შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-488-9 - 1927 წელი


ამ ოცი წლის განმავლობაში გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული გავლენა უფრო დიდია, ვინემ  რომელიმე სხვა ქართველი პოეტის. პოეტი ითვლებოდა 50-მდე ქართულ ჟურნალ-გაზეთის ძირითად და უმთავრეს თანამშრომლად: „ფასკუნჯი“, „ახალი კვალი“, „ამირანი“, „საქართველო“, „ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“, „ცისკარი“, „ბრძოლა“, „თემი“, „პოეზიის დღეები“, „ცისფერი ყანწები“, „ტფილისი“, „ლიგეა“, „ოქროს ვერძი“, „თოლაბულისი“, „სმარაგდი“ და სხვ. პოეტი რედაკტორობდა სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პირველ პერიოდულ გამოცემას „ლომისი“. პოეტს ჰქონდა აგრეთვე საკუთარი გამოცემა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. უკანასკნელ ხანებში იგი ითვლება დიდი ჟურნალის „მნათობის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ და ძირითად თანამშრომლად. პოეტი სათავეში უდგა ბევრს ქართულ სალიტერატურო ორგანიზაციებს [და ჯგუფებს], როგორც, მაგალითად, სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირს და სხვ. აკტიურ მონაწილეობას იღებდა სალიტერატურო გამოსვლებში, გამოსულა 300 სალიტერატურო საღამოზე, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეებში, სხვა პოეტებთან  ერთად. პოეტის შემოქმედების შესახებ წარმოთქმულა ბევრი საყურადღებო სიტყვა, აგრეთვე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გაბნეულია 500-მდე წერილი და შენიშვნა, რომელთა ავტორებია: აკადემიკოსი ნიკო მარი (Труды яфетической семинарии, т. II, რუსეთის სამეცნიერო აკადემიის გამოცემა), აკაკი წერეთელი, კიტა აბაშიძე, ივანე გომართელი, ფილიპე მახარაძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, გრიგოლ რობაქიძე, ს. აბაშელი, მ. წულუკიძე, აკაკი პაპავა, ვახტ. კოტეტიშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, შიო მღვიმელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვლადიმირ ბაქრაძე.
დაბეჭდილია გალაკტიონ ტაბიძის I, II და III წიგნი (ლექსები, Craine aux fleurs, ჯონ რიდი). უკანასკნელად საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის მიერ გამოიცა გალაკტიონ ტაბიძის 500-ზე მეტ გვერდიანი დიდი წიგნი, 700-ზე მეტი ლექსით. ეს წიგნი შეიცავს მხოლოდ ერთს მეოთხედს პოეტის ნაწარმოებისას (პოეტის მიერ დაწერილია დაახლოებით 2.000 ლექსი, [მრავალი] სალიტერატურო მანიფესტები, რამდენიმე მონოგრაფია, მეთაურები სალიტ. გამოცემებში და სხვ.).
[მართალია ჯგუფმა პოეტებისამ გალაკტიონი გამოაცხადა პოეტების მეფედ, მაგრამ ეს სახელწოდება...]
„გენიალური რიტმი, გენიალური აზრი და გენიალური შინაარსი - სწერდენ გალაკტიონის ერთ-ერთი ლექსის შესახებ გაზ. კომუნისტში [ამ. მუშიშვილი].  მოინახოს „კომ.“-ის ნომერი.
გალაკტიონ ტაბიძე, - სწერს მეორე მწერალი (გაზ. „კომუნისტი“, №1601. 1926), - რევოლიუციის ცეცხლის დაწყებისთანავე მიეშურებოდა იქ, სადაც უმთავრესი ამბები  ხდებოდა, რომ უშუალოდ განეცადა ბრძოლის გრანდიოზობა, და აი... როდესაც ქუჩაში ორი ძალა, რევოლიუცია და რეაქცია, ერთმანეთს გამარჯვებას ეცილებიან, როცა მებრძოლთა დაღვრილი სისხლი ჯერ არ შემშრალა ქუჩის ქვაფენილებზე, ამ ხანში ერთსა და იმავე დროს იწერება რევოლიუციონურ ლიტერატურაში ორი შესანიშნავი ნაწარმოები, ალექსანდრ ბლოკის „თორმეტი“ და გალაკტიონ ტაბიძის „რამდენიმე დღე პეტროგრადში“... იშვიათია არა მარტო ქართულ ლიტერატურაში, არამედ რუსულ პოეტიკაშიაც კი რევოლიუციის ისეთი სრული პოემა-ქრონიკა, როგორიც არის გალაკტიონის „ჯონ-რიდი“.
„მეფე პოეტების“, „თეთრი მეფე“, „გენიალური გალაკტიონი“ - „ცენტრალური ფიგურა თანამედროვე პოეზიაში“ - ასეთნაირად ახასიათებენ გალაკტიონ ტაბიძეს.