შუალედი - დან - მდე
 
 


მარტოობა


[ალუჩა რიმანელისა]

ლუჩიო რიმანელი მიჰქროდა ბრძოლის ველზე არა სიამოვნების გულისათვის, არა ტრიუმფებისა და გამარჯვებებისათვის, სრულიადაც არა! არამედ იმისთვის, რომ მოეხადა მოვალეობა კაცობრიობისა და თავის თავის წინაშე.. იგი მშვენიერი იყო ამ დროს და უნებურად ედარებოდა ღმერთს. ყოველ შემთხვევაში, ასეთად ეხატებოდათ იგი გარშემო მყოფ ჯარისკაცებს, ასეთი არაჩვეულებრივად მშვენიერი ფიზიკურად, უფრო ძლიერი ზნეობრივი მხარეებით.. ო, ლუჩიო რიმანელი.. რიმანელი და ღმერთი ძმები არიან.. რიმანელს დიდი გავლენა ჰქონდა ყველაზე, ეს გავლენა მან შეიძინა - რადგან იგი იყო სინდისიერი.

სულ ვართ 2 მილიონი.

***
რიმანელი უცქეროდა ამ ქალს შორიდან.. რაღაც არა ჩვეულებრივი, იზიდავდა რა მას, ბოჭავდა, აბრმავებდა. რა იყო ასეთნაირად მიმზიდველი [ამ] რიმანელისათვის ამ ქალში: შეიძლება თვით ქალის სახელი - ვერონიკა? ან შეიძლება ის გარემოება, რომ ვერონიკა არის მაღალი ტანის, ბუნებრივად არტისტიული მოძრაობის პატრონი? ისეთი, რომელთა მსგავსნი საერთოდ ცოტანი არიან? შეიძლება მაღლა აზიდულ ძუძუთა ამაღელვებელი ღელვა, ან გრძელი და ვიწრო თითების მომხიბლავი სიიშვიათე აბრუებდა რიმანელს? რიმანელი დიდხანს, დიდხანს არ აშორებდა თვალს - ყორანივით შავ თმებს, ალმასებივით ბრწყინვალე კბილებს, როდესაც ქალი გაიღიმებდა, გედივით მაღალ ყელს, როდესაც ქალი თავს ასწევდა კედელზე ხალის ან სურათის დასანახავად. ტანისსამოსი საუცხოვოდ ფარავდა ფეხებიდან იმ მომჯადოებელ ადგილს, რომლის წარმოდგენაზე რიმანელს თავბრუ ეხვევოდა. „ო, რა მიუწდომელია ჩემთვის ეს ქალი, გაიფიქრა რიმანელმა, რა მიუწდომელია იგი ჩემთვის.. რად არის ასეთი ბუნება? განა იქნებოდა ჩემზე ვინმე ბედნიერი, რომ შემეძლოს...“ რიმანელმა გაფიქრებაც კი ვერ გაბედა, წარმოდგენაც კი ვერ გაბედა ასეთი რამისა.
გონების დაკარგვა ამაზე მეტად შეიძლება? კონცერტი - ანტრაქტია. საიდან, როგორ გაჩნდა რიმანელი ისევე ამ ქალის ახლო? სრულიად უბრალოდ, თავისდაუნებურად რიმანელმა გაიარა фოიე, და აი... რიმანელი, ახლო, ძალიან ახლოა, ამ ქალთან. ინსტიკტმა ისევ იმ ადგილას მიიყვანა, სადაც ვერონიკა იდგა - და უცნობ მამაკაცებთან საუბრობდა. როგორ მოხდა ეს? - ფიქრობს რიმანელი და გრძნობს, რომ ძალა ეკარგება. მაგრამ ამ დროს იგრძნო რაღაც ცეცხლივით დამწველი: ვერონიკა თავისი დიდრონი თვალებით უცქერის პირდაპირ მას, რიმანელს. ისინი ერთი წამის განმავლობაში უსწორებენ ერთმანეთს თვალს. განა შეიძლება თვალთა ამ საუბრის გადმოცემა?
- არ გებრალები? - სწუხდა რიმანელის თვალები.
- რა არის? - ეკითხებოდა ვერონიკას თვალები.
- მე ვერ გავბედავ თქმას.. მე მწყურია თქვენი... თქვენი სხეული... მე თქვენ გაგიჟებით მიყვარხართ...
- რაო, რაო? რა არის? გაიმეორეთ...
- ვერ გავბედავ განმეორებას...
- მე თქვენ პირველადა გხედავთ... მაგრამ თქვენ მომწონხართ.. ეცადეთ.. შეიძლება.. ვინ იცის.. მაგრამ თქვენის მხრით ეს დიდი გამბედაობაა. როგორ ბედავთ.. როგორ ბედავთ გაფიქრებასაც კი.. როგორ ბედავთ თქვენ გაფიქრებას, განსაკუთრებით იმ ადგილზე, განსაკუთრებით... საერთოდ მე თქვენ ვერ გიცნობთ... მე თქვენ პირველად გხედავთ... მაგრამ ეცადეთ... მაგრამ.. არ გაბედოთ ჩემთან მოახლოება არასდროს. გესმისთ, არასდროს. არ გაბედოთ. არ გაბედოთ.
ორკესტრი უკრავს, მორთულ-მოკაზმული საზოგადოება ფოიეში გუგუნებს. არაჩვეულებრივი ელფერი ედება რიმანელისათვის ყველაფერს.. მან დაკარგა იმედი.. ქალმა ისევ მიიბრუნა სახე, და სხვებს დაუწყო საუბარი.. რაზე? ვისზე? განა შეიძლება?

