შუალედი - დან - მდე
 
 


უხილავი


(აივაზოვსკის სურათის წინ)

მზე დასავლით იღველფება, ღამის ბინდი ხლართავს ჩადრებს,
ლურჯ ცის ფსკერზე სხივი კვდება, სალამს აძლევს ჩონჩხებს და მკვდრებს,
ფიქრში თავი დაუხრიათ სასაფლაოს დარაჯ ჭადრებს,
და ხმა ესმით უხილავის სურნელოვან ალეანდრებს...
„მე სული ვარ, შემომქმედი შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, - როგორც ღმერთი, დაუძლევი, ვით სატანა,
ყოფნამ ყოფნას უკვდავება უხილავად დაატანა,
თქვენ, მიწაზე, უკვდავება გიკვირთ განა, შეგშურთ განა?
ერთი ხელით ხომლს დავხატავ, მთვარეს მოვხვევ ოქროს სხივებს,
სიბნელისგან მზის შუქს გავყოფ ოქროსფერად ანამძივებს,
ერთის სუნთქვით დედამიწას გადავაფრქვევ ნაზ ყვავილებს.
მთას გრიგალი დაუბერავს, ააკვნესებს, ააკივლებს...
უხილავი ყველგან სუფევს, უხილავი ყველგან გეძებს,
უხილავი გაგახარებს, უხილავი აგაკვნესებს.
დედამიწავ! სული არის შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, როგორც ღმერთი, გაბედული, ვით სატანა“.
დედამიწას გარინდებულს მოხვევია ფიქრთ სამოსი,
რაღაც სევდით გამსჭვალულა მშვიდი სუნთქვა მიდამოსი.

[1912]