შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-129 - 1940 წელი


24. III. 40.
ვიყავი გაფრინდაშვილთან. ავადაა. გულით ავადმყოფობს დიდი ხანია, მაგრამ უკანასკნელ ხანებში - ავადმყოფობამ უმატა. აბრალებს ბევრ მუშაობას და ლუდს, აგრეთვე პაპიროსის წევას: სამივე ამ ჭირისაგან ეხლა თავისუფალია, მაგრამ გვიანააო, ამბობს. მისი პატარა ქალიშვილი მაგიდასთან მეცადინეობს; მან გაიხედა ფანჯრისკენ და დაიძახა: „რა მშვენიერი თოვლია“. მართლაც, საუცხოვოდ ბარდნის ტფილისის ქუჩებს დღეს თოვლი. „გალაკტიონს აქვს მშვენიერი ლექსები თოვლზე და ქარზე“ - უპასუხა მამამ. ბავშმა იკითხა: ლენინზე? - ლენინზედაც, სტალინზედაც! ვილაპარაკეთ ბევრი ირაკლი აბაშიძესა და ბონდო კეშელავას შორის მომხდარ ინციდენტზე. ნადირაძის ამბავი, ვარდოშვილის ამბავი, აბაშელი, სტალინის წიგნის ამბავი (უხაროდა, რომ მისი ლექსი ჩემი ლექსის გვერდითაა დაბეჭდილი). ჩემი უკანასკნელი ლექსების ამბავი - მოსწონს. პაპიროსის და ღვინის ამბავი. ვსაუბრობდით და ვსვამდით - სიროფიან წყალს. სახლში რომ მივედი, გადავდევი ყველა პაპიროსები, თუთუნი და ყალიონი და სხვ. ე. ი. მთელი ნიკოტინიადა - დღეიდან აღარა ვწევ პაპიროსს!
ამბავი ასეთია: №1 - პრესა. №2 - რადიო. №3 - საქდესი. №4 - აფიშა. №5 - პლაკატები. №6 - წიგნის მაღაზიების გაფორმება. №7 - რუსთ. და პლეხ. პრ. ვიტრ. გაფ. №8 - ტრამვაი და სხვ. №9 - სპეციალური გაზეთი. №10 - ოპერის თეატრის ფასადი. №11 - კომპ. მუსიკოს. №12 - ლიტ. ბრიგად. №13 - „ლეტ.“ №14 - საღამოს აგიტაცია-პროპაგანდა. №15 - ქალთა ბრიგადები. №16 - მოსწავლე ახალგაზრდობა, სტუდენტობა. საღამოები ყველა შკოლებში. - Основа основ - კ. ჩ.-ნი.
- ვათვალიერე ტრამვაი - გამოსადეგია.
- მიხაილოვის პროსპეკტზედაც 60 პუნკტია.
- ვინ იყო ის ქალი კომპოზიტორთა კავშირში? - როდესაც გოკიელი ვიკითხე - მიპასუხა: კიევში გაემგზავრა, მაგრამ ვინ ჰკითხულობსო. გალაკტიონ ტაბიძე-მეთქი! - აა, - სთქვა მან, - Наша гордость, მართალია, გოკიელი არ არის, მაგრამ სხვები აქ არიანო: ჩხიკვაძე და სხვ... მე მადლობა გადავუხადე.
Гордость-то гордость, მაგრამ საქმე წინ უნდა წავიყვანოთ. რომ შეჰქმნა რაიმე დიადი, ერთის წამითაც არ უნდა გავიწყდებოდეს საქმე!
დღეს მწერალთა კავშ-დან ტელეფონით იტყობინებიან: მარის ქ. №15 ვეტერინარულ ინსტიტუტში შესდგება შეხვედრა ორდენოსანი მწერლებისა და სტუდენტებისა. საღ. 7 საათზე: გამოვლენ: ჩიქოვანი, აბაშიძე, ლეონიძე. მთხოვეს მეც. მე ავადა ვარ... და საზოგადოთ ჩემთვის არავითარი სარგებლობის მოტანა არ შეუძლიანთ ამნაირ საღამოებს. ნერვებს მიშლიან მხოლოდ და მთელი კვირა შემდეგ საწოლში უნდა გავატარო. რად ავიტკივო უტკივარი თავი?
კანდიდ ჩარკვიანის მოხსენებით და შალვა რადიანის წერილით ჩემს შესახებ - გამოვიდა "ლიტერატურული საქართველოის" მორიგი ნომერი. კარგი წერილია.
ლადო სირბილაძე აფიშისათვის დამპირდა ქაღალდს (გამახსენეო მხოლოდ ცოტათი ადრეო).
მე-III ტ. ორ-სამ დღეში მოთავდება - მომართვა. ბეჭდვაც უთუოდ მალე დაიწყება.
პორტრეტის საქმე (დ. გველესიანი) ჯერ გამოურკვეველია.
საშკოლო სესიის წიგნს უნდა ჩაემატოსო ახალი გვერდები. ეს კარგია.
აკაკი წერეთელი პარიზში იყო 1909-1910 წ. შემოდგ.-ზამთ. იქ დიდებულად მიიღო ქართულმა კოლონიამ. ეს ამბავი საჭიროა ჩემთვის.
ვართ ყურადღების ცენტრში.
 
