შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-169 - 1945 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. 1945 წ.
იალქნები
ნავთსადგურის [არემარეს] იალქნებზე
[დაქათქათებს] ამოცურდა ბადრი მთვარე.
სძინავთ ტყეებს ანძებისას,
სთვლემენ [მთები მწოლიარე] ფრთები [მსხმოიარე] მოელვარე.
არ ირხევა ხომალდებით
[იალქნების] მოფენილი თეთრი მხარე,
[მოვერცხლილა] [მოსიზმრულა] არ ხმაურობს ზღვის ნაპირი,
[მოვერცხლილა] არ ხმოვანებს არე-მარე.

მაგრამ უცებ [თითქო რაღაც] [მოგონ] დავიწყების
[უცხო ძალმა] მდგომარებამ მოისურვა.
[სიზმრეულმა] მოვერცხლილმა [ხომალდებმა] იალქნებმა
[მოიშორეს] მოიცილეს გრძნების ურვა.
[აშრიალდა იალქნების] აფრიალდა მოგონების
საბურველი და თავ-ხურვა.
[გზა დაიძრა და უსწრაფეს] დაიძრა და ულაჟვარდეს
სიშორეში იწყო ცურვა.

*
 [ხომალდებით] იალქნებით მილივლივებს
[მოდის, მიდის] ხომალდების თეთრი ჩქერი.
[დამეხსენი, ნუ მაგონებ] ეს საიდან ისმის ყრმობის
[დამანებე, ღამევ, თავი] დღეთ სიმღერა მშვენიერი?
ნუ მაგონებ განვლილ დღეებს,
იმ სიმღერას, ნუღარ მღერი,
ვერაფერს ვერ გიპასუხებ,
[არაფერი აღარ მახსოვს] მე არ მახსოვს არაფერი!

1. სტამბაში დათიკოსთან - 16-ისთვის.

* * *
ნავთსადგურის იალქნებზე
ამოცურდა [ბადრი] სავსე მთვარე;
სძინავთ ტყეებს ანძებისას,
სთვლემენ ფრთები მოელვარე.
არ ირხევა ხომალდებით
მოფენილი თეთრი მხარე,
არ ხმაურობს ზღვის ნაპირი,
არ ხმოვანებს არე-მარე.

მაგრამ უცებ თითქო გრძნებათ
მდგომარებამ მოისურვა.
მოვერცხლილმა იალქნებმა
მოიშორეს ბნედის ურვა.
აფრიალდა მოგონების
საბურველი და თავხურვა.
დაიძრა და ულაჟვარდეს
სიშორეში იწყო ცურვა.

იალქნებით მილივლივებს
ხომალდების თეთრი ჩქერი.
ეს საიდან ისმის ყრმობის
მოსიზმრება მშვენიერი?
ნუ მაგონებ განვლილ დღეებს,
იმ სიმღერას, გთხოვ, ნუ მღერი.
ვერაფერს ვერ გიპასუხებ:
მე არ მახსოვს არაფერი!

9 აგვისტო, 1945