შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-122 - 1939 წელი


1 იანვარი, 1939 წ.
ახალი წელი დღევანდელ გაზეთებში იხსნება ჩემი ლექსებით („ვეჩერნი თბილისი“, „მუშა“, „ახ. კომუნისტი“, „ფიზკულტურელი“). ეს უსათუოდ გამარჯვებაა. ყველაზე ლამაზად პირველ გვერდზე „ვეჩ. ტბ.“-სი ათავსებს ჩემს ლექსს. „ახ. კომუნისტს“ ამშვენებს ფაქსიმილე. „მუშა“-ში, მართალია, პირველად და პირველ გვერდზეა, მაგრამ შესამჩნევი ხდება მტრის იდუმალი, მავნებლური ხელი, რომელიც არასწორად ალაგებდა ჩემს სტრიქონებს, ამახინჯებდა სახელს. „კომუნისტი“ ასაღებია, ისე როგორც „Заря Востока“. საღამოთი კალესთან ყველა სტუმრები, ყველა პატივისცემით მიხსენიებდენ. ერთმა მათგანმა სთქვა: წავიკითხეთ გალაკტიონის ლექსი „მუშა“-ში, ერთი შეხედვით უბრალო რამ გეგონებაო, მაგრამ დააკვირდები და გაოცდები აზრის სიღრმესო (ამ მომენტზე, თავის მოხსენებაში კი არა, კერძოდ ამბობდა ა. გაწერელია). კინოოპერატორი, რომელმაც გუშინ გადამიღო და დღეს კალესთან იყო სტუმრად, ამბობდა, რომ ის ბედნიერია იმით, რომ მას წილად ხვდა გადაეღო ჩემი სურათი; ელიზბარ პოლუმორდვინოვი იგონებდა ჩემს პირველ წიგნს, რომელიც თურმე მან ერთ მოჯამაგირეს აჩუქა 1914 წ. კალე მაიაკოვსკიზე მაღლა მაყენებდა. იყო მარიამ გარიყული, რომელმაც გაიმეორა სტრიქონები ჩემი წიგნიდან. აგრეთვე სტუდენტი ლენინგრადელი, რომელმაც მშვენიერი სიტყვა სთქვა. ტელეფონით დამირეკა ქეთო ჭირაქაძემ, ეს ესაა ეხლა მე და ჩემი მეგობრები ვკითხულობთ თქვენს ლექსსო. კრიტ. კალანდაძემ სთქვა: გალაქტიონმა პოეტური კვანტი გამოუდო კრიტიკოსებს საიუბილეო საღამოზე. მან წაიკითხა ლექსები, რომელიც კრიტიკოსებს არ მოსწონთ, საზოგადოება კი აღტაცებულია ამ ლექსებითო. ხშირად გაისმოდა ლექსების სახელწოდებები: „მერი“, „მესაფლავე“, „ლურჯა ცხენები“ და სხვ. ელიზბარმა ალიოზე სთქვა: რად გინდა, კალე, რომ ეძახი მაშაშვილს, ხომ იცი, რომ ძალიან იბერებაო (მართლაც, რანაირია მისი დღევანდელი ლექსი კომუნისტში?). გიორგი ქუჩიშვილი გავაოცე, რომ ღვინოს არ ვსვამდი. საღამოთი კინოში ვიყავი: ერთერთ ახალგაზრდასთან მივედი პაპიროსზე მოსაკიდებლად და ორმა ერთად, ერთი მეორეს ასწრებდენ ასანთის გაკვრას, „ინებეთ, ბატონო გალაკტიონო!“ ასე: როდესაც სტამბაში მივედი და ახალგაზრდას ვთხოვე „ახალგ. კომუნისტი“, მან აღტაცებით სთქვა: „რა მშვენიერი ლექსებია! თქვენ ბრძანდებით გალაქტიონი?“ შევამჩნიე დიდი სიმპატია ჩემდამი. ასე იყო კალესთანაც, სადაც ყველა დამსწრეები აუწერელი სიყვარულით მიცქეროდენ. კოწია წივწივაძემ გამაოცა თავისი მეგობრული დამოკიდებულებით ჩემდამი. ახალი წელი! მან გაანათა ჩემი ბინა.. რეზიუმე დღევანდელი დღის: გამარჯვება გაზეთებში, გამარჯვება საზოგადოებაში. ასეთი იყო ახალი წელი. „სადაც წახვიდ-წამოხვიდე, არსენა, გაგიმარჯვდესა!“ ელიზბარი ამბობდა, მე შენში მიყვარს უბრალოებაო. თან ჰკითხულობდა „მერი“-ს. ცხადია, ბევრთან დამოკიდებულებაში იგრძნობა რაღაცნაირი სიფრთხილე, არც მწვადისა და არც შამფურის დაწვის პოლიტიკა.. უნდა ბიძგი. „სადაც წახვიდ-წამოხვიდე, არსენა, გაგიმარჯვდესა!“ საზოგადოთ ეს წელი ჩემის ტრიუმფით იწყება.. იგი უნდა გაფართოვდეს, გაღრმავდეს! უნდა მახსოვდეს, რომ მტერი არ მოისვენებს, მაგრამ მე ჩემი გზა მაქვს. გაბრწყინდი, სიხარულით აენთე, ჩემო წელიწადო! მაგრძნობინე უმაღლესი ბედნიერება! მაგრძნობინე მრავალზე უმრავლესი გამარჯვებები. მაგრძნობინე, რომ ბევრი რამ გამიკეთებია, და უფრო მეტს ვაკეთებ. შეჰქმენი რაიმე დიადი, ჩემო წელიწადო! ეძიე კარგი და გამტანი ხალხი, რომ შეჰქმნა რაიმე დიადი!
ო, ჩემო დღიურო, ბევრი რამ, ბევრი რამ კარგი უნდა აღნუსხო შენ, რომ წლის დამლევს გადავხედო ჩემს გზას ისეთი სიამაყით, როგორითაც მთავარ სარდალი გადახედავს გამარჯვებული ბრძოლის ველს.
დიდებული იქნება ეს წელიწადი, გალაკტიონ!

