შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-2 - 1930 წელი


აბრეშუმი და ძონძები
1. ეს იყო 1925 წელს, აპრილში -
გამოაღვიძა თუ არა ტფილისი ფაბრიკა-ქარხნების საყვირებმა, შეატყობინა რა მუშებს - რომ - დროა!
მშრომელები, ქალები, ქალიშვილები, ვაჟები მოფუსფუსე ლანდებივით მიეშურებოდენ თავიანთ წარმოებისაკენ. შორიდან ქუჩებში თავს უკრავდენ ერთმანეთს, მიესალმებოდენ, ერთდებოდენ ქარხნების ჭიშკრებთან და შემდეგ, როგორც ფერადი ლავა, შედიოდენ, უკეთესად რომ ვსთქვათ, შეიღვრებოდენ ქარხნების უზარმაზარ ჭიშკრებში.
ეს იყო 1925 წელს, აპრილში, დილით.
მე მივდიოდი ჩერქეზიშვილის ქუჩაზე. ეს ქუჩა მოზრდილი ქუჩაა. მე მქონდა დაწერილი მისამართი: ჩერქეზიშვილის ქუჩა, სახლი №№22.
ამ სახლში მოთავსებული იყო მაშინ მექანიკური [ძაფსართავი ფაბრიკა] აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა.
მე ვაპირებდი ინდუსტრიალური პოემის დაწერას, ამ პოემას უნდა რქმევოდა „აბრეშუმი და ძონძები“. პოემაში მსურდა დამეხატა ბევრი რამ, მეტად ბევრი რამ. ფანტაზია მიხატავდა არა ერთსა და ორს შესაფერს მოტივებს, რომელიც უნდა გადაშლილიყო დიდ საწარმოო ერთეულის ფონზე.
„აბრეშუმი და ძონძები“, - ვფიქრობდი მე...