დღიური-121 - 1938 წელი
1938. თვე - დეკემბერი.
17. XII. 38.
ჩემს წინააღმდეგ მწერალთა კავშირში მავნებლურმა მუშაობამ ზენიტს მიაღწია. XXX წლის სალიტერატურო ასპარეზზე მუშაობის აღსანიშნავი საღამო დღემდე გამოცხადებული არ არის (დღეს ჩვიდმეტია, საღამო კი 23 უნდა შედგეს).
საღამო იქნება და არა იუბილეი (იუბილეის უმართავენ შალვა დადიანს). საღამოს გახსნის მაშაშვილი... O tempora, o mores!
წინააღმდეგნი არიან გერონტი ქიქოძის მოწვევის და კიდევ მთელი რიგი მწერლების. ისინი, შესაძლებელია, მართლაც საჭირონი არ არიან... მაგრამ.. მაგარი ის არის.. რომა...
18. XII.
ლევან ასათიანმა დაამზადა მოსაწვევი ბარათები. იგი დასაბეჭდათ გადაეცა ლადო სირბილაძეს. სირბილაძეს კიდევ არა აქვს ბარათზე გასაკეთებელი სურათი.
გიგოლაშვილის სურათი (პორტრეტი) სალიტ. გაზეთისათვის არ გამოდგა: ძლიერ უხეში პორტრეტი გამოვიდა. ცხადია, არ დაიბეჭდება.
ჩაჩავამ კეცხოველს მისცა ფოტო-სურათი ჯერ ისევ გუშინწინ გასაკეთებლად, და კეცხოველი შემდეგ არა სჩანს. ცხადია, ვერ გააკეთებს!
სახლში გამომიგზავნეს ვიღაც ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ჩემი სურათი: გასაოცარია: გაკეთებულ, მზამზარეულ სურათებს ჰკარგავენ და ფოტოგრაფს, რომელიც არავინ იცის, როგორ გააკეთებს სურათს, ეპატიჟებიან. რა არის ეს თუ არა არევ-დარევის შეტანის სურვილი? შალვა კაშმაძემ „კომუნისტ“-ში მიიტანა ლექსი ჩემს შესახებ. იქ ბიძინა აბულაძეს მისთვის უთქვამს: გალაკტიონის შესახებ ჩვენ არავითარ ლექსებს და სხვ. არ დავბეჭდავთ. გვერდის დათმობა ჩვენ განზრახული არა გვაქვსო (ბენაშვილმა მწერალთა სასახლეში მითხრა, მთელ გვერდს მივსცემთო), თუ დავბეჭდავთ თვითონ გალაკტიონის ლექსებსო. აქედან გამოდის, რომ როდესაც პოეტის XXX წლის მოღვაწეობის თარიღს აღნიშნავენ - ბეჭდავენ მარტო პოეტის ნაწერებს და არასგზით ვინმე სხვისას. ჯერ არსმენილი ამბავია! ჯერ რომ არსად არ ყოფილა, ისეთი საღამო გამიმართეს. რა პატივისცემა უნდა გქონდეს იმ პიროვნებისადმი ან ორგანიზაციისადმი, რომელიც ამნაირად შეაფასებს პოეტის XXX წლის მუშაობას? ცხადია, ბიძინა აბულაძე ფუტურისტული ნიჰილიზმისაგან ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულა. იგი ერთერთი წარმომადგენელია იმ, უკაცრავად პასუხია, ლიტერატურულ მიმდინარეობის - რომელიც აბუჩად იგდებს მწერლის ყოველგვარ დამსახურებას, მიუღებლად მიაჩნია, რომ მწერალმა მწერალზე თავისი აზრი გამოსთქვას, შეაფასოს იგი და უფრო მეტი: მას მიუღებლად მიაჩნია, რომ მწერალმა მწერალზე თავისი აზრი გამოსთქვას თუნდაც იმ გარემოების გამო, რომ მწერალთა კავშირი საღამოს უმართავს პოეტის XXX წლის მოღვაწეობას, რაც მცირე მანძილი არ არის, ეს თითქმის მესამედია მთელი საუკუნის, და დამატებით კიდევ ისეთი საუკუნის, როგორიც არის მეოცე საუკუნე. როგორ შეიძლება, ვინ არის გალაკტიონ ტაბიძე, საიდან მოსულა, რა გაუკეთებია, რა მოუცია! თუ მაინცა და მაინც დაფასება უნდა, დავუბეჭდავთ რამდენიმე ლექსს და გათავდა! რა ვუყოთ, რომ იგი რესპუბლიკის სახალხო პოეტია, რა ვუყოთ, რომ იგი ლენინის ორდენითაა დაჯილდოებული, რომ გამოცემული აქვს მრავალი წიგნები, რომ ითვლება მოწინავე საბჭოთა მწერლად. ჩვენ არაფერს არ გავიგონებთ, ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ ყოველივე ეს.