2 იანვარი, 1939 წ.
როდესაც დილით სასაუზმეში შევედი, მომესმა ჩუმი ჩურჩული: „გალაკტიონი!“ მე ჩვეულებრივად უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, „სულ ერთია-მეთქი“. არ მიყვარს, როდესაც ყურადღებას მაქცევენ საზოგადო ადგილას, თითქოს გშინჯავენ, რაღაცას ფიქრობენ; მაგრამ ეს კარგია.
მწერალთა კავშირში შალვა დადიანმა შემომჩივლა: გუშინ ჩამოველი ბაქოდან, ახუნდოვის ხსოვნის დღესასწაულიდანო(?). ყველასი ჭყონდიდელი მე ხომ ვერ ვიქნებიო. შალვა - ჭყონდიდელი! იგი თავის ქერქში ვერა გრძნობს თავს, ჭყონდიდელი კი არა - კონფერანსიე, არტისტი. ჩვეულებრივად იცინოდა, ისე, რომ ვერ გაიგებდი, თუ რატომ ახსენა ჭყონდიდელი. ხომ არაფერი აწყენინეს? იუბილეი სად არის? შალვამ ჭყონდიდელობაც ხომ ამიტომ იკისრა? შალვა შემეცოდა. მან ბევრი გადაიტანა და იტანს წმინდა სტოიკური სიდინჯით და არტისტიული ნიღაბით. ფაკტიურად ის უბედური ადამიანია. ამას წინად ის ჩემს იუბილეის დაესწრო, მოვიდა მოგვიანებით ალიოსთან ერთად. რა აკავშირებს მას ალიოსთან?
მემანქანე ქალები საუბრობდენ გუშინდელ დღეზე.. ბედნიერი წელიწადი იქნებაო, რადგან შიგ რიცხვი ცხრა ურევიაო.
შალვა რადიანიც შემეცოდა. ის ჩიოდა, რომ ლეო ქიაჩელი საყვედურებს ეუბნება. „სწორედ რომ ვეღარაფერს ვერ დასწერ, პირდაპირ შეუძლებელია წერაო.. ყველა თავს გესხმისო“. მართლაც, ძნელია მისი როლი („ლიტ. საქართველოს“ რედაკტორობა და მარქსისტული კრიტიკა). მის გარშემო ბევრი ლაპარაკია და მისთვისაც ძნელია თავის დაღწევა. „მარქსისტული კრიტიკა“ ხომ ჯერ სრულებით დაუმუშავებელი რამაა და ყველა ალალბედზე იკვლევს გზას.
ლევან ასათიანთან მე და შალვას საუბარი გვქონდა. ლევანმა აიღო თავისთავზე კონსერვატორიაში ჩემი საღამოს მოწყობის მეთაურობა. მან მოიწვია ჩაჩავა, რომელსაც დაევალა მუსიკალური განყოფილების მოწყობა. შეადგინა საღამოს გეგმა. საღამოს მოსაწყობად ავირჩიეთ თერთმეტი იანვარი (ვინაიდან 12 - ტატიანას დღეობაა და ჩვენი ხალხი სულ იქ იქნებაო). სასწრაფოდ გავქანდი კონსერვატორიაში და ავიღე დღე. [როდესაც] კონსერვატორიის ვესტიბიულში მომესმა ქალის ხმა:
- გალაკტიონ! გალაკტიონ!
მოვიხედე. ელიკო!
- აღარსად აღარ გაგიშვებ.. ეხლავე ჩემთან უნდა წამოხვიდე, ქეთო მაღალაშვილს შენი პორტრეტის დახატვა უნდა რამდენი ხანია.
ისე ჩამჭიდა ხელი, რომ პალტოს ჩაცმა ძლივს მოვასწარი. უარი ვინ გათქმევინა, პირდაპირ გამაქანა ბარნოვის ქუჩისაკენ. გზაში იგი მიყვებოდა სხვადასხვა ამბავს პოეტებზე, მწერლებზე, ქეთო მაღალაშვილზე, რომელსაც აღტაცებით ახასიათებდა.
ქეთო ეხლა ცალკე ცხოვრობს. აქვს საკუთარი ატელიე. მე გამაოცა ამ ქალის არაჩვეულებრივმა არტისტიულმა გემოვნებამ. მისი პორტრეტები ყველა მშვენიერია, რომანტიული, ლამაზი; ისია ნაზაროვა გეგონება - ეს ესაა ფერადებიდან [ხორც.] გაცოცხლდება და დაგელაპარაკება მელოდიურ წარსულს, იმ ახალგაზრდობას, რომელიც აღარ არსებობს, მაგრამ რომელმაც დასტოვა გამოუთქმელი სიყვარულის მწუხარება. არა! ძალიან დიდი და შესაძლებელია, ერთად ერთი მხატვარია ქეთო მაღალაშვილი. რამდენი კულტურაა, რაოდენი კეთილშობილება, სინაზე, სიყვარული, პოეზია (კედლებიდან იცქირებიან რემბრანდტისა და ტიციანის ნახატები). ქეთოს დაუწყია შალვას სურათი. შალვა ჭყონდიდელი აქ უკვე ჩოხა-ახალოხშია გამოწყობილი. კარგი სურათია.
მე და ელიკო ვიგონებდით მოსკოვის 916 წელს. ელიკომ გაიხსენა ჩემი საღამო მოსკოვში. ოვაციები, რომელშიაც თვითონ იღებდა მხურვალე მონაწილეობას, და რისთვისაც მეორე დღეს ფოსტით მიიღო წერილი ტიციანისაგან: ეხლა კი დავრწმუნდი, რომ შენ ის ელენე არა ხარ, რომელიც მეგონეო (შური გამიგონია, მაგრამ ასეთი?).
მე დავიჭირე ხანგრძლივი და რაღაც არაჩვეულებრივი თვალის გასწორება; ქეთო უცქეროდა ელიკოს ისე, რომ მე დავფიქრდი. რას ნიშნავდა ეს? მე ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ ელიკოს ვუყვარვარ.. მან ამოიღო ჩემი ლექსების დიდი წიგნი და მაგიდაზე დასდო (აკი გზაში მეუბნებოდა, რომ ქეთოს გავჟღენთ შენი პოეზიით, რომ პორტრეტი დახატოს ისეთი... ისეთი..). ელიკოს მე ვუყვარვარ... და ვუყვარდი ჯერ კიდევ ოცი წლის წინად! ოცი წელი! როგორი წლები! აი, ქეთოსაც სულით და გულით უნდა ჩემი პორტრეტის დახატვა. შევთანხმდით: ხვალ თერთმეტი საათიდან იგი იწყებს პორტრეტის ხატვას.
„კომუნისტი“-ს რედაქციაში ბერიკაციშვილი ვანო მეუბნებოდა ჩემს გუშინდელ ლექსებზე: ს. ფაშალიშვილი ამბობდაო: აი, სადა სჩანს ნამდვილი გალაკტიონიო. ეს ის ვანოა, რომელიც ოცი წლის წინად აწყობდა ჩემს „არტისტიულ ყვავილებს“. მან გაიხსენა ეს ამბავი.
ბორის სერებრიაკოვი, რომელმაც ჩემი ლექსი სთარგმნა, სთქვა: გუშინ „Заря Вост.“-ში რედაქტორი ეუბნებოდა თანამშრომლებს. აი, შეხედეთ! „Веч. Тб.“-მ მოახერხა გალაკტიონის ლექსის შოვნა, და გაზეთის ფურცლებზე მოთავსება.. თქვენ კი ვერაფერი მოახერხეთო.
აჰა! გამახსენდა! ქეთომ და ელიკომ რომ მითხრეს, რომ მშვენიერი ღვინო ჩამოუვიდათ.. სუფრაზე გამოტანა რომ უნდოდათ და მე უარი ვთქვი. ლიკიორზედაც უარი ვთქვი! არ მინდა ღვინო!
სიმონ წვერავა აწყობს ჩემს დიდ საღამოს მასწავლებელთა კლუბში. იწვევს მომხსენებლად კ. კაპანელს.. საღამო მოეწყობაო 15 იანვრიდან.
მეტი არაფერი ღირსშესანიშნავი დღეს ჩემთვის არა მომხდარა რა.
რეზიუმე: 1. ეწყობა კონსერვატორიაში საღამო (აღებულია დარბაზი. შედგენილია პროგრამა, არის მომწყობი ორგანიზაცია). 2. ქეთო მაღალაშვილი იწყებს პორტრეტის ხატვას. 3. მასწავლებელთა სახლში განზრახულია ჩემი საღამოს მოწყობა. 4. საზოგადოებრივი აზრი ჩემი გუშინდელი ლექსების შესახებ - დადებითია.
 
3 იანვარი.
დიდი, უზარმაზარი შავი თვალები. თვითონაც შავი (უკეთ, შავგვრემანი), შავი თმა, შავი აბრეშუმის ტანთსაცმელი. ასეთია ქეთო მაღალაშვილი. მთელ მის იერს უაღრესი კეთილშობილება ახასიათებს, ძველებურ ქართველ ქალსა ჰგავს ეს მაღალი, დინჯი, დარბაისელი შუახნის ქალი - მშვენიერ შთაბეჭდილებას ახდენს. საუბრობს პარიზზე (როდესაც იქ წავიდა, ენა არ იცოდა. მასთან ერთად იყვენ ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე). საუბრობს ჩვენს საერთო ნაცნობებზე, ზოგზე ირონიით, ზოგზე სერიოზულად, ამბობს, რომ ქართულ მხატვრობას მეთვრამეტე საუკუნეში პორტრეტი ახასიათებდა. პეიზაჟი მეცხრამეტე საუკუნის დამლევს გაჩნდა (გიგო გაბაშვილი) და გასაოცარიაო, რომ ჩვენში ეხლა პორტრეტისტი არ არსებობსო. როდესაც არ ლაპარაკობს და გულდასმით განაგრძობს ხატვას (დღეს დაიწყო ჩემი პორტრეტის ხატვა), რაღაცაზედ ჩუმად ამოიოხრებს ხოლმე. რაზედ? ვინ იცის! მერე მოვიდა ელიკოც. მან სთქვა, რომ შალვას არ ეცლება ამ თვის ექვსამდისო. ტელეფონით დაველაპარაკეო. ქეთოს ეს არ ესიამოვნა: იგი ხომ გამოფენისთვის ემზადება. ელიკოს ძალიან დაღლილი სახე აქვს, მაგრამ ძველებურად სიმპატიური. დილის 10 საათიდან 2 საათამდე ვიყავი მათთან.
შემდეგ მწერალთა სასახლეში: ლევანს გადავეცი, რომ კონსერვატორიის დარბაზი აღებულია 11 იანვრისათვის. შემდეგ ჩაჩავასაც. ლევანმა იქვე დაითანხმა შალვა ჭყონდიდელი საღამოზე გამოსვლისათვის.
მოსკოვიდან დღეს ჩამოსულმა ბესო ჟღენტმა ბევრი ახალი ამბავი ჩამოიტანა. ჩემს წიგნზე: აპრილში გამოვაო. მოსკოვში აპირებენო საღამოს მოწყობასაო. „პრავდა“-ში კარგად იყოვო გამოცხადებული შენი საღამოვო და სხვ.
შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ორგანიზაციასთან (მწერალთა კავშირთან) არსებობს მუშა-მოსამსახურეთა პროფესიონალური კავშირი: ვიყავი დღეს მათ კრებაზე.
ანდრია ბალანჩივაძესთან საღამოთი ვიყავი ბინაზე. გამაცნო ცოლი, რომელმაც გამოალაგა ტორტი, საცივი, ღვინო. უხერხული კი იყო, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი. ისინი სახტად დარჩენ. ანდრიუშამ მირჩია, მიმითითა კომპოზიტორთა კავშირზე, რომელსაც ერთადერთს შეუძლია საღამოსთვის რაიმე დადებითი გააკეთოს ყოველმხრივ. მირჩია აგრეთვე, სრულებით ამომეღო საღამოის ვოკალური ნაწილი, ვინაიდან არ არსებობს ჩემს სიტყვებზე მუსიკა. მაშ ასე: სკრიპკა, ვიოლონჩელი, როიალი, დეკლამაცია და სხვ. ძლიერ მომეწონა. თუ ეს ხვალ განვახორციელე, მეტი არა მინდა-რა.
შემდეგ საპარიკმახერო. თეატრალურ მუზეუმში ხმის ჩასაწერად. წავიკითხე „მთვარის ნაამბობიდან“. ეხლა მაქვს სამი სადეკლამაციო ნუმერი („მე და ღამე“, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, „მთვარის ნაამბობიდან“, აგრეთვე სიმღერა „სახლი ტყის პირად“).
12 საათზე მოვედი სახლში დაღალული. დღის უმთავრესი გამარჯვებები: 1. ქეთო მაღალაშვილმა დაიწყო პორტრეტის ხატვა. 2. კონსერვატორიის დღე საბოლოოდ დადგენილია (11 იანვარი). 3. შ. დადიანი თანახმაა მონაწ. მიიღოს. 4. ანდრიუშამ კარგი რჩევა მომცა, უნდა განხორციელდეს! 5. ჩავწერე „მთვარის ნაამბობიდან“.
აი ყველაფერი, თავი და ბოლო დღევანდელი დღის. ყოველივე ეს ცოტაა, მხოლოდ საქმის დასაწყისია. უმთავრესი ამბები წინ არის! რომ შეჰქმნა რაიმე დიადი, ენერგიული მუშაობაა საჭირო.

