შუალედი - დან - მდე
 
 


მსაჯულების წინაშე


I

სატუსაღოს ვიწრო ოთახში, რომელშიდაც ძლივს-ძლივს შედიოდა სინათლე, ორი ტუსაღი იჯდა. ორივე ახალგაზრდები იყვნენ. პირველი მომცრო ტანისა, თვალებჩაღრმავებული და ფერ-მკრთალი, იჯდა და თითქო რაღაცას ელისო, ხმას თუ ამოიღებდა წყნარად და თავ-დაჭერილად, ასე გეგონებოდა, სურს, არაფერი არ გამოეპაროსო, ხშირად კარებისაკენაც მიიხედავდა. უცებ ილაჯ-ნაწყვეტივით დააქნია ხელი, პირისახე შეჭმუხნა და წამოიძახა:
- ღმერთს ვფიცავარ, სიკო, საშინელ მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი! მოვკვდები, სწორედ მოვკვდები ჯავრით, თუ დღესვე აქედგან არ გამიყვანესო!
- სულით ნუ დაეცემი, პეტო, იმედი გქონდეს! - უპასუხა მეორემ.
- იმედი? დამერწმუნე, აქამდინ იმედითა ვცოცხლობდი, ეხლა მიკვირს, ხუთი თვე როგორ გავატარე ამ ბნელსა და უწმინდურს ოთახში! ასე მგონია, მთელი ჩემი სიცოცხლე აქ ჩამელიოს. დრო ყოველივეს გამოცვლის; ჩემს გულშიდაც ჩაჰქრა ოდნავ მბჟუტავი სიცოცხლის ნაპერწკალი - იმედი.  თავი ყოვლად უმწეოდ და უბედურად მყავს დასახული, შველას არც ერთი მხრიდან არ მოველი; მე ვფიქრობ, ხსნა არც ამ კედლებს შეუძლიან, არც სამსჯავროს, რომელიც დღეს არის ჩემზედ დანიშნული. ერთი კარები მაქვს სახსნელად, რომელსაც არაფრის გულისათვის არ გავაღებ... ეს... იცი?... მე მაშინ საზიზღარი... ყოვლად საზიზღარი ვინმე ვიქნები... ხუმრობა ხომ არ არის, ამხანაგების გაცემა.. - ნელ-ნელა სთქვა პეტომ.
- პეტო, ნუ გაივლებ მაგას გულში...
- ნუ გავივლებ? მერწმუნე, სხვა ჩემს ადგილს რას არ იზამდა, გაყიდიდა ყველაფერს, რისგანაც კი შეეძლო თავის ხსნა, თავის ამხანაგებსაც გაყიდდა. მერწმუნე, ვერ აიტანდა ის ჩემდენ ტანჯვას. ორი დღეა, რაც შენ აქ შემოგიყვანეს, ცოტა მოიცადე და ჩემს სიტყვებშიდაც დარწმუნდები. მაგრამ მე ხომ არ ვამბობ, მე არა, არ ვიქმ ისეთ საქმეს... არა, არა, - ხმის მომატებით წამოიძახა პეტომ.
- მაინც... მაინც ნუ იფიქრებ მაგაზედ, - გადაწყვეტით სთქვა სიკომ!
- რაზედ არ ვიფიქრებ იმაზედ, რაზედაც ჩემი ხსნაა დამოკიდებული, - აღელვებულად სთქვა პეტომ, - მე ხომ...
- დამიჯერე, ვინ იცის, რა დასკვნას დაადგები, მაგ ფიქრების შემდეგ... ამდენ ხანსაც მინდოდა მოვმკვდარიყავ, მაგრამ ვერას გზით ვერ გავხდი ჩემის მიზნის მიხწევას... - დაღონებით სთქვა პეტომ.
- ჰმ! მაშ... - და აქ რაღაცის თქმა უნდოდა სიკოს, მაგრამ შესდგა, ქვემო ტუჩების კვნეტა დაიწყო და ორივენი გაჩუმდნენ.