31. III. 40.
საშკოლო ყდისათვის გადავეცი დანარჩენი მასალები. წიგნი სტამბაში წავა 1-2 აპრილს. წიგნს ემატება დაახლოებით 500-600 სტრიქონი.
პორტრეტის საქმე კიდევ ვერაა კარგად: ის გორდეზიანი რაღაცას ეშმაკობს. მაგრამ, მგონი, ვერ გაუვიდეს.
წიგნი, III ტომი. მთლიანად აწყობილია. შეკრულია ყველა ფორმები, აკლია მხოლოდ 2 თუ სამი. ასოთამწყობი თუ მეტრანპაჟე? - ავად გამხდარა და დღეს არ მოსულა. თუ ხვალ მოვიდა, ხვალვე დაამთავრებს შეკვრას გვერდებისას.
გადარიცხვების საქმე - საუცხოვოდ მიდის, ყველაფერი რაც მერგება, გადარიცხულია შემნახველ სალაროში.
აკაკი წერეთელზე მუშაობა დაიწყო (ე. ი. საბოლოოდ დამუშავება, თორემ მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია) ოლგა იურიევნამ.
წარწერით „ლირიკის შესახებ საუბარი“ - მივეცი ვასო გორგაძეს, შევატყვე, ესიამოვნა.
დარია ახვლედიანმა გადასცა აკაკის საიუბილეო კომიტეტს მოგონებანი აკაკიზე - ჩემს შესახებ. დაიბეჭდება სპეციალურ კრებულში.
გიგო ზაზიაშვილმა სთქვა: პორტრეტი შენი უნდა დავხატოვო. როდის?
გუშინ ჩვენი (მწერალთა კავშირის) ავტომობილი გადაბრუნებულა მცხეთაში, ზედ ხიდთან. ავტოში მსხდარან ირაკლი აბაშიძე, კონსტ. ლორთქიფანიძე, ილო მოსაშვილი. არც ისინი, არც შოფერი არ დაზიანებულან. მხოლოდ მინგრეულ-მონგრეული ავტო სდგას მწერალთა სასახლის ეზოში და იქვე გულმოკლული შოფერი უხსნის მკითხველებს გარემოებას. პორტრეტის საქმეს ეს შეაფერხებს: ირაკლი დღეს მწერალთა კავშირში არ არის!
გადავათვალიერე ხელახლა ლირიის 14 ტომი. აღმოვაჩინე ბევრი ჩემთვის საჭირო მასალა.
მთავარი არის ეხლა ჩემთვის საღამო. მთელი ენერგია აქეთკენ. გაზეთი და საღამო!

1 აპრილი. 1940 წ.
როდესაც წიგნი გამოვა (III ტ.), პრესას, რადიოს, საქდესს და სხვ. უნდა მიეცეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ:
1. ვინ გამოსცა წიგნი. 2. რა წიგნი (სათაური). 3. რა არის მოცემული წიგნში? 4. ვინ არის ავტორი? 5. წიგნში მოყვანილია... თანმიმდევრობით არის მოთხრობილი... მოღვ. სხვადასხვა პერიოდი. 6. წიგნში სხარტად არის დახასიათებული... 7. წიგნის ერთ-ერთი ნაწილი მიძღვნილია იმისადმი, თუ რა შეურიგებელ გაბედულ ლიტერატურულ ბრძოლას... 8. წიგნში ნაჩვენებია განსაკ. რ. 9. წიგნი ფართო წარმოდგენას აძლევს... 10. უძღვის ავტორის პორტრეტი, აქვს ლინერინის ყდა... და გამოშვებულია 5.000 ცალად. ეს ყველაფერი კარგად უნდა გაკეთდეს (რამდენი ლექსია, რამდენი განყოფილება და სხვ.).
- შ. თაბუკაშვილთან. გაკეთებულია დიდი საქმე „ლირიკის“ რედაქციისა. წიგნი დღეს გადაეცემა სტამბას.
- გადარიცხვის ამბები დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ესაა, მეტი აღარაფერია გადასარიცხავი და ო. ი. ეხლავე ტირის რაღაცას.
- სახელგამში არავითარი ნიშანი წინსვლის: არც გორდეზიანი აკეთებს რამეს, ავადმყოფობს ასოთამწყობიც. ამ საქმეს რა ეშველება, არ ვიცი.
- აკაკი წერეთლის შესახებ წინ მიდის საქმე... საღამოისა და გაზეთი კი ერთ წერტილზეა გაყინული.
- მაშასადამე, ეხლა ნაღდათა გვაქვს ცხრა ათას ორას ორმოცდა ცხრა მანეთი. ეკონომიით შეიძლება რაიმე გამოვიდეს.
- სადილს არა უშავდა-რა, მხოლოდ რას სჩადის ეს ბავში? რაღაც სხვანაირობა ემჩნევა. სადილი გემრიელი იყო ძალიან.
- მიკვირს და გამკვირვებია: აქამომდე ტფილისში რუსის პოეტების ტევა არ იყო. ეხლა კი თითქმის არავინ არ არის, რომ რაიმე ათარგმნინო. დახინკილობს ეს ერთი თუ ორი კაცი, ბაგდანოვსკი, სერებრიაკოვი, კრეიტანი, ჩერნიავსკი და ეს არის და ეს... ყანჩელი და სხვ.?! ეეჰ, ძალიან ჭიდოსნურადაა საქმე. ელენე შერი?

