შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-638-1 - 28 სექტემბერი, 1938 წელი


28/IX. ბორჯომი.

მე ბორჯომში ჩამოვედი ექვს ენკენისთვეს. მაშასადამე, თითქმის თვეა, რაც ვმკურ­ნალობ.
მიღწევები:
1. მომემატა ჭამის მადა.
2. მიკლო ხელის კანკალმა (ფუნქციონალური ნევროზი).
3. გაჰქრა ალკოჰოლის მოთხოვნილება.
4. გაჰქრა შედარებით ნერვიულობა (ექვს სეკტემბრამდე მე მეშინოდა ტფი­ლი­სის ქუჩებზე გავლა, მეგონა, თუ ვინმე მომდევს. სანატორიაშიც: ერ­თხელ კარები და­კეტილი იყო. მე შემიპყრო შიშმა რაღაც ნაირმა, მეგონა, რომ ვი­ღაცა შინჯავს ჩემს ოთახს და სხვ. ასეთები).
5. გაჰქრა ადამიანისადმი შიში (ყოველ ადამიანში რაღაც მხეცი მე­ლან­დე­ბო­და). მე თანდათან დავუახლოვდი მათ და ვიგრძენი, რომ შეპყრობილი ვი­ყავი დევნის მა­ნიით.
6. გაჰქრა მელანხოლია (თუ ისევ არ დაბრუნდა).
7. ხმა დაბრუნდა ნახევრად (ინგოლიაციის შედეგი).
8. თვითგრძნობა საუკეთესოა.
9. მძინავს საუკეთესოდ და მშვიდობიანად.
მხოლოდ გულის მხრივ ვგრძნობ გაუარესებას. როგორც გული, ისე ნერ­ვე­ბი მო­ით­ხოვს კიდევ ხანგრძლივ ექიმობას, ალბად.

                                                                                 *

     სანატორიაში [ვარ] სეკტემბრის პირველი რიცხვებიდან. ჭამის მადა, ხე­ლის კან­კა­ლი, ნერვიულობა, ალკოჰოლის მოთხოვნილება. ადამიანის შიში, მე­­ლან­ხოლია. ხმა დაბრუნდა, თვითგრძნობა საუკეთესოა, ძილიც საუკეთესო.

                                           მომემატა
                                           ჭამის მადა.
                               [ხელიც აღარ მიკანკალებს]
                               აღარა ვგრძნობ ხელის კანკალს
                                           კაცთა ჯიშში
                                           მდევდა შიში.
                               ეხლა მათ ვჭვრეტ - ვით ბუზანკალს.
                                           თვით ნერვების
                                           მღვრიე ძვრები
                                დაიწმინდა, როგორც ბროლი.
                                           ნერვიული
                                           გაჰქრა წყლული.
                                ალკოჰოლი არ მაწვალებს.
                                           კაცთა ჯიშში -
                                           მდევდა შიში -
                                კაცის აღარ მეშინია.