შუალედი - დან - მდე
 
 


[აკაკი წერეთელი]


 

19.
აი -
ჩვენ ვზივართ აივანზე.
თუ თქვენ გინდათ სთქვათ,
თუ რასაც ვხედავთ ჩვენ აქედან
ამ ახალგაზრდა ქვეყანას,
ძირფესვიანად შეცვლილს,
არ შეუძლია შეასრულოს
თავისი გრანდიოზული ამოცანები,
მაშინ ეს არ შეუძლია შეასრულოს არავის.
ხშირად ჰკითხულობენ:
სად მიდის საქართველო?
აი, რას იტყვით თუნდაც
ამ დოკუმენტის შესახებ?
(აქ ახალგაზრდამ გადასცა მოხუცს
ოთხად დაკეცილი პატარა ქაღალდი.
მოხუცმა ქალმა გათეთრებული თავი
მაღლა ასწია.
არწივისებურ ცხვირზე
სათვალეები გაიკეთა და
ხმა მაღლა წაიკითხა:
„ქართველ ერს.
1915 წ. 26 იანვარს, [ღამით] დამდეგს,
ღამის პირველ საათზე
საქართველოს დიდება,
ქართველი ხალხის ეროვნული გულთმისანი
და მესაიდუმლე -
გარდაიცვალა.
მისი მაღმერთებელი სამშობლო
საყოველთაო გლოვის ნისლმა დაჰბურა:
დაობლებული ქვეყანა
გულის სიღრმიდან ამოხეთქილი კვნესით
ეხმაურება თავისი წუხილის
შეუდარებელი გამომსახველის სიკვდილს,
ერის წმინდა ზრახვების
გრძნეული მომღერლის დაკარგვას.
მთელი ერი,
ერთი აზრით გამსჭვალული,
ერთ გრძნობად გადაქცეული.
თვალცრემლიანი და გულჩათხრობილი
შემოკრბება ძვირფას ცხედრის თაყვანსაცემად.
ძვირფას ნეშტს ჩააბარებს
ჩაფიქრებული მთაწმინდის
ისტორიულ აკლდამას.
ხოლო მისი უკვდავი სულის წინაშე
საუკუნო ფიცს დასდებს,
რომ არ უღალატებს
დიდებული მგოსნის მიერ ნაანდერძევ
სიმართლის მსახურებას
და
ეროვნულ იდეალებს.
კომიტეტი“.
მოხუცმა ქალმა ქაღალდი
მაგიდაზე დასდო.
სათვალეები მოიხსნა და
თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა
და უთხრა
ახალგაზრდა
რევოლიუციონერ ქალს:
- მე მას პირადათ შევხვედრივარ
ძალიან ბევრჯერ.
- გემახსოვნებათ მისი დამარხვაც.
(ახალგაზრდა ქალი
განაგრძობს)
მე კი ძალიან კარგად მახსოვს.
დამამახსოვნდა მატარებლის
კონტუქტორის ხმაც კი: „ს-რე“.
სადგურიდან
არ მახსოვს რამდენი კილომეტრია
პოეტის სახლამდე.
ჩვენ მივდიოდით ზოგი ფეხით,
ზოგი ეტლებით.
პოეტის სახლის ახლო
ვხედავ კნეინებსა და თავადებს.
ისინი მოდიან გულჩათხრობილი.
მწუხარებისაგან განადგურებული.. სახით.
მათი სახეები კი ლაპარაკობენ:
"იგი ჩვენია!"
მე მართალი გითხრათ, შემეზიზღა
ეს თავგამოცალიერებული,
ღმერთო შეგცოდე, ხალხი.
(აქ მოხუცი ქალი შეიშმუშნა)...
ხალხი, რომელიც მთელს სიცოცხლეს
საპირადოს,
თავისთავის სასიამოვნოს ანდომებს.
ხალხი, რომლის ინტერესებიც
არ გასცილებია
მდიდრულად ჩაცმა-დახურვას,
სმა-ჭამას,
რომელსაც თვითონ პოეტი
სარკასტიულად დასცინოდა:
"როდესაც ჩემს წინ სუფრაზე,
ცხელი შუშხუნა მწვადია,
მაშინ მე საქართველოსთვის
ყოველი კარგი მწადია!"
ხალხი,
რომელთათვისაც არავითარი სულიერი
მოთხოვნილება არ არსებობს.
თაყვანის მცემელნი
ლაზათიანი სუფრის.
დღე და ღამ
იმაზე რომ ჰფიქრობს,
ვის რა ააცალოს - რომ
თავისი პირუტყვული
მოთხოვნილება
დაიკმაყოფილოს.
ეხლა თავს გვაჩვენებენ,
თითქო გულმოკლულნი არიან
დიდის მწუხარებით.
შავებ ჩაცმულთ
თავიანთი თავი ჭირისუფლებადაც
კი მოაქვთ.
ო, რა საშინელებაა...
(ცხარობს რევოლიუციონერი ქალი).
რა საშინელებაა,
როდესაც შავი ღამის ყორნები
დაუწყებენ ბატონ-პატრონობას
სინათლეს.
ნუ თუ პოეტს შეეძლო
ამ მუქთახორების
მახლობლად ყოფნა,
მათთან საერთო ჰაერით სუნთქვა?
მაგრამ არა,
მე დარწმუნებული ვარ, რომ არა!
ო, რამდენ ბიწიერ დანაშაულობებს
ვკითხულობ მე ადამიანების სახეებზე,
ამ ვითომ
მგლოვიარეთა სახეებზე.
ხა, ხა, ხა!
რა უფლება გაქვთ, როგორ უნდა მიხვიდეთ
[ისინი] თქვენ პოეტამდის?
არა და არა!
თქვენ არა ხართ ღირსი,
აქ უნდა მოვიდნენ დაჩაგრულები,
თქვენი ადგილი კი აქ არ არის.
აი, მობრძანდება კნეინა, შავებში.
მის სახეზე კი სწერია:
მე ბევრი, ბევრი მანკიერი
დღეები მიტარებია,
გამიწამებია ბევრი ყმა,
ვბატონობდი და ვბატონობ.
მე მფლობელი ვარ, აი, ამისი.