- ექიმი თევდორაძე, გიორგი ქუჩიშვილი, ილო მოსაშვილი, ლევან მეტრეველი, ირაკლი აბაშიძე, კარლო კალაძე, მე... ვართ მომაკვდავი პანტელეიმონ ჩხიკვაძის ბინაში. ავადმყოფი ძლივასა სუნთქავს, აწვდიან სპეციალურ ბალიშს. თავთან უზის ცოლი, რომელსაც ნამტირალევი თვალები აქვს, იქვეა დედა თუ სიდედრი, მოხუცი ქალი საკმარისად ყოჩაღი გამომეტყველებით. მნახველები, რომლებიც ირევიან ავადმყოფის გარშემო, უმთავრესად სდუმან, ვინაიდან სალაპარაკო არაფერი აქვთ.. ყველაფერი გადაწყვეტილია: ის დღეს ან ხვალ ცოცხალი არ იქნება. შვიდი დღე და ღამეა, რაც მის თვალს ძილი არ მიჰკარებია. ჩასთვლემს ცოტათი თუ არა, თითქო განგებ, რაიმე მიზეზით უსათუოდ გამოაფხიზლებს ცოლი და ავადმყოფის სახის გამწარებას ამის გამო საზღვარი არა აქვს.
- მართლაც, ეს როგორ შეიძლება, - ჩუმი, დაბალი ხმით ამბობს მეორე ოთახში გ. ქუჩიშვილი, - აბა, რასა ჰგავს ესა. კაცს დაძინების საშუალებაც კი არა აქვს. - და გიორგი ცდილობს ახლო მივიდეს ავადმყოფთან და დაიკავოს ცოლის ადგილი, რომ ავადმყოფს მოუხერხოს როგორმე დასვენება. ბოლოს და ბოლოს იგი ამას ახერხებს. მაგრამ ერთი წამით დაცდება თუ არა ავადმყოფის საწოლს, ცოლი იქავეა გაჩენილი. იგი განაგრძობს... ავადმყოფს ის-ის იყო ჩასთვლიმა და ცოლმა ისევ გააღვიძა:
- Вот тебе и на! - იყვირა გაცოფებულმა მომაკვდავმა რუსულად, - Вот тебе и на! გადით აქედან ყველამ!
კიდევ კარგი, რომ მე ამ დროს მეორე ოთახში ვიყავი, თორემ ავადმყოფის მიერ კარში გაგდებულად ვიგრძნობდი თავს. ხოლო ლევან მეტრეველი, რომელიც ერთი ნახევარი საათის წინ ამბობდა: „როგორა ჰგრძნობს ყველაფერს ავადმყოფი, არ გაიპაროო - ასე მითხრაო“. ეხლა ხელებსა შლის და ამბობს: რა უნდა დამართნოდა? ჰაი, ჰაი, როგორ ვაჟკაცურად ებრძვის სიკვდილსო!
- გალაქტიონი ხომ არ წასულაო, იკითხა ავადმყოფმა, - სთქვა ქუჩიშვილმა და მე შევედი. პანტელეიმონთან დავჯექი - იგი ლაპარაკობდა..
- ბუაჩიძე... ის... რას სჩადიოდა, რას... - მეტი ვერა გავარჩიე რა.
- არ მიყვარს რაღაც ეგ ახალგაზრდობა, - სთქვა ლევან მეტრეველმა დამსწრეებზე, - აი, მაგალითად, კარლო, მე აქა ვზივარ, ის კი ზურგით, ტ-თ ჩემკენაა მოქცეული.
- გახსოვს, კახეთში ილომ რომ დაგვპატიჟა: მთელი საათი ვუცადეთ სიღნაღში აღმასკომის თავმჯდომარეს, ბოლოს იგი მოვიდა და სანდრო შანშიაშვილი და პეტია ქავთარაძე კი აღარა სჩანდენ: ისინი რესტორანში ისხდენ და ღვინოსა სომდენ, ჩვენ კი უნდა გავმგზავრებულვიყავით - ილოს სოფელში. მე ვუთხარი მათ: წავალ და სანდროსა და პეტიას მოვიყვან მეთქი; სანამ მე იქ მივიდოდი (რესტორანში) მეორე გზით აქ პეტია და სანდრო მისულიყვნენ. როცა მე ბაღში მოვბრუნდი: არავინაც არ დამხვდა: მეწყინა ძალიან. ვიფიქრე, ერთი საათი აღმასკომის თავმჯდომარეს ვუცადეთ, შემდეგ სხვების მოსაყვანად წავედი და მასპინძელმა არ ისურვა, სულ რამდენიმე წამი დაეცადათ ჩემთვის, რომ ერთად წავსულიყავით. "ღმერთმა თქვენც შეგარცხვინოთ და თქვენი სტუმართ-მოყვარეობა-მეთქი" - ვთქვი და ფეხით დავუყევი ჩემთვის სადგურისკენ, წნორის წყალისკენ! ყოველივე ამას ლევანი ხმადაბლა საუბრობდა. მან მომილოცა ლირიკის ამბავი, დიდებულიაო, დამაჯერებლადააო დაწერილი. ახლა სწერს აკაკი წერეთელზე.
აქ ცოლმა ისევ გამოაფხიზლა ავადმყოფი. ირაკლი და კარლო ჩუმად წავიდენ, წავიდა ილოც. სულ ბოლოს მე და ლევანი. დარჩენ ექიმი თევდორაძე და გ. ქუჩიშვილი. დიდებული, გამოსადეგი კაცია ასეთ შემთხვევებში გ. ქუჩიშვილი.

საბლიტგამიდან წიგნი ისევ გადაეცა სტამბას. დღეს ემატება 700 სტრიქონამდე.
სახელგამი განაგრძობს წიგნის წყობას.
გორდეზიანს წერტილი დაესვა (ის აღმოჩნდა მატყუარა).
ელენე შერი მუდამ მზად არის.
ხიდისთაველმა მოიტანა ლექსი.
აკაკი წერეთლის შესახებ მუშაობა კარგად მიდის!

*
1. ბესო ჟღენტი - სიტყვა 1933 წ. 2. პანტელეიმონ ჩხიკვაძე - სიტყვა 1933 წ. 3. აგამალიანი (კულტპრომი). 4. დია ჩიანელი - იუბილეიზე.
5. პოეზიის მზეს გ. ტაბიძეს - გ. ლეჟავა.
6. სავლე აბულაძე - გ. ტ. საბჭ. მასწავლებელი.
7. სოლომ. ცაიშვილი.
8. შალვა რადიანი. 9. სიმონ ხუნდაძე - (გ.-ს საღამოები) ლიტ. გ. 1933 წ.
10. სიმონ ხუნდაძე. 11. შ. რადიანი. 12. ლ. ასათიანი. 13. გ. ნატროშვილი - ფედერაციის ბროშიურა. 1933 წ.
14. Сов. Грузия за 17 лет.
15. К 30 летию „Заря“.
16. Поэт Революции. З. В.
17. კ. ლორთქიფანიძე (საინტერესოა).
შემდეგ განვაგრძოთ... მალე გამოვა წიგნი - აქ მთელი ისტორიაა.
მე ვამბობდი: მალე გამოვა წიგნი-მეთქი. მაგრამ განა ეს შესაძლებელია? არის გადაულახავი, უამრავი ხელის შემშლელი პირობები, და ერთერთი მათგანი - უქაღალდობაა. ამასთანავე - აკაკი წერეთლის იუბილეჲ: მთელი მარაგი ქაღალდისა - აცხადებენ სტამბებში - ამ იუბილეჲის მიაქვს. მიჰქარავენ, რა თქმა უნდა!
 
