შუალედი - დან - მდე
 
 


ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში


კვართის მოტანა. ანდრიას ქადაგება. წმ. ნინოს მოსვლა. მირიანის მოქცევა. ქართველების მონათვლა

უფლის კვართი, რომელზედაც შემდეგ წილი იყარეს, ერგო ერთს ურიას, (ელიოზს), რომელმაც ეს დიდებული განძი ქრისტიანეთა, მიიტანა ქართველების მაშინდელ დედა ქალაქ მცხეთაში, რის შემდეგაც იწყება ქრისტიანობის ქადაგება საქართველოში.
ქრისტეს ამაღლების შემდეგ, საქართველოში წამოსვლა და აქ ქადაგება, წილად ხვდა ღვთისმშობელს მარიამს, რის გამოც ამ კუთხეს „ღვთის მშობლის წილ-ხდომილი" კუთხე დაერქვა. მარიამის მაგიერ, მაცხოვრის ბრძანებით, აქ საქადაგებლად წამოვიდა ქრისტეს მოციქული  ანდრია პირველ-წოდებული.
ამგვარად, პირველად ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში გამოვიდა ანდრია. ადვილი წარმოსადგენია, რა გასაჭირი დაადგებოდა ქრისტიანობის მქადაგებელს იმ დროში, როდესაც ქრისტიანობის ჭაჭანებაც  კი არსად  იყო, და, მაშასადამე, მქადაგებლის სიტყვებიც შესაფერს ნიადაგსაც ვერ იპოვიდა. შეუძლებელი იყო ანდრიასთვის გაეხორციელებინა თავისი მიზანი, მაგრამ ის მაინც არ ზოგავდა თავის შრომასა და მაინც ეწეოდა დაუღალავ ქადაგებას. მრავალს, სასწაულებით მიაღებინა ქრისტიანობა; უმრავლესობა კი, რომელთაც გულში ღრმათ ჰქონდათ დანერგილი ქურუმების სწავლა-მოძღვრება, ამასთან ერთად იმათი შიში, არმაზისა, ბოჩოსი და სხვა კერპების სიყვარული, - ისინი სდევნიდნენ ანდრია პირველ-წოდებულის სწავლასა და მოძღვრებას. პირველად ეს და მეორედ: ახალ მოძღვრების მისაღებად მოუმზადებლობა იყო მიზეზი, რომ ანდრიას ქადაგებამ ვერ გამოიღო შესაფერისი ნაყოფი!
გავიდა ორას წელზე მეტი და საქართველოში გამოჩნდა ქრისტიანობის მქადაგებლად კაბადოკიელი ნინო. ანდრია მოციქულის შემდეგ წმ. ნინომდის საქართველო ნელ-ნელა ითვისებდა ქრისტიანობას. თუ ანდრიას დროს  ქართველები მოუმზადებელნი  აღმოჩნდნენ ქრისტიანობის მისაღებად ეხლა უკვე მომზადებულნი იყვნენ. თუ ანდრიას უძნელდებოდა ქართველების მოქცევა, ეხლა ეს არც ისე საძნელო იყო! ნინო გულ-მოდგინედ შეუდგა ქადაგებას და ბოლოს უკვე მოაქცია ქართველები ქრისტეს სჯულზედ.
მას შემდეგ, რაც ნინო რომის დედათა მონასტრიდგან გამოიქცა მცხეთაში, აქ სცხოვრობდა ერთს დაბურულს ბუჩქში, სადაც თავისუფლად ეწეოდა ღვთისადმი გულ-მხურვალე ლოცვას. ნინომ თავისის სასწაულებით მთელი ქართველები აალაპარაკა; სხვათა შორის ნინომ მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნა დედოფალი ნანა, რომელმაც  ამის შემდეგ ფარულად მიიღო ქრისტიანობა. მეფე მირიანი კი დიდ საგონებელში იყო ჩავარდნილი: იმისი გული მიდრეკილებას გრძნობდა უფრო ახალის მოძღვრებისადმი, რადგანაც უმრავლესობა ქართველობისა კიდეც მოინათლა და ბევრსაც კიდევ სურდა მიეღო ქრისტიანობა. მეორე მხრით, არ სურდა ერთბაშად მამა-პაპურ რჯულისაგან განდგომა. საჭირო იყო ერთი რამ ძლიერი მოვლენა, რომ მირიანი ერთბაშად ქრისტიანი გამხდარიყო. ეს ასეც მოხდა.
ერთხელ თავისი ამალით სანადიროდ გასულმა მირიანმა უცებ დაბნელება იგრძნო. მალე სიბნელით ერთმანეთსაც ვეღარ არჩევდნენ.
მირიანმა გულ-მხურვალე ლოცვით მიმართა ჯერ თავის ღმერთებს, მაგრამ რომ ვერაფერი შებრალება მიიღო, შემდეგ ნინოს ღმერთსა. ლოცვის შემდეგ უეცრივ განათლდა, გაბრწყინდა და ეს სასწაულებრივი მოვლენა იყო მიზეზად, რომ მირიანმა უარ-ყო თავისი სარწმუნოება და თავის ღმერთად ნინოს ღმერთი აღიარა!!!
მოინათლა მირიანი, და მასთან ერთად მთელი ქართველობა მდ. მტკვარში. ეს იყო [431] 324 წელს.

გალაქტიონ ტაბიძე

1907 წ., იანვარი

5. მ. ჩ.