შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-20 - 1929 წელი


„დიდი იმედები“
არ ვიცი, რის გამო, შეიძლება იმიტომ, რომ თითქმის გათენებამდის გატაცებით ვკითხულობდი დიკკენსის [წიგნს] „დიდ იმედებს“, გამომეღვიძა გვიან, მზე კარგა მანძილზე დაშორებოდა ჩვენი სახლის აღმოსავლეთით მწყობრად ჩამწკრივებულ მაღალ ალვის ხეებს. მზე მთელი თავისი ახალი და დიადი ელვარებით  პირდაპირ ჩემს ფანჯარაზე მომდგარიყო. არასდროს არ დამავიწყდება მისი იმდღევანდელი შუქი: რაღაც აუწერელმა სიხარულმა ამიტაცა და მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა. და ისიც ასე უმიზეზოდ, ასე უეცრად, ასე მოულოდნელად. ანგარიშმიუცემლად მივვარდი ფანჯარას, საიდანაც მზის შუქი შემოდიოდა და დავუწყე კოცნა ფანჯრის მინებს; [რაღაც] თითქოს გონება-დაკარგული - ვკოცნიდი დიდხანს მზის შუქს.
- შვილო, შვილო, შვილო! - მომესმა გაოცებული დედის ხმა, - გადაირიე, შვილო?
მე შევკრთი. იმ წუთშივე უდიდესი სიხარული უფრო დიდი დარცხვენის გრძნობად შემეცვალა.
ან რატომ ვერ გავიგე, რომ ოთახში დედა შემოსულიყო, კარები ხომ უხმაუროდ არასდროს არ იღება.
და კიდევ ეს გადარევა, შეშლა... ყოველ ნაბიჯზე გადარეული, შეშლილი... და ყოველთვის, ყოველთვის - ასე.
ვიდექი დედის წინ, როგორც უდიდეს დანაშაულობის ჩადენაზე წასწრებული. დიდხანს თავი მაღლა ვერ ამეღო. ნელა, ცალი ხელით ნიკაპზე, მეორეთი კეფაზე დადებული ხელით, ვიგრძენი, როგორ მიწევდა ზევით თავს დედაჩემი, სურდა ჩემს თვალებში ჩაეხედნა.
- შემომხედე, გატუნა! შვილო, რა მოგივიდა? [რა მოგივიდა-მეთქი, ჩამცივებოდა] - ალერსიანად მეუბნებოდა დედა, მაგრამ მე ხმას ვერ ვიღებდი. რა უნდა მეთქვა?
განა შეიძლებოდა, სიტყვებით იმის გამოთქმა, რასაც მე [თვითონ] განვიცდიდი და რის გამოხატვაც სრულიად [არა გამეგებოდა-რა] არ შემეძლო? ბოლოს ძლივასა ვთქვი:
– „დიდი იმედები“.
– რაო? რას ამბობ, შვილო!
– „დიდი იმედები“, დედა, „დიდი იმედები“.
[დედამ არა სთქვა-რა, მან] დედას იმ წამშივე გული შეუწუხდა, მკერდზე მიიდო ხელი და ტახტს მიესვენა. ასე ემართებოდა ყოველთვის, როდესაც რაიმეს მძლავრად განიცდიდა.
„გული შეუწუხდა, მიზეზი კი მე ვარ“ – გავიფიქრე. გავხედე ფანჯარას: მზის შუქი ეხლა აღარ მეჩვენა ისე მიმზიდველად.
გასცდა ჩვენს ფანჯარას ის მზის შუქიც...
ვინ იცის, დაბრუნდება ისევ თუ არა?
გ. ტაბიძე
1 თებერვალი, 1929