* * * ბობოქარ ტალღებს გასცქერის...
ბობოქარ ტალღებს გასცქერის
ძალზე მოხუცი - მემედი
და ფიქრობს: ასეთ ამბების
მომსწრე არა ვარ მე მეტი.
იქ, სადაც ტალღა გრიალებს,
მოსავლის მოიმედესა,
სახლი მედგა და ლაჟვარდი
სიმინდის ყანა მეთესა.
იქ არც სახლია, არც ეზო:
ზღვა თანდათან რეცხს ნაპირებს -
მაგრამ მას ჩვენი მყობადი
სხვა ძალას უპირდაპირებს.
ეხლა გახედე: მიხარის:
აი, იქ რომ სიმაღლეა,
სახლი დგას - მწვანე ჩარჩოში
და იგი ჩემი სახლია.
[1944]