საუბარი ლირიკის შესახებ
I
ვიგონებ ყრმობას;
შორს, ძლიერ შორს,
ჭალების გაღმა
კავკასიონის
კლდოვანი მთის
მოჩანდა ფერდი.
საღამოობით -
ვით ხომალდი
ასწიოს ნაღმმა -
მზით ენთებოდა
და ქრებოდა
ტიტანის მკერდი.
II
ბავშვობიდანვე
ის სიშორე
მტანჯავდა ერთი -
ლაჟვარდოვანნი
მიტაცებდნენ
ნაქერალები
და ვკითხულობდი,
ვოცნებობდი,
ვმღერდი თუ ვსწერდი -
მდევდნენ, მეძახდნენ,
მიზიდავდნენ
ის მწვერვალები.
III
რით შეაყენა
ის ხომალდი
გრძნეულმა დაღმა,
შენ არ იცოდი,
ვერც გაიგე,
ისე დაბერდი.
შემოიხვია
მყუდროება
ღრუბლების ბაღმა,
მოსჩანდა ხვამლი -
როგორც თრთოლა,
როგორც ხავერდი.
IV
როგორც უთოვლო
ყმაწვილობის
უღრუბლო ბედი,
როგორც შემდეგთა
ქარიშხალთა
ცივი ბრჭყალები,
როგორც სიცოცხლე,
როგორც კუბო,
როგორც იმედი -
მდევდნენ, მეძახდნენ,
მიზიდავდნენ
ის მწვერვალები.
V
მთლად დამიმონა
ცად ნატყორცნმა
ლურჯმა წიაღმა,
ჰაეროვნებამ,
საიდუმლომ
დაფარა ქედი.
თითქო იმ მთაზე
ისევ ისე
ვწევარ გულაღმა
და ვარსკვლავების
დიდი წიგნის
ყოველი გვერდი
VI
არის თეთნულდი,
არის უშბა,
მთელი სვანეთი,
იმისი დილა
და შუადღე,
მზით ნაალები,
მისი საღამო
ბინდთა ლურჯი
ოკეანეთი...
მდევდნენ, მეძახდნენ,
მიზიდავდნენ
ის მწვერვალები.
VII
მოგონებანი
იმ მთებივით
შემოირიგა
მწვერვალმა, რომლის
სახელია
ქნარი, ლირიკა.
არა ოცნებით,
არა ზღაპარით
მის ცისამარით -
წყარო ყრმობისა
მარადისთა
ნაკადთ კამარით
VIII
მიედინება.
მაგრამ საით?
- სამისამხარო
ქვეყნისკენ, სადაც
პოეზიის
ბრწყინავს სამყარო,
სადაც არსებობს
პოეზიის
მარად მგზნებელი,
ლირიკის სული,
სული მისი
მაცოცხლებელი!
IX
პირველ ნაკადათ
მსურს გადაიქცეს
ჩემი მიმართვა,
მიმართ ჭარმაგთა,
მიმართ ჭაბუკთ
სახემღიმართა.
მარად მოვითხოვ
ვით მეაბჯრეს,
როგორც მეფარეს,
მხოლოდ ცოცხალს და
მიმგებარეს,
მხოლოდ მგზნებარეს.
X
მარად დიადი
უნდა ჰქონდეს
სიტყვის მიზანი,
მარადის სიბრძნის
აშუქებდნენ
სხივნი მზისანი.
მიზანი ჩემი
აქ გამოსვლის
მხოლოდ ის არის,
რომ სიმართლისთვის
მოგრიალე
ჩანგის ფიცარის -
XI
გამოძახილი
ახალგაზრდა
გულში გაღვივდეს,
რომ პოეზია
მის სასურველ
მწვერვალს აღვიდეს.
მოზარდი - იგივ
მოცარტია!
მუდამ მოსავდა
თანაბრად ზვავი
ქარიშხალთა
და მიმოზათა!
XII
რომ პოეზიაც
იყვეს საგნად
ახალ თაობის
აღფრთოვანების,
დაფიქრების
და მოძრაობის,
რომ სვას ანკარა
პოეზიის
მზე დაწურვილი -
აი, მიზანი!
აი, ერთად-
ერთი სურვილი!
XIII
დასაბამიდან
მოლივლივებს
ლირიკის შუქი,
იგი არ არის
უბრალო რამ,
რამე მსუბუქი.
ზენა-ნიჭს გარდა -
გემოვნებას
მისას ეწნება
თავისებური
გამოსახვა
და შემეცნება.
XIV
მისი ტექნიკა,
მრავალფერი
ხალის მქსოვარი,
მიღწეულ იქნას
ურყეველი,
შეუპოვარი,
გულდადებული
მუშაობით
შემდეგ სიტყვაზე.
ლირიკა ასე
იჭედება,
და მხოლოდ ასე!
XV
მართალი არის,
როს პოეტი
ამბობს თაობის:
„გრამი შოვნისა
ნაყოფია
წელთ მუშაობის,
მიღებულ იქნას
და ერთ სიტყვად
უნდა გადადნეს
ათასეული
ტონა მთელი
სიტყვიერ მადნის“.
XVI
ზეშთაგონება -
აწევაა
შემოქმედ ძალის,
შედეგი ხანგრძლივ
აღტყინების,
შრომის სიალის.
მონგრევა გულში
ნაგუბარის,
გახსნა, კრიზისი,
დიდი ხნით გულში
შენახულის
რამე მიზეზი.
XVII
იდეები და
სახეები,
თითქმის მზადქმნილი,
ერთბაშად მხატვრულ
სიძლიერით
გადმოხეთქილი.
ფიქრი, ოცნება,
გრძნობა, სმენა
და გაგონება -
აი, ლირიკა!
აი, მგოსნის
ზეშთაგონება!
XVIII
ზეშთაგონებას
მოიშველებს -
მათი სიმია -
პოეზიაა,
ისტორია,
ანუ ქიმია.
ზეშთაგონება
ასულდგმულებს
და აძლევს იმედს
თანაბრად - როგორც
რუსთაველსა,
ისე არქიმედს.
XIX
მეცნიერება -
როდესაც მას
თან ახლავს ვნება -
თანაბრად არის
პოეზიის
ზეშთაგონება!
სრულუნაკლობას
და სრულყოფას
მოითხოვს მგოსნის
შეგნება შრომის
უმაღლესის
და პატიოსნის.
XX
პოეტს, რომელსაც
სურს იპოვოს
გამოძახილი,
უნდა შეეძლოს
სიტყვას მისცეს
გრძნობის მახვილი.
უნდა იცოდეს
აზრისა და
ხმის შეხამება,
ერთგვარ წესრიგში
მოიყვანოს
დღე, შეღამება.
XXI
რათა სიტყვათა
მათ ცოცხალთა
თანაბგერება
თან სდევდეს და შიგ
გაისმოდეს
ის ძლიერება,
რაიც აცოცხლებს
და აღელვებს
მკითხველს და მსმენელს:
ის მიუთითებს,
მოქმედების
არეს უჩვენებს,
XXII
ის წამყვანია,
მებრძოლია,
ანდა პირიქით -
ის ანუგეშებს,
და ამშვიდებს
იმავ ლირიკით.
აზრთ შინაგანი
მოძრაობა,
ბუნება გძნობად -
უნდა გაიხსნას
გარეგანად
იმ მოძრაობად,
XXIII
რასაც იძლევა
სიტყვათ რიტმი
და ჰარმონია;
ხელმარჯვეობა
უმრავლესთა
ყვავილთ მკონია.
