შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-1 - 1914 წელი


Куперник. გ. ტაბიძე. Кутаис. Кутаисская Гимназия.

ქუთაისი

Паника. Откуда ты девица крошка.

1914. 28 დეკემბერი.
ქუთაისში პანიკაა. შეძლებული მცხოვრებლები უკვე გარბიან ქალაქიდან. რჩება მხოლოდ ღარიბი და ხელმოკლე მოქალაქეები. იტაცებენ დეპეშებს, რომლებიც, მათი აზრით, ძლიერ ცოტა ცნობებს იძლევიან ჯარების მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მაინც იძლევიან. ქუჩებში ხან აქ, ხან იქ დაინახავთ ჯგუფ-ჯგუფად დამდგარ ხალხს, დეპეშების კითხვაში გართულს. ომისადმი ინტერესს აძლიერებს ქუთაისის დღევანდელი მდგომარეობა, გუბერნატორის მიერ ქუჩებში გაკრული განცხადებები, სადაც იგი ითხოვს, რომ დასცალონ ქალაქი, სასწავლებლების და საზოგადო დაწესებულებების საქმიანი ქაღალდები გეორგიევსკში (ჩრდილოეთ-კავკასიაში) გადაიტანონ. მასწავლებლებმა ბევრმა უკვე აიღო საგზაო ფული, რომელსაც ხაზინა ურიგებს მათ, ბევრი კი მალე აიღებს.. დაბალი ხალხი ხანდახან ღრმად არის დარწმუნებული, რომ თათრები უკვე გაბაშვილის გორაზე დგანან. გუშინ ხმა გავრცელდა, რომ მთას იქით დიდი სროლის ხმა ისმოდა. ვერავინ ეს ხალხი გავრცელებულ ხმის სიყალბეს ვერ დაარწმუნა. ხან და ხან დეპეშები ამბავს მოიტანენ, რომ რუსების ჯარმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები: - „ოსმალების საარაკო დამარცხება“, - გაიძახოდენ  გუშინ დეპეშის გამყიდველები. ხალხი მაინც გარბის.
- ცუდათაა საქმე! გვიახლოვდებიან! - გაისმის ყველგან.
- შემოვლენ, ვითომ, თათრები? - გეკითხება ვინმე.
- მე მგონია, არა! - ანუგეშებ მას.
- რომ შემოვიდენ, ნეტავი როგორ მოიქცევიან?
- რა მოგახსენო.
- ვაი თუ ისე მოიქცენ, როგორც სარაკამიშთან?
- სარაკამიშთან როგორ მოიქცენ?
- ამბობენ, რომ ბავშვები და ქალები ნაკუწნაკუწად უქცევიათ.
- ადვილად შეიძლება! სარაკამიშში უმეტეს ნაწილად სომხები ცხოვრობენ.
ეს ცოტათი ანუგეშებს მოსაუბრეს. მან კარგად იცის, თუ რანაირი განწყობილებაა თავიდანვე ოსმალებსა და სომხებს შორის. დღევანდელმა დეპეშებმა კი შემდეგი ცნობა მოიტანეს: „ოსმალებმა იმ მიზნით, რომ შეამსუბუქონ მეათე კორპუსის გადარჩენილი ნაწილის მძიმე მდგომარეობა, რომელიც სარაკამიშთან უკან იხევს, მოახდინეს კარაურგანის მიდამოებში ენერგიული თავდასხმა. სხვა ფრონტებზე ცვლილება არ მომხდარა..“ ამნაირია ამბები.
მცხოვრებლებს ძალიან აინტერესებს ისიც, თუ რანაირი როლი უნდა ითამაშოს თავად-აზნაურობის წინამძღოლის მიერ შეყენებულმა „დრუჟინამ“. ოჰ, ეს „დრუჟინა!“ მასში ჩაწერილნი არიან თავად-აზნაურობის ისეთი წევრები, რომელთაც არავითარი საქმე არ გააჩნდათ და მათთვის ერთგვარ სიხარულს წარმოადგენდა მშვენიერი ტანისამოსის, ცხენ-უნაგირის, [და]  იარაღის და ჯამაგირის მიღება. თავად-აზნაურობა ცხენზე ზის, ხოლო ქვეითა რაზმი ქუჩებში დახეტიალობს. ეს რაზმი შემდგარია თუ სადმე დანის მოტრფიალე და მუშტი-კრივის მოყვარული კინტოები და გამოყრილი ლაქიები იყვენ. ამათგან მოსვენება არა აქვს ქალაქს. შებრძანდებიან სასტუმროში, სასადილოში, თეატრებში, არსად ფულს არ იხდიან, სტეხენ აურზაურს, ყოველ უბრალო შემთხვევაზე იშიშვლებენ ხოლმე ხანჯალს; ინტელიგენცია კბილების ღრენით მოელის იმ დროს, თუ როდის ამოსწყდებიან ყველა ესენი ომში. ამ სიხარულს იგი არც ფარავს და თავს მათი ყველაფერში გამოუსადეგრობით იმართლებს:
- მაინც ზედმეტი ხალხნი არიან! საქართველოს არა დააკლდება-რა მაგათი ამოჟლეტით.
დღეს საღამოს თეატრში „მეფე ლირი“ მიდიოდა. „დრუჟინნიკებმა“ გალერეაზე აურზაური ატეხეს. მათი წინამძღოლი თავადი ერისთავი საჩქაროდ იქ გაჩნდა და დააშოშმინა. მაგრამ როდემდის გაგრძელდება ყველაფერი ეს. ბოლოს დრუჟინნიკები პარტერში ჩამოვიდენ.
- თქვენი ამოჟუჟვა! - ჩაილაპარაკა ერთმა ქალმა იმათ დანახვაზე.
მეც უსიამოვნება ვიგრძენი ამათ დანახვაზე. მე ვიჯექი პარტერში ერთი ახალგაზრდა პატიოსანი ქალის გვერდით და ვესაუბრებოდი. სამი „დრუჟინნიკი“ ჩემს უკან დაჯდა.
უცებ თეატრი დაბნელდა. აიხადა ფარდა. ყველა სმენად გადაიქცა. თამაშობდა მესხიშვილი „სულელი თომას“ როლს. ჩემს გვერდით მჯდომი ახალგაზრდა ქალი უცებ რაღაც უსიამოვნოდ შეიშმუშნა, ჩემკენ გადმოიხარა და ხმის კანკალით მითხრა:
- Что за нахальство! Что им нужно!
იმ წუთშივე ვიგრძენი, როგორც იყო საქმე. ალბად „დრუჟინნიკებმა“ დაიწყეს თავისებური. მე მათკენ მოვიხედე, და ისინი იმწამშივე დაწყნარდენ.
მოქმედების გათავების შემდეგ კიდევ მოვიხედე, რომ დამენახა ეს ხალხი. ერთი მათგანი უშნოდ იღრიჯებოდა, სწორედ ის, რომელიც ახალგაზრდა ქალს მოსვენებას არ აძლევდა ფეხებით. მე ვერ მოვითმინე და იქავე ვუთხარი:
- ისე იცინით, თითქო მართლა დიდი პატიოსანი კაცი იყოთ!
- როგორ?
- მეორეჯერ არ გაბედოთ.
„დრუჟინნიკი“ გაწითლდა და საჩქაროდ გამშორდა, მაგრამ გამოვედი თუ არა ფოიეში, იგი წინ გადამიდგა. ხანჯალზე ხელი დაედო და რიხიანად მკითხავდა:
- რატომ მითხარით: ისე იცინი, თითქო მართლა პატიოსანი კაცი იყოო..
- შე კაი კაცო! ზრდილობიან მოქცევას რა სჯობია?
„დრუჟინნიკმა“ ნახევარზე ხანჯალი ამოსწია, მაგრამ მე ხელი დავუკავე და სრულიად დამშვიდებულად ვუთხარი:
- ძმაო, მე რომ მეჩხუბები, ჩემთან რა საქმე გაქვს.. თუ მართლა დიდი ვაჟკაცი ხარ, აი თათრები მოვლენ და იმათ ეჩხუბე.
ამ სიტყვებმა მასზე ცივი დუშივით იმოქმედეს. მაგრამ როდესაც სხვა „დრუჟინნიკებმა“ დაინახეს, რომ მათი ამხანაგი „სკანდალს“ აპირებს, საჩქაროდ შემომეხვივნენ:
- რა ამბავია, რა ამბავია, в чем дело! - მუქარის კილოთი მეკითხებოდენ.
- არაფერი, არაფერი! მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება! - ღიმილით ვთქვი და გავშორდი. ყველა სახტად დარჩა. არავინ მათგანი არ მოელოდა, თუ „სკანდალი“ ამნაირი სიტყვებით დასრულდებოდა.
ოჰ, ეს დრუჟინნიკები! მასხრობაა მათი ვაჟკაცობა. გუშინწინ ერთი დესედნიკი ოც დრუჟინნიკს გამოეკიდა ამოღებული ხმლით და სულ ცხვრებივით დარეკა. ისე ურტყამდა ხმალს ტყლიუბად,  თითქო ომში ყოფილიყო.
ხმები დადის, თითქო გუბერნატორს გამოეცხადებინოს, რომ ნურც ერთი ავადმყოფი, ნერვებიანი, ქუთაისში ნუ დარჩება...

