შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-116 - 1938 წელი


ჩემი ახალი წიგნის გარშემო

1938 წ. 16 აგვისტო.
ჩემი წიგნი (Галактион Табидзе. Избранные стихи. Изд. „Заря Востока“) დაიბეჭდა, თუმცა ჯერ წიგნის მაღაზიებში არ დაურიგებიათ. წიგნი შეიცავს 12 ბეჭდვით ფურცელს (192 გვერდს).. მოთავსებულია შიგ 71 ლექსი (1933 წლის გამოცემაში იყო 19 ლექსი, 1935 წლისაში - 37 ლექსი, მოსკოვის შარშანდელ გამოცემაშიაც - 37). მოცულობითაც ეს წიგნი მეტია, ვიდრე წინანდელი გამოცემები (მოსკოვის გამოცემა - 126 გვერდია, ეხლანდელი კი - 192 გვ.). ფორმატიც ამ წიგნისა ყველა ჩემს რუსულ გამოცემაზე დიდია. აგრეთვე ტიპოგრაფიული ნიშნების რიცხვი ასეთია: მოსკოვის გამოცემაში - 189, 312 ტიპ. ნიშანი, ტფილისისაში კი - 353, 512 ტ. ნ., ერთის სიტყვით, ეს წიგნი ყველა წინანდელ ჩემს რუსულ გამოცემებზე უფრო დიდია.
ჩემს ლექსებს ამ წიგნში თარგმნის 16 პოეტი: ნ. ტიხონოვი, ნ. ბობირიოვი, პ. ანტოკოლსკი, რ. ივნევი, ვ. გაფრინდაშვილი, ელენე შერ, მ. ტროიცკი, ბ. ბრიკი, კ. ბაგდანოვსკი, ვ. რაჟდესტვენსკი, ბ. სერებრიაკოვი, ა. ყანჩელი, ლ. პენკოვსკი, პ. პეტრენკო, დ. პეტროვსკი, ა. ჩაჩიკოვი. ყველა ეს თექვსმეტი კაცი (მივუმატოთ რედაკტორი და სხვ.) უთუოდ ძალზე დაინტერესებულნი არიან წიგნის მომავალ ბედიღბალში, ისევე როგორც მე.
ყდას, ფორზაცებს და ვინიეტკებს - ასრულებს მხატვარი გურრო.
გამომცემლობა წიგნის წინასიტყვაობაში აცხადებს, რომ ამ კრებულში საქართველოს სახალხო პოეტის და ორდენოსანის (ვიგულისხმები მე) ყველა ლექსები და ნაწყვეტები პოემებიდან, რომელიც კი იპოვება ამჟამად რუსულ ენაზე ნათარგმნი... „Таким образом, - განაგრძობს წინასიტყვაობა, - для читателя, желающего ознакомиться с творчеством крупнейшего советского поэта Грузии, настоящее издание явится наиболее полным собранием дающим возможность проследить этапы творческой эволюции поэта до и после октябрьской революции“.
მე მომეცა ამ წიგნის საავტორო ეგზემპლიარები და ალბად, წიგნი მალე დარიგდება თბილისის წიგნის მაღაზიებშიც.
17 აგვისტო.
წიგნი დარიგებულია: 1. ბაქო, 2. ტაშკენტი, სტალინო., მინსკი, მახაჩკალა, კოკანდ, ადესა, სუხუმი, ნალჩიკი, ვინნიცა, დნეპრო-პეტროვსკი. მოსკოვში უნდა გაიგზავნოს. კოგიზმა მიიღო. ხუთი ათასი ცალიდან დარჩა მხოლოდ 2.300.
მშვენიერად არის გამოფენილი რამდენიმე წიგნი მაღაზიაში. აქ უნდა მიღწეულ იქნას, რომ წიგნი ყველგან, ყველა მაღაზიებში კარგად გამოიფინოს.
18/VIII.
პირველი ეგზემპლიარი ჯერ არავისთვის არ მიმიცია. ვამჩნევ ინტერესს წიგნისადმი.
19/VIII.
მწერალთა კავშირში იყო საუბარი დისკუსიის მოწყობის შესახებ. გამოყოფილია სამი მომხსენებელი. ს. წვერავა რატომღაც ცუდათ იხსენიებს შერრის თარგმანებს. რა უნდა?
26/VIII.
ბებუთოვს „არ მოსწონს“ წიგნის გარეგნობა!
27/VIII.
ბებუთოვმა მითხრა, რომ მზამზარეული წიგნის გავრცელება შეჩერებულია იმის გამო, რომ ჯონ რიდში არეულია სტრიქონები. საწყენი ამბავია.
28/VIII.
წიგნის გავრცელება შეჩერებულია. დარჩენილი ეგზემპლიარები საწყობიდან ისევ დაუბრუნდა საამკინძაოს; აქ უნდა ამოიღონ 4 გვერდი და მაგიერ ჩააკერონ ახლად აწყობილი სხვა 4 გვერდი.
30/IX.
ჩამოველ ბორჯომიდან. დღეს გამოსასვლელი დღეა. ვერაფერი ვერ გავიგე წიგნის ბედიღბლის შესახებ.
1/X.
ვიყავი გამომცემლობაში. ოთხი გვერდის აწყობასა და წიგნში ჩაკერებას მთელი თვე მოუნდენ.. კიდევ არ ჩაუკერებიათ 1000 ეგზემპლარში, ორ-სამ დღეში წიგნი ბაზარზე გამოვა, თუ კიდევ რაიმე არ შეემთხვა.
ახირებული ხალხია ძალიან. აღარც კი ვიცი, როგორ უნდა წავიყვანო ამ წიგნის საქმე. ვნახოთ, რა იქნება.
2/X.
საქდესი თანახმაა მისცეს ინფორმაცია. რადიო-კომიტეტი მოაწყობს ორ საღამოს (ქართულს და რუსულს) ამ თვის განმავლობაში. ნ. პოპოვი: „Есть очень хорошие переводы, есть и плохие“ (ასე სთქვა). საჭიროა ინფორმაცია რადიოსთვისაც, ისე, როგორც საქდესისა და პრესისთვის.
12 აგვისტო.
თითქმის ორმა თვემ გაიარა. წიგნი არა სჩანს: რაშია საქმე?
14 აგვისტო.
გავიგე, რომ წიგნის მთელი ტირაჟი შესწორებულია და გადაეცა საწყობს. მივეცი ტექსტი რადიოკომიტეტსა და საქდესს.
16 აგვისტო.
რადიომ გადასცა ცნობა რუსულ და ქართულ ენებზე, საღამოს 9 საათზე.
17 აგვისტო.
საქდესს, როგორც სჩანს, გადაუცია ცნობა, დღევანდელ „კომუნისტში“ არის საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. საკითხია - რატომ არ მოათავსეს „Заря“-მ, [და] „Вечер“-მა და „მუშა“-მ? (ამ უკანასკნელის პოზიცია, გასაგებია, როგორი იქნება!).
რადიო აწყობს ამ წიგნის გამოსვლის გამო სპეციალურ გადაცემას 21 ოკტომბრისათვის (24 - კი საერთო საღამოს ქართულ ენაზე).

1938