რომ შეჰქმნა რამე დიადი
ზღვაო, ოცნება პოეტის
ლაჟვარდი, არაზვიადი -
შენ უნდა გედარებოდეს,
რომ შეჰქმნას რამე დიადი!
სიყვარულს ნუ მოგარიდებს
მწუხრია, თუ განთიადი -
ეძებდეს შენს მარგალიტებს,
რომ შეჰქმნას რამე დიადი!
ზღვაო, პოეტის დარებას -
ვერრას აკლებდეს წყვდიადი -
როს შეჰხვდეს შენს მღელვარებას,
რომ შეჰქმნას რამე დიადი!
ვერ გამომჟღავნდეს ვეროდეს
ის გული, ის ხასიათი -
შენი ხმით თუ არ მღეროდეს,
რომ შეჰქმნას რამე დიადი!
დასავლით გამოსწურავდეს
სიალეს მზეთა ჭიატი,
ამ იალქნებით სცურავდეს,
რომ შეჰქმნას რამე დიადი!
დავსძლევთ, დავიპყრობთ, გამოვსცდით -
პოეტს სცდის გზა იშვიათი...
შენის მზის ჩასვლა-ამოსვლით,
რომ შეჰქმნას რამე დიადი!
ვინ სცნობს ამ სიიშვიათეს?
მხოლოდ მხნე და გოლიათი -
ხარობდეს შენს სიდიადეს,
რომ შეჰქმნას რამე დიადი!
მესაჭეობა სხვა არის -
სხვა განსაცდელი ფრიადი -
ცხოვრებაც იგივ ზღვა არის,
რომ შეჰქმნა რამე დიადი!
ზვირთთა რიგს შესცვლის რიგივე -
სიმძიმე ტყვიათ-ტყვიადი,
გულიც ხომ ზღვაა იგივე,
რომ შეჰქმნა რამე დიადი!
ო, უსაზღვრობავ... მდუღარე
ჩნდეს ლალი და ბრილიანტი...
სიმღერაც ზღვაა მქუხარე -
რომ შეჰქმნა რამე დიადი!
მოსწიე ბედის მშვილდები,
გზარავდეს გზა უნიათი -
ნურასდროს ნუ დამშვიდდები,
რომ შეჰქმნა რამე დიადი!
რომ შეჰქმნა რამე დიადი,
რომ შეჰქმნა რამე დიადი,
გაამახვილე ხმის ძალა -
რომ შეჰქმნა რამე დიადი!
[1944]