შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-28 - 1930-1931 წლები


მართალი გამოთქმაა: 1. „თანამგზავრი“?
სავსებით მართალი გამოთქმაა. ესაა მექანიკურად რუსულიდან გადმოღებული სიტყვა Попутчик - Спутник (ჩვენ ხომ არც ერთს საკუთარ ნაბიჯს არ [მე ვიცი, რა აზრით] გადავდგამთ ისე, რომ რუსული ძირი არ მოვიშველიოთ). იქ დაიწყებენ, აქ გადმოვა. გოტიესი არ იყოს - „башмак по всем ногам...“
თანამგზავრობა ეს არის ის ფეხსაცმელი, რომელიც ყოველნაირ ფეხს მოადგება.

* * *
მგზავრიცა და თანამგზავრიც ერთი მიზნისაკენ მიეშურებიან. [რომ ეს ასე არ არის] აქ ტროცკის შეხედულება, თითქო თანამგზავრი მიჰყვება მგზავრს [მანამდე, სანამ ეს საჭიროა თანამგზავრისათვის] განსაზღვრულ ეტაპამდე, და ადვილი შესაძლებელიაო, რომ შუაგზაზედაც მიატოვოსო ეს შენი მგზავრიო, [ძირითადში არაა მართალი, აბა, ეს წარმოსადგენია?] მით უმეტეს, ეს დებულება გადმოსატანი არაა ჩვენს საბჭოთა საქართველოში. მე პირადათ ვიცნობ ყველა ქართველ მწერალს და მათ გულწრფელობაში არასდროს ეჭვი არ მეპარება. [ისინი] უმეტესობა პირდაპირი ხალხია, რაც არ მოსწონთ, ამბობენ: არ ვარგა. რაც კეთდება, აღიარებენ: კარგია, კეთდება. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ ძირითადში ყალბია [ამნაირი მდგომარეობა] მაშაშვილის დებულება: [ვთქვათ] მგზავრი მიდის ცხენით და თანამგზავრი მიჰყვება ფეხით. გზა ვრცელია, მართლაც, დიდი გზაა გასავლელი. მგზავრს მაინცა და მაინც ჰგონია, რომ სახელმწიფოებრივი ცხენი მაინც და მაინც მისი კერძო საკუთრებაა და რა ენაღვლება, თანამგზავრმა დეე იაროს ფეხით. მერე მართალია თავის შეხედულებაში ასეთი მგზავრი? არა! მე არასდროს არ გავამტყუნებ თანამგზავრს, რომელიც მოთმინებიდან გადმოსული ცხენიდან გადმოიღებს ამ ეგოისტ მგზავრს, ვინაიდან მოთმინებამაც გაიარა განსაზღვრული ეტაპი, ვინაიდან მგზავრს ვერ წარმოუდგენია, რომ ეს თანამგზავრი ნამდვილად მისი თანამგზავრია; მაგრამ ეს არ არის, ამხანაგებო, ასე... ჩვენს პირობებში, [ცხენზე ზის სწორედ თანამგზავრი და მგზავრები] თანამგზავრი არ არის ასეთ სწორედ სასაცილო მდგომაროებაში ჩავარდნილი, [როგორც ბევრს ჰგონია] პირიქით! ასეთი შეხედულებები [თანამგზავრის შევიწროების შესახებ] გამომდინარეობს ტროცკისტული დებულებიდან თანამგზავრობის განსაზღვრულ ეტაპამდე მიყოლის შესახებ.
აგრეთვე, ამხანაგებო, არსებობს მეორე ამის საწინააღმდეგო აზრი: უაღრესად შემცდარი აზრი, თითქო ცხენზე იჯდეს თანამგზავრი და მის უკან ფეხით მისჩანჩალებდეს მგზავრი. ესეც ეგოისტური შეხედულებაა. რომ მართლაც ასე იყოს, არ ღირს ამაზე ლაპარაკი.

*
მუსრი ინტერვენტებს.
[მუსრი იუნკერს, მუსრი კადეტებს].
[ძირს ინტერვენტი, ძირს იუნკერი.
მუსრი კადეტებს, მუსრი კადეტებს].
[წინ ამხანაგო! ახლოა მტერი:
[თეთრი გვარდია]
მტერი გამოჩნდა მოსისხლე,
იგი [გვიბნელებს] აბნელებს სინათლის სვეტებს:
გვიბნელებს იგი].

[წინ, ამხანაგო,] ამხანაგებო! გამოჩნდა მტერი!
გვიბნელებს იგი სინათლის სვეტებს –
ძირს ინტერვენტი! ძირს იუნკერი!
მუსრი კადეტებს! მუსრი კადეტებს!