შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ეს ის მშვენიერი დამაა...


ეს ის მშვენიერი დამაა, რომლის ხელთაგან მუხლმოყრილი გამარჯვებული იღებს ვარდს, ვისი სახელიც კანკალებს მომაკვდავი რაინდის გაცივებულ ბაგეებზე, რომელიც დაეცა სარაცინის ხელით აღმოსავლეთის შორეულ უდაბნოებში.
ეს მშვენიერი პარიზელი დამაა, რომელმაც ერთი წამით შესცვალა პარიზის ტაძარში თავისი ქვის ქანდაკება.
მიჰყვები კიბეს, ადიხარ ქიმერების აივანზე. უცებ სხვა ქვეყანაა. ადამიანურ შეცოდებათა ქვეყანა, ვნებები, მატერიალური ცხოვრება.
ქვები. ქიმერები.
ბალიუსტრადაზე დაყრდნობილი, ისინი დაყურებენ პარიზს: ზოგი გარეტებული იყურება სივრცეში, ზოგი გააფთრებით გლეჯს ნანადირევს, დავლას. მესამეებს რაღაცა შეშურთ და იმუქრებიან. ზოგი უაზროდ მიცემულია სხეულის წმინდა ფიზიკურ შეგრძნობას. მხეცებისა და ფრინველების სახეები ხითხითებენ, ჭორიკანობენ, მოელიან ველურ გართობებს, უწმინდურ სიტკბოებას.
მათ ეზიზღებათ ტაძარი.
მაგრამ ამ სიმაღლეზე მათ არავისი ეშინიანთ - და უცდიან თავიანთ მსხვერპლს, სუსტს, მერყევს, შემკითხველს, ჰამლეტს. სულით ძლიერნიც ხშირად ვერ უვლიდენ გვერდს წმ. ანტონის. ისინი ელანდებოდენ საზიზღარსა და შემაცდუნებელ საათებში.
აი, ქიმერა: რქიანი და ფრთებიანი ჭინკა. დემონი. ეშმაკი (ეშმა) ცხვრის თავით, ენა გადმოგდებული.
რომ ჰკითხო, რაა ყოველივე ამის მიზანი, ის გიპასუხებს:
- არავითარი.

1930-იანი წლები