შუალედი - დან - მდე
 
 


რომანტიზმი


„რომანტიზმი“

რომანტიზმის უნაზესი ელფერი კვდება პოეზიაში.
საბრალო მენესტრელისთვის ადგილი არაა დედამიწაზე (ლესსინგი ჯერ ისევ).
საბედისწერო ბრძოლაში ეცემიან შვენიერების უერთგულესი რაინდები.
პოეტის დაუკმაყოფილებელი სული იხუთება თანამედროვეობაში.
ეგოისტურმა ანგარიშებმა სრულიად წალეკა ლტოლვა არაქვეყნიურ ოცნებისადმი.
ადამიანებს შორის აღარ არის არავითარი კავშირი უგულო და უსულო ანგარიშებს გარდა.
ამაოდ გვწყუროდა იდეალი და ჰარმონია.
ჩვენ ვცხოვრობდით იდუმალებისა და სასწაულის მოლოდინში.
ჩვენში დაუცხრომელი იყო წყურვილი: მეტაფიზიკური თავის დაღწევა განსაზღვრული აქაური არსებობისაგან.
მარტოდ მარტო ვიყავი მე ამ საბედისწერო ბრძოლის ფონზე.
ვერავითარი მიწიერი ხმა ვერ მავიწყებდა იმ ზეციურ ხმებს.
მწუხარება ვაკენროდერის...
ზმანებები ნოვალისის.
მაგრამ იმ დროს რომანტიული ირონია კიდევ აძლევდა პოეტს საშუალებას, ამაღლებულიყო საბოლოო საგანთა ქვეყანაზე. ჩვენს დროში კი (შემოიჭრა მეცნიერება, შემოიჭრა სოციალიზმის იდეები). [ეს ქვეყანა] საქართველო სრულიად არა სჩანს [და ვერავინ დაუსჯელად ვერ წავა ოცნების სამეფოში].
აქაა - ტრაგედია თანამედროვე [პოეტის] საქართველოსი.
დაგვიანებული რომანტიკოსები...
მართლაც, გასაგებია მათი ტანჯვა. ცხოვრება მეოცნებეთა ეხლა მკაცრი და დაუნდობელია.
ყველას და ყველაფერს წაართვა ფერი ჩვენმა დამნაცრებელმა დრომ.
მათთვის, ვინც არ იცის ბრძოლა, ეს დრო სიკვდილის მომასწავებელი დროა.
გაჰქრა შემთხვევით მოსული მოხეტიალე ჟონგლერი, რომელმაც ნაზი სიმღერით შეაშფოთა გრაფინია იზორას სული. იგი დასჭკნა, როგორც „ცისფერი ყვავილი" ნოვალისის, ქარიშხალი მეტად ძლიერად სცემდა პოეტის სუსტ გულს.
მექანიკურად გაქანებული ბორბალის ისტორიის კიდევ არა ერთსა და ორს მსხვერპლს გადალახავს.
მოკვდა უნაზესი რომანტიზმი.

1925 წელი