ბიძინა აბულაძე იმ ჯგუფის წარმომადგენელია, რომელიც თავიდანვე ჩემდამი მტრულ განწყობილებაშია, არ ვიცი, რატომ, ვის რა დავუშავე.
ბიძინა აბულაძისაგან ეს საწყენი არ იქნება; მაგრამ თუ იგი გამოხატავს „კომუნისტის“ რედაქციის აზრს, ეს მართლა საწყენი იქნება. თუ მისი აზრი „კომუნისტის“ რედაქციის აზრია, მაშინ გაზეთს არ ექნება ჩემზე გვერდი, არ დაიბეჭდება არავითარი მასალა, ან თუ დაიბეჭდება, რაღაც უგემური და უმნიშვნელო. მაშინ ბიძინა აბულაძეს მე გადავუხდი სამაგიეროს; მართლაც და რანაირ დროში ვცხოვრობთ! შეხედეთ, ვინ კისრულობს პასუხისმგებლობას ჩვენი ლიტერატურის დარგში. გაიგეთ, როგორი ვიგინდარული დამოკიდებულებაა! აი, მართლა პროვოკატორი! მაგრამ მე მის ანკესზე არ წამოვეგები.. თვითონ მას გავუხდი საქმეს სანანებლად, თუ ეს მართალია!
არ შეიძლება ეს მართალი არ იყოს, მაგრამ არის მეორე მოსაზრებაც: შესაძლებელია ყოველივე ეს მან სთქვა იმიტომ, რომ თავიდან მოეშორებია შალვა კაშმაძე? მაგრამ არა! რატომ არ გამოართვა ლექსი, რატომ არ შეამოწმა, რატომ პირდაპირ, ლექსის წაუკითხავად მიახალა, რომ გალაკტიონის შესახებ ჩვენ არაფერს დავბეჭდავთო? რატომ, რატომ? იცის თუ არა ამის შესახებ რამე „კომუნისტი“-ს რედაკტორმა ხატიაშვილმა? ვნანობ, რატომ დაწვრილებით თავისი ხელით არ დავაწერინე შალვა კაშმაძეს, თუ რა პირობებში და როგორ მოხდა ეს საუბარი. გამომადგებოდა როგორც დოკუმენტი.
თედორე ჩუდეცკიმ გააკეთა სურათი გაზეთისათვის („სალიტ. გაზეთი“). ხვალ საბოლოოდ დაამთავრებს. ამის შესახებ ვესაუბრე შალვა რადიანს სახლში: მან სთქვა, გავუშვებ იმ სურათს, რომელიც უკეთესი იქნებაო. პირველი გვერდის საკითხი გამოურკვეველია (ან გამორკვეულია და არაფერს მეუბნება). ჩაჩავას მისთვის არ გადაუცია ჩემი ფაქსიმილე! (კიდევ ჩაჩავა). მე შალვას ვუთხარი მის შესახებ, და კიდევ ვეტყვი, სანამ არ ვაგრძნობინებ, რომ ჩაჩავა ჩემს წინააღმდეგ მუშაობს: უნდა, რომ საქმე არიოს! (ამიტომ მოიყვანა უნიჭო მხატვარი, ამიტომ უქნა მას თვალი, მე შევამჩნიე! ამიტომ დაფუსფუსობს და გულმოდგინეობს ზედმეტად!). მაგრამ რა ვიცი, შეიძლება შალვასაც... ორმაგ პოლიტიკას აწარმოებს? ან შეიძლება სულით და გულით მსურველია ჩემი კარგის, მაგრამ ვერაფერსა ხდება? ან ეშინია? მე ვუთხარი შალვას „სალიტ. გაზეთში“ მხატვრული საქმის ძლიერ ცუდათ დაყენების საქმე... იქნება არც უნდა მეთქვა, მაგრამ, აი, ხელი მეშლება!
