შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-125 - 1939 წელი


კისლოვოდსკი. 10 .VIII. 39.
„ინტურისტში“ შემხვდა უშანგი. ძალიან გაეხარდა. მომიყვა გიორგი სააკაძის შესახებ. სრულიად შესცვალესო, სთქვა. მე გავახსენე „მთაწმინდის მთვარე“, რომელიც მან ასე შესანიშნავად წაიკითხა ჩემს საიუბილეო საღამოზე 1933 წ. მან სთქვა: რას ამბობთ? რა არის ჩემი კითხვა ამ გენიალური ლექსის შინაარსთანო. ექიმმა ქალმა ბუგაევსკაიამ მითხრა: უშანგი ძალიან კარგად შეიძლება მალე შეიქნესო.
 
კისლოვოდსკი. 11. VIII. 39.
შევიძინე ბილეთი. მოკლე ხანში მივემგზავრებით ავტომობილით იალბუზზე. ეს დიდი ხნის ჩემი ოცნება იყო.
ვკითხულობ ვ. გუდძიის წიგნს: „როგორ მუშაობდა ტოლსტოი“. ძლიერ გამოსადეგი წიგნია.
„ინტურისტი“ კარგი სასტუმროა. ლამაზი შენობა, მშვენიერი ოთახები, საბილიარდო, ავტოტრანსპორტი, რესტორანი (დღეს მომიტანეს იშვიათი მენუ - რომელშიაც ოთხასამდი თავი საჭმელია ჩამოთვლილი). უკრავს ჯაზი. შუადღისას და საღამოობით გაჭედილია საუცხოოდ მორთული მოაგარაკეებით. უამრავი რიცხვია ებრაელების, ბევრზე ბევრია ლამაზი ქალები, ისინი იცმენ შარვლებს და ისე დადიან.
სპილოს ძვლისაგან გაკეთებული ლირები ვუსახსოვრე ორ ქალს. ისინი აღტაცებაში მოვიდენ. უნდა ასეთივე ლირები წავუღო ტფილისში რამდენიმე მეგობარს. შესაძლებელია ერთ-ერთი წიგნი გამოვსცე ლირით. ლირა უნდა აჟღერდეს.
ხალხი ეხვევა ფოსტას, სადაც იყიდება ფოსტის ქაღალდები - გრიბოედოვის, ჩეხოვის, კრილოვის და სხვ. სურათებით. კარგი იქნება ასეთივე ბარათები ჩვენშიაც შემოიღონ.
მინდა რაიმე ლექსი ვუძღვნა უშანგის.
მინდა იალბუზზე თან ავიყვანო ოლგა იურიევნა და ლაინე.
საჭიროა: იალბუზის შესახებ ლიტერატურა (მაგრამ „ინტურისტში“ წიგნები ძლიერ ცოტაა), რუქა.
საჭიროა ამ მოგზაურობის გეგმიანად მოწყობა. მთების, საზოგადოდ სიმაღლეების იდეა უნდა მთელი თავისი სიძლიერით სჩანდეს.
ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ უნდა გავიაროთ მშვენიერი ბაქსანის ხეობა, და სამოგზაუროდ ჩაწერილია ოთხი კაცი (ორი ცოლ-ქმარი).
იალბუზზე ფეხის შედგმა ძველად საგმირო საქმედ ითვლებოდა და სახალხო პოეზიის საგანძურში რჩებოდა მათი სახელები, ვინც „იალბუზზე ფეხი შესდგა“. ის უსათუოდ უყვარდა ღმერთს! „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა. იალბუზზე ფეხი შესდგა, დიდმა მთებმა შექმნეს დრეკა“.
„ბრუტ-საბძელი“, ბორბალას მთა - აი, იალბუზის სახელები.
დღეს დავათვალიერე ამ მხარის მხატვრების გამოფენა. ეს პირველი გამოფენაა. მაგრამ რაღაც მანქანებით აქ არის ყველაფერი და არ არის უმთავრესი, რაც უნდა ახასიათებდეს აქაურ მხატვრებს: კავკასიონი. იალბუზი. ბუნება (შეიძლება ასე არ იყოს. კიდევ დავათვალიერებ ამ გამოფენას).
დავათვალიერე ლერმონტოვის დროინდელი ბაღი, უძველესი ხეებით.
„ლეკებმა რომ დამიჭირეს, დამდეგ იყო მკათათვისა, ასი მთა გადამატარეს, მთები კავკასიონისა“.
„მზე ჩაესვენა, მარამა, მის შუქი ჯერეთ კავკაზსა თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა“.
„ჩემი სალამი, მძლავრო კავკასიონის მთებო!“
„კავკასიის კლდეზე იყო ამირანი მიჯაჭვული. ყვავ-ყორანი ეხვეოდა... დაფლეთილი ჰქონდა გული“.
- ყირიმის ღვინოები უკეთესია, ვინემ კავკასიის, - უთხრა ერთმა მოაგარაკემ მეორეს.

