ლორია პარმენ - გალაკტიონს
ჩვენიპოეზიისსიამაყევ, ძვირფასოგალაქტიონ!
მივიღე თქვენი წერილი, თქვენი ლექსი. უკანასკნელი ამოვწერე და რედაქციას გადავეცი, წერილი კი დავიტოვე, როგორც ძვირფასი საჩუქარი და განძი.
მე არ მჯერა და არც დავიჯერებ, რომ ჩვენი დიდი პოეტი, ჩვენი გალაქტიონი „მოძულებული“ იყოს, რომ თბილისი არ წყალობდეს მას, თბილისი, რომელიც ამაყობს თავისი შოთათი, ილიათი, აკაკით, ვაჟათი და გალაქტიონით. დიახ, ეს დაუჯერებელია და ჩვენი, აქაური ამხანაგების თხოვნაა, ნურც თქვენ გჯერათ ამგვარი რამ, ნუ დაიჯერებთ ასეთ რასმეს.
ცხოვრებაში ბევრი რამ არის მოსალოდნელი, ცალკეულ ადამიანს შეუძლია წყენა მიაყენოს ხალხის საყვარელსა და სათაყვანო არსებასაც, მაგრამ ხალხის ხმა მუდამ ყოფილა და იქნება ერთეულებზე ძლიერი.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მომღერალი, ჩვენი პოეზიის მესაჭე და დამამშვენებელი ერთეულების ხმას და სურვილებს არ აჰყვება და მათ მოქმედებასა და საქციელს ყურადღებას არ მიაქცევს.
ქართველი ხალხი თვითონ გასცემს პასუხს ერთეულებს, თვითონვე მოუვლის და დაიფარავს თავის საყვარელ მგოსანს.
ჩვენ გვიყვარს გალაქტიონი თავისი „მერითა“ და „მე და ღამეთი“, ჩვენ გვიყვარს ის თავისი ლირიული ლექსებითა და ეპოსით, ჩვენ გვიყვარს თავისი მედგარი სიმღერებით, თავისი „გოლიათური ნაბიჯებით“, თავისი ხარაჩოებითა და მრავალი სხვებით. და ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ სტიქიურ ძალასაც არ შეუძლია ჩვენი გულიდან მისი ამოცლა.
ანტონი ამჟამად აქ არ არის, ორ კვირაში გვეყოლება. შეიძლება ლექსი მანამდეც დაიბეჭდოს. როგორც კი დაიბეჭდება, გამოგიგზავნით.
მიიღეთ უღრმესი სალამი ჩვენი ამხანაგებისაგან.
მარად თქვენი პატივისმცემელი პარმენ ლორია
16. X. 1947 წ.