ხუთი თვე სრულდებოდა, რაც პეტო მოწყენილად იჯდა მუდამ ერთს ოთახში, შესცქეროდა მაღლა პატალოკს მუდამ, და დღეებიც საკვირველი ერთ-ფერობით მიდიოდნენ. გათენდებოდა, მზე ამოვიდოდა, ბნელს სარკმელში შეიჭვრეტდა, ოდნავ გააღიმებდა მუდამ მოღუშულს ტუსაღის სახეს, შემდეგ ისევ დასავლეთისკენ გადიხრებოდა, ჩაესვენებოდა. დადგებოდა ღამე, ისევ გათენდებოდა და ყოველივე ეს ერთ დაუმთავრებელ სურათს წარმოადგენდა პეტოსთვის. ნეტა, რა უბედურებამ გახადა ეგრე ბედ-კრული პეტო?
ხუთი წლისა ძლივს იქნებოდა პეტო, როდესაც მას მამა მოუკვდა, და დარჩა დედის ამარა. დედა პეტოსი, ჯერ კიდევ ჯეელი ყმაწვილი ქალი იყო, მთელ ოჯახობას გულ-მოდგინედ უვლიდა: ერთხელაც არ შეშინებია ცხოვრების კანონად დადგენილს უბედურებას. მრავალმა ჯაფამ, ოჯახისთვის მზრუნველობამ ადრე დაასუსტეს ის და კიდეც დაავადმყოფდა. ორი თვის ავად-მყოფობის შემდეგ კიდეც გარდაიცვალა. პეტო მაშინ თორმეტის წლისა იქნებოდა, და ერთერთ სასწავლებელში სწავლობდა. დედის სიკვდილის შემდეგ პეტო იძულებული შეიქმნა მიეტოვა სასწავლებელი და ქარხანაში შესულიყო მუშად, სადაც მისი სუსტი ძარღვები გულ-მოდგინედ ეწეოდნენ მუშაობას, თუმცა საძნელო იყო მისთვის მუდამ ერთ-გვარად მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად, მთელი დღე ასანთის ღერების გადაცემა, მთელი დღე ხელში ჩაქუჩი და სხ.
თვრამეტის წლის იყო მაშინ პეტო, როდესაც მუშებში ახალმა მოძრაობამ იჩინა თავი: ელვის სისწრაფით მოედო მუშებს ეს ახალი მოძღვრება, მუშები აღელდნენ.. გაიფიცნენ და თავიანთი მოთხოვნებიც წარადგინეს, პეტომ ამ ხნის განმავლობაში კარგად შეისწავლა სხვა და სხვა კითხვები ეკონომიიდგან, და მუშებს ხელმძღვანელობდა, როგორც შეგნებული ამხანაგი-მუშა. ერთ მიტინგზედ კაზაკებმა ალყა შემოარტყეს ხალხს, ასტეხეს სროლა, რამდენიმე მოკვდა, რამდენიმე დაიჭრა და თვითონ პეტო კი დაატუსაღეს. ეს იყო მიზეზი, რომ პეტო ახლაც ციხეში იტანჯებოდა.
- შენ გყავს დედ-მამა? - დაეკითხა პეტო გუშინდელ გაცნობილ ამხანაგ - სიკოს რამდენიმე ხნის დუმილის შემდეგ.
- არა, არა მყავს, - უპასუხა სიკომ...
- ქონება გაქვს სოფელში ან აქ?
- არც ქონება მაქვს! წმინდა პროლეტარი ვარ! თქვენ?
- მეც! არაფერი არ გამაჩნია! მებრძოლ ამხანაგად კი გამოდგებოდი!
- სიდგან იცი?
- გავიგე, რომ შენ პროლეტარი ხარ!
- პროლეტარი! მერმე ვითომ რა?
- გამიგონე, ყველა პროლეტარები მებრძოლნი გამოდიან, ეს ხომ ნამდვილი ფაკტია!
