ქებათა ქება ნიკორწმინდას
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, - როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!
ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ - რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება - ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი - ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!
შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!
1947, [ივლისი-აგვისტო]
[შოვი]