შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-10 - 1936 წელი


22/IX-36.
მთვარე ზღვაზე
ზღვაზე მთვარე ამოსულა! მისი გადამწვარი შუქი ზღვის ნაპირად მდგარ ხეებში ალივლივდა და ეხლა ნელ ტალღებზე დაქანაობს. თითქო ვერცხლში ჩასმული და ოქროს არშია მოვლებული სარტყელი გაეკრა ზღვას. ერთ ზოლში მოქცეული გადავერცხლილი ზვირთები ფეერიულ ქსოვილებში ირხევიან, და მათ შურიანად გასცქერის ნაპირზე მდგარი ჩაფიქრებული ფიჭვი. ცაზე-კი ვარსკვლავებში მიძინებული თეთრი ღრუბელი თითქო ნიავში წევს, და აი, იმ ღრუბლიდან ქათქათებს ეს მთვარეც, ეს ზღვაც, ეს მიდამო. ალერსიანი და იმედიანი ხმით ხმაურობს ეს ღამე ნაპირებთან. ოცნებიანი ფიქრით – არხევს აკვანს და უნანინავებს აკვანში მწოლიარე ტკბილის ძილით მძინარე ოცნებას. ნიავსაც კი სძინავს. ქვეყანაზედა და ზეცაზედ მეფობს მთვარის ზღაპრული შუქი. ზღვაზედაც მთვარეა.