6 აპრილი.
- Цельмс? ცეიმსი? იგივეა, რაც ათი-თხუთმეტი წლის ისტორია.
- აკაკი წერეთლის ამბავი მიდის წინ.
- წიგნი აწყობილი და შეკრულია. დღეს მინდოდა ის დოყლაპია შალვა მენახა და შინ არ დამხვდა.
- ტატიანა აქ არის.
- „Collac“ - პირდაპირ პოემაა.
გუშინდელი სამი გრაცია (ლძ. არ. შკ.) - ლაშას ჯგუფი. არ იყო მოსაწონი. სულ გამვლელ-გამომვლელს სდარაჯობენ და ჰკერავენ - იქნებ ვინმემ დაგვპატიჟოსო. პირდაპირ, სტანცია არა აქვს მაგათ ამბავს. როგორც იქნა, ონელს გაუბედავს წიგნის გამოცემა. არა-უშავს-რა. ცოტა განზე მათგან: ამან შარისგან!
- საუბარი - მე: თქვენ მხოლოდ აქ აკრავთ აფიშას? – ის: დიახ, მხოლოდ აქ. საერთოდ სადაა ორგანიზაცია, სადაც აფიშას აკრავენ: - ქალაქის რეკლამა: წითელი არმიის კლუბში - საზოგადოდ, რამდენ აფიშას აკრავენ ქალაქში? - ორმოცდაათს-სამოცს. ასე ცოტას? - გააჩნია დღეს: აგრეთვე სახეში მიღებული უნდა იქნას რაიონი: თუ ქართული საღამოა, ქართულ რაიონში უნდა გაიკრას ბევრი აფიშა, თუ სხვა... სხვაგან და ასე.
- ლიდიამ საბოლოოდ უარი განაცხადა, რაიმე დახმარებაზე საღამოს...
- მაოცებს დარია ახვლედიანის საქმე! ამ საქმეში არავინ არ უნდა ჩარეულიყო, მაგრამ გიგლა მებუკე ჩაერია და საქმეც გაფუჭდა. უბრალო წერილით (აკაკის შესახებ) ამდენი ხალხი არივ-დაირია: 1. მე, 2. თვითონ, 3. ლიდია მეგრელიძე, 4. გიგლა მებუკე, 5. გოგლა ლეონიძე, 6. ი. გრიშაშვილი, 7. კ. ჭიჭინაძე... ლეონიძე წერილს უსწორებს: არ უნდა ჩემი სახელის იქ შეტანა. დარიკო ამბობს, რომ შესწორებით დაიბეჭდებაო, ლიდია ამბობს, რომ სულ არ დაიბეჭდებაო. ერთის სიტყვით, ჩემთვის კარგი გაკვეთილია. უნდა იცოდეს კაცმა მტერი და მოყვარე.
- სალიტერატურო გაზეთში რატომ არის მოთავსებული იასამანის წერილი ბაჟანის შესახებ... რა მშიშარაა ეს შალვა რადიანი, რომ იტყვიან „Человек в футляре“ - აი, სწორედ ის არის.
- ამ სერგო კლდიაშვილს რაღა უნდა? ჩამცივებია მოსკოვში გამოსული შენი რუსული წიგნი მათხოვეო (ილო მოსაშვილს დაუტოვე, ის გადმომცემსო).
- ლეონიძე თავს იგდებს თავის წიგნში „Известный“ და სხვა.
- მხიბლავს ოცნება ოპერის თეატრისა. იქ გამარჯვება ღირს გამარჯვებად, თუ ეს მოხდა აკაკის დღეების წინ...
- დ. უზნაძე დამპირდა წიგნს - თავისას.

7 აპრილი.
უნივერსიტეტი სცემს აკაკის კრებულს და მე უნდა მივცე ლექსი - 100 ან მეტი სტრიქონი - ათ დღეში, ე. ი. 17 აპრილამდის (ვარლამ მიქაძე).
საჭიროა დამზადდეს საპირველმაისო ლექსი - საჩქაროა.
- წიგნი სახელგამის ჩაიბარა შ. რადიანმა.
- აკაკი წერეთლის დამთავრებულია ორი თავი... საქმე სწრაფად უნდა წავიდეს წინ, თორემ დაგვიანდება. რაღაც... ოჩნობა ეჩნევა.
- ბოგდანოვსკის მიეცემა 1000 სტრიქონი... ვნახოთ, როგორ დასძლევს. საზოგადოთ, დიდი სიფრთხილე და ამასთანავე დიდი გამბედაობაა საჭირო(?).
- ფოტო (მანონთან) - კარგი გამოვიდა.
მაგრამ... მაგარი ის არის, რომ: მე არ ვიცი, რა სახის იქნება უნივერსიტეტის...
- ავტოდან რუსთაველზე დავინახე სანაძე. როგორაა საქმე-მეთქი, ნიშნებითა ვკითხე. მან მარჯვენა დიდი თითი მიჩვენა. აი, ესეო... ე. ი. შენი პორტრეტი კარგი გამოდისო. ოლგა იურიევნამა სთქვა: სულ ეგრე ტრაბახი იცისო: თავის თავს დიდ მხატვარს - ტიციანს ადარებსო და სხვ. მაგრამ ეს ჩემთვის სულ ერთია: კარგია, თუ პორტრეტი ცოტათი მაინც კარგი დახატა!
- ტატიანამ შემდეგი ამბავი მიამბო: პატარა ნოდარი ქუჩაზე მიდიოდა თურმე და ერთი დიდი კაცი წამოედო. იმ კაცს ეგონა, ბავში წავაქციეო. რომ მოიხედა, ჰკითხა: რა გვარი ხარო. ტაბიძეო - უპასუხნია ნოდარს. - გალაკტიონი ხომ არ გაგიგონიაო? - გამიგონია კი არა, ბიძაა ჩემიო. - ამაყად უპასუხნია ნოდარს.
ახლა იმ ვიღაცა კაცის პასუხი ნახეთ: - გალაკტიონს მეც ვიცნობო, ჩემი დიდი მეგობარი არისო, რამდენჯერ ღვინო მასთან ერთად დაგვილევიაო და სხვ. საინტერესოა, ვინ ოხერი იყო.
- გიგლამ კარგი საქმე სთქვა, მაგრამ მოაწყობს კი?
- დღევანდელი დღის უმთავრესი მიღწევა: 1. წიგნი ჩაბარდა სტამბას - საბოლოო კორეკტურით. 2. ფოტო. 3. და სხვა არაფერი ჯერჯერობით. ვერ ვხვდები იმ ხალხს, რომელიც მჭირდება ამჟამად! ის საცოდავი და საწყალი ბოგდანოვსკი ვინაა, იმანაც კი შეცდომაში შემიყვანა დღეს.
 