- დიახ, მართალია!
- მეც მაგას ვამბობ!
- გამიგონე, გეთაყვა, შენ რად დაგიჭირეს?
- იმაზედ, რაზედაც შენ დაგიჭირეს!
- მიტინგზედ?
- დიახ.
აქ ორივენი გაჩუმდნენ.
- ერთი ეს მითხარი, - დაარღვია სიკომ სიჩუმე, - რა იმედით მიდიხარ სუდში?
- აკი წეღან გითხარი, არაფრით, არაფერ იმედით! მაგრამ მომითმინეთ, უკაცრავად, სიკვდილის იმედით მივდივარ. განა ესეც იმედი არ არის? დამერწმუნე, მთელ ცხოვრებაში ვერ იპოვი ამისთანა იმედს. დაობლებული, მოშორებული ამხანაგების გულის ძგერას, ყოველს სიცოცხლეს მხოლოდ... მხოლოდ სიკვდილის იმედით სულდგმულობს... აქ ვიცი, შენ რასაც გაიფიქრებ, მაგრამ, ოხ რა რიგად ჯობია დატანჯულ ცხოვრებას სიკვდილი!
- არიან ისეთებიც, რომელნიც ტანჯვითაც სულდგმულობენ.
- ძლიერ ცოტანი. უმეტესობა კი ტანჯვას სიკვდილს ამჯობინებს. აქ პეტოს სახე დაეღრიჯა და მწარედ გადაიხარხარა:
- ხა ხა ხა ხა ხა! სასაცილოა სწორედ! ტანჯული მთელს თავის ცხოვრებაში მუშა, ნუგეშს სიკვდილში ეძებს, სასაცილოა.
- შენ მაგრე გგონია? ტანჯული ცხოვრებაში, ბრძოლაში და შემდეგ სიკვდილშიაც ეძებს ნუგეშს.
ორთავემ სერიოზული სახე მიიღეს (ლოღიკა? გ. ტაბიძე).
- მართალი ხარ, - სთქვა პეტომ, - ბრძოლაში სიკვდილი სწორედ დიდი ჯილდოა არა მარტო მისთვის, არამედ ხალხისათვის.
- როგორც მაგალითი, - ღიმილით წამოიძახა სიკომ. პეტო ზევით ახტა.
- აჰა, რა გინდა მაგით სთქვა? ვიცი, ვიცი, სწორედ მართალი ხარ. თავიდან ბოლომდის მართალი ხარ!
ამ დროს მოისმა ფეხის ხმა. ოთახში ციხის მეთვალ-ყურე და რამდენიმე სალდათი შემოვიდნენ.
- წამობრძანდით, - უთხრა კომენდანტმა პეტოს. პეტომ და სიკომ უკანასკნელად ჩაჰკოცნეს ერთმანეთი. სალდათებმა გაიყვანეს პეტო.
დაცალიერდა პატარა ოთახიო, ასე გეგონებოდა. ხმა შიგ არ მოისმოდა, მხოლოდ დარკინულს ფანჯარასთან იჯდა სიკო. მისი გული მწარე სევდებს მოეცვა, და დაღონებულად გაჰყურებდა ჩამავალ მზეს.

II

- მე მგონი, შენ ვერ შესძლებ აქ თავის გამართლებას! - უთხრა მსაჯულმა პეტოს.
- მე სულაც არ ვიმართლებ თავს თქვენის რწმენის წინაშე.
- ე. ი. თავს დანაშაულად სცნობ, არა? რა მხრით სცნობ თავს დანაშაულად, ეს ყველა უნდა სთქვა უფალ გუბერნატორის თანდასწრებით!
- კარგი, ეხლავე! - აქ პეტომ ხმა ჩაიწმინდა და თითქო ბრძოლისთვის ემზადებაო, წელში გასწორდა.