მრავალნაირი
მოძრაობით
შექმნილი ძეგლი
მრავალფერობა
ხმათა - როგორც
ამბობს ჰეგელი,
XXIV
ისე შექსპირი
და ვირგილი
ისე ვოლფგანგი,
და უფრო გზნებით -
რუსთაველის
უკვდავი ჩანგი.
მძლე ჰარმონიის
კანონების
დაცვის გარეშე
ჩნდეს პოეზია
სიბნელეში და
სიმცდარეში.
XXV
დამარცხებულა -
ვისაც ენის
გზა შეუცვლია!
მაგრამ გონებას
არასოდეს
არ შეუძლია
დაკმაყოფილდეს
ჰარმონიის
მხოლოდ თამაშით, -
კვლავ პოეზია
იდგეს ბნელში,
ცივ აკლდამაში.
XXVI
მთავარი ძარღვი
პოეზიის
ზომაა, რითმა.
მისით მარადის
გაიელვოს
შუქმა ბედითმა.
მაინც იმაზე
უმთავრესი
სხვა დედა-არსი
არის მშვენიერ
პოეზიის
იდეა, აზრი.
XXVII
მათში იხსნება
მგოსნის ძალა
და მოქმედება
ისეთი, ყველას
სიხარულად
რომ მოედება
და მოფარავს გზებს
ვარდით, დაფნით
და ალოეთი.
იდეა, აზრი,
ზომა, რითმა, -
აი, პოეტი!
XXVIII
ის იდეურით
უნდა იყოს
მადლით ფენილი,
მისით სულდგმული,
შთაგონებით
აღმოჩენილი,
ტემპერამენტის
სიდიადით
არეს ავსებდეს,
აღგვამაღლებდეს,
გვიტაცებდეს,
მოგვათავსებდეს.
XXIX
სხვა გზით იქნება
ეს ისეთი
„შედევრი წმინდა“ -
რომელიც პოეტს
ირონიულ
ღიმილსა ჰგვრიდა:
„ლექსებში ხშირად
ყველაფერი
თავის რიგზეა,
სახე და ფორმა,
რიტმიც თითქო
საკმარისია,
XXX
მხოლოდ ერთი რამ
არის ცუდი:
ყოველი წესით
თითქო ლექსია,
მაგრამ მაინც
არ არის ლექსი!“
მრავალთან ერთად
პოეზიას
თვალიც იხილავს,
როგორც ცხოვრების
სახეობას,
როგორც მის დილას.
XXXI
გამოსახებას -
ამ შეცნობის
ვრცელი გაგებით,
რაიც შეიცავს
მთელს მსოფლიოს
მასზე ნაგებით
მთელ სხეულებრივ
და ზნეობრივ
სამყარო-არეს,
მის მწვერვალისკენ
მისწრაფებას
ჩანგით მოარეს.
XXXII
და საზოგადო
ცხოვრება ქმნის
ჩანგის გარემოს,
ჩანგის ხასიათს,
საარეოს,
სამდგომარეოს.
საზოგადოთა
ფორმაციას
თვითოს თავისი
იდეოლოგის
უმძაფრესი
და უმწვავესი
XXXIII
მიჰყვება რწმენა,
გზის ჩვენება,
მსოფლმხედველობა,
რევოლუციის
ფაზისები
და წინმსვლელობა,
უარმყოფელი
დრომოჭმულთა
შემეცნებათა,
ყოველნაირთა
შემეცნებათ,
რაც ძველს ებადა,
XXXIV
კაცობრიობის
განუსაზღვრელ
წინსვლის სახელით,
სრულყოფილობის
მიზნისაკენ
თვალის გახელით.
სიყვარული და
კლასთა ბრძოლა,
იდეა, შრომა,
ურომელთოდაც
დღეს მსოფლიოს
არა აქვს ცხრომა,
XXXV
რომელთ გარეშე
არ არსებობს
კაცობრიობა,
ვიდრემდის მათში
ისახება
აზრი და გრძნობა,
მეცნიერება,
უმაღლესი
ფილოსოფია -
დაძაბულობის,
გამძაფრების
წინათმგრძნობია
XXXVI
მხოლოდ ლირიკით,
მისი ღელვით
და აზვირთებით
ტრიუმფალური
და უბრალო
ყვავილთ ტვირთებით.
ეხლა განვიცდით
ქარიშხლიან
შფოთიან ხანას,
მოუსვენარს და
მოგანგაშეს
ვხედავთ ქვეყანას,
XXXVII
კაცთა უკეთეს
ნაწილის წინ
სდგას ამოცანა
უუდიდესი
ამოცანა:
შესძრას ქვეყანა,
რევოლიუციის
შეაერთოს
ყველა ძალები,
წარმართოს იგი
სასიცოცხლო
აგრიალებით.
XXXVIII
რათა მან შესძლოს
კაპიტალის
დასამარება,
მისი სახელით
კაცთა სისხლის
აკამარება
და ჩვენ, პოეტებს,
ხალხთან ერთად
ვით არ გვახსოვდეს,
რომ ჩვენს სამშობლოს
ვემსახუროთ,
ვით არასოდეს!
XXXIX
სიმებო, ჩანგებს
უკვდავების
ძალად ექნებით -
მოვალეობის,
სიყვარულის
მტკიცე შეგნებით.
მაშ, ვემსახუროთ
კვლავ სამშობლოს,
მის დაძახებას,
მის ბორკილამყრელ
მისწრაფებას,
მხნე მისწრაფებას!
XL
პოეტის ჩანგი
არასოდეს
არ მდუმარებდა
ადამიანურ
გაღვიძების
პირველ კარებთან,
ისევ ადრინდელ
საფეხურთან,
როდესაც ბასრი
ადამიანის
აღმოცენდა
გრძნობა და აზრი,
XLI
აღმოცენების
წამიდანვე
გაჩნდა ლირიკა,
ხალხმა ის იგრძნო,
შეიყვარა
და შეირიგა.
მას აქეთია,
რა კი გულის
კარი გაიღო,
ყოველ ხანაში
და ყოველ დროს
ლირიკა იყო
XLII
ხალხის სულიერ,
პოლიტიკურ
შრომითი ალის,
ცხოვრების ალის
უდიდესი
სიმხნე და ძალი.
ორთეოსს ხალხი
მიაწერდა
მაგიურ ძალას,
ის სიმღერებით
სძრავდა კლდეებს,
ტყესა და ჭალას,
XLIII
აჯადოებდა
თვით უგულოთ,
ღმერთებს ძლიერებს,
ლირიკა მისი
მხეცებსაც კი
ათვინიერებს.
თვით ლირიული
პოეზიის
მამამთავარი -
იყო არხილოს,
მისი ფუძე,
მისი ჯავარი.
XLIV
მას იამბებით
ემხრობოდა
ჩანგის აწყობა,
ვერ აიტანა -
რა ღირსების
შეურაცხყოფა...
ვიგონებთ - როგორც
გარდასული
დროით და ჟამით -
დაფარულ ძალას
ატარებდა
ლირიკის შხამი!
XLV
ლირიკის წინსვლას
სივრცეებში
რა შეანელებს.
მცირერიცხოვანს,
უმწეობად
მყოფ სპარტანელებს
მრავალრიცხოვან
მესსინელთა
მოერტყა ალყა.
სპარტანელებმა
მაინც სძლიეს
მძვინვარე ტალღა.
XLVI
ტირტეს მგზნებარე
სიმღერების
სძლიეს წყალობით,
პოეტი ჰკრებდა
თავის ჩანგის
დაუმცხრალობით
ხალხის საომარ
ენერგიას
და ნებისყოფას,
გამამხნევებლად
უმღეროდა
მეომართ წყობას!