4 იანვარი.
- აი, მე ცარცით შემოვხაზავ ადგილს, სადაც თქვენ ხართ, ცარცითვე წიგნს, რომელიც მაგიდაზე დევს გაშლილი. ეს იმისთვის, რომ გახსოვდეთ, რომ არ შეიცვალოთ ადგილი, სხვანაირად არ შეიძლება. გათავდა, შემოხაზულია.
ქეთომ ცარცი გადასდო, და სურათის ხატვას განაგრძობს. უეცრად შემეკითხა:
- გახსოვსთ ხომა ბრუტი?
- მახსოვს „Вий“-დან, არა?
- ჰო. ხომა ბრუტი რომ რომელიღაც ქოხში მოხვდა, მან ვიის წრე შემოუხაზა ირგვლივ და ვიი ადგილიდან ვეღარ დაიძრა, გაშეშდა შელოცვილივით. ისევე თქვენც. წრეში ხართ მომწყვდეული.
„Как только ударял Киевский семинарский колокол - философ Хома Брут“... მგონი, ასე იწყება „ვიი“.
ამგვარად საუბარი კიევის სემინარიის ზარზე გადავიდა.
მე გამახსენდა ტფილისის სემინარია: მე მოვუყევი ქეთოს:
- როგორც კი დაჰკრავდა ტფილისის სემინარიის ზარი..
- თქვენ სემინარიაში სწავლობდით.
- დიაღ. რეაქციის ხანებში, როგორც კი დაჰკრავდა სემინარიის ზარი, მთელი პანსიონი გამოცოცხლდებოდა. იწყებოდა დღე. პირის დაბანა. სასადილოში შეკრება. საუზმის დაწყებამდე საერთო ლოცვა. საუზმის გათავებისას კიდევ ლოცვა. ცოტა ხნის შემდეგ საერთო შეკრება სემინარიის ეკლესიაში, ლოცვა! ამის შემდეგ იწყებოდა გაკვეთილები. თვითეული გაკვეთილის დაწყებისა და დამთავრების შემდეგ - ლოცვა! გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სასადილოში სადილისთვის შეკრება. იქაც ლოცვა. თავისუფალი საათები. შემდეგ მეცადინეობა. საღამოთი ჩაი. შემდეგ ვახშამი. ლოცვა.
- უქმე დღეებში ალბად სულ უარესი იქნებოდა.
- უქმე დღეებშიც. როგორც კი დაჰკრავდა სემინარიის ზარი, შევიკრიბებოდით ეკლესიაში. ვიდექით, როგორც ქანდაკებები, უმოძრავოდ, მთელი საათების განმავლობაში, სანამ არ დაჰკრავდა ზარი, რომელიც ლიტურგიის დამთავრებას მოასწავებდა. [მაგრამ] მთავარი ის არის, რომ ხომა ბრუტი ცრუმორწმუნე იყო, სემინარიელები კი არა: მათ ღმერთის არსებობა არა სწამდათ, არც ერთის, არც სამპიროვანის, ვინაიდან უმრავლესობა რევოლიუციონერები იყვნენ. მარქსსა და ენგელსს ჰკითხულობდენ ჩუმჩუმად. ბიბლია კი ისე, მოსაჩვენებლად იყო.
ძალიან გულმოდგინე მომეცადინენი იყვნენ სემინარიელები. დღითა და ღამით ღრღნიდენ წიგნებს, მთელი მე-XIX საუკუნის ინტელიგენციის უკეთესი ნაწილი სემინარიიდან იყო.
და კიდევ ბევრი რამ გამახსენდა. რეკტორი, უხუცესი მასწავლებლები (ერთი მათგანი ბიძაჩემის ხანაშიც კი ასწავლიდა აქ).
- გიმნაზიელები უფრო ერთობოდენ, - დაუმატა ქეთომ, - იმათი საქმე იყო გართობა, ბალები. ამიტომაც... საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფუქსავატი გამრთობი ხალხის როლს ასრულებდენო.
გიმნაზიელებს ნიჟეგოროდელები მოჰყვნენ. სამხედრო წრეები. ტფილისის ულამაზესი ქალები: ნინა დადეშქელიანი, მერი შერვაშიძე, სოფო მელიქიშვილი. როდესაც იმპერატორი დაინახავდა ნინა დადეშქელიანს, გაოცებული იყო მისი სილამაზითო. ერთხელო, თურმე, სოფო მელიქოვს ლოჟაში უამრავი სამხედრო პირი, თაყვანისმცემლები ეხვივნენ გარს. საუბარი ჩამოვარდა გაბრიელ დ’ანუნციოზე. სოფოს უთხრეს:
- Знаете, Дʼанунцио, говорят, собирается итти на фронт.
სოფომ, ძალიან ლამაზმა, მაგრამ ბევრის არმცოდნე ქალმა, ტუჩები აიმრიზა დ’ანუნციოს სახელის გაგონებაზე და მედიდურად სთქვა:
- Терпеть не могу имеретин (დ’ანუნციო - დანუნიძე ეგონა ალბად). ასეთები გამოდიოდენო გიმნაზიებიდან.
რაზედ არ ვსაუბრობდით: ძველი საბერძნეთის ხელოვნებაზე, თანამედროვე ხელოვნებაზე, სიმვოლიზმზე, ფუტურიზმზე.
- მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არავითარი „იზმი“ არა მწამებიაო, - სთქვა მხატვარმა ქალმა.
იგი განაგრძობს ჩემი პორტრეტის ხატვას. „თქვენ იმიტომ უყვარხართ ყველას“ - დაიწყო ქეთომ ჩემს შესახებ და როგორ დაამთავრა, არ ვიცი.
არ ვიცი აგრეთვე, თუ რასა ხატავს.. ჯერჯერობით აკრძალული მაქვს შევხედო, დავინახო, თუ რასა ხატავს.
მწერალთა კლუბში მერი მიქელაძემ აღელვებით მიამბო: „შეიძლება გეწყინოსთ, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ ინციდენტი, რომელიც მომხდარა რკინისგზის შკოლაში. გამოსულა მასწავლებელი მშვენიერაძე და დაუმუშავებიხართ. რა ორგანიზაციაა მწერალთა კავშირიო, რომ კაცმა ლენინის ორდენი დაჰკარგა და იუბილეის უხდიანო. ვერავინ ვერაფერი უთხრა, ვინაიდან ეს სრულიად მოულოდნელი იყო ყველასათვისო“. მერი გაოცებით ამბობდა: ნუ თუ იქ არ იცოდენ, რომ იუბილეი ცენტრალური კომიტეტის დასტურით მოეწყოვო? ეხლავე უნდა წავიდე და მდივანს ვუთხრა, რომ ეს აღმაშფოთებელი ამბავიაო. პოლიკარპე კაკაბაძე ამბობდა: უსათუოდ უნდა უთხრა, გალაკტიონზე კი მშვენიერაძეების ასეთი გამოსვლა გავლენას არ იქონიებსო. მე განვაცხადე, რომ ამ ინციდენტის გახმაურება არა ჰღირს, რომ თავისთავად ცხადია - აქ პროვოკატორია, გამოსვლაც პროვოკაციულია-მეთქი („Мой путь уныл, сулит борьбу и горе, грядущего волнуемое море“). მართლაც, ვინ არის ეს მშვენიერაძე, რამ აიძულა ბავშების წინ ამნაირი განცხადებით გამოსვლა? (მშვენიერაძე!) აი ახალი მტერიც გაჩნდა. პროვოკატორი.. ვინ გამოიყვანა იგი? ვინ უმაგრებდა ზურგს? ეეჰ, ასეთია ქვეყნად საბრალო პოეტის ცხოვრება.
„ტრუბკა“-სთან შეკრებილიყვენ: პაპიროსის გამყიდველი ქურთი, მილიციონერი, ვიღაც შოფერი. სულ რჩეული ხალხი. მივეცი თუმანი ღვინისათვის (მე თვითონ ხომ არა ვსომ). ტრუბკამ მითხრა: „გაიგე? აი, ის რომ იყო, პროსტიტუტკა ნიურკა, ერთი თვის წინად გარდაიცვალაო“. ძალიან მეწყინა. მე ვუთხარი, რომ ის ქალი სრულებითაც „პროსტიტუტკა“ არ იყო! დამთანხმდა.
- საწყალი ქალი! - უნებლიედ ამომხდა გულიდან.
საღამოთი ვიყავი კინოში. მეათეჯერ ვნახულობ „პეტერს“ - ფრანჩესკა გაალს. იქ იყო ყოყია (დიდი უნიჭო კაცია).
სახლში დამხვდა წერილი იაროსლავიდან.
საღამო ეწყობა, მხოლოდ არა კონსერვატორიაში, არამედ რუსთაველის თეატრის საკონცერტო დარბაზში (ვნახე ბალანჩივაძე, გოკიელი, დირიჟორი გველესიანი და სხვები).
ვნახოთ, რას იტყვის ხვალინდელი დღე!