გალაკტიონ ტაბიძე


*
გალაკტიონი.
[რომ ვიყო ღმერთი!]
მე თავის თავს პოეტად ვთვლი
([პოემა] სიული პრიუდომიდან)

[მე თავის თავს მოწოდებით პოეტად ვთვლი, ვცდები განა?
ეგ არ ვიცი, მაგრამ მჯერა]
მე [თავს]  მოწოდებით პოეტად ვთვლი ეხლა თავისთავს,
[მაგრამ]  ვინ იცის, [სამარცხვინოდ იქნება ვცდები?] [ან იქნება სასტიკად] იქნებ ვცდები და...
მაგრამ მე მჯერა [დიდი,] უმაღლესი ჭეშმარიტება,
კეთილს და ბოროტს მთელი [გრძნობით] გულით ვეხმაურები.
 
ან შეიძლება მე მაკლია ძალა ფარული,
[გულთა აღმგზნები, დამტყვევები, [და] ამღელვებელი?
და რომ [ფორმაში] რითმებში ჩამოვასხა დიდი [იდეა] ოცნება, ძალა არ მქონდეს]
რომ ჩემი ლექსით კაცი დასტკბეს ან და დაღონდეს?
ან რომ რითმებში ჩამოვასხა დიდი ოცნება,
სამისო დიდი და უსაზღვრო ძალა არ მქონდეს?
მაინც, როდესაც მოქანდაკე ქმნის ქანდაკებას
და დაძლეული აღებული მიზნის სიმძიმით,
ვერრას უხერხებს [თავის] ქანდაკებას, ნუ თუ მის გამო
ის ნაკლებ არის შემოსილი ზეშთაგონებით?
ვინ განიცადა ჩემთან ჩემი ცრემლი, ოცნება?
ყოველნი კაცნი ქვეყანაზე გრძნობენ ერთგვარად,
მაგრამ ყოველ კაცს როდი ძალუძს, [რომ გამოხატოს] ნარნარ რითმებში
[ნარნარ რითმებში] სახედ ჩამოჰქნას ოცნებანი ხვეულნი ჯარად!
ხანდახან ჩემის ფიქრებისთვის მეც სიტყვებს ვეძებ,
გრძნობა დიდია, მაგრამ არ სჩანს მსგავსივე ძალა.
 
*
 [მე დღეს]  ვშლი გაყვითლებულ დღიურების და წიგნების ფურცლებს და რაღაც ვრცელი, განუკურნელი მწუხარება მიპყრობს: თვალწინ უფრო ცხადათ მეშლებიან მოგონებები, რომელთა კვალი წაუშლელად ამჩნევია ჩემს გულს.. და რომელთა ძალაც მთელ სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელსა მგვრის.. ნუ თუ მართლა მოხდა ყველაფერი ეს? აი სადარბაზო ბარათიც, რომელსაც შნოიანათ აწყობილ ასოებით აწერია: [ალექსანდრე] ოტია ალექსანდრეს ძე [შიოლაშვილი]  შიოელი. მხოლოდ ეს! მხოლოდ ეს არის და რამდენი ტანჯვა, რამდენი მწუხარებაა შეკავშირებული ამ სადარბაზო ბარათთან.
დიდი ხნის ამბავია. მაშინ მამაჩემი...