XLVII
მეგერიანთა
მიერ ბრძოლის
დროს წართმეული,
არათანასწორ
ომის შემდეგ
ცეცხლში ხვეული,
ათინელებმა
დაიბრუნეს
კვლავ სალამინი,
ოდეს სოლონის
სიმღერების
გაისმა ჟინი,
XLVIII
მისმა სამხედრო
სიმღერებმა
დაიგუგუნა,
და მსწრაფლ ათინამ
სალამინი
კვლავ დაიბრუნა.
ჟამთა სიავემ
ფერფლად ქნარი
რომ ვერ აქცია,
გამოსცდა წარსულს
და ჩვენამდეც
კი მოაღწია
XLIX
ელეგიებმა,
რომელშიაც
სოლონი ხვევდა
ფილოსოფიურ,
სოციალურ
შეხედვით სევდას.
თავის კანონებს,
ძეგლისდებას,
წერილს, ბრძანებას -
ლექსს უკავშირებს
პოეზიის
ახმოვანებას.
L
სამშობლოსადმი
სიყვარულსა
და მის დიდებას
მღეროდა მძაფრი
პოეზია
სიმონიდისა
და მერე როგორ!
მიუწდომლად
ნათელ - მკაფიოს,
მის მიერ შექმნილს,
მრავალთ-მრავალ
ეპიტაფიას.
LI
საშვილიშვილოდ
გადასცემდნენ
გმირთ საფლავები,
თუმც სამუდამოდ
დამცხრალია
ის მხარ-მკლავები,
უკვდავმყოფელი
სჩანს წარწერა
გრძნობის თბილისა,
იმ ადგილს, სადაც
ხეობაა
თერმოპილისა:
LII
„ლაკედემონელთ
ამცნე მგზავრო,
და გადაეცით:
ყველა ერთგულნი
სამშობლოის
ჩვენ აქ დავეცით“.
რაოდენ ბრწყინვით
მიდიოდა
ძველი ელადა,
ლირიკა მისი
ეროვნული
იყო და სადა.
LIII
რა ძლიერია
უბრალობით
ქნარი იმდარი,
რა საოცარი
ხმით მღეროდა
მაშინ პინდარი.
ბრწყინვალესი და
მშვენიერის
მქონე იერის
მღერდა ელადის
სიდიადეს
და სიძლიერეს.
LIV
მისი ოდები
და ჰიმნები
რა აღტაცებით
შეჯიბრებებზე
გამარჯვებულთ
პატივსაცემად
ოლიმპიისა
და პითიის
ხატავდა სახეს,
იმ ხალხის რწმენას,
იმ სიმაღლეს
და სიამაყეს.
LV
გენიის კართან,
მოწოდების
მგრგვინავ ზარებთან
პოეტის ჩანგი
არასოდეს
არ მდუმარებდა;
სტროფიკა უხვი
და სახეთა
სიმშვენიერე
მსახველი ძალა,
მჭერმეტყველი
და მოსიმღერე,
LVI
უპირველესი
პირველთ შორის
არის პინდარი -
ელინურ ჩანგის
სიმახვილე
და საწინდარი!
თავისუფლების
მისწრაფებას
რომ გაჰყოლია,
სახელგანთქმული
მრავალია
ძველი სხოლია,
LVII
ლექსი, თავისი
სიმახვილით
ხანჯალის მსგავსი,
სამშობლოსადმი
თავდადების
გრძნობებით სავსე.
„მინდა, მახვილი
მოვრთო ტვიით
მათ მსგავსად, ოდეს
არისტოგიტონ
გამბედავი
და მხნე ჰარმოდეს
LVIII
მიერ ტირანის
მოკვლით ხალხის
მონობა კვდება,
კვლავ დაუბრუნეთ
ათინელებს
თავისუფლება.
არა, ჰარმოდი,
შენ არა ხარ
არასდროს მკვდარი,
იმ უნეტარეს
კუნძულებზე
გიპოვისთ ქნარი,
LIX
სად უსწრაფესი
აქილესი
და დიომედი,
ძე ტიდეასი -
რომ ცხოვრობენ,
გიპოვისთ ბედი.
მახვილი ჩემი
მსურს ვატარო
ტვიით და ხავსით
არისტოგიტონ
და ჰარმოდის
დღეების მსგავსად,
LX
ოდეს თქვენ მიერ -
პალლადის დღეს -
მოკლული იქნა
იპარხი, მხეცი
და ტირანი.
მხარე გარდიქმნა,
სახელი თქვენი
საუკუნეთ
ხსოვნისთვის ზიდონ,
ძვირფასო წყვილო,
ჰარმოდი და
არისტოგიტონ!
LXI
მისთვის - ტირანის
მოკვლის შემდეგ
ათინა სდგება,
ისევ შეჰქმენით
ათინისთვის
თავისუფლება.
თავისუფლების,
ხალხისათვის
მებრძოლ კარებთან
პოეტის ჩანგი
არასოდეს
არ მდუმარებდა!
LXII
რად უწოდებენ
საქართველოს
მგოსანთა მხარეს?
- მის მთებს და ჭალებს,
უღრან ტყეებს,
ლამაზ ხეობებს,
მის ძველ ნანგრევებს
ციხე-კოშკებს,
შემოგარეებს,
მის ჯირითობას,
ბურთაობას,
ხალხურ დღეობებს
LXIII
უძველეს ხნიდან
პოეზია
სდევდა ზეპირი
(ადრე - სანამდის
შეუყვარდა
ხალხს პერგამენტი),
მძლავრი - ვით ქარი,
ნაზი - როგორც
მთების ზეფირი,
ომის დრო იყო,
თუ უღრუბლო
იყო ამინდი.
LXIV
უძველეს ხნიდან
დაწყებული
რუსთაველამდე,
რუსთაველიდან
ჩვენამდე - რეკს
ივერთა ჩანგი.
მასთან უძლური
იყო ცეცხლი,
ასული ცამდე,
ათასი ჩინგის,
მაჰმადხანი
და თემურლანგი.
LXV
ეხლა კი ჩემთვის
ნათელია,
თუ ივერიის
მცირეზე მცირე
რიცხვობრივად,
პატარა ერი,
მარად, ყოველმხრივ
შემორტყმული,
უამრავ მტერით
მაინც გადარჩა,
და გადარჩა,
ის, როგორც ერი.
LXVI
აქ პოეზია იყო მისი
შემჭიდროება,
ანკარა წყარო, მომჩქეფარე
იმ ხალხის გულით,
მის სასიცოცხლო ძალთა-ძალა
და საზრდოება.
აი, ლირიკა,
მთელი მისი დიდი წარსულით,
აი, რად უყვართ საქართველო
მსოფლიო ქნარებს,
რად უწოდებენ საქართველოს
მგოსანთა მხარეს!
LXVII
სამხრეთის მზის ქვეშ,
მთის ჰაერში
ჰყვავიან ვარდნი -
ფერად-ფერადნი,
მშვენიერნი,
სურნელით წმინდა,
არ ეშინიათ
არც გრიგალის
და არც თოვლვარდნის,
მთაში ძალა და
სიხარული
მოსჭვივის მზიდან.
LXVIII
უძველეს მიწას,
უძველეს ერს
ლაჟვარდი ცის ქვეშ -
მძლავრი, გმირული
პოეზია
უნათებს თვალებს,
წარსულისადმი
უდიდესი
მადლობის გრძნობით
რუსთაველისას
კვლავ ვახსენებთ
სახელს ბრწყინვალეს.