5 იანვარი.
ისეთი ნისლიანი დილა, როგორიც დღეს იყო, მე მეორე ტფილისში არ მახსოვს: გამვლელს მხოლოდ ერთი მეტრის მანძილზე თუ დაინახავდი. ამ ნისლში, ვერის ხიდზე, წამიკითხა ჩემი ლექსის ახალი თარგმანი ბოგდანოვსკიმ. ეს ლექსი მედგარი ლექსია, სახელად ჰქვია „გამბედაობა“. ნათარგმნია მშვენივრად. ნისლში იგი ისმოდა უფრო ცოცხლად, გაბედულად, საიერიშო სიმღერად. აი, შეხედეთ, თურმე - ლექსს ნისლში შეუძლია იყოს უფრო ინტენსიური მაშინაც, როდესაც ბუნება ნისლიანია, და იგი მღეროდეს - სიხარულზე. ნისლშიაც კი!
ჩვენი მონნა-ლიზა (ქეთო მაღალაშვილი) ხატვას განაგრძობს: „თუ თავი და სახე კარგად არ დავაყენეთ - ორივენი დავიღუპებითო!“
მაგრამ არაფერსაც არ დავიღუპებით. წინათგრძნობა მეუბნება, რომ პორტრეტი კარგი გამოვა.
- იყო ერთი გურული სტუდენტი, სახელად ტოგო, - განაგრძობს ქეთო, - მას თავდავიწყებით უყვარდა თქვენი ლექსები. სადაც არ უნდა ყოფილიყო სტუმრად, ქალაქში თუ სოფლად, პირზე თქვენი ლექსები ეკერა. არ ვიცი, რითი უნდა აიხსნას პოეტისადმი ასეთი სიყვარული. ტოგო განა მარტოა? გაიხსენეთ მონგო (ლერმონტოვის უსაყვარლესი მეგობარი). ძალიან უყვარს ყველას „მესაფლავე“.
მე გამახსენდა, რომ მესაფლავე პირველად როდესაც დაიბეჭდა (მგონი 1912 წ.), სახელად ერთქვა: „Requiescat in pacé“. დაბეჭდვისთანავე იგი პოპულიარულ ლექსად გადაიქცა.
მოვუყევი ქეთოს ლექსის „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო“-ს ისტორია. იგი პაპიროსის კოლოფზე დავსწერე წყალტუბოში, შემდეგ არ მომეწონა, დავხიე და გადავყარე. რომელიღაც ქალს ამ ლექსის ნაგლეჯები ერთმანეთისათვის შეეწებებინა და ეხლა ეს ლექსი პოპულიარული ლექსია.
აგრეთვე საღამოზე მწერალთა სასახლეში: სულ მეძახოდენ: წაგვიკითხეთ „მერი“, „მესაფლავე“, „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“ და სხვ.
მოვუყევი ქეთოს აკაკი წერეთელთან შეხვედრის ისტორია ერთ სალიტერატურო საღამოზე 1912 წელს. როდესაც ლექსის კითხვა დავამთავრე, აკაკიმ მითხრა: თქვენ უთუოდ რაჭველი უნდა იყოთო. დასავლეთ საქართველოში და ქართლ-კახეთში გაბმით ლაპარაკობენ. თქვენი ლექსის კითხვაც ძირითადათ ქართულიაო, ეროვნული საფუძველი აქვს. ქეთო ძალიან დააინტერესა ამ ამბავმა.
შემდეგ გამახსენდა პ. პეტრენკოს ამბავი „ლურჯა ცხენების“ თარგმანის შესახებ: მან ეს თარგმანი წაიკითხა სოხუმში, სალიტერატურო საღამოზე. იქ მას ჰქონდა სტრიქონი: „Лишь в могиле умиротворение“. რომელიღაც რუსს ასე გაეგონა: Умер от варенья - ნაცვლად „Умиротворение“-სა და იგი ცხარობდა: როგორ შეიძლება მურაბით კაცი მოკვდესო. მას აუხსნეს, თუ რაში იყო საქმე და ძლივსძლივობით დაამშვიდეს.
ამნაირ გაუგებრობას ხშირად განგებაც ქმნიან: მაიაკოვსკიმ, მაგალითად, როდესაც ხატვის სასწავლებელში სწავლობდა, გამოაფინა თავისი პალიტრა, რომელზედაც დაკოსებული იყო ფერადები და „სურათს“ ქვეშ ეწერა: „Занозистая поверхность с трех точек зрения“ (ქეთომ მაიაკოვსკის შესახებ სთქვა: მის პორტრეტში, მიუხედავად იმისა, რომ თითქო გულმოსული კაცი გიყურებსო, არისო რაღაცა ბავშური, გულუბრყვილო, გულწრფელი, ლირიული. ეს სრულიად ახალი და კარგი აზრია მაიაკოვსკის შესახებ).
შემდეგ ქეთო თავის ამბავს ჰყვება: „ჯერ კიდევ გიმნაზიაში ვხატავდი, შემდეგ აქ, იაკობ ნიკოლაძესთან, მოსე თოიძესთან და ეღიშე ტატევოსიანთან. მერე მოსკოვის აკადემიაში (1916-17 წწ.). საქართველოში დაბრუნებისას უმთავრესად ეროვნულ გალერეაში ვმუშაობდი. აქ ბევრი დრო დავკარგე. აგრეთვე ბევრი, ბევრი ნახატებიცო“. იგი ნატრობს: კარგია ხატვა, როდესაც მუსიკა უკრავსო. იხსენებს, რომ ერთერთ წარმომადგენელს მოსკოვის პრესისას სურდა მასთან ინტერვიუ, წერილის დასაწერად, და მან, ქეთომ, არასგზით ეს არ ისურვა: „რა საჭიროა, ვისხდეთ ამ აივანზე წყნარად, ჩემზე წერის დრო ალბად მოვაო“. დამახასიათებელია, რომ ქეთო თავის ნამუშევრებს თავის სახელსა და გვარს არ აწერს: „მითხრეს, რატომ არ მოაწერო, მაგრამ მე არ მინდა“.
საღამოთი „Вечерний Тбилиси“ სწერს: „В середине января в тбилисском Доме учителя состоится большой литературный вечер в ознаменование 30-летия творческой деятельности народного поэта Грузии Галактиона Табидзе. Вечер устраивается по инициативе литературного кружка при Доме учителя. В нем примут участие педагоги, школьники, поэты и писатели.
В январе-же по инициативе потийских партийных огранизаций состоится вечер творчества Г. Табидзе в г. Поти“.
ვანო ბერიკაციშვილი იხსენებდა ჩემს საახალწლო ლექსს „ვეჩორკა“-ში.
- შესანიშნავია! დიდებულია! - გაიძახოდა იგი ფილარმონიის ვესტიბიულში.
 
