* * * ეხლა კი დროა...
ეხლა კი დროა, მშრომელო, რომა
დაფასდეს შენი ღვაწლი და შრომა,
დარიგდეს წიგნი,
იქუხოს ქართლის სადღეგრძელომა.
ეხლა კი დროა, მშრომელო, რომა
ის გავიხსენოთ, - რისხვა და წყრომა,
რაც თავს დაგვატყდა,
განადგურება რომ მოგვინდომა.
ეხლა კი დროა, მშრომელო, რომა
თუ არ დაგვინდო უცხოთ გვარ-ტომმა,
ხმალს იკრას ხელი
ქართველმა ვეფხვმა, ქართველმა ლომმა.
ეხლა კი დროა, მშრომელო, რომა
მშვიდობა ნახოს საქართველომა,
გრილი ნიავის
ქროლა შეიგრძნოს მჭკნარმა მდელომა.
[1953 წლის 29 მარტი]