LXIX
პოემა ვეფხის -
პოემაა
გრძნობის მზიურის,
სიყვარულისა,
თავდადების,
გმირობის, სიბრძნის!
მას იმეორებს
მკაცრი სვანი,
გმირი ხევსური -
მთლად საქართველო,
როდესაც ის
შრომობს ან იბრძვის.
LXX
თუმც ბევრი სისხლი,
ჩვენო მიწავ,
მიმოიღვარა,
მაინც, როგორც შენ,
ვერამცდენმა
სიმწრის ფიალის,
ამაყი ქედი
პოეზიამ
არ მოიხარა
შემოსეულთა,
დამპყრობელთა
წინაშე ძალის.
LXXI
ღრმა მწუხარება
მშობელ მხარეს
მოდებულ ჩრდილის
იყო გულწრფელი
მელოდია
გურამიშვილის.
ვით ახალგაზრდა
ჭავჭავაძის
რომანტიულ სულს
სამშობლო მხარის
დამპყრობელის
სივერაგე სძულს.
LXXII
რომ თვით ჯალათებს,
გადაქცეულს
სმენად და ჭვრეტად,
მცოდნეთ: რა ძალა,
რა სიმტკიცე
ჰღვივის გზნებისთვის,
შიშის ზარს სცემდა
პოეზია
უფრორე მეტად,
ვინემ ფერმკრთალი
შეთქმულება
აჯანყებისთვის.
LXXIII
როგორ მიჰქროდა
ის მერანი
ფაფარგაშლილი,
რომ გადელახა
დღენი ბნელნი,
გზანი, ყორენი,
იკაწრებოდა
ხალხის ბედით
ბარათაშვილი,
იმ ხალხის, რომელს
თვალბედითი
სდევდა ყორანი.
LXXIV
ცხარე ბრძოლის ხმა
ეპოქასთან
გადაზრდილია,
ხმა სიყვარულის,
ხმა მონობის
წინააღმდეგი,
ცეცხლი - აკაკი,
გმირი - ვაჟა,
ბრძენი - ილია,
რამდენი გმირი
და რამდენი
კიდევ ყაზბეგი!
LXXV
მათი ხმით ზარი
გაღვიძების
კვლავ დაირეკა,
ხალხის ზრახვებს და
წინათგრძნობებს
მათ მისცეს მხარი.
აი, რა მიზნებს
ისახავდა
ჩვენი ლირიკა,
რად ეწოდება
საქართველოს
მგოსანთა მხარე!
LXXVI
როგორ ბრწყინავდა,
საქართველოვ,
ის შენი ლექსი.
შენი ლირიკა
უმდიდრესი,
უსაყვარლესი,
მრავალ სხვადასხვა
სიმღერების
წყობად წყობილი,
კეთილშობილი,
ხალხის გულით
წარმოშობილი,
LXXVII
ისტორიული
სინამდვილის
ხმით დატვირთული,
გარემოცვათა
უმრავლესთა
განცდათ სირთულით
ლირიკა იყო
ჭეშმარიტად
ღრმა, ეროვნული;
ლირიკა იყო
ხალხის სული
და ხალხის გული,
LXXVIII
ის არ მოემწყვდა
პიროვნულ და
ინტიმურ სფეროს,
ის ასახავდა
უურთულეს,
უღრმესს, საეროს.
ადამიანის
საეროსთან
დამოკიდებას
საგმირო საქმეთ,
სამშობლოის
მისის დიდებას.
LXXIX
მოუწოდებდა
ბრძოლისაკენ,
სძრავდა მშვიდობას,
ნიღაბს აცლიდა,
დასცინოდა
პირობითობას,
ებრძოდა, სთხრიდა
კაცთა ყოფნის
დრომოჭმულ ფესვებს,
უუმძაფრესი
გულის ყურით
ისმენდა ლექსებს,
LXXX
ვით მოწინავე,
ისე მისი
წინააღმდეგი,
ჩანგის, ჩონგურის
და კალამის
იყო დამდეგი
პრასოდიები,
ელეგია,
ოდა და ჰიმნი
იმღერებოდა,
ითქმებოდა,
ღელავდენ სიმნი.
LXXXI
გაღვიძებულნი
სხვა საგანთან
შეჯახების დროს,
არ მდუმარებდა
პოეტების
ჩანგი არასდროს.
იყო ხან ნაზი,
ხანაც მძაფრი,
ხანაც მქუხარე, -
აი, რად ჰქვია
საქართველოს
მგოსანთა მხარე!
LXXXII
ლირიკა ჩვენგან
დაშორებულ
ივერთა დროის
ისევ გვაოცებს,
გვართობს, როგორც
სუნთქვა ალოეს.
იმ ხანებიდან
უშორეს და
დიდი ხნის შემდეგ
რად არ დაჰკარგა
მან თავისი
სიახლე დღემდე?
LXXXIII
რისთვის გვაღელვებს
მისი ძალა
ცხოველმყოფელი,
რისთვის გვანიჭებს
მხატვრულ შვებას
განუქრობელი?
რისთვის, სახელდობრ,
ჩვენს მხარეში
აჟღერდა ქნარი
მომჯადოები,
მშვენიერი,
დაუვიწყარი?
LXXXIV
ვისგან მიიღო
ამნაირი
ქმედითი ძალი,
რომ თვით შეიქმნა
მოძრაობათ
ძლიერი ალი?
იგი ლირიკა
არის ძალა
და ვერვის უთქვამს,
მარადისობით
და სიცოცხლით
რომ ის არ სუნთქავს.
LXXXV
გადაქცეული
გულის შთამატევ
მეომარ მკერდად,
საქართველოის
ვითარებას
და სვლასთან ერთად.
ლირიკას ჩვენსას
უყვარდა და
უყვარს ბუნება,
იგი ხალხის გულს
სიხარულით
ესალბუნება.
LXXXVI
ლირიკა იჭერს ქარის ქუხილს
და მერნის ჭიხვინს,
ლირიკას ხიბლავს
სილუეტი მთაზე მდგარ ჯიხვის:
წვიმამ გადიღო,
მთლად გაბრწყინდა ხე და ხეხილი,
მუხლი მგზავრისა
სჭრის კიბეებს მთისას, კეცებრივს.
ტყე, ბილიკები და ლატფარის
უღელტეხილი,
მხოლოდ ხევის ხმა,
ანუ ყეფა მწევარ მეძებრის.
LXXXVII
უეცრად კლდეზე
შვენებასა
ხედავ ზეცებრივს,
სდგას, - როგორც ჯიღა
კავკასიის
მთების მჭეხარის, -
იგი ჯიხვია,
სიმბოლო აზრთ
გაასკეცების
თავისუფლებას,
სიამაყეს
იგი შეჰხარის.
LXXXVIII
გვიყვარს ბუნება,
ცისარტყელა
მოსჩანს ტეხილი,
ნაზი საგანი
არე-მარეთ
თვალმიცეცების.
ჯიხვს ცისარტყელა
მწყობრ რქებზე აქვს
გადაგრეხილი,
დიდი იმედი
მას შვიდფერად
ზედ ეკეცების,
LXXXIX
ჰაეროვანი
სიდიადე
ფერად ლერწების!
სიმაღლე სალკლდის,
თმათეთრის და
ქიმნამეხარის,
ნაზი საგანი
არე-მარეთ
თვალმიცეცების.
თავისუფლებას,
სიამაყეს
ჯიხვი შეჰყარის.
