შუალედი - დან - მდე
 
 


ღამის აკორდი


არის ქუჩები თბილისში: სუფთა, მაღალსახლებიანი... ახალი სტილით აშენებულ სახლებს  ყოველთვის ორი, სამი, ოთხი და ხშირად ხუთი სართულიც აქვს და თითქმის სულ არ არის ერთსართულიანი სახლები. ისინი შელესილნი არიან ვარდისფერ, ანდა მწვანე საღებავებით, კედლებს კუთხეებში ჩადგმული აქვთ მშვენივრად ნაჩუქურთმევი ქვები. კიბეებთან სჩანან დიდი მარმალილოს სვეტები, ქვისაგან გამოქანდაკებული გაწოლილი ლომით, ან ძველი რომაელი ქალის გამოხატულებით. ეს ქანდაკებები ისეთ შესახედაობას აძლევენ ყოველ სახლს, თითქოს შიგ შესვლას გეპატიჟებიანო. შესავალ კარებთან სჩანან რკინის ფირფიტები, რომელებზედაც ამოჭრილია სახლის მდგმურის სახელი და გვარი.. დააკვირდით ამ სახლების ფანჯრებსაც: მათში მთლიანი მინაა ჩაყენებული, იქით ათასნაირად მიხვეულმოხვეული ნაქარგებიანი ფარდები, რომლებზედაც გამოხატულია ქალი ყვავილებით ხელში ან თვით ყვავილები: ზამბახი, ია, იასამანი და ვარდები. ფარდები ზოგი სუროსფერნი არიან, ზოგი თეთრი კისეიისა, ზოგი ვარდისფერი და ზოგიც მწვანე. ფანჯრებზე ყოველთვის სდგას ვაზა ცოცხალი ყვავილებით ან ტროპიკული მცენარეებით.. ხშირად, როდესაც მგზავრი გაივლის ქალაქის ამ უბანში, თვალწინ დაუდგება მთელი სიმდიდრის მფლობელთა  ცხოვრება და გართობა. იგი დიდხანს არ აცილებს თვალს ამ უზარმაზარ სახლებს, ამ მშვენივრად გასუფთავებულ ქუჩებსა და აქა-იქ ეზოების წინ მზრუნველი ხელით შელამაზებულ ბაღებს. ტრამვაი ამ უბანში სულ არ დადის, თითქო ეშინია რაიმე დისონანსი არ შეიტანოს ამ მყუდრო და შეუშფოთებელ ცხოვრებაში. ხანდახან დახურული ეტლი „პროლიოტკა“, კარეტა, ან ავტომობილი თუ გაიგრიალებს დღისით ამ არე-მარეზე, თორემ იქ არ გაატარებენ სხვა რამეს. ამნაირად მოვლილს და გამშვენებულს უბანს ქალაქისას სოლოლაკი ჰქვია.. ასეთია იგი დღისით.
შეღამდება თუ არა, იგი ფერს იცვლის: უეცრად იგი განათდება და გაჩირაღდნდება ელექტრონებით. ყოველი დიდი სახლის წინ ელექტრონები ანთია. ყოველი სახლის წინ ავტომობილი ან კარეტა დგას, ყოველ სახლში ახალგაზრდა უდარდელ ქალების მხიარული სიცილ-კისკისი ისმის. ზოგი კიდევ გამოდის სახლიდან.. გამოდიან გუნდ-გუნდად ახალგაზრდა ქალები არისტოკრატიულად მორთულ ახალგზარდა ყმაწვილებთან ერთად.  ისინი უთუოდ თეატრში ან კლუბში, ან კიდევ სადმე საღამოზე, ან ბალზე არიან დაპატიჟებულნი. გამოდიან სერიოზული სახის გამომეტყველების მქონე არისტოკრატები და თან სახელმწიფოს ფინანსიურ ან პოლიტიკურ მდგომარეობაზე გაცხარებით მასლაათობენ. მათ, ალბათ, იციან, რომ დღიური მსუბუქი მუშაობა მათ ვერ დაღლიდა და ცოტა მოწყენილობის მოსაკლავად კარგი იქნება „კაფე-პარიზსა“ ან „გრანდ-ოტელს“ ესტუმრონ, რომ ცოტაოდენი