კისლოვოდსკი. 12. VIII. 39.
დილა ძალზე მოღრუბლული იყო. გადავიკითხე შემდეგი გვერდები წიგნისა „როგორ მუშაობდა ტოლსტოი“. მუშაობდა იგი, რა თქმა უნდა, გენიალურად. არა ისე, როგორც მე: ჩემი მუშაობის მეთოდები სულ სხვაგვარია. ტოლსტოი ბოლოს და ბოლოს ლიტერატორია. ბევრიც რომ იუაროს, არა გაუვა-რა... მაგრამ რა იყო ვერლენისათვის ლიტერატურა, ან ლერმონტოვისთვის, ან ჩემთვის რა არის იგი? ან ლერმონტოვს [ან მე] - ვინ მისცემდა საშუალებას ემუშავნა ისეთ პირობებში, როგორშიაც ტოლსტოის? აი, ვზივარ ეხლა „ინტურისტი“-ს რესტორანში, უკრავს ჯაზი, მაგიდებს შუა მოხდენილად უვლის ფოქსტროტს რამდენიმე წყვილი. ისინი ბედნიერები არიან, თუ არა? მოხდენილი, მშვენიერი ჯიშის ქალები საუბრობენ კარნავალზე, რომელიც კურორტის პარკში უნდა მოეწყოს 18 აგვისტოს, და რომელზედაც ასეთი ლექსით იუწყება აფიშა:
„Смех, оркестры, песни, пляски, фейерверки и цветы,
Помни, все готовят маски; приготовь ее и ты!
Будет славное гулянье. Но чтоб ты не прозевал,
Получай билет заранее, к нам на первый карнавал“.
მაგრამ 18 აგვისტოს მე აქ არ ვიქნები. მე ვიქნები ევროპის უმაღლეს მწერვალზე - იალბუზზე.
 
კისლოვოდსკი. 13. VIII. 39.
წუხელი, ღამის პირველ საათზე რეკავს ტელეფონი, ისეთი სიმძაფრით, დაჟინებით.
- ალლო! - მაგრამ არავინ მპასუხობს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ რეკავს ტელეფონი.
- გალაკტიონი ბრძანდებით? ეს მე ვარ, გიორგი.
- რომელი?
- თავზარაშვილი. გალაკტიონ, აი, რაშია საქმე. ქვევით „ინტურისტში“ შეკრებილი ვართ და თუ შეიძლება, ჩამოდითო.
მე ბოდიში მოვიხადე: სტუმრები მყავს-მეთქი. მაგრამ არ მომეშვენ: უშანგი ჩხეიძეც იქნებაო. მაშინ მე ვუთხარი: [რომ] ჩამოვალ, როგორც კი სტუმრები წავლენ მეთქი.
მართლაც, შეკრებილი იყო ოცზე მეტი კაცი. უმრავლესობა ნაცნობები. სუფრას, რომ იტყვიან „ჩიტის რძეც“ კი არ აკლდა. მშვენიერი, გემოვნურად მორთული სუფრა უხვი სანოვაგითა და ყვავილებით. კონიაკი. ღვინო. ქალები.
თამადათ არჩეულ იქნა...
(და ამ დღემ გადასწყვიტა ბევრი რამ... ეს იყო საბედისწერო დღე. რამდენიმე დღის შემდეგ მე დავტოვე კისლოვოდსკი!!! გ. ტ. 1939. X. 30).

*
Генина Екатерина Федотовна (Старикова).

I. მოქმედი პირებით (ისტორიულით), იშვიათად გვარები.
მე ქართულ მწერლობაში არ შემხვედრია I სურათის ასეთი იშვ. ისტორიულად გადმონაცემი ამბავი.
ასეთ დიდ მომენტს (როგორიცაა დარეჯანი).
II. გასახარელია, რომ ასეთ დიდ როლს თამაშობენ ქალები.
არა თუ მართლა!
 
*
[თუ რომ] სადაც შეგხვდეს გრიშაშვილი,
გულში რწმენად ჩაიხატე. (გაიხადე).

- შენ ვინა ხარ?
- გრიშაშვილი.
- ფსევდონიმი?
- ტიმოთ-ზადე.

*
იცი თუ არა შენა?
კანტატა - ვალიკო. „მწერლებთან“.
უმთავრესია ეხლა მუსიკოსები და მსახიობები. ასის წლისანი!
[იცი თუ არა.] იცი თუ არა შენ.

*
Я поднялся к подножью Эльбруса.
1. На высоте около 4.000 метров над уровнем моря.

1939