აკაკის ლანდი

[არ სცხრება გული... [მთაწმინდის] საჩხერის არეს]
მხარეს მწუხარეს, არეს მთებისას,
[ჩამოეფარა [შუქთა] ღამის დოლბანდი,]
დაჰხარის მთვარის შუქთა დოლბანდი.
და როგორც ლანდი მწუხარებისა,
[კვლავ მომაგონდა] შორით გამოჩნდა აკაკის ლანდი..
თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ელავდა [ვერცხლის] ელვის ელვა-ციმციმით
[და მე ვტკბებოდი და კვლავ ვტკბებოდი]
და მოხიბლულნი იყვნენ ვარსკვლავნი
დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.
[განცვიფრებულნი მისჩერებოდნენ
მომავალ მოხუცს სპეტაკი მთები]
მომავალ მოხუცს [ახლოსა გრძნობდა] ფეხის ხმას გრძნობდა
განცვიფრებული [მგოსნის] [სამშობლო] საჩხერის მთები.
[და  იდუმალი ბუტბუტით შესდგენ]
შეუცნობ [შიშში] ხშირი  შრიალით [შეხვდენ] შეკრთა
[მშფოთარ ყვირილას ჩქარი ზვირთები..]
[გარინდებული ვერხვის] მშობლიური ტყის მწვანე ფოთლები.
[მიჩუმდა ქარი] მიდუმდა შამბი, მიჩუმდა შქერი.
[მისწყდა] შესწყდა ნაკადის ზვირთების მღერა,
მხოლოდ ვარსკვლავთა გუნდმა ჩირაღდნად
შუქთა ტალღები ააჩანჩქერა.
და საიდუმლო ცეცხლით შემოსა
მიწყნარებული თეთრი წყვდიადი..
ჩუმად... [მოხუცი] დაღლილი ნაბიჯით მოდის
[აკაკის]  მწუხარე ლანდი, [მწუხარე] აკაკის ლანდი...
[ჩუმად, ის მოდის] [ლანდი იჩქარის... დაფიქრებული,
[შუქი ელვარებს ღმუილთა ბრბოში]
შუქი ელვარებს, ჩუმად, ის მოდის,
[დაფიქრებული...]
მაგრამ [რისთვის, სად?] რა უნდა საქართველოში?
შეჩერდი! არ ღირს, რომ ხელმეორედ
გამოგესარჩლოს სამშობლოს მთები.
შენ ხომ არასდროს, არასდროს მეტად
სამშობლოს მთებს არ დაუბრუნდები.]
აქ მწარე გზა აქვს წინასწარმეტყველს
და მე არ ვიცი, რისთვის, რად მოდის,
განა დიდებით არ მივაცილეთ
[მოხუცი]  მგოსანი იგი სასაფლაომდის?
აქ მწარე გზა აქვს წინასწარმეტყველს,
შეჩერდი! შური იღვიძებს ბრბოში,
არ არის წმიდა უმწიკვლო გრძნობა,
[არ არის სული]  და სიყვარული საქართველოში.
არ არის გრძნობა [ძველებურადვე] [დასაფლავების] პატივისცემის,
არ არის კაცი და მეგობარი,
რომ ოდნავ მაინც შეუმსუბუქო[ნ]ს
დაღლილ [ოხვრის და] მაცხოვარს წამების ჯვარი[ს],
ვინ იცის, იქნებ კიდევ დაადვან
[ბოროტების]  და გესლის ხუნდები,
შენ ხომ არასდროს, არასდროს მეტად
სამშობლო მთებს არ დაუბრუნდები..
და შენი ქვეყნის საცოდავ შვილებს
[არ ნახავ კიდევ, მაგრამ ეჰ, კმარა,
მხარეს მწუხარეს, არეს მთებისას
მთვარის ნათელი ამოეფარა
და გაჰქრა ლა...]
არ ეტყვი ჩვეულ მწარე საყვედურს,
მათ ურცხვობა და უგრძნობლობაზე.
მაგრამ ეჰ, კმარა, ვინ დაგიგდებს ყურს...
მხარეს მწუხარეს, არეს მთებისას
დახარის მთვარის შუქთა დოლბანდი
და გაჰქრა ლანდი მწუხარებისა,
მწუხარე ლანდი... აკაკის ლანდი!

გ. ტაბიძე
 
*
ქალაქის გამგეობა. კომიტეტი.

ოლ. ოკუჯავას ასულს უძღვნის ამ წიგნს.