- მას შემდეგ, - დაიწყო პეტომ, - რაც თანდათან მუშა იღვიძებდა და თანდათან ვარჯიშობდა ბრძოლაში, ჩემი წადილი მხოლოდ ერთი იყო: როგორმე, რითაც უნდა ყოფილიყო, წავდგომოდი ჩემს ამხანაგებს მათ საქმეში. მე ყველანი კარგათ მყავდით გაცნობილნი მაშვინ. მე თქვენ გიცნობდით, როგორც საზიზღრებს, ყოველს დიად საქმეში ხელის შემშლელებს და ხალხის მტრებს. გაცნობილი მქონდა მე აგრეთვე თქვენი სხვა და სხვა იარაღები, რომლითაც აღელვების ჩაქრობას ფიქრობდით; ესენი იყვნენ: ციხეები, ზარბაზნები, ხიშტები და სხ. მაგრამ არამცთუ ვერ შესძელით ამით მოძრაობის ჩაქრობა, პირ-იქით უფრო ააღელვეთ ხალხი, რომელიც მთელი თავისი ძალ-ღონით წამოვიდა თქვენს წინააღმდეგ. მე ვამბობდი, რომ გიცნობდით თქვენ, როგორც საზიზღრებს, ხალხის მტრებს-თქო. მართლაც, როგორც ვუკვირდები, თქვენ ისეთივე მტრები ხართ ხალხის, რაგვარათაც მტერი არის თქვენი ხალხი.
- ცოტა თავ-დაჭერით, მისი მაღალ-კეთილშობილება გიყურებსთ! - გააფრთხილა მსაჯულმა, რომელმაც შეხედა გაფითრებულს გუბერნატორს.
- მე უნდა ვთქვა ის, რაც სათქმელი მაქვს, - აღელვებულმა წამოიძახა პეტომ, - რას დავეძებ მის მაღალ-კეთილშობილებას ან მის ბრწყინვალებას, უნდა ვთქვა კი, რომ ყველა ეს მეტი სახელებია, უკეთესი იქნება, რომ „მისი საზიზღრება" ვუწოდო. მაგრამ მე რას ვამბობდი... ჰო! მინდა დავამტკიცო ის, რომ თქვენ ხელს უშლით ხალხის მოძრაობას, როგორც მავნე მოძრაობას, თუმცა აქ მავნე არაფერი არ არის. ხალხის მოძრაობა, ხალხის პირობების გასაფართოებლად არის გამოწვეული. ეხლანდელი პირობები, რომელშიდაც ხალხი არის ჩავარდნილი მოგვაგონებს მდინარის ვიწრო კალაპოტს, რომელსაც ერთხელ იქნება გადალეკავს მდინარე. ხალხიც, დადგება დრო, როდესაც თქვენისთანა ოქროსთვის მაწანწალეებს, მტერივით არ დაინდობს...
- თავ-დაჭერით! - გააბრთხილა მეორე მსაჯულმა.
პეტომ შეხედა გაფითრებულს გუბერნატორს, რომელსაც თვალები მგელივით უელვარებდენ.
- გთხოვთ, მეორეჯერ აღარ წამოგცდეს მაგისთანა სიტყვები, თუ არა ჩემის ხელით გაგაცივებთ... განაგრძეთ! - სთქვა გუბერნატორმა.