9 აპრილი.
ნინა საუბრობდა მასსისა და თეატრის დამოკიდებულების შესახებ. თეატრი ეხლა უშუალოდ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ვინაიდან მთავრობა არავითარ დოტაციას არ იძლევა: მარჯანიშვილის სახელობის თეატრს უფრო ესწრება ხალხი, ვიდრე რუსთაველის სახელობისას. „მა, როგორ ეგონათ“ - მარჯანიშვილი რომ ძალით ჩაჰკლესო?
ფილარმონია დავათვალიერე - სულ სხვა შთაბეჭდილებას ახდენს.
ცელმსი! ის შემხვდა ოპერის თეატრთან და ბევრი საკითხიც გადაწყდა.
შალვა ბუაჩიძე და K0 საინტერესონი იყვენ: ისინი დიდხანს მიცქეროდენ! რატომღაც!
კორნელი სანაძე - 2 კვირის შემდეგ პორტრაიტი!! (ე. ი. 29 აპრ.).
19 მაისი! 19 მაისი! 19 მაისი! (ფიქსაცია ქმნილია).
ვ. წულუკიძე, პ. კაკაბაძე - რაღაც გულჩახვეული ხალხია, გაურბიან ლირიკის შესახებ რაიმეს თქმას.. ლეონიძე.
ჰონორარის შესახებ „ხოილოვი“ (Изв., 2 აპრილი).
- ახალი ტალღა ლექსების მოდის თუ არა? - ჰკითხულობს შოთა ძიძიგური.
საბლიტგამის ჩემს წიგნს უნდა დაერქვას: რჩეული ლირიკა! ან ლირიკა!
ჩაჩიკამ დამტყუა ხელის მოწერა: დახე მაგ მამაძაღლს!
ეხლა: ირაკლი, მთარგმნელები, ქაღალდი, პროგრამა და ათასი სხვა რამ - საჭიროა დაკვრითი წესის შემოღება!
И днем и ночью кот ученный, все ходит по цепи кругом.
შალვა რადიანის აზრით, წიგნი სამ კვირაში უნდა ჩაგვაბაროს სახელგამმა.
კინო. კინო. კინო. კინო.
ქართული რაიონების საკითხი... (ვერა, ვაკე, დიდუბე, ნაძალადევი, და სხვა???).
ენერგია არასგზით არ უნდა შესუსტდეს!!! აფრები აშვებულია! ხომალდი მისცურავს!
ჩვენს განკარგულებაშია 43 დღე.

10 აპრილი.
ცემსი? ო, ცემსი (ცელმსი?)! მან ჩაინიშნა კალენდარში 19 მაისი. დაიწყო კიდეც ჩემთვის ცნობის წერა! მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და მაისურაძესთან (თეატრის დირეკტორთან) შევიდა. იქიდან ასეთი ამბით გამოვიდა: თქვენ უნდა მოგვიტანოთ ქაღალდი, რომ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს (გაგუა) არაფერი საწინააღმდეგო არა აქვსო, ე. ი. მან უნდა დაგვრთოს ნებაო!
გაგუა? ო, გაგუა! მან მითხრა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ ეს ამბავი იცის [ილიკო] ილა თავაძემ (ც. კ-ის მდივანმა)... მან უნდა გასცესო განკარგულება..
თავაძესთან კი ირაკლი აბაშიძის (მწერალთა კავშირის მდივნის) საშუალებით.
მაგრამ ირაკლი აბაშიძე და სანდრო ეული მოსკოვს წასულან - საქმეებზე. მის მაგიერ - შ. რადიანია.
რადიანმა მითხრა, რომ ის დღეს უნდა შეხვდეს ი. თავაძეს... საქმე უთუოდ გაკეთდება, თუ იმ გაგუამ არ გააფუჭა, ვინაიდან გაგუა დილით მიდიოდა უკვე თავაძესთან და ეს რადიანი კი საღამოთი უნდა მივიდეს. ასეთია, ჯერჯერობით, ამ საქმის მდგომარეობა. Все ходит по цепи кругом... ჯემსის - მდგომარეობაა.
ჟღენტი ბესარიონ: მაიაკოვსკის საღამოზე მონაწილეობა უნდა მიიღოო. რადიანმა შეაჩერა: ბაჟანით, მთელი იმ ისტორიით. ჟღენტი - თანაბრობა შეიძლება, აქ გავლენა არ არისო.
ამბავი გერმანიის, ფურორია... (დანია, ნორვეგია).
აკაკი წერეთლის ამბავი მიდის წინ!
ეს სულელი სიგუა ჩამცივებია: ერთი ქალი შემიყვარდა გაგიჟებით და ვერაფერი ვერ მითქვამს: ლექსი გამომითქვიო. ასეთია „საბჭოთა ხელოვნები“-ს რედაკტორი!
ხვალ - III ტომის კორეკტურა მთავრდება.
ზეგ საბავშო ლიტგამის წიგნის აწყობაც დამთავრდება.
ვიღაც „პოეტესა“ რეკავდა ტელეფონითო... ხომ არ არის ელ. შერი?
ჯემსით. სულიერი განწყობილება არაფერ შუაშია. საინტერესოა ტალმა: აქტიორი გონებით უნდა თამაშობდეს და არა გრძნობითო!
საღამოთი - ზოოპარკი. ახალი, ბეწვივით წვრილი მთვარე დავინახე მოწმენდილ ცაზე - და იმავე დროს აქუხდა ლომი - ცეზარი! ცრუმორწმუნეობა არ არის ეს: ეს 15 დღე ჩატარდება დიდებული, მეფური სიდიადით და სიახლით.
 