შემდეგ შალვამ მითხრა, რომ ლიტფონდმა, თანახმად მწერალთა კავშირის დადგენილებათა, ერთდროულათ 3.000 მანეთი გადადვა ჩემს სასარგებლოდ (თუმცა რა არის 3.000 მ.? უნიჭო მხატვარი ერთ სურათში აიღებს ამდენს), გარდა ამისა, აღიძვრება მთავრობასთან შუამდგომლობა პენსიის გადიდების შესახებ.
არისტო ჭუმბაძემ მითხრა: - შენს საღამოზე დიდის სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, სიტყვას ვიტყვიო. როდესაც ეს ალიო მაშაშვილს ვუთხარი: ვინ არის ჭუმბაძეო, საიდან მოთრეულაო, ან რა ფასი აქვს მის სიტყვასო (მაშ, რატომაა ეს კაცი მწერალთა კავშირის წევრი?). აი, ისინი ვინც პროგრამაში არიანო, ცეცხლს დაანთებენ, ენტუზიაზმს შეჰქმნიანო! (აღდგომა და ხვალე!).
პროგრამაში კი სულავაცაა შეტანილი: რას იტყვის, როგორ იტყვის, ალლაჰმა უწყის. საერთოდ დიდი რეგვენია. მან არ დაბეჭდა ჩემი ლექსი კომუნისტში, დიდიაო (თვითონაა სწორედ დიდყურა!). საერთოდ სულ ახალგაზრდები არიან სიტყვის მთქმელები! ეს კარგია, მაგრამ რომ არ ვიცი, რას იტყვიან? აი, რა არის თავი და თავი. არამარტო მე, ალბად მთელმა კომისიამ (მაშაშვილს გარდა) არ იცის, თუ ვინ რას იტყვის. მათზე კი ბევრი რამაა დამოკიდებული! ძალიან ბევრი! მათ შეუძლიათ სამგლოვიარო ელფერი მისცენ მთელ საღამოს (საღამოს და არა იუბილეის. ხომ უთქვამს კანდიდს ალიოსთვის: გალაქტიონს ჩვენ იუბილეის არ გავუმართავთ, ლენინის ორდენის დაკარგვის გამო თავზე ხელს არ გადავუსვამთ, მწერალთა კავშირმა კი თავისი მხრით რაც უნდა, ისა ჰქნასო. დავიცადოთ: ჯერ ხალხს დაავიწყდეს გაზეთში დაბეჭდილი განცხადებაო და ჯერ-ჯერობით საღამო გაუმართეთ, უფასო და არა ფასიანიო, მწერალთა სასახლეში და არა ოპერის თეატრშიო. და სხვ. და სხვ. და სხვ.). კანდიდი მართალია!
მაგრამ რომ არ ვიცი, რას იტყვიან?
კომისია შესდგება ოთხი კაცისაგან: შალვა რადიანი, ლევან ასათიანი, კარლო კალაძე, პლატონ კეშელავა.
აი ტექსტი ქრონიკის: „23 დეკემბერს მწერალთა კლუბში იმართება საღამო [მიძღვნილი] სახალხო პოეტის, ორდენოსანის გალაკტიონ ტაბიძის პოეტური მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავად. პროგრამა საღამოსი: 1. მოხსენებები გ. ტაბიძის შემოქმედების შესახებ. მომხსენებლები: შალვა რადიანი და აკაკი გაწერელია. 2. სიტყვები და ლექსები მიძღვნილი პოეტის გალაკტიონ ტაბიძისადმი. 3. არტისტები ტფილისის თეატრებისა: გ. ტაბიძის ლექსები. 4. გამოსვლა გ. ტაბიძისა: ახალი ლექსები“.
ეხლა რა არის საჭირო?
1. თვალყურის დევნება ჩაჩავასთვის - რომ ამ გადამწყვეტ დღეებში მავნებლური თავისი მუშაობა ბოლომდე არ მიიყვანოს. უკიდურეს შემთხვევაში საჭიროა მისი სასტიკად დაშინება.
