შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-172 - 1946 წელი


გ. ტაბიძე.
№3. მე-IV ტომისათვის და სალიტერატურო საღამოებისათვის.

*
1946. 9 მარტი.
1. ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ფარულავამ აღმითქვა, რომ ის მოაწყობს ჩემთან შეხვედრას - აპრილის ხუთ რიცხვიდან (5-10). (მი¬სი ტელეფონია 19-67). მანამდე კი მირჩია ალკკ - თ. კ. საღამო. თვითონაც დაურეკა.
2. ალკკ-ის ტფილისის კომიტეტის მდივანი მეგრელიშვილი შემპირდა, რომ ის მოაწყობს ახალგაზრდობის ჩემთან შეხვედრას ან სასახლეში, ან მოზარდ მაყურებელთა თეატრში, აპრ. 5 რიცხვამდე. საღამო ფასიანი იქნება. მაგრამ დავიწყოთ ჯაფარიძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან.
3. ალ. ჯაფარიძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა აწყობს ჩემთან შეხვედრას 25 მარტს, სან-აგიტ თეატრში. 25 მარტისთვის თეატრი თავისუფალია და ეს გარემოება საგრძნობლად აადვილებს საქმეს.. საღამოს მოსაწყობად იმუშავებს მთელი კოლეკტივი ბიბლიოთეკისა, რომელიც ყოველთვის ენერგიული სჩანს; მაგრამ იგი, როგორც ვატყობ, გაურბის გახმიანებას და უნდა საღამო არ გასცდეს ინტიმობის ჩარჩოს, რაიც ჩემთვის სრულიად ხელსაყრელი არ არის, განსაკუთრებით დღევანდელ ჩემს მდგომარეობაში. რა გაეწყობა, რაიმე ხერხს უნდა მივმართო. თუნდაც ასეთს: ნელ-ნელა მივყვე (რომ არ დავაფრთხო) მათ საქმიანობას ტექნიკურის მხრით; ამავე დროს ვამზადო სხვა, მათთვის უცნობი, ჩემთვის კი ნათელი იდეა - ეფეკტიურობისა. და ბოლოს - მათთვისვე მოულოდნელად - ფაკტის წინაშე დავაყენო ეს მეტად პატივცემული, მაგრამ მშიშარა ორგანიზატორები. შეიძლება მე ვსცდებოდე შეფასებაში? სრულიადაც არა. მათ ეშინიათ ოფიციალური აფიშის: ამბობენ, რომ საკმარისია ორად-ორი ხელით დაწერილი განცხადება! მე კი მგონია, რომ მონაწილეები საღამოისა, მომხსენებელი, პოეტები და სხვები, რომლებიც თითქმის არაფერს იღებენ, მართალნი არიან, როცა მოითხოვენ, რომ უნდა იქნას აფიშები, და აფიშებზე გამოცხადებულნი უნდა იყვნენ ისინიც. პირადათ ჩემთვის კი ეს მთავარზე უმთავრესი საქმეა.. და, აი, რატომ:
ა) აფიშა („აკაკი და გალაკტიონი“) დამჭირდება შემდგომი დიდი გამოფენისათვის (გაისათ). იგი გამაშუქებელი იქნება და ერთ-ერთი ექსპონანტი ამ თემისათვის.
ბ) აფიშა, ორიგინალური იქნება და თავისთავად ცხადია, როგორც ახალი რამე, ყველას დააინტერესებს.
გ) ეს აფიშა საჭიროა იმ ყინულის გასალხობად, რომლითაც ეხლა ვარ შებოჭვილი. მან უნდა დააფიქროს ყველა; და მოაბრუნოს საქმე.
დ) მან უნდა იფეთქოს მოულოდნელად და მთელის სიძლიერით (რომ ჯერ აფიშას შეხედონ და მერე ერთმანეთს: ეს რა ამბავიაო?). ჩემი საღამო არასოდეს უბრალოდ არ უნდა ჩატარდეს, მას უნდა ჰქონდეს რაიმე შედეგი.
ე) არავითარი ინტიმური საღამო დღესდღეობით მე არ მჭირდება: ეს ეხლა ჩემთვის უბრალოდ დროისა და ენერგიის დაკარგვა იქნება.
ასე რომ, უაფიშობა, განუცხადებლობა, კეკე-მალულობა - ყოვლად დაუშვებელია. ეხლა გადავდივარ პრაკტიკულ საქმეებზე.

