შუალედი - დან - მდე
 
 


ჯ. ჯორჯიკია


თხზულებანი ჯაჯუ ჯორჯიკიასი.
1911-1914 წ., „ნარგიზის“ გამოცემა, ქუთაისი.

„მე არ შემიძლია რთული მოთხრობების წერა, - მითხრა ერთხელ ზრდილობიანმა ჯაჯუ ჯორჯიკიამ, - მე უფრო პატარა მოთხრობების, მინიატიურების წერა მეხერხება. ვხედავ, მაგალითად, ჩითს, სრულიად უბრალო, ლამაზ ჩითს... რომ დამასახელოთ, მე უსათუოდ დავწერ მინიატიურას ჩითზე“. მართლაც, დააკვირდით - ჯ. ჯორჯიკიას მოთხრობების სათაურებს:  „ქალის გული“, „ვარდთა საუბარი“, „ხავერდის ვარდი“, „მორცხვი ია“. ისეთი უბრალო სათაურებია, როგორც, მაგალითად, ჩითი; ყველაფერზე და ყოველთვის შეუძლია ჯორჯიკიას მინიატიურების წერა, საკმარისია მხოლოდ შეასახელოთ... [მაგალითად] უთხარით მას, დასწეროს მოთხრობა ზუთხზე, უთხარით, დასწეროს მოთხრობა თევზზე, და იგი სწორედ ასე დასწერს: „მიყვარს თევზი, როდესაც იგი ლამაზი და მხიარული წყალ-და-წყალ თავისუფლად დასრიალობს, დანავარდობს... გაკრავს და ერთი წუთით მზის სხივებზე ვერცხლის ქაცვის მომხიბლველ ელვარებას ათასფერად დაგანახვებს, მოგაჩვენებს...“ უთხარით ჯ. ჯორჯიკიას, დასწეროს მინიატიურა ავდარზე... იგი იმწამშივე დაიწყებს: „აუარებელი ღრუბლებით დატვირთული ცა აუარებელი ცხვრის ჯოგით მოფენილ ფართო მინდორსა ჰგავს. ჰაერში ნიავიც არ ჰქრის, მხოლოდ მსხვილ-წვეთიანი წვიმა ზევიდან გულისამრევი ერთსახიანი რიგიანობით მოდის, მოშხუის“. ქალის ტუჩებს ასე ასწერს ჯ. ჯორჯიკია: „მარწყვის მსგავს ტუჩებს ნელა რო გააპობდა, სპილოს ძვლისფერი თეთრი კბილები ელვარებდა...“ სრულიად უბრალო ფოტოგრაფიული შტრიხები, [ხშირად ცივი, ყოველგვარ სიცოცხლეს მოკლებული] „ყოველგვარ პრეტენზიას მოკლებული“. და როდესაც კიტა აბაშიძე მიმტკიცებს „ჯ. ჯორჯიკია უფრო უაილდის ტიპის მწერლობის განმახორციელებელია ჩვენშიო“ (ჰმ!), მე ვამტკიცებ, რომ ჯ. ჯორჯიკია, სრულიად უბრალო, ჯერჯერობით უსახო და, მართლაც, ყოველ გვარ პრეტენზიას მოკლებული მწერალია. ყოველი სიტყვა ზერელე ნათქვამია ამ მინიატიურებში, ღრმა კვალს ვერ ამჩნევს ვერავითარი აღწერა ქალის ტანისა და თვით სქესობრივი [ჟინის] L’ibido, რომელიც დიდებულად შეიძლება ასწეროს კაცმა, რომ საცენზურო პირობები ხელს უწყობდეს. [ჯ. ჯორჯიკია] ცივია და უმნიშვნელო... მახსოვს, ერთ გაზეთში, ერთმა მოუსვენარმა იუმორისტმა ჯ. ჯორჯიკიას „რეცენზიული შემოქმედების“ მწერალი უწოდა... მაშინ მე ვერ გავიგე, თუ რას ნიშნავდა ეს „რეცენზიული შემოქმედება“... დღეს კი ჩემთვის დღესავით ნათელია და თუნდაც სანაძლეოს დავდებ, რომ იუმორისტს შემდეგი სტრიქონები ჰქონდა სახეში: „სადილზე თვითონ დიასახლისმა მიმიწვია; ვისაუბრეთ მუსიკაზე, ხელოვნებაზე და ლიტერატურაზე. ანეტა ლიტერატურაში ანატოლი ფრანსს და შელლის ადიდებდა, ხელოვნებაში(!) ტიციანოს და როდენს აღმერთებდა, მუსიკაში ბეთჰოვენს და შოპენს ეთაყვანებოდა“!. მე მგონია, სწორედ ესაა „რეცენზიული შემოქმედება“ - რომ დაასახელოთ, ყველაფერს დასწერს ჯ. ჯორჯიკია, მაგრამ ყველაფერი „რეცენზიული“ და უბრალო გამოვა. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, თითქო ამ კაცზე ფუქსავატი კაცი [ქვეყანაზე] ქუთაისის ბულვარში არ დაიარებოდეს, თითქო ყოველგვარი სიღრმე,  დამუშავება და აღმაფრენა უცხო იყოს მისთვის; თავი და თავია სიღრმე. მე მახსოვს აგრეთვე მეორე შემთხვევაც. ერთი ქართული გაზეთის ქრონიკაში შემდეგი ცნობა იყო მოთავსებული: „ქუთაისში შესდგა „ფილოსოფიური საზოგადოება“. იქვე ჩამოთვლილი იყო ყველა წევრები ამ საზოგადოების, სხვათა შორის, ჯ. ჯორჯიკიაც. ულმობელ ქრონიკიორს ახალგაზრდა ბელეტრისტის გვარს გვერდით ფრჩხილებში ჩაესვა კითხვითი ნიშანი. თითქო საზოგადოებას ეკითხებოდა: სად ფილოსოფია და სად ჯორჯიკია? რა არის მათში საერთოო. ეს მეტისმეტად დამახასიათებელი კითხვითი ნიშანი  სრულიად სამართლიანი ნიშანია ჯ. ჯორჯიკიას მკითხველებისთვის - მაგრამ ეს პატარა კითხვითი ნიშანი აუცილებლად თან გაკვირვებით ნიშანსაც საჭიროებს, როცა საქმე კიტა აბაშიძის წერილზე მიდგება - კიტა აბაშიძეც სწორედ „რეცენზიული შემოქმედების“ კრიტიკოსია, იგი სრულიად ანალოგიურ თვისებებს აწერს ჯ. ჯორჯიკიას, მაგრამ ყველა ეს ნიშნები საჭიროა გადაიცვალოს რამე სხვაგვარ ნიშანზე, რაიმე კურიოზულ ნიშანზე, სხვაფრივ ყოვლად აუხსნელი დარჩება მიხ. წულუკიძის წერილი ჯ. ჯორჯიკიას წიგნში: კურიოზი, სკანდალი!
წიგნი საუცხოვოდაა გამოსული. დაბეჭდილია ნ. კ. გ. ს. სტამბაში მეტად კარგად, შნოიანად, შერჩეულ ქაღალდზე და ღირს 60 კაპ.

ახალი მწიგნობარი

1915 წელი