შუალედი - დან - მდე
 
 


ფრანსუა ვიიონ


წერილი

მარქვით, სადაა რომის ასული, ალორა, ძვირფასი, მზის დასადარი?
სადაა ნაზი არქილლას სული, ანუ ტაიდა, მარქვით სად არი?

ამწვანებული ტყის ბინადარი, ნისლით მარადის დაუბინდელი
და უზრუნველი ექო სად არი? - იქ, სადაც თოვლი შარშანწინდელი.

სად, რომელ მხარეს არის წასული ელოიზასი, ნორჩი ჭადარი,
პიერ აბელიარის ხანგადასული დღის მონასტერში გადამატარი.

ბურიდანისა მკაცრი ავდარი, მისი უღრმესი ჭით გამრინდელი,
ის დედოფალი ეხლა სად არი? იქ, სადაც თოვლი შარშანწინდელი!

სადაა ბლანკა, დასთა დასული, ჰანგთა მშვენიერთ მონაკადარი,
ალისა, ბიჩე, ბერტა დასული, მჩქეფარე, როგორც ნორჩი ჭადარი.

რწმენისთვის ცეცხლის ალში ნატარი ის ძველი ქალი, არაწინდელი,
ძვირფასი ჟანნა ეხლა სად არი? იქ, სადაც თოვლი შარშანწინდელი.

ჰოი, ბატონო! ასე, ამდარი, წლების სხვა წლებთან გადამწინდელი
ყოველ სევდიან კითხვას - სად არი? სდევს: სადაც თოვლი                                   
                                                                                          შარშანწინდელი.