6 იანვარი.
მე მირჩიეს ვნახო ეღიშე ტატეოსიანის გამოფენაზე რამდენიმე ეტიუდი: „კომიტასი ჰკრებს ფოლკლორს“.
საღამოთი ვიყავი ფილარმონიაში კომიტასის სახელობის კვარტეტზე. კომპოზიტორი კომიტასი იყო არხიმანდრიტი (მერა რა, რომ ბერი იყო, საბა-სულხან ორბელიანიც ხომ ბერი იყო). იგი ჰკრებდა ფოლკლორს და შემდეგ ჰარმონიზაციას უკეთებდა, როგორც სასულიერო, ისე საერო მოტივებს. თვითონაც მღეროდა, რადგან მშვენიერი ხმა ჰქონდა. კომიტასი რუსეთ-იაპონიის ომამდე აქ იყო, შემდეგ საზღვარ გარედ წავიდა და იქ გარდაიცვალა. 1933 წელს დიდის ამბით ჩამოასვენეს მისი ურნა ამერიკიდან. აქ კი შესდგა მისი სახელობის კვარტეტი, რომლის მონაწილენი თითქმის ყველა კონსერვატორია-დამთავრებულია. ეს კვარტეტი ედრება, თუ არ სჯობნის, გლაზუნოვის სახელობის კვარტეტს. ასეთი იყო კომიტასი.
- ასეთებია ზოგი ბერი, - ამბობდა ერთი სომეხი, - როდესაც კათალიკოზ ამბროსის ასამართლებდენ (მეც თვითონ ვიყავიო სასამართლოში), სასამართლოს თავმჯდომარემ დაიძახა:
- Подсудимый Хелая...
კათალიკოსი ადგილიდან არ იძვრის.
- Подсудимый Хелая - იმეორებს თავმჯდომარე. ხელაია ადგილიდან არ იძვრის.
- Каталикос Амвросий - ამბობს ბოლოს თავმჯდომარე და კათალიკოსი ფეხზე დგება.
- რატომ არ ადექით ფეხზე, როდესაც მოგიწოდეთ - ეკითხება მოსამართლე.
- მე მხოლოდ ერისკაცობაში ვიყავი ხელაია - ეხლა კი ვარ კათალიკოსი ამვროსი - იყო პასუხი.
კომიტასიც შეცვლილი, ბერობის სახელია. ერისკაცობაში სხვა სახელი და გვარი ჰქონდაო, დაუმატა მოსაუბრემ.
პროფესორმა დ. უზნაძემ გულწრფელი სიტყვებით მომილოცა 30 წლის სალიტერატურო მუშაობა. თვითონ ეხლა სცემს წიგნს თავისი სპეციალობის მიხედვით.
მშვენიერი, მზიანი იანვრის დღე იყო.
 
7 იანვარი.
მწერალთა სასახლეში ყინვაა. მხოლოდ ერთ ოთახში გუგუნებს ბუხარი. მას გარს უსხედან მწერლები (უარყოფილია ანდაზა: „ბუხარი და ორი კაცი, თუ მესამეც მოემატა“). საუბარია მუსიკაზე. მე ვუამბობდი კომიტასის გუშინდელი კონცერტის შესახებ. ილია აღლაძეს თვითონ ახსოვს კომიტასი წინად, ოპერის თეატრში. „საზოგადოთ ხომ სომხებს ერთხმოვანი ჰანგი ახასიათებს. ყორღანოვი სწერდა, რომ ჩვენ მუსიკა არა გვაქვსო და იხსენიებდა აგრეთვე ინგლისს, სადაც მუსიკალური კულტურა ძლიერ დაბალ დონეზეა: წარმოიდგინეთ შექსპირის, ბაირონის, შელლის ქვეყანაში არაა მუსიკა“.
საუბარი გადატანილ იქნა რუსებზე, რომ დაადებენ თავს და მიდიან. ერთი ოჯახი აიყარა თურმე და ხაბაროვსკში ჩავიდა. იქ სამუშაო არ მოეწონათ. დაადვეს თავი კავკასიისკენ. ბაქოში გაქურდეს. ჩამოვიდენ თბილისში. ჩემთან მოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი და მოსამსახურედ ავიყვანე. ეხლა მთელი ოჯახი მოწყობილია, და აღარც აპირებენ წასვლას ტფილისიდან.
- გურია სავსეა რუსებით, - ამბობს ვარდოშვილი, - მალე გაგურულებული რიჟა რუსებით აივსება იქაურობაო.
- სამეგრელოში ვიყავი, - უმატებს გაბესკირია, - გამაოცაო ერთმა გარემოებამ. რუსის პატარა ბიჭები ერთმანეთს წმინდა მეგრულით აგინებდენო.
- წარმოიდგინეთ, რაჭაშიაც ბევრია, - დაუმატა აღლაძემ, - ამბროლაურში მე თვითონ ვნახეო.
- ილიკო, იცით თქვენ გ. წყალტუბელის ძველი წიგნი: „იმერლები თბილისში“?
- არა, არ მახსოვს..
- არის ასეთი წიგნი. პირველად თურმე ლიხს იქიდან რაჭველებმა შემოდგეს ფეხი: შრომით, მუყაითობით. სხვა ქართველობა თურმე ძალიან ცოტა იყო.
ბუხარი უფრო მხიარულობს.
- რატომ გაიძახოდენ: იმერელო, უ, იმერელო!
- ეგ 905-დან არისო.
შემდეგ ჩემს ლექსებზე გადავიდენ: გაბესკირიას მოსწონს ჩემი ლექსები, არ მოსწონს ს. ჩიქოვანის, „აბსურდია“-ო. ყველანი ეთანხმებიან.
საღამოთი უნდა ჩატარებულიყო კრება, მაგრამ არ შესდგა.
მეორე ბუხართან საუბარი იყო ჯეკ ლონდონზე, დრაიზერზე; ჩვენი შოფერი განმარტოებით ზის და კითხულობს მაინ-რიდის რომანს: უთავო მხედარი. ლეომ გადაჰკრა შალვას:
- ბევრი კრიტიკოსი წიგნზე წიგნის წაუკითხავად სწერსო.
შალვა ნიანგის რედაკტორს ეკითხება: „გაგვაცინებს თუ არაო როდისმე ნიანგიო“. ნიანგი უპასუხებს: „კი, თუ შენს „ლიტერატურულ საქართველო“-ს გაცინება ეჭირვებაო“. ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა: „შენს „ლიტერატურულ საქართველო“-ს, განა ეს გაზეთი ჩვენიაო?“
სოლომონ თავაძემ შეგვატყობინა, რომ გუშინ სანადიროდ იყო მლაშე ტბაზე, მაგრამ ვერც ერთი იხვი ვერ მოჰკლა. ბევრს ლაპარაკობდენ იმის შესახებ, თუ რომელი უფრო ღონიერია: ლომი თუ ვეფხვი.
ყველანი მეუბნებოდენ: განა გალაკტიონი ასეთი საღამოის ღირსი იყოო? ვინა გვყავს მეტი? ეული? (გაბუნია არტ., სენო წერეთელი).
წავიკითხეთ ვეჩორკაში „ამერიკის კონგრესის შესახებ“.
„ამათ ხომ სულ “მიმართვები“ უყვართ“, - ამბობდა ლეო ქიაჩელი.
უყვართ!
ამერიკელები არიან. იქაა „პანორამა შორეული კოლორადოსი“.
„დღითი დღე სულ უფრო ცხადი ხდება, - [სწერს] მიმართავს რუზველტი კონგრესს, - რომ მშვიდობიანობა არ არის უზრუნველყოფილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო სწარმოებს ომები, თუმცა ქვეყნები, რომლებიც მას იწყებენ, არ მიმართავენ ომის გამოცხადებას“.
- მართალია ის კაცი. მართალს ამბობს, რას ერჩი?
- ასე მოხდა აბესინიაში.
- ასე დაემართა ჩეხოსლოვაკიას.
- ავსტროვენგრიას...
„ჩვენს გარშემო [სწარმოებს] მიმდინარეობს გამალებული შეიარაღება და ეკონომიური მზადება ახალი ომებისათვის“... - განაგრძობს კითხვას ლეო ქიაჩელი.
„ყოველივე ეს ჰქმნის უშუალო საშიშროებას ა. შ. შტატებისა და ამერიკის დემოკრატიისათვის. დადგება დრო, როდესაც ჩვენ სერიოზულად უნდა მოვემზადოთ იმის დასაცავად, რაც ძვირფასია ყველა ჩვენთვის. დედამიწის დასავლეთი ნახევარ-სფერო, ჩვენ განზრახული გვაქვს, დავიცვათ ყოველგვარი თავდასხმის ანუ თავდასხმის მუქარის წინააღმდეგ, მსოფლიოს რომელი ნაწილიდანაც უნდა გამომდინარეობდეს ეს მუქარა“.
- ოჰოჰოჰო... ყოჩაღ, ბიჭო! ძალიან დიდ გულზე არ არის?
- თუ რომელიმე მთავრობა თავის იარაღს აჟღარუნებს და მიმართავს ძალის პოლიტიკას, დაცვის ერთადერთი საშუალება შეიძლება იყოს მხოლოდ იარაღი!
- რას ერჩი! თავს იცავს ის კაცი.
- ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის წარმატებით დაცვა არ შეიძლება უზრუნველყოფილიქნას, თუ ჩვენ შეიარაღებას შევუდგებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავდასხმა მოხდება, ვინაიდან..
- კარგი, კმარა! - შეაწყვეტინეს ლეოს. - ყველაფერი ცხადია. აქ ლაპარაკია ფაშისტ აგრესორების შესახებ. გასაგებია, რომ ბერლინის გაზეთები გააფთრებით იგინებიან ამერიკის მთავრობისა და პირადათ რუზველტის წინააღმდეგ.
ასეთია გერმანია. ასეთია ფაშიზმი - იტალიაშიც. აი, იტალიის წარმომადგენელი ზის და ყურს უგდებს რუმინელი ტენორის იოსებ შმიდტის კონცერტს - ბრიუსელში. ტენორი საზოგადოებაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს (ოო, ტენორი!). მაგრამ იგი არა არიელია და ამიტომაც არ მოსწონს გერმანიის ელჩს. იტალიის წარმომადგენელი გაძლიერებით ტაშს უკრავს, მაგრამ ამჩნევს რა, რომ გერმანიის ელჩის სახე არავითარ აღფრთოვანებას არ გამოხატავს, იმ წამშივე სწყვეტს ტაშისცემას.
საბრალო ბრიუსელელი ტენორი! მის „უმანკო“ ხმაშიაც სურს შეიჭრას პოლიტიკას, ფაშისტურ პოლიტიკას.
„გვადი ბიგვას“ ავტორის კითხვის შემდეგ შემოდის გულმოკლული სახით იონა ვაკელი.
- რა მოგივიდა - მივმართეთ აქედან-იქიდან.
- ავტობუსში შესვლისას ცალი გალოში დავკარგე. როდესაც ავტობუსიდან ჩამოვედი, რიგოლეტოს მსგავსი ვიყავი - ცალ ფეხზე გალოშით.
- მერე, მერე?
- მერე ბედზე ცალფეხა ლომთათიძე რომ არის, ის შემხვდა და ის გალოშიც იმას მივეცი. იმას გამოადგებაო..
მე კი სრულებით უკალოშოდა ვარ. პალტოც დამიძველდა! მაგრამ არა უშავს რა. ღმერთი დიდია, ღარიბო.
თუ თავი ჩემი თან მახლავს, ღარიბად არ ვიხსენები!
 
