პანორამა
I
თორმეტი წლისანი
ადამიანი თავისუფალი იბადება, დამოუკიდებელი, უზრუნველი, ამავე დროს ადამიანი ბორკილებში ცოცხლობს და ბორკილებშივე ჰკვდება... იგი ქვეყანაზე მოდის, ქვეყანა მისგან იქმნება, მაგრამ ქვეყანა მას ვერა სცნობს და არის ასე დასაბამიდან დღემდე. ჩვენ მუდამ ვსცდილობთ, ვიყვეთ ის, რაც არა ვართ და ვერას დროს ჩვენ ის ვერ შევიქნებით, რაცა გვსურს. ჩვენი სული ამის გამო მუდამ ბორკილებშია ისე, როგორც სხეული. ჩვენ ვცოცხლობთ - ბაირონის თქმისა არ იყვეს - და არ ვიცით კი, რად... მთელი ჩვენი შეგნებული და განცდილი სიცოცხლე თან და თან მიყვება ღვინოს, ომს, ქება-დიდებას, ჩვენ ვკოცნით ლამაზ ქალის ტუჩებს და ბოლოს... ვკვდებით...
შოპენჰაუერისა და გარტმანის დაცარულ ხელიდან პესიმიზმი ვრცელდება.. თანდათან [რაღაც] ბინდის გვარი, რუხი, მხოლოდ განცდით წარმოსადგენი რაღაც ეფარება დედამიწას და გვიკვირს, თუ რად ხდება ეგრე, როცა თავისუფალნი დავიბადეთ, უზრუნველი..
*
პატივცემულო იუზა!
მე წავიკითხავ შემდეგ სამ ლექსს: ა. გვირგვინი. ბ. ნიავივით.. ნიავივით! გ. ჰამლეტის ქნარით...
მარადის თქვენი გალაკტიონ ტაბიძე
[1914 წელი]