ყრუდ დაიგრგვინებს, ხმა გრძელდება და სადღაც სიღრმეში იკარგება.
ის კი ყოველთვის ძალიან თავდაჭერილი იყო სხვის შეფასებაში... ეს მას არ უთქვამს მაიაკოვსკიზედაც კი...
მახსოვს მისი პოზა; ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, მუხლს მარცხენა იდაყვით დაჰყრდნობია და ხელი [ლოყაზე] ნიკაპზე აქვს მიბჯენილი, რის გამოც სხეული ბეჭებში იხრება, თავი კი მთლიანად იმ მარცხენა ხელზეა დაყრდნობილი - და წინ წამოიწევა გორკის სახელგანთქმული ულვაშები.. მთლიანად რუსული.
ეჰ, ყოველივე ეს ოცნებაა... საჭიროა მთარგმნელთა კადრები და საქმის დაჩქარება!
ლიტველი მწერლების ჩამოსვლა ჩემთვის სასარგებლო იყო. „ლიტერატურა და ხელოვნება“ კარგად გამოეხმაურა. Г–З–Г.
დღეს ბევრი კარგი საქმე გავაკეთე ოჯახისათვის (ოჯახი - ამ სიტყვას ასეთი მოწიწებით ახსენებს გიორგი. ნინაც): გადადგმულია ნაბიჯი ელექტრონის შტეპსელების დადგმისთვის, "ფლური" - ოთხასორმოცდაათი, მივეცი ოსტატს და ის ხვალვე გააკეთებს საქმეს. გადადგმულია ნაბიჯი პალმების შეძენისათვის, გადადგმულია ნაბიჯი პირსაბანის ხელახლა მოსაწყობად, ოსტატს მივეცი ასი "ფლური" - ბე. გადადგმულია ნაბიჯი ფარდების ჩამოფარებისათვის, გადადგმულია ნაბიჯი სამი კაფელის ღუმელის დასადგმელად, სამი მისი „კარკასი“ შეძენილია, გადადგმულია ნაბიჯი ორი ნიკელის საწოლის შესაძენად. ვოცნებობ ერთ პიანინოზე, [და] ერთს ხალიჩაზე და ერთ დივანზე. ერთი სურათი არწივისა (ცაგარლის მიერ თარგმნილი ლექსების ყდაზე რომაა) უნდა გავაკეთებინო კეცხოველს. საჭიროა ელეკტრ. ზარი კაბინეტში და კარებთან. „სამი პალმა“, როიალი, ნოხი - აუცილებელია... დროა, სახლში მოვეწყო, თორემ სხვაგან რა მოხდება - მე რა ვიცი (Г.З.Г.). Своею собственной рукой.
კარგი იდეაა - ახალი წელი აღინიშნოს ჩემი ლექსებით...
ჩემი საახალწლო ლექსები - გუნდებით, რადიოთი, ყველა გაზეთებით და ჟურნალებით („მაშ, დიდება მზეს“, „გამხიარულდი, ბუხარო“, „ეს წელიწადი ახალი“..) (Г.З.Г.).
ჩატარდა ალექსანდრე ჭავჭავაძის საღამოები. ცოტათი, რაღაც ძალიან გაუგებრად, წაიპურტყულა გრიშაშვილმა და მიწყნარდა. ვაი თუ კოვზი ნაცარში ჩაუვარდეს. ძალიან კი ცდილობს.. აბესალომი დაესწრო ამ საღამოს („პრეზიდიუმში“ იყო, მაშასადამე, სცენაზე და... მოულოდნელად რომეოს როლში. ეს ამბავი მას ნინამ მოუწყო ძალიან ეშმაკურად. მე რომ ნინას ბილეთი მივეცი, მან თურმე არეთას გადასცა. კარგი სიუჟეტია იუმორისტული მოთხრობის დასაწერად).

*
1948 წ., 25 აპრილი.
დამთავრდა მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმი (22-24 აპრილი). რამდენადაც გამოირკვა - რა საზიზღრად მუშაობს პრეზიდიუმი, და განსაკუთრებით მისი თავმჯდომარე ს. ჩიქოვანი - იმდენად (რაც გასაოცარია) კიდევ უფრო განმტკიცდა იგი. პლენუმი - ფორმალური აღმოჩნდა, საქმით - ისევე პრეზიდიუმის მიერ წარმოდგენილი რეზოლიუცია იქნა მიღებული. პრეზიდიუმის თავმჯდომარეს მაღლიდან უჭერენ მხარს, შიგნით კი პარტორგანიზაცია - ამაგრებს. პლენუმზე გამომჟღავნებული ბოროტმოქმედნი მიჩქმალულ იქნენ. ოპოზიციონერები (კ. გამსახურდია, კ. ჭიჭინაძე, ბარამიძე, ვ. გაბესკირია, ს. თავაძე, დ. ბენაშვილი, გ. ჯიბლაძე, ა. ქუთათელი და სხვ.) ზოგი მართლა ოპოზიციონერობდენ, ზოგი კი ისე, თვალის ასახვევად... არავითარი იმედი მწერალთა კავშირისაგან მე არა მაქვს... ყველა სინდისგარეცხილია აქ...

*
გალაკტიონ ტაბიძე.
19 11ააა.
ნინო, ნინო, ნინო.

1946