შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-7 - 1930 წლამდე


რას ველი მე პროლეტარული მწერლობისაგან? მას, რასაც მთელი ჩვენი საზოგადოებრივობა, მისი კლასიურად შეგნებული ნაწილი: 1. უაღრეს მასსიურობას, რაიც ნიშნავს მთელი მისი [შემადგენლობის] ეხლანდელი ლიტერატურული გზების გადახალისებას. [ნაკლები] მასისთვის გასაგები სტილი, მიდგომა, განთავისუფლება იმ ენისაგან, რომელიც არასდროს არ ახასიათებდა პროლეტარულ მასსას, და რომელმაც შეაფერხა პროლეტარული მწერლობის მსვლელობა მთელი წლების განმავლობაში. 2. უფრო ახლოს, უფრო [უბრალოდ და] უბრალო, მაგრამ ღრმა შეგნებით მისვლას პროლეტარულ მასსასთან, რომელიც წარმოუდგენელია, თუ მწერალმა არ გაამახვილა გონება სწორედ ამ მიმართულებით. 3. ორგანიულად შეთვისებას მასსიური, ხალხური შემოქმედებისას, რომელიც იდეალურია მრავალი ფორმების მხრივ, აქ საჭიროა მართლაც დიდი გულმოდგინება, დაკვირვება, უნარი მასალის დაგროვების, მისი ლაბორატორიულად გადამუშავებისა, [და ლიტ. პროდუქციის საღი] რომელიც მოგვცემს საღ ლიტერატურულ პროდუქციას. შეცდომაა იმისი თქმა, რომ "არსენას ლექსი"-ს ენა ეხლა არ გამოდგება, ან მთელი რიგი ისეთი გასაოცარი ლექსების, რომელსაც ჩვენში შაირს ეძახიან, [და] სულ ოთხი სტრიქონისაგან შესდგება, მაქსიმალურად კი არის შეკუმშული, კონდენსაციაქმნილი [დიდი] ღირებულება! ოთხ სტრიქონში მოთავსებულია ის, რასაც სხვა ვერ გადმოგცემს მთელ პოემაში. შაირი თითქო სპეციალურად დიდი ლოზუნგებისათვისაა შექმნილი (ყველაზე უფრო საშინელი ის არის, როცა მწერალი დაზგიდან, ინტელიგენტური დაკვანძული ენით დაიწყებს საუბარს: მისი ლექსი უნდა იყოს თავისუფალი, მსუბუქი, [ამავე დროს] ხალისიანი, როგორც მისი შრომა, ამითი განირჩეოდენ ჩვენი საუკეთესო წინანდელი პოეტები: ვაჟა-ფშაველა, დავითაშვილი, წერეთელი, ერისთავი, ევდოშვილი).
მაშასადამე, აქ დიდი მიგნება არაა საჭირო; რუსეთში, მაგალითად, ეხლა თავს იკლავენ ოთხი სტრიქონისათვის: მაიაკოვსკი, ბეზიმენსკი.
1. შავს ლუდსა, წითელ ღვინოსა განა სუყველას სმა უნდა? პირში მოსულსა სიტყვასა განა სუყველას თქმა უნდა?
2. ხან მივდიოდი ქვეითად, ხან მყავდა კაი ცხენია, სოფელი კაცსა გამოსცდის, ამისი არა მრცხვენია.

*
დროს ვუცდიდი შესაფერს,
ის დროც მალე მოვიდა,
შევხვდი ჩემს მოსისხარ მტერს,
მოსულს უდაბნოიდან.
სისხლი თავში ავარდა.

*
[ეს გრძნობა]
[შებრუნდება იარაღი,]
თუ შებრუნდა იარაღი,
ახალი გზით, ძალ-მომბერი,
ეს იქნება ლენინის გზა:
თვით მსოფლიო ოკტომბერი.