2. საჭიროა მხატვარ კეცხოველს გამოერთვას სურათები.
3. საჭიროა ლიტგაზეთის პირველ გვერდზე სურათი, ფაქსიმილე, ან ლექსი.
4. საჭიროა „კომუნისტი“-ს რედაქციის გაფრთხილება, რომ საიუბილეო საღამო ნიშნავს, რომ ილაპარაკონ იუბილიარზე და არა იმას, რომ მხოლოდ იუბილიარმა ბეჭდოს თავისი ლექსები (ამ ლექსებით ხომ არ სურთ მიჩქმალონ ან დაჩრდილონ სხვისი ნაწერები ჩემს შესახებ?).
5. განემარტოს „მუშის“ რედაქციას, რომ საღამო ნიშნავს არა იუბილიარის ლექსების ბეჭდვას, არამედ სხვისი მასალების ბეჭდვას იუბილიარზე, თორემ ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება შეიქმნეს, რომ მე ვიწყობ ჩემს საღამოს.
6. საჭიროა სურათების და ლექსების გადარჩევა.
7. საჭიროა გველესიანის სურათის დამთავრება.
8. საჭიროა რადიო, უსათუოდ საჭიროა.
9. საჭიროა მოვიდეს ძველი მწერლობა (ან. ერისთავი-ხოშტარიასი, ილია აღლაძე, შალვა დადიანი, აბაშელი და სხვ.).
10. საჭიროა კლიშე ქუჩიშვილის ლექსით (უსათუოდ საჭიროა!).
11. საჭიროა კიოსკი, სადაც გაიყიდება წიგნები, სურათები, გაზეთები.
12. საჭიროა წინდაწინვე შეძენილი იქნას ას-ასი ნომერი „ლიტ. გაზეთის“, „კომუნისტის“, „მუშისა“ და სხვების გასასყიდათ იმ დღეს.
13. საჭიროა ერთი დიდი პლაკატი წიგნების სათაურებით და სურათით. კიოსკთან.
14. საჭიროა სპეციალური კედლის გაზეთი ამ დღისათვის.
15. საჭიროა საღამოს დაესწრონ მხატვრები და ფოტოგრაფები.
16. საჭიროა კინო-გადაღება.
17. საჭიროა მორიგი მომხსენებლები და სიტყვის მთქმელები - იმ შემთხვევისათვის, ზოგიერთი რომ ავად გახდეს.
ერთი წამითაც არ უნდა გაიფიქრო, რომ ყველაფერს კომისია გააკეთებს, მაგრამ კომისიას მაგრად უნდა მოაჯდე.
წინად ვფიქრობდი: რატომ კლუბი? მწერალთა კლუბი ჯერ რომ არ გახსნილა, ეს იშკილია-მეთქი. მაგრამ დღეს შალვა რადიანმა მითხრა, რომ კლუბი 21-ს გაიხსნებაო. მართალია ქვაბი გასკდა (თავი გაუსკდეს პლატონ კეშელავას), მაგრამ დარბაზებს სხვა საშვალებებით გაათბობენო. ამირან გაბესკირიას (რადიო) შესახებ სთქვა: რადიო უსათუოდ უნდა მოეწყოსო - ტრანსლიაცია საშუალებას მისცემს ბევრს, ვინც საღამოს ვერ დაესწრება, მოისმინოს საღამოს შინაარსი.
რატომ მოსაწვევ ბარათებს არავინ აწერს ხელს? ეს არ იქნება, ეს შეუძლებელია. ეს ორაზროვნებას დაბადებს და მთავარი, მთავარი:
18. სინათლე! მოგვეცით სინათლე 23 დეკემბრისათვის!
ჩემის მხრით წასაკითხავად კარგი იქმნება თავიდანვე მომზადება შემდეგი ლექსებისა: 1. ჩემო ლექსებო, გქონოდესთ... 2. საბჭოთა ხალხის გმირული. 3. პირველი ლექსები (1908 წ.). 4. რის სიყვარულიც მე მისწავლია. 5. ინტეგრალები. 6. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. ექვსი ლექსი, მე მგონია, კმარა.
ო, როგორ მაინტერესებს: იქნება თუ არა ყვავილები?