***
თეატრშიაც ჩნდება.
მეგობრებშიაც ჩნდება (ლხინში).
ქუჩაზე დაინახავენ ავტომობილით.

ლიალენა მთელი დღე დადიოდა დარბაზიდან დარბაზში, ოთახიდან ოთახში, იცქირებოდა თვითეულ სარკეში - დიდხანს.. ზაფხულის ზანტი საღამო იზმორებოდა მის ძარღვებში [შხამივით დადიოდა მთელ სხეულში], ნიაგარივით აზვირთებული სახელი - რიმანელი არ აძლევდა მოსვენებას მის აელვარებულ გულისთქმას. რიმანელი, ლუჩიო რიმანელი, რიმანელი! რიმანელი... რა და მოენატრა ლიალეს მხურვალე ეგვიპტის ღამე - მხურვალე ელვარება რიმანელის თვალების. მოენატრა არაჩვეულებრივი ცეცხლი იდუმალი ვნებების, აუწერელი ბედნიერება, ჩაუქრობელი ქარტეხილი არაქვეყნიური სიხარულისა და აღტაცების.. ლუჩიო რიმანელი... რა განუმეორებელი სახელია რიმანელი... უკვდავი, ძლიერი, ძლევა-მოსილი რიმანელი... ეხლა ქალი ხმამაღლა ამბობდა: რიმანელი.
- მე თქვენ გეძახდით! - გაისმა ნელი ხმა დარბაზში.
- ლუჩიო! - შეჰკივლა ქალმა.
- ეს მე ვარ, [ლუჩიო]... ლია [დამშვიდდი].
ლეა მიაშტერდა მის წინ მდგომარე სახეს: იდუმალს, როგორც ბნელ ღამეს.
- ეს მე ვარ, ლია. მე თქვენ მეძახდით... მე მოვედი, რადგან მე თქვენ მეძახდით დაჟინებით.
- ლუჩიო, რა მოგივიდათ, თქვენ გაფითრებული ხართ.
- არა, ეს ჩემი სულია გაფითრებული, ლია.
- რისთვის, ლუჩიო?
- იქ ქარიშხალმა გადაიარა, ლია. იქ ძლიერი ქარტეხილი იყო. სამუმი ჰქროდა. იცი თუ არა, ლია, იცი თუ არა?
- ლუჩიო! ლუჩიო!
- ლია! არ გებრალები?
რიმანელმა სწრაფად მოიხადა ნაბადი და ხელი გულზე მიიჭიდა. იქიდან შადრევანივით სჩქეფდა სისხლი. გულიდან სჩქეფდა სისხლი და გაფითრებული რიმანელი ისევ იდგა მის წინ როგორც ქანდაკება.

[1920-იანი წლები]