* * * ქვა-კირის და ხე-ტყის...
ქვა-კირის და ხე-ტყის,
მცნობს ქარის და სეტყვის,
მე ვერავინ მეტყვის:
ბედი გაქვსო ძაღლის.
მტერს მტრულად რომ დახვდე,
უნდა ახტე, დახტე...
მსხვერპლი უნდა გახდე
ერთ ნამცეცა სახლის?
ხუთი წელი... ხუთზე -
არ დავფიქრდე წუთზე -
ავაგებდი ხუთ წელს
თუნდ ათას სასახლეს.
ბნელი ნათელს ჩრდილავს -
ყველა ხედავს დილას,
აქ კი ჩემს ადგილას
სხვა - თავს კედელს ახლის.
სახლი - გრძნობს და ხვდება,
სახლი - ჩრდილებს ხვდება...
სახლი - მსხვერპლი ხდება
ათას მამაძაღლის.
გაცვეთილა წინდა,
დაბრუნდები შინ და
მოსვენება გინდა
ამდენ შრომით დაღლილს.
საქმეს - არა შენებრ
შრომით დავაშვენებ:
ჯინზე ავაშენებ
მთაზე ჩემს სასახლეს!
1954, 14 აპრილი