შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-555-13 - 1930 წელი


რატაციონის მანქანასთან
რატაციონის მანქანა (ახალი საქმეა საქართველოში) ბევრს რამეზე გვესაუბრება ჩვენს სფეროში.
იგი ელვის სისწრაფით ბეჭდავს წიგნს.
[იგი] მანქანა არათუ ბეჭდავდა, სჭრიდა ქაღალდს, ჰკეცავდა და ითვლიდა..
ითვლიდა წიგნებს ათასობით.
როდესაც მის მუშაობას უყურებ, ეს მოძრაობა ეხება არა მარტო სმენას, არამედ თვალსაც.
ჩვენ მეტის ყურადღებით ვებყრობით ეხლა სტამბას.
გვჯერა მისი დიდი როლი...
თუ დღეს აწყობილი პოემა ტეხნიკურად სხვანაირია, ვინემ წინანდელი (ამ შემთხვევაშიაც კი ჩვენი ღირსება უფრო თვალსაჩინოა. პოეტებს უნდა ეპატიოს ცოტაოდენი ტეხნიკური გიმნასტიკა, რომელიც აცოცხლებს პოეზიას, ო, სრულიადაც არ აშორებს სხვა სერიოზულ მეთოდებს).
განვლილია ნაწილი ჩვენი გზისა და პირისპირ ვდგევართ რატაციონის მანქანის წინაშე.
რატაციონის მანაქანა ჩვენ ცოტა გვაქვს, მაგრამ არც ისე ცოტა, რომ სამაგიერო პასუხი ვერ გასცეს მათ, რომელნიც ფიქრობენ ჩვენი ახალი კულტურის ჯერ დამონებას, შემდეგ სრულიად განადგურებას. იცოდეს ყველამ, რომ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლებს რატაციონის მანქანა ჩვენი საერთო საქმისათვის.
ვისაც სურს გაგება, მასაც გაიგებს.
ყველაფერი წინასწარმეტყველობს, რომ რატაციონისაკენ მიმართული იქნება მთელი კულტურული საქართველოს ყურადღება.
შორს არაა დრო, როდესაც იგი რისხვით გადაიხედავს იქითკენ, საიდანაც სწყევლიან მას, საიდანაც სურთ  ყველაფერი ჯოჯოხეთად გადაექციათ. პატარა, გაყინულმა, უუძველესმა კერძო სტამბებმა თვითმკვლელობით გაათავეს თავიანთი სიცოცხლე, რადგან მის ძარღვებში ფეთქდა წმინდა კონსერვატიული სისხლი, დაუმსახურებლად ამაყი. იგი, მართალია, ჩვეული არ იყო დამცირებისა და დამონების ატანას.
ასოთამწყობები კი ცივსა და ნესტიან სარდაფებში ლევდენ სულს. ჭლექი ახრჩობდათ მათ.
ვისთვის უნდა ეთხოვათ მათდამი მიახლოვებული სიკვდილისაგან დახსნა?
შიმშილი, წყურვილი, სიცივე. მაგრამ ისინი ყველაფერს იტანდენ უძვირფასესი სახელისათვის: კულტურა.
გამოჩნდა რატაციონის ლანდი, სარდაფებიდან მზეზე ამოვიდნენ მუშები.
რატაციონი დადგა ჩვენი კულტურის სადარაჯოზე.
ყველგან და ყოველთვის, ახალი წიგნებით, გაზეთებით, ჟურნალებით იბრძოლებს იგი ყოველი ტირანის წინააღმდეგ, რომელიც კი მოისურვებს მასზე მბრძანებლობას და მისი თავისუფალი და ამაყი საომარი სიმღერის შეზღუდვას.
არავითარი სხვისი ბატონური მზრუნველობა მას არ დასჭირდება.
პირიქით - ის არ დაინდობს არავითარ ტრადიციას ძველსა ან ახალს, რომელიც მოისურვებს ახალი საქართველოს დამონებას.
რატაციონის მანქანა - არის თავისებური უუდიდესი პოეზია. ეს პოეზია უფრო დამარწმუნებელია, მშვენიერი და დიდებული, ვინემ ბუნებაში.
რკინისგზის სახელოსნოების მანქანების მუსიკა ან რატაციონის მანქანის მუსიკა გვირჩევნია ჩვენ ბევრს სხვა სიუიტებსა და რომანსებს.
შენ ამას მიხვდები.
შენთვის ეს გარდაუვალი ჭეშმარიტებაა. ეს რკინის სიმღერა - პოეზიაა ორი გიგანტის: ადამიანის გონებისა და დაუდგრომელი შრომის.

*
„დროშა“- 1202.  „მნათობი“ - 2200. „კომუნისტი“ - 640. „ახ. კომ.“ - 750.  „მუშა“ - 320. „პრ. მწერლ.“ - 1000. „რემედასი“ - 500. „გან. მუშ.“ - 500. „კოლექტივიზ.“ - 150. 7,262.