დღიური-636-12 - 1932 წელი
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმის დადგენილება სამხედრო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ.
სამხედრო და თავდაცვითი მხატვრული ლიტერატურის გაძლიერების და წითელი არმიის რიგებიდან მწერალთა დაწინაურების მიზნით საქ. საბჭოთა მწერლების კავშირთან ჩამოყალიბებულ იქნას სამხედრო კომისია არმიის პოლიტსამმართველოს უფროსის თანაშემწის ამხ. ნიკოლოზ ბლუაშვილის, დივიზიის მეთაურის ამხ. სოსო ბუაჩიძის, პოლიტ. გან-ის უფროსის ამხ. მიროტაძის, გაზ. "წითელ-არმიელი"-ს რედაკტორის ამხ. დიდიძის, ამხ. გალაკტიონ ტაბიძის, ამხ. სიმონ ჩიქოვანის და ამხ. კალე ბობოხიძის შემადგენლობით.
1. სამხედრო კომისიამ აღრიცხოს სამხედრო და თავდაცვით თემებზე მომუშავე მწერლები, როგორც საქ. საბ. მწერ. კავშირის შემადგენლობიდან, აგრეთვე წითელი არმიის რიგებიდან. ამ კონტინგენტს(?) უნდა დაემყაროს კომისიის მუშაობა.
2. გაზეთ „წითელ-არმიელი“-ს რედაქციასთან ჩამოყალიბებულ იქნას სამხედრო ლიტ. წრე, რომელიც აწარმოებს სისტემატიურ ლიტერატურულ სწავლებას. წრის ხელმძღვანელობა დაეკისროს კომისიის პ/მგ მდივანს ამხ. ბობოხიძეს.
3. სამხედრო კომისიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს გაზ. „წითელარმიელ“-თან არსებული „სალიტერატურო ფურცელი“, რომელიც გამოდის დეკადაში ერთხელ და აგრეთვე იმავე გაზეთის დამატება, „სამხედრო მწერალი“, გამოვა თვეში ერთხელ. აგრეთვე „სალიტერატურო გაზეთ“-ის ერთი გვერდი.
4. კომისია ამზადებს და სცემს წელიწადში ორ კრებულს სამხედრო და თავდაცვითი ლიტერატურული შინაარსისას. პირველი ნომერი უნდა გამოვიდეს [15] 23 თებერვალს, წითელი არმიის 15 წლისთავთან [აღსანიშნავად] დაკავშირებით. კრებულის შედგენა და რედაქცია ევალება კომისიას პ/მგ მდივანის ხელმძღვანელობით.
5. საქ. საბჭოთა მწერლების კავშირის ქუთაისისა და ავტონომიურ რესპუბლიკების განყოფილებებთან ჩამოყალიბდეს ასეთივე კომისიები, რომელსაც ხელმძღვანელობა გაუწიოს საქ. საბჭოთა მწერლების კავშირთან არსებულმა სამხედრო კომისიამ.
6. წითელი არმიის ნაწილებში ჩამოყალიბდეს სამხედრო ლიტ. წრეები, რომლის ხელმძღვანელობისათვის საჭირო თანხები გამონახულ იქნას სათანადო ორგანიზაციებიდან (განსახკომი).
7. ასეთივე მუშაობის ჩატარება დაევალოს საქ. საბჭოთა მწერლების კავშირთან არსებულ ნაც. სექციებსაც.
8. მოეწყოს მწერალთა რადიოგამოსვლები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე ახალგაზრდა მწერლები წითელი არმიის რიგებიდან.
9. საქ. საბჭოთა მწერლების კავშირმა მოაწყოს სისტემატიური საღამოები წითელი არმიის ნაწილების კლუბებში.
10. მოეწყოს მწერალთა სასახლეში სამხედრო კუთხე და დაარსებულ იქნეს გასამხედროების წრე.
11. სამხედრო კომისიას ევალება აღძრას საკითხი სამხედრო ლიტერატურის გამოცემის შესახებ და უხელმძღვანელოს ამ საქმეს.
12. სამხედრო კომისიის საჭირო თანხები გათვალისწინებულ იქნეს საქ. საბჭოთა მწერლების კავშირის მომავალი წლის ბიუჯეტში (?).