ლუდი გადაჰკრან - თან ყელი გაისველონ და თან შანსონეტკებს უყურონ. გამოდიან ახლგაზრდა დენდები, რომელთაც ატყობ, რომ ბაირონი წაუკითხავთ და ყველას თითქო რაღაც დაღლილობის ელფერი გადაჰკრავს სახეზე: ისინი თითქო ამბობენ: რა მოწყენილობაა დედამიწაზე, ღმერთო ჩემო.. გამოდიან სხვებიც და ქუჩებში ხმაურობაა. მიუხედავად ამისა, თითქო თვითონ ქუჩებსაც დჟენტლმენური ხასიათი ეძლევა, და, ალბად, ამიტომ იყო, რომ მე ასე შემიყვარდა იგი. მე ყოველდღე დავსეირნობდი ამ ქუჩებზე, მაგრამ ყოველთვის ღამის თორმეტ საათზე. გინდათ, აგიწეროთ ეს დრო სოლოლაკში? თვითონ ქუჩებში ამ დროს სრული სიწყნარეა, არავინ არ დადის, მხოლოდ ყველა სახლების ფანჯრები დაღებულია და ამ ფანჯრებიდან შადრევანივით იფრქვევა როიალისა ან პიანინოს ხმები... ყოველგან უკრავენ, ყოველ სახლში უკრავენ და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქო მთელი ქუჩა რაღაც საუცხოვო გამმად გადაქცეულა, რაღაც ჰაეროვან, მიმზიდველ და მომაჯადოვებელ მუსიკაში ხარ შთანთქმული. ბაღებიდან ამ დროს დამათრობელ სუნს აფრქვევენ, სურნელებას.. და ეს რიგზე ჩაწყობილი, მშვენივრად მორთული სახლები, ეს ფანჯრები, ეს სურნელება, მთვარე, რომელიც ცაში გაყინულა, გადაგაფრენს უცხო სამყაროში, სადაც არც მხიარულებაა და არც მოწყენა - არის მხოლოდ უსიტყვო პოეზია,  ბუნებრივი და ჩუმი. ქუჩაზე რომ გაივლით, რომ რომელიმე სახლში შეიხედოთ, დაინახავთ სილუეტებს და ჩრდილებს...
რომელიმე ქალი ზის როიალთან, იგი გაუტაცნია [რაღაც] აღმაფრენას, მისი თვალები ბრწყინავენ, თითები გამალებული გარბი-გამორბიან კლავიშებზე და ისმის ნაზი, მომხიბვლელი საუცხოვო ჰანგები, იგინი ფუსფუსებენ ოთახში, უცხო სურნელებას ფანტავენ მის ყოველ კუნჭულში, ყოველ ადგილას. ჰანგები თანდათან იზრდებიან, იზრდება ჩვეულებრივი სევდა და აჰა, გაისმის უკანასკნელი აკკორდი, იგი აღელდება და ისე მისწყდება, მიმკვდარდება, მიწყნარდება. მე ხშირად გარინდებული ვდგევარ და [გაგიჟებით] ვუცქერი ფანჯრიდან ამ ქალს... ისეთი მშვენიერი, ისეთი მომაჯადოებელი ღამეა. და მეც ისე მიყვარს როიალი, თუმცა დიდი ხანია მასზე [კლავიშებზე] არ დამიკრავს: [მაგრამ მაგონდება] არ დამიკრავს მას შემდეგ, რაც ერთმა შემთხვევამ სამარადისოდ მომიკლა ამისი სურვილი.
ეს იყო დიდი ხნის წინად.
ჩვენ გვეჭირა დიდი ბინა სოლოლაკში. მარრიეტა, ასე ერქვა ჩემს ცოლს, ხშირად შემეხვეწებოდა ხოლმე...
- [გალაშკა], დაუკარი, დაუკარი რამე შოპენიდან..
და მეც ვუკრავდი... ვუკრავდი თავდავიწყებით.
ჩვენსას ხშირად დადიოდა ერთი ახალგაზრდა ვექილი, რომელსაც ძალიან უყვარდა ჩვენი როიალის ყურის გდება.
- თქვენ ისე მშვენიერად უკრავთ, - მითხრა ერთხელ მან..