14 მარტი.
რა გაკეთდა ოთხი დღის განმავლობაში? სრულიად არაფერი. საღამოს მომწყობლებმა წამიყვანეს თბ. აღმასკომში ვინმე ბუჩაშვილთან, რომელსაც ექვემდებარება ქალ. ბიბლიოთეკები: მე ეს გარემოება გათვალისწინებული არ მქონდა: მეგონა: რაკი ბიბლიოთეკის კოლექტივმა აიღო თავის თავზე საღამოს მოწყობა, თვითონ გააკეთებს ყველაფერს-მეთქი. ასე არ მოხდა: მივედით ბუჩაშვილთან. ის არ დაგვიხვდა. ვუცადეთ დღის 3 საათამდე. ბოლოს გამოჩნდა:
- „აკაკი და გალაკტიონი!“ - შესძახა მან. - რატომ ასეთი მყვირალა ამბავი? გალაკტიონს მთელი ქვეყანა იცნობს და ნუ თუ ეს საკმარისი არ არის?
მე ავუხსენი მას ლიტერატურაში მემკვიდრეობითი საკითხის მნიშვნელობა, აგრეთვე ერთგვარი პარალელის გატარების საჭიროება.
ეტყობოდა, ვერ დავარწმუნებდი. ჩინოვნიკი ყოველთვის ამგვარია, ჯიუტი. მაინც ასე სთქვა:
- კარგი, შევუთანხმებ ამ საკითხს ვალერიან ხატიაშვილსო! იგი სახკომსაბჭოსთან არსებული პოლიტგანათლების კომიტეტის თავმჯდომარეა. „ვერიდებოდი ღოლოსა, დამიხვდა სოფლის ბოლოსა“-მეთქი, გავიფიქრე. ეს ხატიაშვილი ხომ მთლად ბიუროკრატია. იმასთან რა საქმე უნდა გაკეთდეს?
როგორც გიჭირდეს...
მე თვითონ წავედი ხატიაშვილთან და გადავეცი პროგრამა, მან თავის მხრივ ვიღაცა სიმონს დაუძახა.
- აბა, სიმონ, აი, ეს პროგრამა. წაიღე, ასწონე, დასწონე, გამოარკვიე, შეუთანხმდი სიმონს (ალბად, წვერავას) და პასუხი მიეციო.
პასუხს დამპირდენ გუშინისთვის - მაგრამ გუშინ ის სიმონი - ცეკაში გამოიძახესო. ეშმაკსაც წაუღია მისი თავი.
და ასე ჭიანურდება საქმე, დარჩა თერთმეტი დღე.
იმ ვირის, სიმონ მჭედლიძის ტელეფონის ნომერია, მგონი, 3-89-24. ვურეკავ დილიდანვე და სულ ასე მეუბნებიან:  Он на совещании.
თუ არა და, დიდი თათბირი კი ექნებათ. ისევ იმ ხატიაშვილთან გდია ალბად, და ერთს წუთში გასაკეთებელ საქმეზე - მთელი დღე ლაყბობას ან¬დო¬მე¬ბენ..… Жулье! Шарлатн!
არასდროს არაფერის გაკეთება ამ ხალხთან არ შეიძლება!
ერთი ამ ნებართვას დავითრევდე მალე და სხვა მათგან არა-მინდა-რა!
კიდევ დავურეკე.
- Да! - იყო პასუხი, - ვინ გნებავთ?
- ამხანაგ სიმონს სთხოვეთ.
- რომელ სიმონს? - ამბობს მამაკაცის ბოხი, წუხანდელი ქეიფისაგან ცოტათი ხრინწოვანი ხმა: აქ სამი სიმონია.
- მე იმ სიმონს ვამბობ, რომლის ტელეფონიც ეს არის.
- არაფერიც არ მესმის. - სთქვა ბოხმა ხმამ.
მაგრამ მეც დავიბენი: გვარი ვერ გავიხსენე იმ სიმონის, ამიტომ მორიდებით ვთხოვე, დაესახელებია იმ სიმონთა გვარები, რომ გამეხსენებია.
ბოხმა ხმამ არა-მიპასუხა-რა. სამაგიეროდ გაისმა ქალის ხმა:
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- თქვენთვის სულ ერთი არაა? მე სიმონი მინდა, რომლის გვარი ვერ გავიხსენე - გთხოვთ, ჩამომითვალოთ გვარები...
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- ღმერთო ჩემო.. მე სიმონი მინდა.
- ეხლავე, ეხლავე, - სთქვა ქალმა და, ალბად, წავიდა - გასაგებად.
მაგრამ გადის ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი წუთი - ტელეფონთან არავინა სჩანს.
რას გავაწყობდი. დავდევი მილი.
ბოლოს უეცრად გამახსენდა იმ „შარლატონის“ სიმონის გვარიც: მჭედლიძე. ავაწყვე ნომერი და შეცვლილი ხმით იმავე ბოხხმიან, „შარლატონს“ №2-ს ვუთხარი:
- Попросите тов. Мчедлидзе.
- Сейчас, сейчас! - მიპასუხა მან, გავიდა წუთი, წამი, ერთი, მეორე, მესამე, და ბოლოს, როგორც იქნა, გაისმა იმ ბოხხმიანის ხმა:
- Его сейчас нет, он вышел. Позвоните через некоторое время.
ჰმ.. სად ჯანდაბასა და წკვარამშია ეს იდიოტი! არასდროს რომ თავის ად¬გილას არ არის!
რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ დავუძახე.
- მჭედლიძე გნებავთ? მჭედლიძე თათბირზეა და არ გამოვა ერთ ნახევარ სა¬ათში.
გაბრაზებული გავედი სახლიდან. „შარლატონი“ №2 რუსთაველის პროსპეკტზე დასეირნობდა.
გაუკეთებია კი არა, თითქმის ნახევრად ჩაუფუშავს ჩემი საქმე!
აკაკი არ იქნებაო...
არა უშავს-რა!
სხვა მხრით მოვუვლი საქმეს!
ვნახოთ, ვინ ვის!
ნახონ, რა ოინი ვუყო მე მაგათა!