შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-166 - 1945 წელი


გამოცანები დამრჩა წაუკითხავი 515 გვ-დან. პეტრე უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება - ნაწ. I (ლექსები, ანდაზები, გამოცანები), ფედერაცია, 1937.
არქანჯელო ლამბერტი „სამეგრელოს აღწერა“, თარგმანი იტალიურიდან ალექსანდრე ჭყონიასი (ლ. ასათიანის რედ-ბით), ფედერაცია, 1938 (ძლიერ საჭიროა).

რეჟიმის შესახებ
პონდოევი მესაუბრებოდა იმ რეჟიმის შესახებ, რომელიც უნდა ჩატარებული იქნას ჩემს ექიმობაში. შენი ავადმყოფობაო, მითხრა, გამოწვეულია [როგორც] ცუდი ჰიგიენური პირობებით [ისე] და არა ორგანიზმის რაიმე ნაკლულევანებით: ცუდი ბინა და ჰაერი, მძიმე გონებრივი მუშაობა, ცუდი საზრდოობა და სხვ. უნდა შეიმუშავოთ წესები ყოფაქცევის, საზრდოობისა და თავისთავზე ზრუნვის. თქვენთვის ძლიერ საჭიროა მშვიდობიანი, აუღელვებელი ცხოვრება. ძირფესვიანად უნდა შესცვალოთ ცხოვრება. უნდა ერიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრას, რომელთაც ახასიათებს პესსიმიზმი, გულჩახვეულობა, მძიმე სულიერი განწყობილება და სხვ. და სხვ.
- თქვენ იცნობდით პოეტს აკოპ აკოპიანს? - მკითხა მან.
- როგორ არა. - ვუპასუხე.
- აი, ის იყო ჩემთან. მე ვურჩიე 8 საათი შრომა, 8 საათი დასვენება და 8 საათი ძილი. „როდის მღერის ბულბულიო“, მკითხა აკოპიანმაო. „ღამღამობით-მეთქი“, ვუპასუხე. „ჰოდა, პოეტიც ხომ იგივე ბულბულიაო, სად შემიძლია ღამით ძილიო“. შეიძლება ისიც მართალი იყოსო, მარა რეჟიმი მაინც საჭიროაო.
- ამას წინადო, - განაგრძო პონდოევმა, - ბაღდათში ვიყავით მაიაკოვსკის მუზეუმის დასათვალიერებლადო. შემდეგ იქ ჩიქოვანმა სადილი გაგვიმართაო. მოატანინა ერთ თეფშზე სამი დიდი ჩაის ჭიქა, აივსო და გადაჰკრაო. შემდეგ ალავერდი სხვასთან გადავიდაო. ჯერმა ჩემამდი რომ მოაწიაო, მე ავიღე და ერთი სულ პატარა ჭიქა ავავსეო: აი, ამასა დავლევ, მეტს არა-მეთქი. ვერაფერი სთქვეს..
- საჭმელი ყოველნაირი შეგიძლიათ მიიღოთ. ზღვაზე წასვლა თუ მოგინდებათ, აქ კომისიაში გაგატარებთო.
- მე მწერლობა ძლიერ მიყვარსო. სულ ამიკლეს: ესა მტკივა, ანუ, აი, ესაო... ერთხელ ჩემთვისაც მინდა რაიმე, არა?
- ექიმებს უნდა მიმართოთ ყოველთვის, როგორც კი საჭირო იქნებაო და სხვ.
გ. ტ.
28/IV. 45.
- მიხაილ ოთაროვიჩი ჭიათურაშია.

1945