როგორც მერანი
როგორც მერანი
თავს აღწევს ლაგამს
და უსივრცოა
მისი ჭენება -
როგორც ძველ ძონძებს
სტოვებს შვენება
და სიდიადით
ცისკარს მიაგავს,
ვით ამირანი
ტყვეობას მდაგავს
შესძახებს: წყევლა
და შეჩვენება!
როგორც სიბნელეს
ლურჯი თენება,
უმშვენიერეს
მზით გადალაქავს -
ისე მნათობი
აღმოხდეს ბნელით
და ულამაზესს
მთებით მოარე -
კავკასიონის
ამღერდეს ჯარი.
კვლავ გამარჯვებით
დაბრუნდეს ველით
და ულოცავდეს
ახალ აღსავალს,
სამშობლოს ჩემის
თავგადასავალს.
[1942]