გვიყვარს ბუნება,
მთა გუგუნებს
გულგაღეღილი,
მარადი მტერის
დაცემის და
დანამცეცების.
მაღალი კოშკი
და ისევ ტყე
გაუჩეხელი,
თავშესაფარი
და ბუნაგი
დაღლილ მხეცების.
XC
ჯიხვი სჯის: არა,
ბუნების გზა
არ ილეწება,
ვერც წარსულისთვის
სჭრიდეს ძალა
ვერვის, ვეღარის.
საღამოვდება,
მთებს ირიბი
ჩრდილი ეცემა.
თავისუფლებას,
სიამაყეს
ჯიხვი შეხარის.
XCI
ჩამოჰკარ ჩანგებს,
ჭუნირისა
ხმა უყვართ ლექსებს,
იმღერე ჯიხვზე
სიმღერები
გულუტეხარი,
ჯიხვი ღირსია
დათმობის და
მიალერსების:
თავისუფლებას,
სიამაყეს
იგი შეჰხარის!
XCII
ეხლა ეპოსი
თუ რომანი,
დრამა მრავალი,
ლირიკა, როგორც
ნაწილი რამ
შიგ შემავალი,
თავის სიმძაფრით,
თავის ვნებით
სიტყვის ამ დარგებს
ამოუწურავ
ენერგიით
უფრო აკარგებს,
XCIII
აღრმავებს განცდებს,
აცხოველებს
გრძნობებს და მოსავს
აფრთოვანებულს,
მუდამ ასე
საჭირო პროზას.
რაც უფრო მაღლა
მიდის აზრი
ესევითარი,
ლირიკა ხდება
უფრო მძლავრი,
უფრო მდიდარი.
XCIV
ის შინაარსით
ისვეა, რაც
ფილოსოფია.
ხმათა შერჩევით
კი მუსიკის
ჰანგთან მყოფია.
როგორ სარკეობს
იმისი ხმა
და როგორ ბროლობს -
ბევრი რამ გვითხრას,
შეუძლია
ფაუსტის პროლოგს:
XCV
აღტაცებული
მომღერალი
გულთ რით აჩვილებს,
მარქვით, სტიქიონთ
იმ მომღერალს
ვინ უმორჩილებს,
თუ არ აკორდი,
შემოქმედის
უმძლავრეს მწველი,
გულით ნახეთქი,
მსოფლიოის
მთელის შემცველი.
XCVI
სული პოეტის
სარკე არის
სივრცის, დროისა,
სული პოეტის
არის ცენტრი
მსოფლიოისა,
სული პოეტის
არის მისი
ყოფნის დღეები,
არის ფოკუსი,
ერთდებიან
სად იდეები,
XCVII
ყოფნის ერთობის
შემცველი და
შემთვისებელი;
რაც უფრო ღრმაა
შემეცნება -
წარმოდგენაში
ყოველი ერის
ღრმად ჩანერგილ
რამე რწმენაში.
რაოდენ გრძნობით
სამყარო წინ
არ შეჩერდება,
მხოლოდ და მხოლოდ
ლირიკაში
სახიერდება.
XCVIII
სული პოეტის -
ჰეგელის თქმით -
წარმოადგენდეს
უნდა გარემოს,
იგი სული
უნდა ადგენდეს
ვნებათ, იდეათ,
შეჯახებათ
მთელ სიავკარგეს,
ყველაფერისას
ხელთ გვაძლევდეს
ერთ მთლიან სარკეს,
XCIX
რაიც კი ძალუძს
დაიტიოს
ადამიანთ გულს, -
სხვანაირი გზით
პოეზიას
წინსვლა არ ძალუძს.
ხსნის რა ლირიკის
არსს, ბუნებას,
ჰეგელი ამბობს:
შთაბეჭდილებათ
და იდეათ,
რომლითაც ლამობს
C
შექმნას პოეტმა,
უნდა ჰქონდეს
მას ნიშნადობა
საერთო, რათა
ჭეშმარიტი
იყოს ის გრძნობა,
რომლისათვისაც
პოეზიის
ცოცხალი ქნარიც
ჰქმნის სახეობას
და აგრეთვე
ისევ ჭეშმარიტს.
CI
ასე: ლირიკა
გვევლინება
ღრმა აზროვნების
ერთ მხარედ,
რომლის მიზანია
კაცთა ხსოვნება,
ჭეშმარიტებათ
ძიება და
გამოვლინება,
გამოცხადება,
ამ ცხოვრების
მხარეს დინება,
CII
რათა მთესველი -
უდაბურსაც
ნედლით შეთესდეს -
გაუმჯობესდეს
ეს ცხოვრება,
გაუკეთესდეს!
„თუ რომ ცხოვრება
ჩამოვკვეთოთ
ვით ქანდაკება
და ცხოვრებითვე
რომ ავავსოთ
აზრი, გაგება -
CIII
ძალას, რომელსაც
ჩვენ ცხოვრება
გვაძლევს - მჭედელი,
მიეცი ნება,
იყოს მქნელი,
ჩამომკვეთელი“.
რა კი არსებობს
ხალხის ვნება
ყოველდღიური,
რა კი მოითხოვს,
იყოს მძლავრი,
ტიტანიური
CIV
მისი ტრიბუნი,
მოციქული,
მისი მესია -
მოვალე არის,
რომ ცხოვრება
და პოეზია
ერთმანეთისგან
არ გათიშოს,
არ დააშოროს,
არამედ უფრო
განამტკიცოს
და დააშუროს,
CV
თორემ რა მიზნით,
რა იმედით,
ვისთვის და რისთვის
ხმა გაისმოდა:
„პოეზიაა -
პოეზიისთვის?“
რად მდინარებდა
პოეზია
რაღაც თვითმიზნად,
დაშორებულად
ხალხისაგან,
უცხო, გულთმისნად?
CVI
რად ესწრაფოდნენ
ცხოვრებისგან
განცალკევებას,
ჩამოშორებას,
განზე დგომას
და განტევებას?
რად ივიწყებენ,
რომ პოეტი
ხალხის წინ მდეგი,
თვით პოეზიაც -
ამ ცხოვრების
არის შედეგი.
CVII
მაინც რა მიზნით,
რა იმედით,
ვისთვის და რისთვის
გაიძახოდნენ:
„ხელოვნება -
ხელოვნებისთვის!“
რისთვის ფანტავდენ
ამ ლოზუნგით
სიტყვათ შედევრებს,
რისთვის ეძებდენ
საამისოდ
ერთგულ მიმდევრებს?
CVIII
სხვა სიამეთა
მაძღარ წყურვილს,
ვნებათა წყურვილს,
და პოეზიას -
საუცხოვოდ
ჩაცმა-დახურვის,
შნოიან, მორთულ
და დახვეწილ
განცდების მორევს,
გრძნობიერებათ
სიმახვილეს,
ბურუსთ სიშორეს?
CIX
თორემ რა მიზნით,
რა იმედით,
ვისთვის და რისთვის,
აქანდაკებდა
მოყმე ვინმე
სიტყვას-სიტყვისთვის?
განირჩეოდა
ჩამოკვეთით
ვით სარკე თქმულთა
ზოგიერთის ხმა
თავის წმინდა
შვენების კულტით.
CX
ღრმა კონცეპციით -
მხედველობის
დიდი სინათლით.
რა მოხდა შემდგომ?
