შუალედი - დან - მდე
 
 


პოეტი და სიკვდილი


ღამის თორმეტ საათზე პოეტი დაღალული მივიდა თავის ოთახში, საჩქაროდ მოიხადა პალტო და ქუდი, დაჰყარა სავარძელზე და ღონე-მიხდილივით დაეცა საწოლზე. დიდხანს იყო ასეთ მდგომარეობაში, სანამ რაღაც უცნაურმა შრიალმა არ შეაშფოთა, პოეტმა ნახევრად ზევით წამოიწია, და ოთახის თვალიერება დაიწყო, მისი თვალები ამ დროს უცნაური გამომეტყველებით ელვარებდენ, თითქო უცდიდენ დაპირებული მტრის შემჩნევას და ყელში ცემას. არაფერი და არავინ არ სჩანდა სიბნელეში. მაშინ პოეტი ფრთხილად წამოდგა და ელექტრონით საჩქაროდ ოთახი გაანათა. სინათლემ სწრაფად აავსო ოთახის ყოველი კუნჭული და საუცხოოდ მორთულ ოთახს ფანტასტიური ელფერი მისცა. დიდი ვენეციანური სარკე აელვარდა, მშვენივრად მოქარგული ფარდები მაღალ ფანჯრებს - თაიგულივით შვენოდენ. ქანდაკებები, სურათები, წიგნები და სამხატვრო ჟურნალები - ყველაფერი ეს ისეთი გემოვნებით იყო დალაგებული, რომ უცნობი კაციც შეამჩნევდა, რომ მდგმური უსათუოდ ესთეტიკოსი უნდა ყოფილიყო. სინათლეზე შეიძლება პოეტის გარეგნობაც ავსწეროთ: მაღალი ტანი, განიერი გულმკერდი და...

[1910-იანი წლები]