შუალედი - დან - მდე
 
 


ჯუზეპე ჯუსტი


* * *

მრწამს ყოვლის შემძლე ოქროის კერპი,
ძე მისი ოქროდ სახელდებული.
მრწამს თამასუქის ბრწყინვალე გერბი
და პროცენტების გზა დიდებული.
მრწამს მიმდინარე ანგარიში და
ბუღალტერია მისი სამმაგი,
მრწამს ერთი ჩეკი ქაღალდის ჯიშიდან,
მისი გაძლება, მისი ამაგი.
მრწამს ხარკი, მუდამ ვიგონებ მას მე,
სახელმწიფოში გზა რომ გაზდია,
და ის, რომელიც მაჭმევს და მასმევს,
ქვეყნის ძლიერი მრწამს დინასტია.
მრწამს აქციზი და გადასახადი,
პირდაპირია თუ ზედნადები,
მრწამს მოქნილობა ხერხემლის ჩემის,
უნაგირი და ბაგა ნატები.
ყოველთვის წმინდანს ვლოცულობ დღისას
და გულში ვიცემ მოკუმულ მჯიღებს,
ვლოცულობ წმინდანს მე იმა დღისას,
რა დღესაც ვდგები და ფულებს ვიღებ.
და ვიმედოვნებ: მოზნექით ვერხვებს,
ნელნელა, ბედს რომ დავეძებ ბოლოს,
აუცილებლად მე მოვახერხებ
მაღალ ხარისხზე ასვლას დაბოლოს.
რა სიამაყით გავალ კრებაში,
გავხედავ სახლებს, ქუჩას, კაზინოს.
ვიცი, მოვკვდები პატივცემაში
და მიცვალებულს ვერვინ დასცინოს:
საფოლაქეში მექნება ჯვარი -
ამინ, კვლავ ამინ. ეს ასე არის.