- ხალხის პირობები სასტიკზე უსასტიკესია, - განაგრძო პეტომ, - ამისთვისაც არის რომ ხალხი აბობოქრდა, როგორც ზღვა, და თავ-განწირულებით ეძებს თავისუფალ ცხოვრებას. რაც შეეხება მუშათა მოძრაობას, ყოველივე სამართლიანია. თქვენ წარმოიდგინეთ ქარხანათ პატრონების თავ-გასულობა. მუშა ქარხანაში დღედაღამ მუშაობის ფასად თავის განაკეთების მეხუთედსაც არ იღებს. იმ დროს, როდესაც ის აკეთებს ხუთი მანეთისას, იღებს მხოლოდ მანეთს და დანარჩენი მუშის ნაშრომი ქარხნის პატრონის მოგებაა. ქარხანაში სულ პატარა ბავშვები, ხშირად 8-9 წლისა, იმდენს აკეთებენ, რამდენსაც დიდი კაცი, ფულს კი სამართლიანს ვერ იღებენ. მუშა ქარხანაში მუშაობს დღედაღამ, როდესაც ნამდვილად სამუშაო დრო 8 საათი უნდა იყოს. ასე რომ, ქარხნის პატრონი ერთიანად გაბატონებულია მუშებზედ, იმ მუშებზედ, რომელთაც არავითარი სახლ-კარი არ გააჩნიათ, არ გააჩნიათ მიწა, ერთი სიტყვით, სრული პროლეტარები არიან. იმათ, მეტი გზა არა აქვთ, უნდა აიტანონ ქარხნის ცხოვრება, როგორიც უნდა იყოს ის; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიმშილით დაიხოცებიან, ქუჩებში წანწალში ჩაჰკვდებიან, და ყველა ამისათვის აუტანელ პირობებში უნდა ჩადგეს მუშა? მე სრული თანახმა ვარ მუშათა მოძრაობისა, რადგანაც მე თვითონ მუშა ვარ! კარგად ვიცი, თუ რა არის მუშის ცხოვრება! ვიცი აგრეთვე, კაპიტალისტების ოინბაზობა თუ რაში მდგომარეობს. ეს ყველა ვიცოდი იმ დროსაც, როდესაც მუშებში აგიტაციას ვმართავდი, და როდესაც თქვენმა ყურ-მოჭრილ ყმებმა, თქვენსავით ხალხის მტრებმა, კაზაკებმა ციხეში ამომაყოფინეს თავი...
აქ პეტო შეჩერდა და გუბერნატორს შეხედა, ის ერთიანად ცახცახებდა, სახე გაფითრებოდა და ეტყობოდა, რომ თავს ძალის ძალად იჭერდა.
- ჩემს თავს, - განაგრძო პეტომ, - არავითარ დანაშაულად არა ვრაცხ, პირიქით, სულით დამშვიდებული ვარ, სინდისი აღარ მაწუხებს მოვალეობის შეუსრულებლობისადმი, პირიქით დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებისა და გვარად შევასრულე მოვალეობა ამხანაგ-მუშებისადმი. მხოლოდ დამნაშავე ვარ იმათ წინაშე, ვისაც არაფრად არ მიაჩნიათ, არ სწამსთ ახალი მოძღვრება და ყოველ ღონესაც ხმარობენ იმის გაქარ-წყლებისათვის, ესენი ხართ თქვენ, მსუქან კაპიტალისტებისაგან მოსყიდულნო, ბრმად მოაზრენო! თქვენი გონება თვალწარმტაც ოქროსკენ არის მიმართული, და სითაც მას დაინახავთ, იმ მხარისკენ თავ-გამოდებულად მიილტვით. რამდენიმე ოქროს შეხედვით თქვენ მზათ ხართ, გაჰყიდოთ სამშობლო და მთელი კაცობრიობაც-კი!
აქ კი ვეღარ მოითმინა გუბერნატორმა. სახე მომეტებულად აუღელდა, საჩქაროდ ზეზე წამოვარდა და რევოლვერი იძრო. თვალის დახამხამებაზედ ჩახმახს ჩამოკრა. რევოლვერმა ერთბაშად იგრგვინა და პეტოს უსულო გვამი იატაკზედ გაიშხლართა.
რევოლვერის ხმაზედ დარაჯები შემოსცვივდნენ.
- გაბრუნდით! უკან! - შეღრიალა გუბერნატორმა. დარაჯები კუდ-ამოძუებულნი გავიდნენ.
თვითონ გუბერნატორი კი გავიდა, ეტლში შებრძანდა, და თითქოს არაფერიც არ მომხდარიყოს, პირ-მოკრიალებულმა თავის სასახლისაკენ გასწია.

1907 წ., 27 აპრ.