ერთხელ, როდესაც მე შოპენის პრელიუდიებს ვუკრავდი, შევამჩნიე, თუ რა აღტაცებული თვალებით უცქეროდა იგი ჩემს ცოლს.. მარრიეტა გრძნობდა ამას, მაგრამ, რაც ყველაზე უფრო მაკვირვებდა, იგი თითქო სრულიად არა გრძნობდა რამე უხერხულობას. როდესაც გავათავე, მან ჩვეულებრივად მითხრა..
- თქვენ ისე მშვენიერად უკრავთ!
და იგი დადიოდა ჩვენსა ყოველდღე, ყოველდღე აღტაცებული და უცნაური თვალების გამომეტყველებით შესცქეროდა თვალებში მარრიეტას.. ერთხელ მე გავიგონე, თუ როგორ წაუჩურჩულა მას...
- მარიეტტა... ერთი სიტყვა... მითხარით რამე!
- დამანებეთ თავი! - მრისხანედ და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მარრიეტტამ... - რომ აღარ ვიცი, როდის დამანებებთ თავს?!...
სწორედ ამ დროს მე გავათავე... [მაგრამ] ოთახში უკანასკნელად გაიბნა უკანასკნელი აკკორდი... ახალგაზრდა ვექილი ჩვეულებრივად წამოდგა და ჩვეულებრივადა სთქვა:
- თქვენ ისე მშვენიერად უკრავთ... დაუკარით კიდევ რამე... გთხოვთ, დაუკრათ რამე...
- მეცა გთხოვ, - ჩაილაპარაკა მარრიეტამ...
მარრიეტას არ შეუმჩნევია, მხოლოდ მე შევამჩნიე, თუ როგორ ათამაშებდა ხელში რაღაცა შუშას ახალგაზრდა ვექილი.
მე ისევ დავიწყე...
მოგისმენიათ როდისმე ვაგნერის საუკეთესო ქმნილება: „ქაოსი ქვეყნის შექმნის დროს?.. ოჰ, [უთუოდ არა] ალბად, კი... და თუ არა, უსათუოდ მოისმინეთ სადმე! ეს ისეთი წარმტაცი, მომხიბვლელი, დამატყვევებელი მელოდიაა, რომ არ იცით მისი მოსმენის დროს, თუ სად იმყოფებით, თითქო მეშვიდე ცაში ხართო... გათრობთ, გტანჯავთ, გაწვალებთ და თან გატკბობთ რაღაცა, მაგრამ საზოგადოდ ასეთია მუსიკა... იმ ღამეს მე განსაკუთრებით კარგად ვუკრავდი... მარრიეტა ფანჯარასთან იდგა და სადღაცა გაიყურებოდა.. აჰა, გავათავე მეც.. უკანასკნელი აკკორდი მიიფანტ-მოიფანტა ირგვლივ...
- მშვენიერია! - წაიჩურჩულა მარრიეტამ, ისე რომ არ მოუხედავს.
მე გამიკვირდა ერთი რამ: ახალგაზრდა ვექილზე თითქო სრულიადაც შთაბეჭდილება არ მოახდინა ამ მუსიკამ: იგი არ ამდგარა და არ უთქვამს ჩვეულებრივი: „თქვენ ისე მშვენიერად უკრავთ!“
- თქვენ როგორ მოგეწონათ? - დავეკითხე მე, და უცებ უკან, შეშინებულმა უკან დავიხიე... ვექილი განუძრევლად იჯდა სავარძელში, [თვალები] ხელში დაცლილი შუშა ეჭირა და თვალები ისე ჰქონდა [გაჭ.] გაღებულ-გაყუჩებული, თითქო ღამის აკკორდს ისმენსო.
არა, არას დროს არ მივეკარები როიალს, უმჯობესია, ვისმინო, თუ როგორ უკრავენ მას ახალგაზრდა ქალები... ყოველ შემთხვევაში, არც ისეთ სისულელეს ჩავიდენ, როგორიც იმ ახალგაზრდა ვექილმა ჩაიდინა: ხუმრობაა თავის მოწამვლა? მაგრამ რას არ ჩაგადენინებს მშვენიერი ღამე, მშვენიერი ქალის თვალები და მშვენიერი მუსიკა, განსაკუთრებით მისი უკანასკნელი აკკორდი!

გ. ტაბიძე

1910-იანი წლები