1940. 11 აპრილი.
რა იყო გუშინ ლომების ღრიანცელი!! თითქო პირდაპირ მიდიოდა ლომი ანტილოპასა ან ჟირაფზე, როდესაც ისინი წყალსა სმენ!
ფოტო... სიზმარი ფოტო... თითქო ჯგუფში ცენტრში ვიდექი. საინტერესოა: ნაცნობ ფოტოგრაფებში ბევრსა აქვს ხელის აპარატები? მოსაწვევი ბარათებით... (მახსოვს ჰანრი ბარბიუსი).
ჟურნალისტების სკამი... ეს მთელი ამბავია!!
საინტერესოა ძველებური ტრადიცია საღამოისა: 2 მოიყვანს 2-ს. საღამოზე რაც ორი-სამი დღის წინად ბილეთები გაყიდულია, ორი იმდენი კიდევ საღამოს დაესწრებაო!
ვასო გორგაძემ კარგად, გულწრფელადა სთქვა ანდრო შილაკაძეზე: ლათინური გრამატიკის შედგენაში მე ვეხმარებოდიო.. გრამატიკა წარწერით იყო.
აჰ! ეხლა აინტერესებთ არა პოეზია, არამედ ვინ - ვის!!!!
აჰ! ლეონიძე - ს. ჩიქოვანი - ვანო წულუკიძე - ა. მამაშვილი. ა. სიგუა. გაუგე ლეონიძეს რამე.. რისთვის არავის უშვებს მწერლების მუზეუმში.
ბაჟანის ამბავი ასეთი იყო: როდესაც ვეფხის ტყაოსანს თარგმნიდა, კაცი მომიგზავნა (ექიმის, ხრამელაშვილის ვაჟი), დამიწერეო, რომ ბაჟანის მიერ ნათარგმნი უკრაინულად ვეფხვის ტყაოსანი ორიგინალს არ ჩამოუვარდება, შედევრია და სხვ. მე ვუპასუხე, რომ არასდროს ასეთ სისულელეს არ ჩავიდენ. 1. უკრაინული ენა არ ვიცი და როგორ უნდა ვთქვა რამე? 2. არ ვიცი, როგორი მთარგმნელია ბაჟანი და სხვ. საზოგადოდ გავოცდი, როგორ შეიძლება ასეთი წინადადებით მიმართონ პოეტს. ალბად, ეწყინა ეს ბაჟანს, გულში დაიხვია და ეხლა გადამიხადა! თორემ რასა ჰგავს, ბაჟანი ბედავს სთქვას ჩემს შესახებ ის, რაც არავის არ უთქვამს (თითქო ჩემზე მაიაკოვსკი ახდენდა გავლენას).
რადიანი დილით ტელეფონით არ მპასუხობს - რაღაც ამბავია!
საბლიტგამის წიგნზე უნდა გაკეთდეს ლირა (როგორც ბაირონის წიგნზეა). ეს უკეთესი იქნება! (საჭიროა კოლექცია ლირების!) ამიერიდან რა წიგნიც არ უნდა გამოვიდეს ჩემი - სულ ლირებით იქნება ყდები.. ასე აჯობებს!
აკაკი წერეთლის ამბავი წინ მიიწევს!
დაწყებულია ლექსი „პოეზია უპირველეს ყოვლისა“.
წიგნი (23 ფორმა) შესაძლებელია 4 დღეში დაიბეჭდოს, თუ მოინდომებენ.
ქეთოს ორჯერ (მწერალთა კავშირში და სახლში) დაურეკია. რაშია საქმე?
რადიანმა: თავაძე გუშინ ვერ ვნახეო (ბიუროს სხდომა ჰქონდაო). ეგ საქმე მაინც გაეწყობაო. ვუთხარი, რომ მაიაკოვსკიზე ვერ დავესწრები. მაგრამ [ინტრიგა] იწყება საქმე წიგნში შეცდომის გაშვების გამო (ბორკილებს - ბრძოლების მაგიერ). გუშინ განსახკომზე იხილავდენ მთელი საღამოს განმავლობაში, ეხლა მგონი ცეკაში დაუსვამთ საკითხი (რადიანი: ცეკაში? რა შუაშია? მნათობში უარესი პოლიტ. შეცდ. იყო და გაასწორესო).
საზღვარგარეთის ამბები მწ. კავშირში, აკაკიადა...
14 აპრილს წიგნის (საბლიტგამი) აწყობა, დამთავრდება.
„მარად ისმის, მარადისი სიყვარული ძნელია“ - გაიმეორეს ჩემს დანახვაზე ქალებმა ჩემს კარებთან!
საღამოთი ქეთომ დამირეკა: „რა არის ის კორეკტურული შეცდომა ყოფილა რაღაცო. ის წიგნი შეადგინესო შალვამა და კეკელიძემ უნივერსიტეტიდან: ის კეკელიძე მირეკავს ტელეფონით, ვიღუპებიო, იძახის. მე თავიდანვე ვეუბნებოდიო შალვას: რად აიკიდეს ეს ვიღაცა კეკელიძეაო. ეხლა ასეთი უბედურებაა. რედაკტორი კი ამ წიგნისა იყო თვით განსახკომის მოადგილე - კიზირია“. ქეთო ძლიერ აღელვებული ლაპარაკობდა. მე შევეცადე დამშვიდებას. ვუთხარი, რომ კორექტურული შეცდომაა და სხვა არაფერი-მეთქი.
- შეცდომა რჩება შეცდომად, - ვუთხარი მე, - მეტაფორად ამ სიტყვებს (ბორკილებს - ბრძოლების მაგიერ) ვერ მივიღებთ, ვინაიდან ლექსში დარღვეულია რიტმი (და არის შიგ ერთი ზედმეტი მარცვალი), ყოველი მასწავლებელი ამაში ადვილად გაერკვევა, აგრეთვე მოწაფეც, ვინაიდან ამ ლექსს გადიან 10 კლასში, სადაც მოწაფეები გაცნობილნი არიან ლექსთწყობას. ვისაც ეს ესმის, რაიმე ბოროტ განზრახვას აქ ვერ დაინახავს. კორეკტურული შეცდომები კი თვით პირველხარისხოვან გამოცემებში გვხვდება-მეთქი.
- შალვა ჯერ არ დაბრუნებულა განსახკომის სხდომიდან, ალბად, ამ საქმეზეა დაბარებულიო, - სთქვა ქეთომ, - როგორც კი მოვა, ტელეფონით დაგიძახებსო!!!!
აი, ასეთი ამბავი ატყდა ერთი სტრიქონის, ერთი სიტყვის დამახინჯების გამო. ([ალბად] გუშინ განსახკომში რომ სხდომა იყო, როგორც მელიტონმა (თავდგირიძე) გადმომცა, ეს საკითხი იყო დასმულიო, და გადასწყვიტესო, შეცდომა გაასწორონო შემდეგ გამოცემაშიო).
О. И.-ც ამავე აზრისაა. მან სიტყვა-სიტყვით ასე სთქვა: „Ошибка остается ошибкой. Метафоры нет. Но в ошибке легко разобраться. Всякий кто это понимает злого намерения тут не увидит - просто корректурная ошибка“.
ვინ გააღვივა ეს ამბავი და ვინ გაბერა ასე? ოჰ, ალბად, არის ხალხი, რომელიც მხოლოდ ამნაირი ამბებით სუნთქავს!! მჟავბადი!! კორეკტურული შეცდომის გამო, ერთი კორეკტურული შეცდომის გამო ადამიანებს ღუპავენ! მაგრამ... შეცდომა მაინც არის!!!
 