ან რომელი
პარნასის მადლით
მიმართეს ეფეკტს,
უცნობლობას,
უვალობის ხევს, -
გრძნობიერებათ
სახეებში
პოეზია ხვევს,
CXI
და მათში ხედავს
უმაღლესი
იდუმალების
გამოვლინებას:
დიდი ტანჯვის,
დიდი წვალების,
მარადისობის
სიმბოლოებს,
ნიშნებს გვიანებს,
ნიშანი, რაიც
ყველა იმათ
აერთიანებს,
CXII
რომლის ქვეშ ყველას
იდუმალი
გზა ეგულება:
წმინდა, უმწიკვლო
ფორმისადმი
ბრმა ერთგულება!
არ შეიძლება
სილამაზე
პლასტიურ ლექსის
ვინმემ უარყოს:
სილამაზე -
თან უკეთესის
CXIII
დასდევს მშვენიერ
გარეგნობის
ნორჩი რტოები,
რაღაც ახალით
და ძვირფასით
მომჯადოები.
არ შეიძლება!
უარყავი
და არ იახლე
მუსიკალური
აკორდების
მძლავრი სიახლე!
CXIV
მხოლოდ იმნაირ
ემოციით
პოეტის ქნარი,
იმ აკორდებით
შეიქმნება
ნაზი და მყარი.
არ შეიძლება,
რომ უარყო:
სწორედ ამ ბგერამ
მიმომღერების,
მრისხანების,
სინაზის ჟღერამ
CXV
არც ისე დიდი
ხანი არის,
რაც ოსტატურად
მსოფლიოისა
პოეზიას
მიემსახურა
„ვეფხისტყაოსნის“
სტრიქონების
კარგ თარგმანებით.
რაც უნდა საქმე
არა ჰქონდეს
უცხო ზმანებით
CXVI
სავსე ლირიკას,
სხვა იდეურ
უნაყოფობას,
ქსელში, რომელიც
აქ გაუბამს
ცბიერ ობობას,
კართან, რომელიც
ასე გულქვად
მათთვის ჩაჰკეტეს,
არვინ უარყოფს:
ძლიერ ბევრი
რამ გააკეთეს;
CXVII
მარტო პოეტურ
ეფექტისთვის
მსვლელი როდია
ზომიერება,
მკაფიო ხმა
და მელოდია.
სხვა გარემოით
მიიმართვის
ჩვენი მსვლელობა.
მრავალ ლოზუნგებს
აღარა აქვთ
ის მნიშვნელობა,
CXVIII
რას ესთეტიურ
მანიფესტთა
ითხოვდა ღალა -
არ შეიძლება
ჩვენთვის ჰქონდეს
რაიმე ძალა,
მაგრამ იშვიათ
ყურადღებით
ყოველდღეობა
ყველაფერს, რასაც
ეწოდება
მემკვიდრეობა,
CXIX
თვალწინ იყენებს და
თვის მიზნებს
უქვემდებარებს;
მიზნებს მშობლიურს,
წინდახედულს,
მიზნებს მგზნებარეს.
ჩვენ გამოვშორდით
იმ ბურუსებს,
იმ თვალახვევას,
და არ ვეძლევით
უსარგებლო
თავბრუდახვევას.
CXX
მხოლოდ ეს არის:
უსარგებლო
როდი იქნება,
თუ პოეზიით
განიცდება
და შეიგნება,
თუ მიეჩვევა
სმენა კეთილ-
ახმოვანებას,
ამით ლექსს ვერც დრო
დააბერებს,
ვერც ხნოვანება.
CXXI
უნდა იშრომოს
ახალგაზრდამ,
უნდა იღონოს,
იმ ხმოვანების
ძლიერება
რომ შეიგონოს.
მაშინ გადმოშლის,
ლირიკისთვის
რაც ეგულება,
ჩვენი ეპოქა,
მისი დიდი
ღირებულება.
CXXII
ამხანაგებო!
მე ვსაუბრობ
როგორც პოეტი,
აკადემიურ
აზრთა მარად
დამჭერი მხარის,
მაგრამ მე მინდა
მოგაგონოთ
ის უცხოეთი,
სადაც მოკვდავზე
იძახიან:
„უკვდავი არის“.
CXXIII
ჩვენს იქ ყოფნაში
საფრანგეთის
აკადემიას
უსრულდებოდა
ანგარიშის
წელი სამასი
და დღესასწაულს,
ფერად-ფერად
ნაკადებიანს,
მოგონებათა
ედებოდა
ფერი ლამაზი.
CXXIV
მაგრამ მე ფრანგი
პოეტები
არ მეცოდება,
წმინდა ფრანგული
მოწიწებით
ეძლევა ოდეს
აკადემიის წევრს -
უკვდავის
სახელწოდება,
და მომაკვდავის
უბრალოსი -
ბალზაკს და დოდეს.
CXXV
არც მოპასანი,
არც ფლობერი,
არც მოლიერი
უკვდავთა შორის
არ იქნება
დაფნით მავალი,
სამაგიეროდ
იქ ჰერცოგი
შედის ძლიერი
დე-რიშელიე,
კარდინალთა
შთამომავალი.
CXXVI
ის რიგიანად
თუ ვერ დასწერს
უბრალო წერილს,
არის სიმბოლო
საფრანგეთის
ძველი დიდების.
აქ ხმის მქონე სდუმს
გაოცებით,
უხმო კი მღერის,
თავდავიწყებით,
ხრინწიანად
გაბედითებით.
CXXVII
კათოლიკეებს,
ფეოდალებს,
სარდლებს, პრელატებს
იმ დარბაზებში
ვერვინ ეტყვის
„დაფნა ჩემია“.
ძალმომრეობის
და დაცინვის
ფერადებს მატებს
ეხლაც, წინადაც,
ამნაირი
აკადემია.
CXXVIII
გზაზედ მუნდირი
შემხვდა მწვანე,
ქცეული ამბად,
(აკადემიკოსს
ამ მუნდირში
ვინ არ ადიდებს!)
მხოლოდ კონგრესზე
ვისწრაფოდი,
მოვშორდი სწრაფად
აკადემიას,
ლუვრის დარბაზს,
კარიატიდებს.
CXXIX
თუნდაც სხვა მხარე.
ხედავთ პოეტს
როგორ სდევნიან,
შეხედეთ მხეცი,
რამდენს აღრჩობს,
აწვალებს, ბორკავს.
თუმცა ამგვარად
შებორკილი,
ხალხს ურჩევნია
მაინც თავისი
ფრედერიკო,
გარსია ლორკა.
CXXX
ფუჭია ღრენა
მის სახელთან
ქვეყნის ბებერის,
ის მღერდა ვით გმირს,
როგორც ნამდვილ
პოეტს შეჰფერის.
მაგრამ სახელი
მისი მკვლელის
კაპიტალია.
აი, პატარა,
უსულგულო,
ვიწრო გალია
CXXXI
სადმე ევროპის
შუაგულში,
მყუდრო ბინაში,
ადამიანი
მარტო დარჩა
თავის წინაშე.
მრავალ კითხვებში
ის მარტოა,
ის პოეტია,
ის მსოფლიოში
არ იქნა და
ვერ დაეტია.
CXXXII
და აქ, შენს ფრთებს ქვეშ
შემუდრულა
მწარედ ნასეტყვი.
მის მარტოობას,
კაპიტალო,
ვნახოთ, რას ეტყვი.
რამენაირად
დაიმკვიდროს
სურს, თავისთავი,
შენ ბურუსში ხვევ
და ხარ მისი
სულთამხუთავი.
CXXXIII
აწუხებს მწარე
ბედისწერა,
ღმერთი, ღრუბელი,
არა ბუნებრივ
დალაქული
და დამღუპველი.
