დღიური-628-17 - 1923 წელი
იჯდა აივანზე რომელიღაც გაიძვერა და საუბრობდა, ძალიან ბევრს საუბრობდა მსოფლიო ომზე და თვითეულ სიტყვაში ათას სისულელეს აქსოვდა; ემჩნეოდა, რომ მეტისმეტი ლაპარაკი უყვარდა, კაცს უცებ აბრუებდა მოულოდნელად მყვირალ ხმის აწევით, ლაპარაკობდა ყველაფერს, რაც კი ენაზე შეიძლება მოადგეს კაცს, სავსე პეშვებით ისროდა ცილისწამებებს, იგონებდა რაღაც შემთხვევებს, რომელნიც არსად არ მომხდარა, ლაპარაკობდა უხეშად, გაკვეთილივით, რაღაცა ზღაპრებს, რაღაც ქალურ ჭორებს, ო, დიდი მატყუარა იყო ეს კაცი; მერე როგორი დაწვრილებით ლაპარაკობდა, მერე როგორ შეაპარებდა ტკბილი მარმალადების გემოს, და როგორი ზიზღის მომგვრელი იყო მისი ტკბილი სიტყვები: შეიძლება, არავის არა სურს, გაიგონოს მისი პირადი თავგადასავალი? მაგრამ ეს სულ ერთია, იგი მაინც საუბრობს, იგი მაინც აცნობს საზოგადოებას თავის საქმეებს. შემდეგ კიდევ გაიმეორებს იმას, რაც წინადა თქვა... რაღაც დაუსრულებელი წუმპე მოდის მის სიტყვებთან ერთად. მოდის და... რა უბრალო და ცარიელი ხუმრობაა... უეცრად იგი შესწყვეტს საუბარს და რაღაც პანიკამოცულივით მიფუსფუსებს კარებისაკენ... წამი და იგი არა სჩანს... იგი მიიმალა. ვინ იყო იგი, რა სურდა მას ეთქვა, ან სად გაჰქრა ასე უეცრად? საზოგადოება დგას გაბრუებული. ეხლა იგი სრულ სიჩუმეს მოუცავს: რაღაცამ, ვიღაცამ გააბრუა ეს საზოგადოება და მოულოდნელად მიატოვა დარბაზში. ვიღაცამ დაიძახა, ეს იყო პროვოკატორი.