8 იანვარი.
ძალიან კარგი კაცია მიშა ლობჯანიძე. შემხვდა, გადამეხვია და გადამკოცნა, მომილოცა რა XXX წელი.
- გალაკტიონი უკრაინაში რომ იყოს, სულ ხელის გულზე ატარებენო, - სთქვა საქფილგეთის დირეკტორმა (გალაკტიონი! დღეს მთავლიტმა ჩემს აფიშაში ანბანი „კ“ „ქ“-დ გადააკეთა. რა მთავლიტის საქმეა სახელის გამოცვლა?).
- ლიტფონდში ჩემს 3.000 მანეთს მთლიანად არ იძლევიან. ნაწილ-ნაწილად და ისიც - როდესაც გვექნებაო. ამ ხალხის იმედი არა მაქვს.
- ბესო ჟღენტი მეუბნებოდა ჩემს თარგმანებზე: უსათუოდ ამ წელიწადში კარგად უნდა გამოიცესო (აქებდა მთარგმნელს: ტიხონოვს, აძაგებდა სერებრიაკოვს, ივნევს და სხვ. 34-ში რომ ტიხონოვმა შენი ლექსები წაიკითხა მოსკოვში მწერლების ყრილობაზე, მთელი თეატრი აღტაცებული იყოო).
საქფილგეთი რაღაც წამგლეჯელის შთაბეჭდილებას ახდენს! მას მიაქვს საღამოს შემოსავლიდან - 30% და კიდევ უამრავი ბილეთები.
გრიშაშვილმა მდაბლად დამიკრა თავი (ნიშანი იმისა, რომ...).
ანა ხახუტაშვილის რომანს ხსნიან მნათობიდან: ვერაფერი ისეთი რომანიაო, ამბობენ.
5 საათიდან მთელი დღე სახლში ვიყავი.
 
9 იანვარი.
მთელი დღე აფიშას მოვუნდი. ოსტატებმა ამოსჭრეს ხეზე ჩემი სახელი და გვარი, და აფიშაზე ისე მიდის: ცისფერი, ლურჯი და წითელი ანბანებით. ნიმუშად მე გამოვიყენე სტილი ჩემი საპაპიროსესი - და ყდა „Encicloedie France“-სი. მაინც არასგზით არ მოხერხდა სტილის შენახვა: ოსტატმა წაქცეული ანბანები დახატა (მეც აღარ შევედავე), მაშინ, როდესაც ანბანები აკადემიურად სწორი უნდა ყოფილიყო. ეგ არაფერია. აფიშაში მაინც არის ორიგინალობა, სიახლე, გაზაფხულის მსგავსი ფერები. განსაკუთრებით განირჩევა დატა XXX.
მთავლიტმა როდესაც აფიშას დახედა, სთქვა:
- რატომ „გალაკტიონი“ და არა „გალაქტიონი“?
- იმიტომ რომ ბავშობიდანვე ეგრე ვაწერ ხელს. ყველა ჩემი წიგნების ავტორია: გალაკტიონ ტაბიძე.
- რისთვის არის დაყოფილი: მოხსენება ცალკე, საკონცერტო განყოფილება ცალკე და სხვ.
- იმიტომ რომ მოხსენება არ შეეხება საკონცერტო განყოფილებას, ლიტერატურული გამოსვლები - კიდევ სხვას: ყველა ცალცალკე უნდა წავიდეს.
- რისთვის არის „სამწერლო ასპარეზზე XXX წლის“... და არა პოეტური მოღვაწეობის XXX წელი და სხვ.?
- იმიტომ რომ პოეზიაც მწერლობაში შედის: მე ვარ რესპუბლიკის სახალხო პოეტი. მაგრამ ოფიციალურად მე ვიწოდები სახალხო მწერლად. ამას, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს: გამოდის, თითქო პოეტი მწერალი არ იყოს.
- სულ რამდენიმე დღეა, რაც დანიშნული ვარო, - სთქვა მთავლიტის რწმუნებულმა, - საქმეში კარგად ვერ ვერკვევი. დროებით ვარ, სხვის ადგილასო. გუშინ ასეთი შემთხვევა მქონდაო. აფიშაში ეწერა: „Первое выступления“, და დაბეჭდილი აფიშა ავკრძალე. უნდა იყოს „Первые выступления“-ო, და სხვ.
კარგია სიფხიზლე. მე კი ცოტა აკლდა მანქანამ არ გამიტანა ქუჩაში, მიშა ლობჯანიძეს რომ დროზე არ შევეჩერებინე.
- გაგიგონია, პოეტო, ასე დაუფიქრებლად ქუჩაზედ სიარულიო. და ჩემს საიუბილეო საღამოზე ჩამოაგდო ლაპარაკი: „ძალიან მორცხვად ჰკითხულობდი ლექსებს“. მე ვუთხარი, რომ საზოგადოდ მორცხვი ვარ მართლა. იმ დღეს კიდევ ხომ ვღელავდი.
- გასაგებია, გასაგებია! პოეტს შვენის კიდეც მორცხვობა.
- არა ყოველთვის, ჩემო მიშა!
საღამოთი კიდევ სიურპრიზი: იმ რეგვენ მთავლიტს აფიშა არ მიუცია გოფილეკტის მოსამსახურისათვის: რატომ არ არისო აფიშაზე სიტყვა საღამოს შემდეგ - „შინაარსი“. საღამო 12 უნდა შესდგეს. აფიშა კი...
Здравствуйте, товарищ из провинции! ამხანაგო პროვინციიდან, როგორ არ გესმისთ, რომ მიუხედავად თქვენი იდიოტური ჩხირკედელაობისა, საღამო მაინც შესდგება!
 
10 იანვარი.
და დილით უკვე აკრავდენ აფიშებს, რომელსაც ხალხი ეხვეოდა. პოკო მურღულიამ სთქვა: თუ ხვალ გეგმა მექნა, ზეგისთვის თეატრიც სადღესასწაულოდ მოწყობილი მექნებაო. ლევან ასათიანი აგონებს მწერლებს გამოსვლის შესახებ. ჩაჩავაც ალბად მუშაობს. ბილეთებიც მზადაა და ნაწილი გაყიდულია. გ. ქუჩიშვილი, კალე ბობოხიძე გამოდიან. ნაშოვნია კაცი, რომელიც გაჰყიდის წიგნებსა და სურათებს, გამოვა ელენე შერი (ჰონორარი - 2.500 მ. ავიღეო - ამბობს). დადგენილია ფაკტი აფიშების გამრავლების, პროფკავშირების პარტკომის მდივანმა ძალიან კარგად მიმიღო და განკარგულებაც გასცა, რომ ბილეთები შეიძინონ. გამრეკელიც მზადაა დამეხმაროს. არის დაინტერესების მომენტები: აფიშებს ხალხი ეხვევა, იქვე დგას ნარი, და სერიოზულად ჰკითხულობს. დაინტერესდა პროფკავშირების მდივანი (ძალიან კარგი კაცია, აგრეთვე ნაცნობი მუშა, რომელიც პროფკავშირების პარტკომის მდივანს რაღაცას უჩურჩულებდა ჩემს შესახებ და ისიც სერიოზულად უსმენდა. სტამბაშიც კორეკტორი ქალი - დიდის ინტერესით ესაუბრება მეგობარ ქალს (ვგრძნობ ჩემზე). გზაზე რომ შემხვდა მხატვარი კოპლატაძე, მთელი ოჯახით მოვდივარო, ამბობდა, აგრეთვე გრ. საქარიქედელი. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მწერალთა კავშირს არ ემჩნევა არავითარი დაინტერესება. შალვა რადიანი ყოყმანობს მოხსენებაზე (შეიძლება ვისიმეთი შეცვლა). მოსაგვარებელია აგრეთვე მუსიკალური განყოფილება (იქნება ერთი კვარტეტი, მორჩა და მოისვენა). მოსაგვარებელია ტელასის საქმე. მე ვამზადებ ლექსებს.
 
