შუალედი - დან - მდე
 
 


ჩუმი საღამო


ჩამავალი მზის ალები წითლად და ყვითლად ღებავდენ შორეულ ღრუბლებს. ადნებოდა მათი ოქროსფერი [მდუღარება] მხურვალება ამომსკდარი მადნების ელვარებით [ადნობდა] სავსე ტატნობებს, სადაც ხელფეხ მომსხვრეული ოქრო-ვერცხლის [ამურები] ანგელოზები ბრწყინვალე ფარჩასა და სარკეებს ეფარებოდენ. ისეთი იყო, ალბად, მომენტი ქვეყნის შექმნის დროს, ასეთი იქნება, ალბად, მათი დაღუპვის დროც. წყნარად ეშვებოდა ფარდა და დედამიწას ეცემოდა ბინდი, ის ბინდი, რომლითაც სწუხდა [რემბრანდტი] ბარათაშვილი, ის ლანდი, რომლითაც იჩრდილებოდა [ბოტტიჩელი] ბესიკი, ის ფერადები, რომლითაც ხიბლავდა [პოეტი შელი] გრ. ორბელიანი. ბინდდებოდა, ნელდებოდა, იძირებოდა [დედამიწა] საქართველო, [არ] თითქო არა აქ, სადღაცა შორს, ძლიერ შორს, უბოლოო ქაოსებში, უმოძრავო ხვეულებში. აკივლდა ჭოტი მახლობელ სოფელში, აყეფდენ ძაღლები გზებზე, შარაზე გაიარა დაგვიანებულმა მეურმემ - გაიხმაურა ერთხელ კიდევ ურმების ბორბლებმა და ყველაფერი მიწყდა, ყველაფერი მოიცვა სიჩუმემ, სიმშვიდემ და გაოცებამ? რა არის ეს? რას ნიშნავს ეს უხილავი, მაგრამ მშობლიური სიჩუმე - რად არიან ასე გაყინულნი ეს მთები, რომელზედაც ოდესმე თვითონ ამირანი იყო მიჯაჭვული? რამ დააყრუა გზები - რომლითაც მიდიოდა [ალექსანდრე მაკედონელი და] ირაკლი მეფე? - რამ გააყრუა ტაძრები, სადაც წმინდა ნინოს თმებით განელებული ჯვარია დაცირული? სიჩუმე, სიჩუმე! ოჰ, ჩემო დაღალულო, ჩემო მიძინებულო სამშობლო! როგორ მესმის მე სიჩუმე შენი ნანგრევების, სიჩუმე შენი სოფლების, სიჩუმე შენი ტაძრებისა, როგორ მაღელვებს მე ყოველთვის ეს სიჩუმე, რადგან იგი დაფარული ღელვაა.

[1930-იანი წლები]