გალაკტიონ ტაბიძე

 
[ქართული [გაზეთები] პრესა 1914 წ.]
გაზეთები

გავიდა 1914 წ. და გაზეთების მოვალეობა იყო განეხილათ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება ამ წლის განმავლობაში. მოხდა ჩვეულებრივი ამბავი. ჩვენს გაზეთებს ამისთვის დიდათ არ შეუწუხებიათ თავი, თითქო ამის მოვალენიც არ ყოფილიყვენ. მაშ, რა [როლი]  საქმე შეასრულეს ამ ხნის განმავლობაში ქართულმა გაზეთებმა?
დავიწყოთ.
რომ გავითვალისწინოთ გაზეთის მნიშვნელობა თანამედროვე კულტურულ ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა გავსინჯოთ იგი, როგორც ეკონომიური მოვლენა, საზოგადოებრივ მოთხოვნილების კითხვათა დამაკმაყოფილებელი. კულტურული ერები შეჩვეულნი არიან ყოველდღიურად გაზეთების კითხვას ან გადასინჯვას, რომ გაიგონ, თუ რა ახალი ამბები ხდება ქვეყანაზე, სხვადასხვა სახელმწიფოებში და მხარეებში, პოლიტიკაში, ვაჭრობაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და სხვა საზოგადოებრივ და გონების მხარის ცხოვრება-განვითარებაში. მაგრამ არა ყველაფერი, გაზეთში დაბეჭდილი როდი აინტერესებს მკითხველს. ერთი მათგანი ყურადღებას აქცევს ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის მოქმედებას, მეორე დაინტერესებულია იტალიის წყალდიდობით, მესამე საპარლამენტო არჩევნების ახალი კანონ-პროექტით, მეოთხე ბირჟით, მეხუთე ომით, მეექვსე დაჭრილების სიით და სხვ.
მოწინავე სტატია ოსმალეთისა და ბულგარეთის დამოკიდებულებაზე ზოგიერთ მკითხველებს იმიტომ აინტერესებს, რომ ყველა ამას შეუძლია გავლენა იქონიოს სახელმწიფო რენტაზე. დაჭრილების სია იმიტომ, რომ ხომ არავინაა მისი ნაცნობ-მეგობარი დაჭრილი ბრძოლის ველზე. ზოგიერთები აღელვებით ათვალიერებენ განცხადებებს, რომ გაიგონ, [ხომ არავის]  თუ ვის სჭირდება მუშა ხელი ან სხვა რამე. მკითხველები, რომელთაც არ აინტერესებთ არც პროვინციის და არც ქალაქის ცნობები, შეიძლება [ფელეტონით]  გაერთონ ფელეტონით, ან ნახატებიან დამატებით [ან კიდევ ლექსებით].
ყოველი ცნობა გაზეთში აუცილებლად იმისთვის უნდა იბეჭდებოდეს, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. ცნობას, რომელიც მხოლოდ ერთ პიროვნებისთვის არის საინტერესო, გაზეთში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. აიღეთ, მაგალითად, ორი ცნობა: 1. „მგოსანი აკაკი ამჟამად ქუთაისში იმყოფება“, 2. „ივანე [გეგიაძე]  გვარამია ამჟამად ქუთაისში იმყოფება“. პირველი ცნობა არავითარ გაკვირვებას არ გამოიწვევს, რადგან იგი ეკუთვნის აკაკის, რომლის ყოველი ნაბიჯი შეუძლებელია, საინტერესო არ იყოს მკითხველებისთვის. [მხოლოდ ბ-ნ]  ხოლო ივანე გვარამიას ქუთაისში ყოფნა მხოლოდ ბ-ნ გვარამიას თუ [დააკმაყოფილებს] დააინტერესებს, თორემ სხვას არავის. მაგრამ თუ გვარამიაზე დაიბეჭდა, რომ მან ქუთაისში ყოფნის დროს ვინმე გაჰქურდა, ან მას დაესხენ თავზე და გაქურდეს, წაართვეს ოქროს საათი, [ორასი მ.] ოცდახუთი მანეთი ფული, მაშინ მისი პიროვნება უეცრად გადადის საზოგადოებრივ ინტერესის სფეროში, რადგან იგივე უბედურება შეიძლება ხვალ სხვასაც შეემთხვეს.
ძირითადი მიზანი გაზეთისა არის საზოგადოებრივ მოვლენებზე წერა, იმგვარ კითხვების აღძვრა, რომლებიც მჭიდროდ არიან შეკავშირებული...

*

 [საქანელა.]  ტრიოლეტები.
 
1. „კნაწა-კნუწი“.
2. წერილი იაშვილთან.
3. მოგონება „ოქროს წვიმაზე“.
4. რითმები.
5. ტაეპები „კიკნა ფშაველა“.
6. ტაეპები ჩემგან.
7. სუმბული შანშიაშვილისა.
8. შური შანშიაშვილისადმი.
9. მოგონება „ერის“ რედ.
10. „იჭვი“.
11. „მხოლოდ ბუნება“.
12. „სიჩუმის ანგელოზი“.
13. კ. მაყაშვილის სონეტტი „დავრდომილი, სნეული“.
14. „ეძინებათ ცის ვარსკვლავებს“.
15. „მუსიკა“.
16. კრიტიკოსების ლეკურ-ბუქნა და მაიმუნობა.
17. იაფი ეფეკტები და რეკლამური ხასიათი.
18. პატივისცემის გადახდა დიასამიძისთვის.
19. უბრალო ჩემი წერილი და გრიშაშვილი.
20. რად არ შეიტანე ეს ლექსები წიგნში?
21. არ მიყვარხარ და რა გიყო?
22. გრიშაშვილის „სონეტი“.
23. „ალეანდრა“.

О. С. Окуджава.