შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-486-13 - 1930 წელი


ტარტაროზში ფარსადანებმა ისევ წამოყვეს თავი:  გასაკვირველიც არაა. მწერალთა საერთო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მათაც სურსთ თავიანთი [ავტორიტეტის] გაბზარული ხმით ფონს გასვლა.
რა აზრი აქვს „ტარტაროზი“-ს ციგნობას მიმდინარე ეტაპზე? ნუ თუ სულ გონორარზე სურთ ლაპარაკი? ნუთუ ჩვენ გონორარის მეტი არაფერი გვაინტერესებს? ნუ თუ ერთნი ვართ მე და იქ ჩამოთვლილი  ერთ ქვაბში მოქცეული მწერლები: მიწიშვილი, გრიშაშვილი, ჩიქოვანი, ტიციანი და სხვ. ყველაზე უფრო გულამოსკვნით და აშკარა დევნის ტენდენციით ფარსადნი (ფაშალიშვილი) ახსენებს გრიშაშვილს; ვერას გზით მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ჩემი და მისი ერთად ხსენება შეუძლებელია. არ იქნება ეს სიმართლე, არ იქნება ეს ლოიალობა; ჩემზე სწერია: „ტია-ტიონით - მღერის ტაბიძე გალაკტიონი“.
მე თუ არ მომცემთ, მაშ, მისცემთ ქოქის?
მე ხომ ავტორი ვარ მთელი ეპოქის!
აი, როგორ ეპრყ. „ეპოქა“-ს.
რა უნდოდა ამ უკბილო გამოსვლით ფაშალიშვილს. ცხადია: მას დღემდე  ვერ მოუნელებია ჩემი წიგნი „ეპოქა“. ჯერ ისევ ადრე „ეპოქა“ გამოსული არ იყო, რომ „ტარტ.“ თავს მესხმოდა, ტყუილი ამბებია! ჩემთან ვერავინ გაიმარჯვებს!!! ფარსადანს მოხვდება ბარე ორი, სადაც ჯერ არს, ფარსადანი იმ მალული მავნებელის ტიპია, რომელიც ბლომადაა ტარტაროზში თავმოყრილი და ამასხრებს  მთელ იუმორისტულ ლიტერატურას.
ცხადია, გრიშაშვილი და მისი ჯგუფი აპირებს იერიშზე გადმოსვლას. „ნამუსი“, ჰგონიათ, რომ შენახული აქვთ ამისათვის, რა, სასტიკად სცდებიან!
საჭიროა ამ ჯგუფის (მემარჯვენე ჯგუფის) სასტიკი განქიქება. საჭიროა, მაგრად დავარტყათ ამგვარსავე გადახრას კომუნისტური ორგანოის ნიღაბით (ფაშალიშვილი და სხვ.).
ჩემი მასხრად ამგდები მარტო ის არ არის, ეს დაფიქრებით მომზადებული გამოსვლაა.
მერე მე რა ვქნა? არ იკითხავთ?

*
ვზივარ კომუნთა ბაღში, [როგორც ჩემს საკუთარ] რადგან არ მიშვებენ სახლში.
საგანი ჩემის ზრუნვისა - ძველი ვალია და ვახში.
[სოფელს] ველს ქალაქში არ გავცვლიდი, როგორც კვერცხს არ გავცვლი  ტახში.