1940. 12 აპრილი.
მშვენიერად სწერს ანბანებს მარჯანიშვილის თეატრის მხატვარი. მისი აბრა განირჩევა ოპერის და რუსთაველის თეატრის აბრებისაგან. ამიტომ ეს მხატვარი შეიძლება გამოყენებული იქნას კარგი აფიშის გასაკეთებლად. ვინ არის?..
აი, რას ნიშნავდაო ლომის ხმა ახალ მთვარესთან. ხალხის ხმას ნიშნავდაო. სად არის აქ ხალხის ხმა? საერთოდ: 1. არ მშორდება საღამოობით. 2. ძალიან აჭიანურებს ა. ც. 3. ცდილობს, შეანელოს ჩემი აკტივობა. 4. მეწინააღმდეგება ბევრ წვრილმანებში. საზოგადოთ, ფეხს არ იცვლის სახლიდან. მემუქრება ლირიკით და სხვ...
თითქოს ხელს უწყობდენ ჩემს აქტივობას. გაიხსენე, გალაკტიონ, 1938 წლის ამბავი, ფილარმონია, ლიტფონდი, მწერალთა კავშირი, სალიტ. გაზეთი, კომუნისტი, ბრძოლა ახალგაზრდებთან.. ყველაფერი ეს... მთლიანად აღებული მებრძოდა, რომ ჩაეხშო ჩემი აქტივობა, დაეფარათ XXX წლის მოღვაწეობის ამბავი. ეხლა კი ისე გამოდის, თითქო მე თვითონ არ ვიჩენდი აქტივობას. და ეხლა, მხოლოდ ეხლა დავიწყე აქტივობა!!!
სიმონ ჩიქოვანს ყოველთვის ენა ებმება, როდესაც ჩემთან ჩემს შესახებვე უნდა რაიმეს თქმა, მაგრამ ამას წინად გარკვეულადა სთქვა: აკაკი წერეთლის დღეებში - აკაკის პოეზიაზე მოხსენება შენ უნდა გააკეთო, შენ „სპეციალისტი“ ხარ ლირიკაშიო. თუ არა შენ, სხვას არავის შეეფერებაო და სხვ.
პირველ მაისისთვის ლექსს დავბეჭდავ „ახალგაზრდა კომუნისტში“.
ეს ეს არის კიდევ დარეკა ქეთომ: იგი ნერვიულობს. ამბობს, რომ მოსვენებას არ აძლევს კეკელიძე - რომელსაც ჰგონია, რომ იღუპება და ერთადერთი, რომელსაც შველა შეუძლია გალაკტიონია. თურმე გალაკტიონმა უნდა განაცხადოს, რომ აქ არავითარი დიდი შეცდომა არაა... რომ და სხვ. თითქო სახელმძღვანელოში დაბეჭდვამდის სამჯერ არ ყოფილა დაბეჭდილი ჩემი ლექსი ჯერ „მნათობში“, მერე წიგნში და შემდეგ კიდევ საშკოლო ბიბლიოთეკის წიგნში! არასდროს! შეცდომა რჩება შეცდომად - მხოლოდ ეს შეცდომა კორეკტურულია და არა ბოროტი განზრახვით ჩადენილი.
თავაძესთან საკითხი ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ. ჯერ მაიაკოვსკის ამბავი მომიწყვეო... და 13 კიდევ კრებაა. ვნახოთ (ო, მაიაკოვსკი! აღარ ისვენებს ხალხი). ამგვარად - შექმნილია რედუტი...
 
13 აპრილი.
შალვა რადიანი კალაპოტიდანაა ამოვარდნილი: ძალიან შეწუხებული სახე აქვს: სჩანს, იცის რაღაცა და არ ამხელს. ისე კი ამბობს: არაფერი, ისე, სრულებით არაფერიაო. იქ კი ირწმუნებიან, რომ შექმნილია კომისია, რომ საკითხი დასმულია ცეკაში.. და სხვ. მკითხა: შენთვის ხომ არაფერი უთქვამთ სახელგამშიო. მე ვუთხარი, რომ მითხრეს, მაგრამ თვით რადიანი მაშინ მოსკოვში იყო და სხვ.
თავაძის საკითხი: სთქვაო, თუ რა გვეჩქარებაო, მით უმეტეს დრო ბევრი გვაქვს წინო.. ერთის სიტყვით, აწი მასზე არის დამოკიდებულიო, როდესაც [ინებებთ] შეიძლება, თვითონ იტყვისო. და... ამნაირად... საქმე ჩაფუშულია, თუ სხვა გზით არ მოვუარე როგორმე. არ მოვეშვები არასგზით. საღამო, საღამო ოპერის თეატრში!!!
აკაკიადა წინ მიდის... ცოტა ოლგა იურევნა..
წიგნი მთლიანად შეკრულია და ათვალიერებს გიორგი იამანიძე. მე დღეს ამის შესახებ შევატყობინე რადიანსაც.
 
