შუალედი - დან - მდე
 
 


ჩვენ ბრძოლა გვინდა


„ჩვენ ბრძოლა გვინდა“
(სემინარიელთა ცხოვრებიდან)

- ამხანაგო! მაგრამ განა შენ ამხანაგი ხარ? განა შეგწევს, ლაჩარო, ძალა, რომ გვერდში ამოგვიდგე და გმირულად გაიკაფო ეკლიანი გზა? განა შენ ის არა ხარ, ვისაც რამდენიმე დღის წინად, მოსაკლავად დასდევდნენ, და რომ ხელში ყოლოდით, ეხლა ცოცხალი აღარ იქნებოდი? ამხანაგო... რა რიგ მინდა ამხანაგი გიწოდო... მაგრამ, მაგრამ... ამხანაგი არა ხარ.. გამყიდველი ლაჩარი, ლაჩარი!
კიდევ ესმის ეს საშინელი სიტყვები მიტოს.. კიდევ უსერავს გულს ეს გაღვართქაფებული მოძახილი, წრფელი გადმონაჩქეფი ტალღა!
ის გამყიდველია, ის ჯაშუშია!

დუღს და გადადუღს სემინარიის ატმოსფერა... აქ რაღაც საგანზე კამათია, იქ ერთად შეკრებილნი დინჯად საუბრობენ. აქ ვიღაც ხმამაღლა კითხულობს რაღაც ამონაწერს აზრს, იქ კიდევ სწერენ... სწერენ განუწყვეტლივ..
მარტოდ მარტო ზის მიტო... შავ ფიქრებში გართული..
მარტოდ მარტოა რადგან.
გამყიდველია, ჯაშუშია...

„ჩვენ ბრძოლა გვინდა“ - ვიღაცამ წამოიძახა.. ეს ხმა ნორჩი გულიდან ამოხეთქილი, ძლიერი ხმა იყო!
„მეც ბრძოლა მინდა!“ - გულში გაიფიქრა მიტომ და ფიქრი იყო, შურით და მტრობით, სისაძაგლით ამოხეთქილი..
ბრძოლა ამხანაგების წინააღმდეგ.. გამოცხადებული, დაუფარავი... - ეს იყო მიტოს ფიქრი.
„ჩვენ ბრძოლა გვინდა, ბრძოლა!“ - ისმოდა მეორე მხრით მკაფიო და ძლიერი ხმა!

გ. ტ...

1908-1911 წლები