შუალედი - დან - მდე
 
 


ავტობიოგრაფია 2


გალაკტიონ ტაბიძე
(მოკლე ბიოგრაფია )

საქართველოს სახალხო პოეტი, აკადემიკოსი გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფ. ჭყვიშში, ქუთაისის მაზრაში, 1892 წელს, სახალხო მასწავლებლის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა. გალაკტიონი სწავლობდა ჯერ ქუთაისის, შემდეგ ტფილისის სასულიერო სემინარიაში. სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა 1908 წელს, რევოლიუციონურ ჟურნალ „ჩვენი კვალი“-ს ფურცლებზე დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი: „სქელი ღრუბელი სამშობლო მხარეს გადაეფარა“. 1914 წელს გამოვიდა გალაკტიონის ლექსების პირველი წიგნი, რომელსაც აღფრთოვანებით მიეგება მხცოვანი მგოსანი - აკაკი წერეთელი. 1916, 1917 და 1918 წლის დასაწყისი გალაკტიონ ტაბიძემ მოსკოვში, პეტროგრადში და უკრაინაში გაატარა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1917 წელი, რომელსაც პოეტმა მრავალი მგზნებარე წიგნი უძღვნა. 1933 წ. გადახდილ იქნა გალაკტიონ ტაბიძის 25 წლის ლიტერატურული მოღვაწეობის იუბილე, როდესაც პოეტს მიენიჭა სახალხო მწერლის სახელწოდება. 1936 წ. დაჯილდოებულ იქნა უმაღლესი ჯილდოთი - ლენინის ორდენით. გალაკტიონ ტაბიძის კალამს ეკუთვნის ორმოცამდე სხვადასხვა წიგნი, რომელიც შემდეგში გაერთიანებულია ექვს დიდ ტომში, გამოცემულში საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის მიერ. უკანასკნელი წიგნი შეიცავს ნაწილს მასალებისას დაწერილს დიდს სამამულო ომის პერიოდში (1941-1945), ქართველი მწერლები ასეთ დახასიათებას აძლევენ გალაკტიონ ტაბიძეს (აქ ჩაემატება დახასიათება).
1944 წელს გალაკტიონ ტაბიძე ერთხმად იქნა არჩეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
ამჟამად გალაკტიონ ტაბიძე - გამოსაცემად ამზადებს ახალ წიგნს - ომის შემდგომი პერიოდის შესახებ.
  
[1945 წლის შემდეგ]