არ დაღონდე, გალაკტიონ! წინ კიდევ ხუთი გადამწყვეტი დღეა!
19. XII. 38.
დილის 10 საათზე ვიყავი თედორესთან. მას სრულებით არ შეუცვლია გუშინდელი ფორმა ნახატის. 12 საათზე მას მზად ჰქონდა ნახატი - სანგვინით.
როდესაც ნახატი სალიტერატურო გაზეთში მივიტანე (წინასწარ ვგრძნობდი, რომ ჩაჩავა და KO რაიმეს დაიწყებდენ), რედაქციაში ყველა შეკრებილი იყო.
- მოემზადეთ სურათის შესახედავად!
და როდესაც იგი ვუჩვენე ჩაჩავას, მან წამოიძახა:
- შესანიშნავია!
- ძალიან კარგია, - სთქვა რადიანმა, - ეს სურათი დავბეჭდოთ საიუბილეო ნომერშიო.
ჩაჩავამაც დაუმატა, ძალიან კარგიაო, მერე იქავე მდგომ მხატვარს - კეცხოველს (მისი პარტიის კაცს) შეეკითხა: შენ რაღას იტყვიო?
კეცხოველმა დიდმნიშვნელოვანად გადააქნია თავი, ეტყობოდა, რაღაცა გულზე ჰკბენდა, რაღაცა სწყენოდა და ნაძალადევი ღიმილით სთქვა: „ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო“ (ე. ი. გიგოლაშვილის სურათი უკეთესიაო, უნდოდა ეთქვა. გიგოლაშვილიც მისი კოლეგაა).
მაშინ ჩაჩავა თითქო გამოცოცხლდა. წინანდელი „კარგია, შესანიშნავია“, ეს თურმე მხოლოდ ნიღაბი იყო. და ეს ნიღაბი მან სწრაფად მოიხსნა.
- რა შედარებაა, - სთქვა მან, - გიგოლაშვილის სურათი უკეთესია.
- აბა, მიჩვენეთ გიგოლაშვილის ნახატი, - უთხრა რადიანმა.
ჩაჩავამ უჯრიდან გამოიღო გიგოლაშვილის ნაცოდვილარი და დაუმატა: შეხედეთ, რა სურათია, როგორი გამომეტყველება აქვს, რა ექსპრესიითაა დახატულიო. იქვე მყოფმა [კაპანელ.] ვიღაცამა სთქვა: ჩუდეცკის ნახატი სჯობიაო.
- დააკვირდით შუბლს, გამომეტყველებას, - გაიძახოდა ჩაჩავა.
- არა, ჩუდეცკის სურათი გავუშვათო, - სთქვა რადიანმა. მეც ასე მგონია-მეთქი, - დავუმატე მე.
ცოტა ხნის შემდეგ. კეცხოველი მოკლულივით იდგა. მან ჩუმად ჩაულაპარაკა ჩაჩავას: ამის შემდეგ ის კაცი (ალბად, გიგოლაშვილი) ჩვენ აღარ გაგვეკარებაო (ოი, ოი, როგორ იცავენ ერთმანეთს). მერე კიდევ მიმართა დაბალი ხმით ჩაჩავას: ნუ თუ საბოლოოა ეს გადაწყვეტილებაო? ჩაჩავამ დაბალივე ხმით უპასუხა: მოიცა, ჯერ სადააო (ე. ი. საქმეს გავაჯანჯლებ, იქამდე მივიყვან, რომ გიგოლაშვილის სურათს დავბეჭდავ, თუ არა და ჩუდეცკის ნახატსაც გავაფუჭებო). რადიანს ასე უთხრა:
- ჩუდეცკის ნახატი ცინკოგრაფიისთვის არ გამოდგებაო.
- მაშ, მას მე ცოტა რეტუშს ვუზამო, - გამოეხმაურა კეცხოველი.
მე განვაცხადე, რომ ეს სურათი კლიშეზედაც მშვენიერი იქნება.
ბენაშვილიც იმათ მხარეზედ დადგა: გიგოლაშვილის ნახატის მხარეზე.