11 იანვარი.
დილით ტელეფონით ველაპარაკე გაზეთების რედაქციებს („მუშა“, „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ვეჩერნი ტფილისი“). თანამშრომლები გულწრფელობით ეპყრობიან ჩემი საღამოს საქმეს. ეს ძალიან კარგია.
მწერალთა კავშირში: საღამოსთვის მომხსენებელი იქნება ბესო ჟღენტი. ბესო იშვიათი ორატორი და მეტად კულტურული ადამიანია.
პოკომ და გამრეკელმა აასრულეს თავიანთი სიტყვა. იქნება დიდი პლაკატი (5X6).
გველესიანის პორტრეტისთვის შევუკვეთე ჩარჩო.
ლევანი ამბობს, რომ მწერლები დარაზმული მყავსო!
საღამოთი „მუშა“-ში არის განცხადება საღამოს შესახებ. ალბად სხვა გაზეთებშიაც.
გველესიანმა, როდესაც მაშაშვილზე საუბარი ჩამოვარდა, პუშკინის სიტყვები გაიმეორა:
„Мы все глядим в Наполеоны,
Мы почитаем всех нулями,
А единицами себя“.

12 იანვარი.
ჩატარდა! გენიალურად!

14 იანვარი.
დაიწყო რაღაც საშინელება: მე ჩავკეტე სახლის კარები. ო, მართლაც საშინელება!

15 იანვრიდან 5 აგვისტომდე.
ეს იყო გრიპის საშინელება. 12 იანვარს ფილარმონიაში რომ საღამო მქონდა, ყველაფერი მას შემდეგ მოჰხდა. საღამო მშვენიერად ჩატარდა, მაგრამ მე დამღალა სასტიკად. განსაკუთრებით კარგად გამოვიდენ ჩემს საღამოზე: შალვა დადიანი, ს. აბაშელი, ლ. ასათიანი, გ. ქუჩიშვილი, ელენე შერრი, ანდრია ბალანჩივაძე; და აგრეთვე სხვები. მაგრამ საზიზღრად იქცეოდა მაშაშვილი, ჩვენი მწერალთა კავშირის მდივანი. მას სურდა, ალბად, რომ ჩემი საღამო თვითონ გაეხსნა, მაგრამ რაკი შალვა დადიანი იქ იყო, საღამოც იმან გახსნა. დემონსტრატიულად, გამომწვევი სახით, მაშაშვილი დაჯდა პარტერის პირველ რიგში. როდესაც საღამო დამთავრდა, იგი უკმეხად ამოვიდა სცენაზე და სთქვა: ძალიან გმახსოვნებიათ ძველი ლექსებიო. არ უნდა მოქცეულიყო ასე. არც ის უნდა ჩაედინა, რომ იგი არა მწერლებში, არამედ პარტერში იჯდა - მარტო. არც ის უნდა ჩაედინა, რომ საიუბილეო საღამო მწერალთა კავშირში რაღაც დიდი გაწვალებით, პირდაპირ წინააღმდეგი მოქმედებით, სურდა ჩაეშალა. მოქმედებდა მთელი ჯგუფი. ამან მაიძულა პასუხი გამეცა - შემდეგში:
ალიომ უთხრა ილიოს,
ვაჰ, თუ ბზე გამოილიოს.
ილამ სთქვა: ჩემონალაო,
ბზეს მირჩევნია ჩალაო.
ეპიგრამა სწრაფად გავრცელდა.. მაშაშვილს და მოსაშვილს ხმა არ ამოუღიათ. ვერც გაბედავდენ: დაიწყებოდა უარესი. მაგრამ დაიმახსოვნებენ, ალბად. შემდეგ გრიპი. მე არ მქონდა საავადმყოფოში დაწოლის საშუალება. ამიტომ იძულებული ვიყავი ფეხზე გადამეტანა იგი. ცეცხლს ამ ზამთარში ვერ ვანთებდი, შეშა არა მქონდა. ღამღამობით მაძლევდა ოფლს, განუწყვეტლივ საშინლად მახველებდა, გული მერეოდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, ხელში კალამს ძლივს ვიღებდი, მაგრამ მუშაობის თავი სად იყო. ამიძაგძაგდებოდა ხელი და კალამი ძირს ვარდებოდა. ამას დაემატა საშინელი სმა, ღვინო, არაყი, ლუდი, ყოველდღე, განუწყვეტლივ. საშინლად დავეცი. მახსოვს, როდესაც არაყსა ვსვამდი, ხელები მიკანკალებდენ და ნახევარი არაყი იღვრებოდა, კახელი გლეხი მიცქეროდა და თანაგრძნობით ამბობდა:
- რა ვქნა, ეგეთი ჯეელი კაცი ხართ და ეგ რა დაგმართნიათო.
მართლაც, ამაზე უარესი რაღა უნდა მომსვლოდა? ბინა პირდაპირ საღორეს დაემსგავსა. ვინა მყავდა დამლაგებელი?
მიუხედავად ყოველივე ამისა, ვახერხებდი ცოტაოდნად მუშაობას.
1. როდესაც კინო-რეპორტიორმა ქრონიკისთვის გადამიღო, ყველაფერი არაჩვეულებრივად კარგად გამოვიდა. ეს სურათი ბევრმა ნახა და ყველას მოსწონდა. განსაკუთრებით დიქცია; იშვიათად ლამაზი ქრონიკა იყო.
ქეთო მაღალაშვილი რომ პორტრეტს ხატავდა, იძულებული ვიყავით შეგვეწყვიტა.
2. მაგრამ გამოფენაზე არის გველესიანის პორტრეტი, იაკობ ნიკოლაძის ბიუსტი და ქეთო მაღალაშვილის ნატურმორტი - ჩემის წიგნით. ეს სამი ექსპონატი - საუკეთესო ნიმუშებია მხატვართა მთელი გამოფენის.
3. „Правда“-ში ჩემზე, სხვათა შორის, ასეთი შენიშვნა იყო „Его творчество глубоко народно и интернационально“.
4. გამოვიდა მასწავლებლის გაზეთი („საბჭოთა მასწავლებელი“) სპეციალური გვერდით.
4. წაიღეს მასალები სომხური ანტოლოგიისათვის.
5. მშვენიერი იყო რადიო გადაცემა ქუთაისიდან. ქუთაისის მიღწევების შესახებ [დიქტო] მომხსენებელი იწყებდა: ჩვენს საამაყო სახალხო პოეტს აქვს ასეთი სტრიქონებიო და სხვ. („წყალტუბოდან ქუთაისში“ რომელიღაც კომპოზიტორს დაუწერია მუსიკა. მღერიან).
იანვრის დამლევს, როგორც იქნა, მოიტანეს შეშა. შეშის ეზოდან სახლში ამოტანის დროს ხელი გავიფხაჭნე: თითი გასივდა და მთელი ერთი თვე საავადმყოფოში დავდიოდი შესახვევად. ეს იყო მარჯვენა ხელი. მუშაობა აღარ შემეძლო. არანორმალურად მიდიოდენ დღეები, მთელი თვეები.
კონფლიკტი თავის თავთან, აპატია ყველაფრისადმი, საშინელი განზრახვები! ისევ! მწერალთა კავშირს სრულიად ჩამოვშორდი.
და ერთხელ...
ეს იყო 25 მაისს. ღამის პირველი საათი იქნებოდა. სავახშმოდ შევედი რომელიღაც ჯერ ისევ ღია რესტორანში. ერთს მაგიდაზე იჯდა ხუთი ახალგაზრდა კაცი.. ყველა მთვრალი. როგორც ჩვეულებრივად ხდება, მიმიწვიეს სუფრაზე. არავითარი უარი არ გამივიდა. აავსეს სუფრა ლიტრებით. მაგიდაზე რომ სადესერტო ლანგარი იდგა (მთელი ლიტრა ჩადიოდა), იგი აავსო, დასცალა და ჩემთან გადმოვიდა. მეც დავცალე სულმოუთქმელად, ასევე მეორეც. და გამოვემშვიდობე საშინლად მთვრალი. სახლში ძლივს მივედი. ეს იყო და ეს.. მეორე დღეს ტანგაუხდელს გამომეღვიძა, მაგრამ ფეხზე ვეღარ ავდექი. ვიგრძენი გვერდის ტკივილი, რაღაც აუტანელი. ვეღარ ვდგებოდი. მეგონა, რომ ჩამტვრეული მაქვს გვერდის ძვლები. დიდის ვაი-ვაგლახით, როგორც იქნა საავადმყოფოში მივედი და ექიმს ვენახვე: მგონი, ნეკნები მაქვს ჩამტვრეული მეთქი. ექიმმა დიდხანს მსინჯა.
- გრიპი გქონდათ? - მკითხა.
- ეხლაც ავადა ვარ, მეხუთე თვეა - ვუპასუხე.
ექიმმა (თოფურიამ) თავი გააქნია.
- გვერდის ნეკნები არ არის დაზიანებულიო, - სთქვა მან და გამომიწერა წამლები. მაგრამ გვერდი მაინც საშინლად მტკივოდა, მახველებდა, ოფლში ვიწურებოდი, და ვიყავი მარტო. გადავწყვიტე საავადმყოფოში დაწოლა. და გავეშურე კიდეც.
გზაში ოლგა იურიევნა შემხვდა. „ასე და ასეა ჩემი საქმე“-მეთქი - მოვუყევი ყველაფერს. მან კატეგორიულად მირჩია სახლში დავწოლილიყავი. მეც გამოვბრუნდი გზიდან და ჩავწევი...
ოლგა იურიევნამ პირდაპირ გადამარჩინა. მან დაასუფთავა მთელი ბინა, დააკრიალა იატაკი, დარეცხა ყველაფერი, მიალაგა წიგნები, ხელნაწერები. დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი სუფთა საწოლში. იურიევნამ „ლეჩკომისიიდან“ დაუძახა ექიმს. ექიმიც მოვიდა.
- პლევრიტია, - სთქვა მან, - გრიპის ნიადაგზე.
და ასე, 29 მაისიდან 15 ივნისამდე ვიწევი საწოლში. გრიპმა გაიარა. იურიევნა მივლიდა თავდადებით. გაჰქრა ხველა; ოფლიც, ტანისა, ხელების კანკალი. გრიპმა გაიარა! მხოლოდ გვერდი მაინც მტკივოდა.
- ნევრალგია, - განაცხადა სიმპატიურმა ექიმმა (ტერმარტიროსოვი).
ნევრალგიამაც გაიარა, იურიევნა მას შემდეგ მივლის თავდადებით.
ავადმყოფობის დროს დავამზადე სახელგამისათვის მესამე ტომი (წიგნი სამი წელიწადია მზად მქონდა, მაგრამ ვერ გადავიწერე).
ამასთანავე „ფედერაციასთან“ დავდევი ხელშეკრულება ერთი წიგნის გამოცემის შესახებ.
ყველაფერი შეიძლება კარგად მოეწყოს, რომ ოლიას ამბავი არა: თვენახევარია წერილი არ არის მისგან. უკანასკნელში მძიმე ავადმყოფობას იწერებოდა (20 ივნისს). ორასი მანეთი გავუგზავნე და დამიბრუნეს - ადრესატი არ გამოცხადდაო. შემდეგ კიდევ ორასი - იგიც დამიბრუნეს - საფოსტო ყუთი დაიხურაო. დაზღვეული წერილიც გავუგზავნე - ისიც დამიბრუნეს. უკანასკნელად ხუთი თუმანი გავუგზავნე, ნორმა, ალბად იმასაც დააბრუნებენ, თუ საფოსტო ყუთი დახურულია.
ამნაირ მდგომარეობაში (დაახლოვებით, ყველაფერს არა ვსწერ) გავატარე შვიდი თვე: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი!
თანდათან ვერკვევი კოშმარებიდან: ამ დღეებში ცოტა ხნით მინდა მოვშორდე ტფილისს.

