შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-6 - 1931 წელი


                                                    აბრეშუმი და ძონძები

   [ჩვენ მივდიოდით აბრეშუმის ძაფის ამომღებ ქარხანაში].
   ახალგაზრდა ინჟენერი მეუბნება: „მე დამნიშნეს ამ ქარხნის [დირექტორად] მეთაურად - დირექტორის თანამდებობაზე. სპეციალობით მე ვარ ინჟენერი (текстильщик), ამ სპეციალობას მე ვსწავლობდი გერმანიაში, კენიგსბერგში. [ჯიბეში] ხელთ მქონდა საუკეთესო ატტესტატი, მაგრამ პრაქტიკულად მუშაობა უნდა დამეწყო აქ, ამ ქარხნიდან. აი, ამ პატარა, მექანიკური აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკიდან. მე მახარებდა ჩემი ცხოვრების ეს ახალი ხანის დასაწყისი, რომელსაც გამოვყავდი ძალიან შევიწროებულ მატერიალურ მდგომარეობიდან. როგორც იქნა, თავს ვახწევდი უმუშევრობას და შიმშილს, რომელიც ბოროტი კლევრეტივით მდევდა კვალდაკვალ მთელი ჩემი ახალგაზრდობის განმავლობაში. ჯერ ისევ სულ რამდენიმე დღის წინად მე ვცდილობდი, რაიმე სისტემაში მომეყვანა [ის] გამოგონებანი, რომლებიც საზოგადოთ მუშავდებიან დილით, სადილობის დროს, არაფრად არ ვარგან. საღამოთი კი უკვე ცალიერი ქიმერებია. პირდაპირ - მოვაბეზრე თავი ამხანაგებს. დავდიოდი ეზოდან ეზოში, გამოვიკითხავდი ამას, იმას, ვითხოვდი მას, რასაც არასდროს არ მოგცემენ, ვსაყვედურობდი საერთო უბედურებას. სულ რამდენიმე დღის წინად მე გავყიდე უკანასკნელი სურათი თავისი ჩარჩოთი. ეს სურათი ჯერ ისევ საზღვარგარედ სახსოვრად მომცა ჩემმა ამხანაგმა, ინჟენერმა-მხატვარმა. სურათი გასაოცრად გამოხატავდა ჩემს მდგომარეობას. გამოხატული იყო ჩამოძველებული პატარა ქოხი. იქ კი, ჩრდილში უბრალო ჩალადაფენილ საწოლზე, ჩალაში არეულ ძონძებში, რაღაცა გალურჯებული, გასისხლიანებული, საზიზღარი, მიწამდე [გადმოყუდებულიყო] გადმოგდებულიყო, ნაფლეთებში,Y ნახევრად გადაღრღნილი ძაღლებისაგან, რომლებიც სტოვებენ მას და გარბიან. ამ სურათს ერქვა: სიკვდილი უმუ¬შევარისა. საოცარი ხალხია - ეს - მხატვრები. ეს ახირებული მხატვარიც, კვიატკოვსკი, როდესაც თავის სურათს მთავაზობდა, მეუბნებოდა: "იცით რა, კოლლეგა, შეხედეთ, რა განსხვავებითი სივრცე დააყენა ევროპის კაპიტალისტურმა საზოგადოებრივობამ უმუშევარსა და მდიდარს შორის, თუ მე ეხლა დავხატავ დიდს, უზარმაზარს და დიდებულ დარბაზს, რომლის შუაგულში, მოოქრულ ბრწყინვალე სარეცელზე, გარემოხვეული შემოსილი სამღვდელოებით, ღრმად დაფიქრებულ ექიმებით, გულმოდგინე და ერთგულების გამომხატაველი მოსამსახურეებით, მოქვითინე ბავშებით, სასოწარკვეთილი ცოლით, თუ ამ სასოწარკვეთილებაში, მწუხარებაში და ცრემლებში მე დავხატავ ადამიანს, რომელიც აბრეშუმსა და ხავერდებში ლევს თავის უკანასკნელს, ბინძურ სულს - შენ იტყვი: ეს მდიდარია! კონტრასტი ნათელი იქნება. აქ აბრეშუმი, იქ კი ძონძები იყო“.
   - მართალია, მართალი, - ამბობენ დანარჩენები.
   - მაგრამ, - განაგრძობს ინჟინერი, - ჩვენში საქმე სულ სხვაგვარადაა. ამ დღეს, ამ მშვენიერ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ფაბრიკაში, სადაც მზადდება აბრეშუმი, სწორედ აბრეშუმი და არა ძონძები. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ეს აბრეშუმი ჩვენ გვინდა პროლეტარიატისა და გლეხისათვის. ეს ამბავი გაიგეთ, როგორც გინდათ, [ამის გაგონებაზე გაიღიმა ახალგაზრდა მუშამ: - ჩვენთვის, ესე იგი]. ეხლა კი მობრძანდით, დავათვალიეროთ ჩვენი ფაბრიკა, ამხანაგებო.
   ჩვენ შევყევით.