ჩანგის სიმები,
ჩამოქნილი
დროთ სათარეშოდ,
სუნთქავს, ბუტბუტებს,
და ხმაურობს
უანგარიშოდ.
CXXXIV
და მარტოობა,
მარტოობა
ფარავს მის სიტყვებს,
მსოფლიო თითქო
არ პასუხობს
პირად შეკითხვებს.
მარტოობაში
ცხოვრობს იგი
ოქროს სიზმრებით,
თავის მტანჯველი,
საშინელი
გამოღვიძებით.
CXXXV
მითხარით ეხლა,
პოეტია
კაცი ამგვარი?
არა და არა,
ის მკვდარია,
სიცოცხლით მკვდარი!
პოეტი არის -
ვისიც მარად
მასას ედება
მდიდარი, რთული,
ფრთამახვილი
შემოქმედება.
CXXXVI
ვინც ესპანეთი
სასიცოცხლო
ვარდებით მორგა.
დიდი პოეტი:
ფრედერიკო,
გარსია ლორკა:
ვინც უანგაროდ
ხალხს შესწირა
მგზნებარე ქნარი.
ის მოჰკლეს, მაგრამ
ის არასდროს
არ არის მკვდარი:
CXXXVII
მრავალი რამე
შეიძლება
ამ ქვეყნად გაჰქრეს,
დრო ვერ სძლევს
მხოლოდ ამღერების
ციხე-სიმაგრეს.
იყო სვანეთში
მშვენიერი
სოფელი მხარის,
სახელად ერქვა
ლალავერი.
ეხლა არ არის.
CXXXVIII
დილით რომ „ლილეს“
ჰანგ-ბობოქარს,
მღეროდა ჩანგი,
მზის რომ ათრობდა
მოგონება
ათას-ათასი,
შორი ღრუბლების
ჩერდებოდა
ფერადი ჟანგი.
მშვენიერ ქალთა,
ხორუმელთა,
როკავდა დასი.
CXXXIX
შუქი თეთნულდის
ელვარესი,
შუქი უშბასი,
რომ ეხვეოდა
ღრუბელს, როგორც
სახლს ტალავერი,
სიზმარებრ გაჰქრა
აღნაგობათ
რიგი ძვირფასი,
სიზმარებრ გაჰქრა
მშვენიერი
ის ლალავერი!
CXL
ხან სანადიროდ,
ან ნადიმად
წასული, ხან კი
მაჩუბის ჭერქვეშ
მომღერალი
ვაჟი კისკასი,
ზეცა მოთეთრო
როგორც ქულა,
ჭერი - ვით ზანგი,
მკაცრი - ვით მთები
მშობლიური,
ნაზი, ვით საზი,
CXLI
ხელში რომ ლხინის
მოელვარე
ეჭირა თასი,
უტკბესი უფრო,
ვინემ შორი
ბარის ჩხავერი,
სიზმარებრ გაჰქრა
აღნაგობათ
რიგი ძვირფასი,
სიზმარებრ გაჰქრა
მშვენიერი
ის ლალავერი!
მოაწყდა როსმე
უეცარი
სისხლის ღვართქაფი,
CXLII
თუ შხამი რამე
უნდობარის -
გველის, - წარბასი,
იქნებ მოვარდა
ამომწყვეტი
სნება და მანკი,
ან ცეცხლმა შთანთქა,
ნაცრად იქცა
ეზო-დარბაზი,
დალეწა კოშკი
უმაღლესი,
ჩალეკა ვაზი,
CXLIII
დასძრა ფიქალი
ფიქალებზე
როგორც ყავარი,
ვინ უწყის, როგორც
მძლავრი მუხა,
თუ უსურვაზი,
სიზმარებრ გაჰქრა
მშვენიერი
ის ლალავერი!
ვდგევარ და ვფიქრობ,
თუ რა მოხდა,
რად არის ასე,
CXLIV
აქ ხომ არც ქვაა,
არც ნაფოტი,
არც ბალავერი.
არავინ იცის,
თუ ვის მიერ,
როდის ან რაზედ -
სიზმარებრ გაჰქრა
მშვენიერი
ის ლალავერი.
მაგრამ სიმღერა
გაიგონა
მეორე მთამა,
როგორც შვილს ანდერძს
დაუტოვებს
მოხუცი მამა,
CXLV
ისე დასტოვა
ლალავერმა
სიმღერა „ლილე“,
თვით სამუდამოდ
შეერია
წარსულის ჩრდილებს,
მრავალი რამე
შეიძლება
ამქვეყნად გაჰქრეს,
ვერვინ გააქრობს
ამღერების
ციხე-სიმაგრეს!
CXLVI
არ არის ქნარის
დუმილისთვის
რამე მიზეზი
მხარეში, სადაც
მშენებლობა
გვაქვს უდიდესი.
რა დიადია,
რა მაღალი
ეს მშენებლობა.
რა მრავალია
კიდევ მეტი
შესაძლებლობა!
CXLVII
რომ აწამებდა
მოწინავეთ
მრავალ ხანაში,
ხორციელდება
იდეალი
ერთ ქვეყანაში.
ჩვენ, პოეტები,
საუკუნით
ვართ მოვალენი,
რომ მის ნათებას
მოწიწებით
მივაპყრათ თვალნი,
CXLVIII
გზა გავუკაფოთ
სხვებთან ერთად
დიად იდეებს,
იმათ დროშებს და
სიმაღლეებს,
მათ სიდიდეებს.
ვიპოვოთ წყარო,
უწმინდესის
მისის სათავით,
უბრალოებით,
მარტივობით
და სისადავით!
CXLIX
ლირიკა თრთოდა,
მძლავრდებოდა,
რეკდა საერთოდ,
კაცობრიობის
სვლასთან ერთად,
მასასთან ერთად!
რევოლიუციით
ვიდოდა წინ,
როს უახლესი
კაცთა ცხოვრების
იდეალი
ჩნდა უმაღლესი.
CL
გარდატეხები
მსახურებდნენ
რა ნიადაგად,
ძვრები წინ სწევდნენ
პოეზიის
ცეცხლოვან ნაკადს -
ჯერეთ მდინარედ,
მერე ზღვებად
რომ გასწვდენია,
იბადებოდა
ბუმბერაზი
მაშინ გენია
CLI
და მომავალი
თაობისთვის
სწყვეტავდა ძლიერ
დიდ ამოცანებს,
დასმულთ წინა
თაობის მიერ.
მისწრაფებანი,
ქმნილნი რყევად
და ამბოხადა,
თუ არ შექსპირმა,
თავის დროის,
ვინ გამოხატა?
CLII
ჰამლეტის ეჭვში
უმრავლესი
წინასწარ სჭვივის -
ფილოსოფიის
მონათებათ
შემდგომი სხივი.
აგრეთვე წიგნი
და ეპოქა
ალიგიერის
ანარეკლია
შეჯახების
ძლიერ-ძლიერის.
CLIII
რუსოს გენიას
ქარიშხლიანს
შეეძლო რისთვის
შეეწყო ხელი
ახალგაზრდა
გიოტეს ხმისთვის,
თანაბრად ხმისთვის,
რომელმაც ვით
ცეცხლის ბზრიალა
მარსელიეზად
საფრანგეთზე
გადიგრიალა.
CLIV
ლირიკად ყველა,
უმთავრესი
რაც სიმაგრეა,
რევოლიუციის
ქარიშხალში
წინარ დაჰქრიან.
რამდენი ერთი
როგორნაირს
მისდევდა ვნებას,
მკაცრ ეპოქაში
რომ აქებდა
თავისუფლებას!