7 აგვისტო.
დღეს, 12 საათის მატარებლით მივდივარ კისლოვოდსკში.

1942 წ., 1 სექტემბერი.
გუშინწინ რადიოთი გადაცემულ იქნა ჩემი სამი ახალი ლექსი: 1. კავკასიის ჯარს. 2. ელგუჯას დაბრუნება. 3. კვლავინდებურად.. ამ ლექსებით გასტუმრებულია დავალიანება რადიოში - და კიდევ დამრჩა რაღაცა.. დღეს „ელგუჯას დაბრუნება“ მოითხოვა მნათობმა, დაიბეჭდება ნაცვლად მაშაშვილის ლექსისა, რომელიც ამოღებულ იქნა იმის გამო, რომ მეათეჯერ იბეჭდება თურმე, როგორც ახალი.. ალექსანდრამ ამიხსნა სიყვარული. ეეჰ, სხვა დროს, ახალგაზრდობის დროს, ჭკუიდან შემშლიდა ამნაირი ამბავი.. მშვენიერი ქალია, გულწრფელი, პატიოსანი, განა ღირსი ვარ მისი ასეთი სიყვარულისა? ჩემზე ამ გარემოებამ გამაცოცხლებლად იმოქმედა: კარგია, როცა ლამაზი ქალი სიყვარულს გიხსნის.
მწერალთა კავშირიდან კავკავში წასულან: თავაძე, აბაშიძე, ჩიქოვანი და მაშაშვილი. ორ კვირას არ დაბრუნდებიანო. პრეზიდიუმიდან - ეხლა აქ არიან: დადიანი, ეული, რადიანი. მოახლოვდა დრო პრეზიდიუმის დადგენილების განხორციელებისა, ჩემი ორმოცდაათი წლის აღნიშვნა. ეს დადგენილება რატომღაც ოქმებში არაა აღნიშნული, ჩავაბათ ამ საქმეში ისევე შალვა დადიანი... თუმცა ომიანობის ხანაა, მაგრამ თუ გული გულობს, ყველაფერი კარგად ჩატარდება, მოეწყობა საღამოები მწერალთა კავშირში და კლუბებში, მოეწყობა საღამოები სომხეთში და აზერბეიჯანში. სავსებით შესაძლებელია გამოსცენ წიგნები სახელგამმა, ფედერაციამ, „ზარია ვ.“-მ, „ტექნიკა და შრომა“-მ, უნივერსიტეტმა, აგრეთვე სომხურად, თათრულად და ფრანგულად. ეს დიდი გეგმაა, მაგრამ ნაწილიც რომ შესრულდეს, ისიც კარგია.. ეს ეხლა ჩემი მთავარი საქმეა.
ი. ნოვიკოვი - სვერდლოვსკში წასულა და აბაშელისთვის დაუტოვებია თარგმანი ჩემი ორი ლექსისა: „მე და ღამე“, „მთაწმინდის მთვარე“. რისთვის წავიდა სვერდლოვსკში? ვერესაევი ბორჯომშია, მაგრამ სადაა კაჩალოვი?
ო. ი-ნა შულავერიდან მალარიით დაავადმყოფებული დაბრუნდა. წავიყვანე დისპანსერში, სადაც დღეიდან იექიმებს. პირდაპირ არ ვიცი, რა ეშველება ამ ქალს.
არასდროს არ უნდა ჩავიდინო ის, რაც გუშინ ჩავიდინე: დავაღე - ყველა ფანჯრები, და დავდიოდი ოთახში - ამ გამკრავ ქარში. ღამით მქონდა სიცხე, მდიოდა ოფლი. დღეს შედარებით კარგადა ვარ.
კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, მაინც ჩემი გეგმა ასეთია: მიეცეს 50 წელს ისეთი ხასიათი, რანაირსაც არ ელიან: დიდი, დაუვიწყარი, გულწრფელი და ამასთანავე შემოსავლიანი.
საჭიროა წიგნების დამზადება - ვინ იცის, როდის მომთხოვენ. მეტი აკტივობა რადიოში. დარაზმვა მეგობრებისა: გახსოვდეს 17 ნოემბერი.
„საბლიტგამი“ მპირდება წიგნის გამოცემას: მე კი მზად არა მაქვს! მელიტონ თევდორაძეც მპირდება...
 
7 სეკტემბერი.
დღეს რადიოთი გადასცეს სამი ჩემი ახალი ლექსი: 1. მთის გულისცემა. 2. გმირული ნანგრევები. 3. ლარიქს სიბირიკა. „მნათობიდან“ ავანსად მივიღე ოცდახუთი თუმანი „ელგუჯას დაბრუნებისათვის“... 16 გვერდს დამპირდენ „მნათობის“ მეცხრე ნომრისათვის. მივიღე წინადადება საბავშო გადაცემისთვის რადიოში. გახსოვდეს 17 ნოემბერი.
 
9 სეკტემბერი.
მთელი ღამე გავათენე მასალების გადაწერაში. შრომა ნაყოფიერია. გახსოვდეს 17 ნოემბერი. მზადა მაქვს რადიოსთვის სამი ლექსი: 1. ციხე არაგვის პირად. 2. შეღამება სოფლად. 3. ბარბაროსი. შემხვდა ნიკო გოცირიძე და მითხრა: რადიოში ამაღელვეს შენმა ლექსებმაო. რადიოს ბიბლიოთეკის გამგე - კარგი ქალია.

* * *
ჩემო ლექსებო, გქონდესთ ლაღი -
        მსუბუქი ფრთები -
აყვავებული მდელო,
        გასაოცარი მთები!
რუსთაველი და მშვიდი?
        დამშვიდება და ვაჟა?
ყველას დიდება დიდი -
        დღეებს მომავალს ვაშა;

ჩვენი სტალინის მარად
        ძლევამოსილი დროშით
წინ, ახალახალ ნათელ
        გამარჯვებისკენ, მხარევ -
განადგურებულს ძველი
        ყინვით, სუსხით და თოშით
აწ მარგალიტად გთვლიან,
        სხვა ქვებშია რომ გარევ.

გალაკტიონი ხედავს,
        რაც სასწაულებს ახდენს -
იმ აღტაცებას, რითაც
        სუნთქავს მრავალი ერი.
იმ უბოლოოდ მტკიცე
        და საიმედო საყრდენს,
წინსვლას, რომელსაც ვერ სძლევს
        ვერავითარი მტერი!

გ. ტაბიძე
23. XII. 38 წ.

1939