14 აპრილი.
ფილარმონიაში შესდგა მაიაკოვსკის საღამო. საზოგადოება იკრიბებოდა ძალიან ნელა.
- ეს გალაკტიონია, - გამაცნეს თავაძე.
- მე ვიცნობ, მხოლოდ თვითონ ვერა მცნობსო, - ღიმილით ამბობს ილ. თავაძე.
დარბაზია ნახევრად ცარიელი. სულიერი განწყობილება - საპანაშვიდო. პატარა სურათი მაიაკოვსკის, დიდი სურათები ლენინის, სტალინის. ღეჭვით კითხულობს რაღაცას მაშაშვილი, მას არავინ ყურს არ უგდებს.
 ბ. ჟღენტი: პუშკინიდან, ლერმონტოვიდან მოდისო. ახვლედიანი (პროფ.): არავინ წინაპარი არა ჰყავსო... უფერული საღამო. ვერავინ კარგად ვერ ჰკითხულობდა.
შალვამ სთქვა... მოვიშორებ ამ საღამოს, და შენს საქმეებს შევუდგებიო.
ალკა სულავამ: წიგნი აწყობილია და მე მგონია, ორ-სამ დღეში უკვე ბეჭდვას დავიწყებთო (საბლიტგამი).
გივი გაჩეჩილაძე: რა საღამო იყო თქვენი საღამო ხელოვნების სასახლეშიო... (იანვარში, არა?). იგი რომანტიულად იგონებს.. საღამო გადასცეს რადიოთი.
არ უყვარს არც ეხლა საზოგადოებას მაიაკოვსკი! აი, რა არის უბედურება!
 
15 აპრილი.
შალვამ: იგივე აზრი თავაძისა: ჯერ კიდევ არ მოვლაპარაკებივარ კანდიდსო..
მაიაკოვსკის საღამო საზიზღრად ჩატარდა. ისახელა თავი ტყუილებით ლეონიძემ. შალვა დადიანი არტისტიული პოზით... სულ სისულელეა!!!
მგონია, რომ დავიბენი! არ უნდა ასე. ძირითადი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
 მანონ ლესკო - ტუსკიას მუსიკა.
იაკობ ნიკოლაძე - ქანდაკების ფოტო.
ცელმსი (არა ცეიმსი) კარლ ავგუსტოვიჩი (ესტონელია, მგონია, ამბ. ო. ტარიუს-დარიუს).
გველესიანი - სწუხდა ბოგდანოვსკიზე, პირდაპირ აუტანელი ხედებიაო (აპირებს სურათის აკვარელით ხატვას).
ახვლედიანი - დარიკო ახვლედიანის მოგონება აკაკიზე პირველ ადგილს იჭერს კრებულშიო, - უთქვამს ლეონიძეს. ალბად, მოსათაფლავად, რომ ჩემს შესახებ შლის სტრიქონებს: ან... იქნებ...
ქნარი - დამპირდა ლირიულ ოფორტებს ჩემს თემაზე.
ელენემ - დაიტოვა 6 ლექსი თარგმანისთვის.
კ. სანაძის მისამართია - საბჭოს ქ. 10.
იაკობ ნიკოლაძეს - მზად ჰქონია ფოტო... და..
 
16 აპრილი.
გ. ქიქოძე სამართლიანად ამბობდა, რომ მაიაკოვსკის სახელი არ უნდა დარქმეოდა ბაღდადსა და მის რაიონს (ეს ძველისძველი ისტორიული სახელიაო).
მწყევლელი კაცი ასე მწყევლის ყოველთვის: "იცოცხლე იმდენ ხანს, სანამ რუსთაველის ხსენება არ მოჰკვდება ქართველი ერის გულში" (ოდიშარია, რომელსაც ვალერიან გუნია უწოდებდა: ო, რა დიდი შარია).
ბოგდანოვსკის დაუწყია, მაგრამ რა? დამიძახა, 7 საათზე ვიქნებიო, შვიდ საათზე კი ნახევარიც არა ჰქონდა მზად.. მივეცი მირზა გელოვანის ლექსი და 20 მანეთი - ფული - ბაჯაღლო.
აკაკი წერეთლის ამბავი კვიმატიანი ხდება. მართალია, დამთავრებულია, მაგრამ...
შემდეგ იწყება აკაკი წერეთლის ამბავი. მესამე ტომის ამბავი. ამბავი წიგნის გამოცემის დაგვიანების..
ზაფხული გავატარე საგურამოში, დავიწყე მუშაობა ახალ პოემაზე (ომის ამბები).
საგურამოში მოეწყო ჩემი საღამო.
შემოდგომაზე დავბრუნდით ტფილისში.
ლაინე ტუბერკულიოზით გახდა ავად და აბასთუმანშია მას მერე.
გაგვქურდეს (წაიღეს ბინიდან ტანისამოსი).
უნივერსიტეტში მოეწყო ჩემი საღამო.
<სარ..ნას> (ბერიას სახელობის კლუბში) მოეწყო ჩემი საღამო.
„Правда“ გამოეხმაურა ჩემს ლექებს.
„მნათობში“ იყო შ. რადიანის წერილი.
„ლიტერ. საქართ.“ იყო „რევოლიუციის მგოსანი“ (ოკტომბერში).
გამოვედი საოკტომბრო საღამოზე მწერალთა კლუბში.
გამოვიდა მოსკოვში ჩემი წიგნი საზიზღარი წინასიტყვაობით.

ვ. გაფრინდაშვილი.

1940