შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-31 - 1920-იანი წლები


ულამაზესი ქალი, მერი შერვაშიძე, როგორც ეხლა, ისე წინედაც ატარებდა თავის პატიოსნებით სავსე ცხოვრებას საშუალოდ: არც ცუდათ, არც კარგად. შორიდან იგი გაგიჟებით უყვარდა ერთს ახალგაზრდა ვაჟს, მაგრამ მერი ვერ გრძნობდა ამ სიყვარულს, ან გრძნობდა ძალიან ცუდათ: ეჭვიანობდა და იმიტომ. მაგრამ ეჭვების გამფანტველი არავინა სჩანდა. ყოველივე იცოდა მერის დედამ, იცოდა გაცილებით უკეთესად, ვინემ თვითონ მერიმ, მაგრამ უკანასკნელი ვერ ბედავდა შეკითხებოდა მას. მერის ეგონა, რომ თავისი სისულელით დაანგრევდა სახლს. მას ეს სრულიადაც არ უნდოდა, რა საჭიროა ქმარი? სრულიადაც არ უნდოდა მას ქმარი, სრულიადაც. ამ სახლში რვა ადამიანია: სამი გასათხოვარი ქალი და დანარჩენი ვაჟები. დედა კიდევ ხუთი თვეა ორსულადაა: ვინ იცის, ტყუპები ეყოლოს ან შეიძლება სამი, როგორც ეს მოხდა წინად? "წყნარად, მერი შერვაშიძე, – ეუბნებოდა თავისთავს ახალგაზრდა ქალი, – შენ მხოლოდ დააკვირდი ყველა მამაკაცების ქცევას და თვითონვე ყველაფერს გაიგებ, რა საჭიროა დედ-მამის შეწუხება. მე თავზე ხელაღებული ქალი ვარ... ასეთი ქალი კი უბედურებაა. თუ მას არ უყვარს სიმშვიდე და მყუდროება, დეე, ნუ შემირთავს. ყოველ შემთხვევაში, თავის თავს ამნაირ ქალად ვთვლი. მე არ მეცოდინება, რაა ღალატი, როგორც არ ვიცი ეხლა. მე გავთხოვდები უმწიკვლო და უნაკლულო, გავთხოვდები ძალიან მალე".