CLV
ლექსი ცოცხალი
მოწამეა
როგორც დღე-ღამე,
საბედისწერო
ქარიშხალთა
დიდი მოწამე!
ოდეს მომწიფდა
აღელვებულ
ხალხში ნათესი
აზრით და საქმით
ოქტომბერი
უდიადესი!
CLVI
კაცობრიობის
ჯერარნახულ
მზის ამონთებით -
თვალუწვდენელი
გაიშალა
ჰორიზონტები.
უკეთესთ შორის
უკეთესი
ამ ხნით იქმნება
ლირიკის სული,
მისი ხალხთან
გადაწიგნება.
CLVII
შემარყეველი
ნებისყოფა
და მრისხანება
ძლევის პათოსით,
სიყვარულით
მიექანება
ლექსით, რომელსაც
ჰქვია „ინტერ-
ნაციონალი“,
ერთაშორისად
მოკვეთილი
და ეროვნული.
CLVIII
მილიონების
მისწრაფების
თანაზიარად,
იგი გენიის
უმძაფრესად
გადიქცა ქნარად.
ერმა თავისი
უშიშარი
მონახა ბინა:
ბელორუსია,
საქართველო
თუ უკრაინა,
CLIX
ერთმანეთს შეხვდა
პოეზიით
მოგიზგიზეთი,
ადერბაიჯანი,
ტაჯიკეთი
და ყირგიზეთი,
სიმღერით მოდის
ის სომხეთი,
იგი რუსეთი,
არ არის ძველი
ჯოჯოხეთი
და ბურუსეთი -
CLX
არამედ, ვრცელი,
მშვენიერი
გადასახედი.
თურქმენეთია,
უზბეკეთი
თუ ყაზახეთი -
მომღერალია
უძლეველი
თორმეტი დროშის,
ყველა თავის ხმით,
ისე როგორც
საქართველოში.
CLXI
ამ მეგობრობას
სამუდამოდ
გამქრალ ღრუბელით,
ახალ ქალაქით,
ახალ სოფლით,
ახალ ყანებით
ვგრძნობდი და ვიგრძნობ
ჩემის ჩანგის
თავისუფალის
თავისუფალზე
თავისუფალ
აღფრთოვანებით.
CLXII
ყოფნა კავშირში,
ყოფნა ძმობა -
მეგობრობაში,
ურყეველ გრძნობად
ყველას გულში
გვქონდეს წრთობილი
და საბოლოოდ
მიღწეული
იქნება მაშინ
მიზანი ლექსის,
გულწრფელი და
კეთილშობილი.
CLXIII
თუ საზღვარს იქით
ბოროტებამ
გაამნათობა
და დაათოვა
არე-მარეს
ბრმა ძლიერება,
თუ უმართლობა,
სიბეჩავე
და ძალადობა,
გაუტანლობა,
სიხარბე და
ბიწიერება
CLXIV
ანებივრებს და
ამოძრავებს
დიდ ფუფუნებით,
ოქროთი მოსილ
უსირცხვილო
დარბაზთ ზნეობას,
თუ ეკლესია
კვლავ გუგუნებს,
ვით გუგუნებდა,
კაპიტალს, მდიდართ
მორჩილებას,
პირმოთნეობას,
CLXV
თუ მონას, ვისაც
ჯოჯოხეთით
ამწუხარებდა
ჩაგრულ მხარეთა
მძიმე შრომის
და მონობის გზა,
არ ახარებს კვლავ,
ვით არასდროს
არ ახარებდა,
არც გაზაფხულის,
არც ზაფხულის
მშვენიერი ცა.
CLXVI
თუ ხეთ სიგრილეს
სიყრმიდანვე
გადაჩვეული,
შემოხვეული
ქართა ქროლვით,
ნისლთა ობობით,
ხალხი სნეული,
უსახლკარო
და დამშეული
ხელდაცარული,
მოკლული დგას
შემოდგომობით.
CLXVII
თუ ვერ გრძნობს ისე,
ვით ვერ გრძნობდა
სითბო - სიმშვიდეს,
როცა ზამთარის
დაიქროლებს
სიცივე ავი,
თუ ცით დასცქერის,
ვით დასცქერდა
კიდითი-კიდეს
საბედისწერო,
ულმობელი
შავი ვარსკვლავი, -
CLXVIII
დიდი ხანია
რაც ვარსკვლავი
ჩვენში გაბრწყინდა,
დიდი ვარსკვლავი
მეგობრობის,
ძმურ სიყვარულის.
ფრიალებს დროშა
ქვეყნის მხსნელი,
გრძნობათა წმინდა
ზვავით აზვინდა
პოეზიის
ცეცხლის ფარულის.
CLXIX
დროა, სიმღერით
რომ მოსავლის
ზღვა მოაქუჩო,
დროა, სიმღერით
რომ დაზგები
ააკანკალო,
გულმხიარულად
და სიმღერით
დაჰკარ ჩაქუჩო!
გულმხიარულად
და სიმღერით
მიდი, ნამგალო!
CLXX
ოქროს თავთავი,
მეგობრებო,
წავართვათ სამკალს
და სამკაულად
ეპოქისთვის
დავწნათ გვირგვინი,
გვირგვინი იგი
გარს მოვავლოთ
ჩაქუჩს და ნამგალს,
რომ გზა შეამკოს
პოეზიის
ნათელი ბრწყინვით.
CLXXI
გზებით, გაშლილით
მომავლისთვის
მეომარ ლექსით
აქეთ, ადიდეთ
ჰუმანიზმით
გატანა კვალის.
გზებით - წარსულში
ანთებულით
მარქსით, ენგელსით,
მომავლისაკენ
მივყევართ ჩვენ
ლენინს და სტალინს.
CLXXII
აქეთ, ადიდეთ
სამშობლოის
ბედნიერების
მეცნიერებათ
სასწაულნი,
მზე და კანდელი.
გმირთ სიმამაცეთ
მარადისი
ჩანგი იჟღერებს,
რომ სძლიეს ყინულთ
და ღრუბელთა
კორიანტელი.
CLXXIII
ახალი ერა,
მისი ახლად
ამეტყველება
თან გდევდეს, ოდეს
სამოძრაოდ
ცად შევარდები,
იყვნენ დღეგრძელნი,
ჰე, მამულო,
შენი მცველები,
მგოსნებთან ერთად,
დევგმირები
და შევარდნები,
CLXXIV
ახალგაზრდობა,
ყვავილები,
და მწვერვალები,
შენი ქალები,
მშვენიერი
შენი ქალები.
ჯარი დუშმანით
არასოდეს
არკმაყოფილი,
მტრის უნდობელი,
მტერთან მტერი
ძმასთან კეთილი
რევოლიუციის
მოგუგუნე
ცეცხლში შობილი,
CLXXV
ცხარე ომების
ქარიშხალში
გამობრძმედილი,
სასო, იმედი
მსოფლიოის
ყოველი ერის,
ყოველი ერის
მოერთგულე
ფარ-მუზარადი,
შემსრულებელი
გარდუვალი
და საღვთო ვალის.
თავისუფლების
დიდებულის -
მცველი მარადი, -
CLXXVI
სიმღერით მოდის.
არ გადუხვევს
რჩეულ გზისაგან,
სხვა გზა - უცნობი -
ვერასოდეს
ვერ შეირიგოს...
იგი ისწრაფვის
კომუნიზმის
გამარჯვებისკენ.
მაშ, გაუმარჯოს
სიმართლისთვის
მებრძოლ ლირიკას!
1940 წლის 25-27 იანვარი