უცებ თვალი მოვკარი საგაზეთო [ანგ.] გვერდის მთელ წარწერას: გალაქტიონ ტაბიძე. მე ჩაჩავას ავუხსენი, რომ უნდა, „გალაკტიონ“ და არა „გალაქტიონ“. ამით პირდაპირ დანაშაულზე დავიჭირე. განა არ ვიცი, რომ ის განგებ ამახინჯებს ჩემს სახელს არა მარტო ეხლა, არამედ მთელი წლების განმავლობაში. დანაშაულობაში დაჭერილმა მან სთქვა: ამას ეხლავე გადავასწორებინებო. მაგრამ, ალბად, არაფერსაც არ გადაასწორებს (ამგვარი წვრილმანობით მიშლის ნერვებს, მაგრამ მე მას კვალდაკვალ მივყვები). მე უნდა ვისარგებლო შ. რადიანის წინადადებით, რომ დავესწრო გაზეთის გვერდის შეკვრას. „ასეთი მეთოდებით უნდათ გამიშრონ სისხლი“.
ლადო სირბილაძემაცა სთქვა, რომ სჯობია ჩუდეცკის ნახატი. მან მიჩვენა ქაღალდი, რომელზედაც უნდა დაიბეჭდოს მოსაწვევი ბარათები. ქაღალდს არა უშავს რა. მე მივეცი ფაქსიმილე - მოსაწვევი ბარათებისათვის. ეს ბარათები მხოლოდ 300 ცალი იბეჭდება. რამდენი წვრილმანი ხვრელებია. ვინ იცის, რომ გამოაცხადებენ, რომ „შესვლა მხოლოდ მოსაწვევი ბარათებით იქნებაო“, ამავე დროს მოსაწვევ ბარათებსაც არ დაარიგებენ და დარჩება საქმე ისე, როგორც ეხლაა: არც იქით, არც აქით, მაგრამ ასეთ გაიძვერობამდე, მე მგონია, არ მივლენ, თუმცა მოსაწვევი ბარათი ეხლა დაბეჭდილი უნდა იყოს..
ჩაჩავას რედაქტორისათვის თურმე დღემდე არ გადაეცა ჩემი ლექსის ფაქსიმილე „ჩემო ლექსებო“. მე მოვითხოვე. რადიანმა დაუძახა ბენაშვილს, რომლის წყალობით ლექსი შუაზე უნდა გაწყდეს და ისე დაიბეჭდოს. აქამდე, ამ ხულიგნობამდეც მივიდნენ! არაფერი ისე არ კეთდება, როგორც მე მინდა; თვით სურათიც ისე გასინჯა, მგონი დაპატარავება უნდა. შეკრიბა ყველა სურათები და საბოლოოდ გამოაცხადა: კიდევ ვნახოთო! ამ ორომტრიალში ის ჩუმად რამეს გააფუჭებს.. საჭიროა თვალყურის დევნება ამ გაიძვერისადმი.
ლევანმა სთქვა: რატომ გუშინ არ მითხარი? ფოტოსურათებს ბევრს დავამზადებინებდი ამ საღამოსთვისო. შესაძლებელია კიდევ მოესწროს.
პლატონი: გათბობა არაა, სინათლე კი. ლევანმა უნდა მაშაშვილს შეუთანხმოსო რადიოგადაცემების ამბავი, თუ ეს მოეწყოო, ჩვენი სასახლე ოპერის თეატრს აჯობებსო.
თედორე მხატვარს ვუძახე ტელეფონით - ვერ გავაგონე. ნატალია კი სახლში არ იყო.
შ. დადიანი, გრიშაშვილი და სხვ. აზერბეიჯანში მიდიან. შალვამ სთქვა, უსათუოდ უნდა გამოვიდეო; გრიშაშვილმა: მოვასწრებ კიო? თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმება. აქ... მრავალწერტილი. რადიოს ამბავი არაა გამორკვეული. ლევანი ავტომობილით დარბის არტისტების საპოვნელად. კალაძე ელის ლექსს. გაწერელიამ მითხრა ბადრიძის შესახებ: ის უსათუოდ გამოვა, მან ხომ იმღერა ერთი შენი ლექსი 1933 წ. იუბილეიზეო. გველესიანს შევუთანხმდი: საჭიროა მხოლოდ ლაქის გადაკვრა დიდს სურათზე.
საღამოთი კი „მუშა“ დღეს...
1938